Blog

  • კომიტეტის სხდომა, რომელზეც ხაზარაძის და გვენეტაძის მონაწილეობით, “თიბისის” საკითხი უნდა განხილულიყო, ჩაიშალა

    დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც თიბისის საკითხი უნდა განხილულიყო, ჩაიშალა. სხდომის მონაწილეები რომან კაკულიას ხელმძღვანელობით მიმდინარე შეხვედრის ფორმატზე ვერ შეთანხმდნენ – პროცედურული ომი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

  • “იერიში რეგულატორზე” – გვენეტაძე პარლამენტში მაინც მივიდა

    “რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასეთ სიტუაციაში განხილვა არ არის მართებული, – ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას და დეპუტატებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გუშინდელი განცხადების მიუხედავად, პარლამენტში მაინც მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან ასევე “თიბისი ბანკის” წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

  • ბახტაძე ამბობს, რომ ხაზარაძის წერილი არ მიუღია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლისგან წერილი მიიღო.

    “მე ასეთი ოფიციალური წერილი ნამდვილად არ მიმიღია. რაც შეეხება იმას, რომ არ გამოვეხმაურე, ესეც არ შეესაბამება რეალობას. მე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლის წევრიც გახლავთ ბანკი, მქონდა შეხვედრა მათივე ინიციატივით”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.

    პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ეროვნული ბანკის პოზიციაზეც, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში “თიბისი ბანკის” საკითხის განხილვა მიზანშეუწონელია.

    მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და რეალობის ამსახველია ეროვნული ბანკის და “თიბისი ბანკის” მიერ 21 თებერვალს გავრცელებული ერთობლივი განცხადება.

    პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლახან, როცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საკრედიტო რეიტინგი რეგიონში მხოლოდ საქართველოს გაუზარდა, მნიშვნელოვან წინაპირობად აღნიშნა სწორედ ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს სწორ პოლიტიკას და მდგრადია საბანკო ფინანსური სექტორი.

    “ეს არის კონკრეტული ფაქტი, დანარჩენი ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

    21 თებერვალს, “ფეისბუქით” გავრცელებულ წერილში მამუკა ხაზარაძე აღნიშნავდა, რომ არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ფულის გათეთრების აბსურდული ბრალდებით მიყენებული სერიოზული რეპუტაციული ზიანით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს პირადად მისწერა და შესაბამისი დოკუმენტებიც გაუგზავნა.

  • “ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში, არაფერს ტრაგიკულს არ ვხედავ – პრემიერი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველ გუნდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პლურალიზმი გუნდის მონაპოვარია და სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს იმას, რაც “ქართულ ოცნებაში” ხდება.

    “მინდა დავადასტურო ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა გუნდის თითოეული წევრის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ის იდეალები, რომელიც გვაერთიანებს და რითაც 2012 წელს საზოგადოების მხარდაჭერა მივიღეთ, ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია წარმატებით შესრულდება, რადგან ეს ფასეულობები გვაერთიანებს. პლურალიზმი არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი. ჩვენ შევცვალეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი და ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. შესაბამისად, რაც ხდება, მე სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ. ეს არის პლურალიზმი, დემოკრატიის ბუნებრივი პროცესი და არაფერს ტრაგიკულს არ ვხედავ. გვაქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ბუნებრივია, ასეც გაგრძელდება”, რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამას ვერ დავეთანხმები იმიტომ, რომ ეს ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია. “ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში”,თქვა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება

  • მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალ პროგრამას იწყებს

    მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    ახალი პროგრამა, რომელიც “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში განხორციელდება, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
    “ჩვენ სოფლის მეურნეობის სექტორში გვაქვს ძირითადი საშუალებების და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი, შესაბამისად, ვიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, ჩვენმა ფერმერებმა თანადაფინანსების გზით შეძლონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შესყიდვა. გასული წელი გამორჩეული იყო. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა გვაქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და შესაბამისად, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებით პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია ვენესუელას დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს შეხვდა. შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისადმი.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუაიდომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება.

    საქართველოს ელჩის შეხვედრა ხუან გუაიდოსთან კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც მიმდინარეობს ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-ე შევედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგანგებო და სრულუფებიანი ელჩის – დავით სოლომონიას ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მიიწვიეს სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით.

    “ბოგოტაში ჩატარებული შეხვედრის უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ვენესუელაში მიმდინარე კრიზისული სიტუციის განხილვა, განსაკუთრებით კი 23 თებერვალს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების შემდეგ ქვეყანაში შემქნილი უკიდურესად რთული მდგომარეობა, რაც შეფასდა როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა. შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა ბოგოტას დეკლარაცია, რომელშიც ჯგუფის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას აღმოუჩინონ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება ვენესუელელ ხალხს და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას.

    ლიმას ჯგუფი წარმოადგენს 14 სახელმწიფოს გაერთიანებას, რომელიც 2017 წლის აგვისტოში პერუს დედაქალაქში შეიკრიბა და მიზნად ისახავს ვენესუელაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას, რაც გულისხმობს დიქტატორული რეჟიმის ცვლიელებას და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობისადმი ვენესუელაში შემქნილი მდგომარეობის გამო”,წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.