Blog

  • ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა სრულდება ყველა შტოს მიერ – გიგა ბოკერია

    კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ, რომელზეც დეპუტატებს ეროვნული ბანკის ხელძღვანელისთვის უნდა მოესმინათ და შეკითხვები დაესვათ “თიბისი” ბანკის სქმესთან დაკავშირებით, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეზე, რომან კაკულიაზე ზეწოლა იყო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან: “ეს იყო დაკვეთა, რომ არ უნდა დაეშვათ კობა გვენეტაძის სამარცხვინო გამოჩენა, რადგან მას კითხვებზე პასუხები არ ექნებოდა”.

    ბოკრიას თქმით, უმცირესობა ელოდა, რომ კითხვებზე პასუხებს მიიღებდა, თუმცა ამის საშუალება არ იყო. 

    “სამარცხვინო ლუსტრაცია მოხდა კიდევ ერთხელ იმის, რომ ეს ყველაფერი მოდის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილისგან, მხოლოდ მას აქვს ეს ძალაუფლება, ბოლომდე მიყავს საქმე ისე, რომ ბოლომდე სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებს ინსტიტუტებს, დაწყებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტიდან, დასრულებული დეპუტატებით, რომლებმაც პირდაპირ გვითხრეს, რომ არ უნდათ, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს, თუ როგორი სამარცხვინო კამპანია მიმდინარეობს ივანიშვილის დაკვეთით საფინანსო ინსტიტუტის მიმართ”, აცხადებს გიგა ბოკერია

  • გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

    გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. თუმცა ის დაკავებული არ არის. როგორც სასამართლოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა დავით ხეჩუაშვილმა გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუწია თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით მასზე თავდასხმას. მან თანამზრახველთან ერთად პარლამენტარის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ხალხმრავალ ადგილას მოქმედებაში მოიყვანა.

     

    2016 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში მომხდარი აფეთქებისას დაშავდნენ ავტომქანაში მყოფი გივი თარგამაძე, მისი მძღოლი და რამდენიმე გამვლელი.

  • საპატრიარქო მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობას მხოლოდ ერთი პირობით დააყენებს

    საპატრიარქო შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში აყენებს, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

    ჯაღმაიძე ამბობს, რომ შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორე მხრივ, მისგან შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე.

    “ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე და, მეორე მხრივ, მას შეწყალების შუამდგომლობას სთხოვდე. ან ერთი გზით შეგიძლია განავითარო მოვლენები, ან – მეორე გზით. საპატრიარქომ თქვა, რომ შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებთ, თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და შენდობას თხოვს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

    შეწყალების საკითხზე ასევე საუბარია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც ანდრია ჯაღმაიძემ დღეს მედიას გააცნო. 

    “სამწუხაროდ, მამა გიორგი მამალაძეც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

    რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია”, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

    იბადება ეჭვი, რომ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად, აცხადებს საპატრიარქო.

    მის მიერვე გავრცელებული განცხადებით თანახმად, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების მასალები უნდა გასაჯაროვდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. საპატრიარქო ასევე მოითხოვს მამა გიორგი მამალაძის წერილის გასაჯაროებას, რომელიც თავად მამალაძის ინფორმაციითვე, მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთავრებისთვის აქვს გაგზავნილი.

    “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია, აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავი. სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ.

    ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს იმისა, რომ განვითრებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად; ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას, ძირითადად, ის ადამიანები იღებენ, რომელნიც ხშირად უპირისპირდებიან ეკლესიას და ყოველთვის ეძებენ მიზეზებს მისი დისკრედიტაციისათვის.

    სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.

    რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს.

    ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია; შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ), პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, ჩვენი მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს.

    ასევე მიგვაჩნია, რომ, სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.

    იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და, გამონაკლისის სახით, ამ ნაბიჯს გადადგამენ”, წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

    პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატებმა და ოჯახმა პატრიარქს დეკანოზის შეწყალების საკითხე პრეზიდენტთან შუამდგომლობის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართეს, რაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ის ამჯერად ციხის საავადმყოფოში იმყოფება. რას ფიქრობს საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებაზე თავად მსჯავრდებული სასულიერო პირი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას ადვოკატები მოინახულებენ.

  • გაუჩინარებული რენე ზელვეგერი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა

    49 წლის რენე ზელვეგერი დიდი ხნის მანძილზე მაღალი საზოგადოების წვეულებებს გაურბოდა. 2010 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ კინოკარიერაში შესვენებას იღებდა. ბოლო წლების მანძილზე სულ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მღელვარე ახალგაზრდობისა და მრავალრიცხოვანი რომანების შემდეგ რენე ზელვეგერი დამშვიდდა და სახლში ჩაჯდა. აღარც ხმაურიან პრემიერებზე დადიოდა, არც სხვადასხვა ღონისძიებებზე და წვეულებებზე. უშუალოდ ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიალი ამჯერადაც გამოტოვა, თუმცა დაჯილდოების შემდეგ წვეულებაზე მივიდა. წვეულება ბევერლი ჰილზზე უოლის ანენბერგის კულტურულ ცენტრში გაიმართა. მისი ორგანიზატორი რადხიკა ჯონსი იყო.
    ვარსკვლავი წვეულებაზე შავი კაბით მივიდა, კვადრატულად მოჭრილი გულით და შეხსნილი ბოლოთი. ელეგანტური საღამოს კაბა ტანზე შესანიშნავად ჰქონდა მომდგარი. რენე ზელვეგერმა წონაში აშკარად მნიშვნელოვნად დაიკლო. ამ საღამოსთვის მან სადა იმიჯი აირჩია – მინიმალური მაკიაჟი, ნაკლები აქსესუარები და ბუნებრიობა.
    წარსულში რენე გამოტყდა, რომ დატვირთული გრაფიკის და დაუსრულებელი გადაღებების გამო თავს ძალიან უბედურად გრძნობდა. კარიერაში შესვენებამ მას საშუალება მისცა ბევრი სხვა რამით დაკავებულიყო, რასაც მანამდე ვერ ახერხებდა. დიდ დროს ატარებს ბოიფრენდთან, მუსიკოს დოილ ბრამჰოლთან. ცოტა ხნის წინ დაამთავრა ბოგრაფიულ ფილმში გადაღებები, რომელიც ამერიკელ მსახიობს, ჯუდი გარლენდს ეძღვნება. ასევე მონაწილეობს სერიალში What/If.
  • არც იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო – ქანთარია

    ნუკრი ქანთარია უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ რახ ახლა ხდება, სასიამოვნო ნამდვილად არ არის. ქანთარია ამბობს, რომ პოზიციას, რომელიც უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილებას უმყარებს ის საქმეა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მოკიდა ხელი. 

    “სასიამოვნო პროცესები არ მიდის, რა თქმა უნდა, მაგრამ არც იმ ანეგდოტამდე ვართ მისული, რომ მოიფიქრე რამე თორემ დაგვენგრა ოჯახიო, გახსოვთ ალბათ. ჩემი გასვლა-არგასვლის საკითხი არ დგას ახლა. მე მგონი, ყოველ შემთხვევაში, ჩემში ეს არ დგას და ამის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ჩვენი საუბრების შემდეგ მე გამიჩნდა რწმენა, რომ თანადგომა მას კი არა პირადად, არამედ რა საქმესაც მან მოკიდა ხელი, გაცილებით უფრო სჭირდება ახლა სწორედ,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება

  • ბანკიდან წასვლა იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ – ხაზარაძე

    დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას საუბარი სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

    მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პარლამენტში მისი მისვლის მიზანს სიმართლის თქმა წარმოადგენდა და სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომა “დაიხურა”.

    “ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი (როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის) მოწვევა, მერწმუნეთ, ჩვენ აქ არ მოვიდოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები ვართ და არ გვჭირდება ტრიბუნა პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის. ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახით უკვე გავაჟღერეთ. სამწუხაროდ, ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება და სერიოზული შემოტევა სხვადასხვა ბოტებით თუ “ფეიკნიუსებით”. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შესაძლოა, ყოფილიყო ერთადერთი ადგილი, სადაც ქართველ ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს მივცემდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს. მეორე – კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლებოდა, მიყენებოდა ჩვენ აქ გამოსვლას და სამწუხაროდ, კომიტეტი დაიხურა. დღევანდელი მსჯელობა მგონი სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ განმარტება გაგვეკეთებინა, დაწყნარებულიყო აჟიოტაჟი და მედიას, საზოგადოებას, დეპუტატებს გაერკვიათ, რა მოხდა რეალურად – ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ ბანკი დაგვეტოვებინა, მაგრამ ჩვენ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ”,თქვა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.

    ის ამბობს, რომ საკითხი არ ეხება თიბისის და მამუკა ხაზარაძეს – ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას. “თუ თქვენ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიოს სააგენტოში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხვდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეხვედრები მაქვს თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, რომ უკვე მიდის კომენტარები, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით – ეს ძალიან ცუდი მოსასმენია”,თქვა ხაზარაძემ.

    თავის მხრივ, სხდომის დასრულების მოტივაციად რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება დაასახელა: “კომიტეტის სხდომა დასრულდა – ამის მიზეზი გახდა მთავარი განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა კობა გვენეტაძემ. მან თქვა, რომ ის მზად არის, ისაუბროს ყველაფერზე თუ პასუხისმგებლობას აიღებენ კომიტეტის წევრები იმიტომ, რომ მისი მოსაზრებით, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლოა, ზარალის მიმყენებელი ყოფილიყო კომერციული ბანკისათვის. აქედან გამომდინარე, კომიტეტის წევრებმა როდესაც ვიმსჯელეთ, გადავწყვიტეთ, რომ ეს განცხადება არ არის თითიდან გამოწოვილი და ამის უკან გარკვეული ლოგიკა – რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებთან ერთად, ეს არ იყო ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება”.