Blog

  • ცხინვალის რეჟიმი დავით ქაცარავას და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ემუქრება

    ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს ქართული საზოგადოებრივი მოძრაობის, “ძალა ერთობიაშია“ წევრები 15 მარტისთვის “სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვარზე, დიდი ხურვალეთის რაიონში “ პროვოკაციას გეგმავენ.

    ამ უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით “პროვოკატორების მიზანია სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევით შექმნან მათი დაკავების წინაპირობები, არასტაბილურობის კერა სახელმწიფო საზღვარზე. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ცდილობს პოლიტიკური ქულები დააგროვოს და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყაროს დეპუტატად, ამიტომაც ის შეგნებულად წირავს აქციის მონაწილეებს, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ იმ შმთხვევაში, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა “ – ნათქვამია განცხადებაში.

    ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ თუ აქციის მონაწილეები საზღვარს დაარღვევენ, მათ დაიჭერენ და სახრეთოსეთის კანლნმდებლობის შესაბამისად დასჯიან.

    წყარო

  • ”ბორჯღალოსნები” რუსეთთან მატჩისთვის აქტიურად ემზადებიან

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17 მარტს, კრასნოდარში გაიმართება. ”ბორჯღალოსნები” მატჩისთვის აქტიურად ემზადებიან.

    იმის მიუხედავად, რომ ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონის ტიტული გერმანიასთან გამარჯვებისას გაინაღდეს ამ მატჩს პრინციპული დატვირთვა აქვს. მილტონ ჰეიგის განცხადებით, ჩემპიონობის მიუხედავად ქართველ მორაგბეებს მოტივაცია არ აკლიათ.

    მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
    “ვარჯიშით კმაყოფილი ვარ. მოთამაშეებს მცირე ტრავმები აწუხებთ. რუსეთის ნაკრები ახლა უფრო მეტად არის მზად წინააღმდეგობის გასაწევად, ვიდრე ადრე. მიუხედავად მოპოვებული ჩემპიონობისა, ეს მატჩი ძალიან პრინციპულია და ამ შეხვედრის მნიშვნელობა კარგად გვესმის.”

  • საერთოდ, გესმით სად იმყოფებით?-სამადაშვილის და ციხელაშვილის დაპირისპირება პარლამენტში

    რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ცილელაშვილს უსმენენ, დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, სტატისტიკის წარმოება მაინც თუ შეუძლია ციხელაშვილის უწყებას, რამდენ ადამიანს იტაცებენ და აკავებენ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ტერიტორიებიდან. სამადაშვილმა ციხელაშვილს განუცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელია, უფრო მეტად, მსხვერპლია საქართველოს ხელისუფლების იმ პოლიტიკის, რასაც რუსეთის მიმართ ატარებს. სალომე სამადაშვილი იმ ხელშეკრულებების პირობებითაც დაინტერესდა, რომლებიც „ინტერ-რაოსთან“ დაიდო და რაშიც 7 მილიონი დაიხარჯა.
    ქეთევან ციხელაშვილმა ოპიოზიციონერი დეპუტატი მძიმე თემებით სპეკულირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხელისფლებისკენ ხელის გაშვერას ვერ მიიღებს. „თქვენ ხართ პარლამენტარი და მე მინისტრი“ – განუცხადა ციხელაშვილმა სამადაშვილს.

  • მარნეულის ყოფილი მერი ციხეში ყოფნისას განაცდური ხელფასის – 32 000 ლარის ანაზღაურებას ითხოვს

    მარნეულის რადიოს ინფორმაციით მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს, რომელიც 32 000 ლარს შეადგენს. ამ მოთხოვნით მარნეულის საკრებულოს მან დღეს მიმართა. საკრებულომ მისი წერილი დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის 2018 წლის 13 ივნიის მარნეულელი ელჩინ ალახვეერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ხოლო 13 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა. აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვს, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო. სასამართლო საქმის განხილვა აბაზოვის საქმეზე ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად უცნობია, ცნობს თუ არა მას დამნაშავედ სასამართლო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5–დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: “შენ ღირსება არ გაქვს”. თემურ აბაზოვს გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ელჩინ ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში სიტყვიერად შეურაცხყო თემურ აბაზოვის ცოლი, მარნეულის მერმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მუქარით აიძულა ჭიქაში მოეშარდა  და შარდით მოებანა სახე.
    პროკურატურის ინფორმაციით ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი და სხვა პირები.

  • თბილისის გენგეგმა თუ კალაძის ბიზნესგეგმა. ოპოზიცია ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება

    დედაქალაქის საკრებულო ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. 15 მარტს რამდენჯერმე დაწუნებული და შეცვლილი თბილისის გენერალური გეგმა უნდა დაამტკიცონ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია დოკუმენტის საბოლოო ვერსიას მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციაში თლიან, რომ ეს გენგეგმა  არა თბილისის სამოქმედო გეგმა, არამედ კალაძის ბიზნესგეგმაა. ოპონენტების ამ განცხადებას თბილისის მერი პასუხობს. როგორც კალაზე ამბობს, დარწმუნებულია, რომ ამ კრიტიკის ავტორებიდან არც ერთს არ აქვს წაკითხული გენგეგმის დოკუმენტი. კახა კალაძე აცხადებს, რომ გენგეგმას ის ოპოზიციონერი დეპუტატები აკრიტიკებენ, რომლებიც წარსულში დოკუმენტის მიღებისკენ მერიას თავად მოუწოდებდნენ. მისი თქმით, გენერალური გეგმა დახვეწილია და თბილისის სწორ განვითარებას ემსახურება. მასში ასახული ხედვები კი განხორციელებადია.
  • აფხაზური მხარე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზე ძალადობას გამორიცხავს

    აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ  მათ მიერ დაკავებული  საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი ძალადობრივი ხასიათის ზემოქმედება არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების სამსახურის  განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო–სამედიცინო ბიურომ ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა და ძალადობის კვალი გამორიცხა. უწყების ინფორმაციით მომხდარ ფაქტს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები  იკვლევენ. პარალელურად კი მიმდინარეობს კვარაცხელიას ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხის გარკვევა. აფხაზური მხარის ინფორმაციით  1990 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია “აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“ 2019 წლის 10 მარტს დააკავეს და დოკუმენტების პროცესუალური შედგენის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ოთახში მარტო ყოფნის დროს თავი მოიკლა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
  • ოზურგეთში ავტოავარიის შედეგად 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

    ოზურგეთში მოტოციკლეტით  ახალგაზრდა, ორ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა.მოტოციკლეტის მძღოლი 25 წლის მამუკა ნაცვალაძე ადგილზე გარდაიცვალა.დაშავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც ონკანის წყლის დალევა საშიშია

    ბრიტანული Daily Mail საქართველოს იმ ქვეყნების რიცხვში ასახელებს, სადაც ონკანის წყლის დალევა საშიშია. გამოცემა ორგანიზაცია Globehunters –ის ინფოგრაფიკას აქვეყნებს, რომელშიც ის 187 ქვეყანაა მითითებული, სადაც ონკანის წყალი უსაფრთხო არ არის. ინფორმაცია ტურისტებისთვის არის განკუთვნილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციაზე დაყრდნობით არის შედგენილი. გამოცემა მოგზაურებს აფრთხილებს, რომ დაბინძურებული სასმელი წყალი მათ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და ინფექციური დაავადებების წყაროა.
    გამოცემის ინფორმაციით ყველაზე უსაფრთხო სასმელი წყალი განვითარებულ ქვეყნებშია, როგორებიც არის: დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები, აშშ და იაპონია.


    მაღალი რისკის ქვეყნებში შედის ცენტრალური ამერიკის, აფრიკის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

    საქართველოსთან ერთად იმ ქვეყნების სიაში, სადაც ონკანის წყლის დალევა უსაფრთხო არ არის მოხვდნენ ჩვენი მეზობლები – სომხეთი , აზერბაიჯანი,თურქეთი,რუსეთი. ასევე არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა– უკრაინა, მოლდოვა, ლატვია , უზბეკეთი.

    გამოცემა წერს, რომ სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხე მსოფლიოს მაშტაბით სერიოზულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 842 000 ადამიანი კვდება დაბინძურებული სასმელი წყლის, ანტისანიტარიის და ხელის ჰიგიენის არდაცვის გამო.
    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით დაბინძურებული სასმელი წყალი და ანტისანიტარია ისეთ სერიოზულ დაავადებებს იწვევს, როგორიც არის ქოლერა, დიარეა, დიზინტერია, ა ჰეპატიტი, ტიფი და პოლიომელიტი.

    ბევრ ქვეყანაში პრობლემად რჩება არათუ ონკანის წყლის სისუფთავე და გაფილტვრის ხარისხი, არამედ მისი საერთოდ არარსებობა. განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში ასობით ათასი ადამიანი ბუნების წიაღში მოპოვებული სასმელი წყლის იმედად არის.

  • რა შემთხვევაში შეწყვეტს დედოფალი მეფის წინააღმდეგ დავას. ანა ბაგრატიონის ადვოკატის პრესკონფერენცია (ვიდეო)

    ანა ბაგრატიონის ადვოკატი ლევან გორელიშვილი ფიქრობს, რომ დნმ-ს ტესტზე საუბრით დავით ბაგრატიონის მხარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ადვოკატი აცხადებს, რომ პიროვნების წარმომავლობის დადგენა – ბაგრატიონია თუ სიხარულიძე, დნმ-ის ტესტით ვერ მოხერხდება, რადგან საჭიროა შესადარებელი დნმ ნიმუშიც, რის გამოც სვეტიცხოვლის გადათხრა გახდება საჭირო.
    რაც შეეხება ბაგრატიონების სამეფო დავის მორიგების საკითხს, ადვოკატი ამბობს, რომ მომჩივანი ანა ბაგრატიონი საპატრიარქოს ჩაურევლადაც მზად არის, საქმე სასამართლოს გადაწყვეტლების გარეშეც დასრულდეს, თუკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წერილობითი ფომით დაადასტურებს, რომ ის მომავალში არასდროს გამოიყენებს საქართველოს სამეფო სახლის სახელს. „მზად ვართ, ეს დავა შევწყვიტოთ. თუ ის საკუთარი ნებით აიღებს ხელს ამ უკანონო ქმედებაზე, ჩვენ აღარ გვექნება საფუძველი, დავა გავაგრძელოთ სასამართლოში“ – აცხადებს ანა ბაგრატიონის ინტერესების დამცველი.
  • ბიზნეს ასოციაცია თიბისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ბიზნეს ასოციაციია  „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    გთავაზობთ განცხადების ტექსტს სრულად:
    “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ იანვრის დასაწყისში, მაშინვე როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა “თიბისი ბანკისა” და მისი დამფუძნებლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამართა შეხვედრა, სადაც მოვიწვიეთ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
    ამ შეხვედრამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი “თიბისი ბანკში” თვეების განმავლობაში მიმდინარე შემოწმებებისა თუ სხვათა თაობაზე და ბუნებრივია ასოციაციის წევრებს გაუჩნდათ სურვილი მოესმინათ ჩვენი წევრი ორგანიზაციის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული შეხვედრის დამთავრებისთანავე ჩვენ დავამყარეთ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, რომელიც მეორე დღესვე შეგვხვდა. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, “თიბისი ბანკის” ინტერესები. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად იყო შუამავლის როლი ეთამაშა “თიბისი ბანკსა” და ეროვნულ ბანკს შორის.
    პრემიერმა აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, რომ მას ძალიან კარგად ესმის „თიბისი ბანკის“ როლი და ადგილი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის საქმეში და მოგვცა გარანტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული ბანკის რეპუტაცია. უფრო მეტიც, მომდევნო დღეებში იწყებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და პრემიერმა აღნიშნა, რომ იქაც აპირებდა გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება „თიბისი ბანკის“ შესახებ.
    ამის შემდგომ ასოციაციამ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააკეთა ორი განცხადება. ორივე განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ დავიცავით „თიბისი ბანკის“ ინტერესები.
    ობიექტურობის დაცვის მიზნით უნდა ითქვას, რომ “თიბისი ბანკთან”, როგორც საბანკო ინსტიტუტთან დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა როგორიც იყო დაპირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ყველასათვის ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და “თიბისი ბანკის” მიერ ამის თაობაზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების შესახებ და ამაზე აღარ შევჩერდებით. აქვე ავღნიშნავთ, რომ გონივრული და სწორი იყო “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების გადაწყვეტილება ბანკთან მიმართებაში.
    ამას გარდა, “თიბისი ბანკმა” რამოდენიმე დღის წინ მოგვიწოდა ყველას, რომ თავი შევიკავოთ “ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან”. ეს არის აბსოლუტურად პროფესიული და პრაგმატული მიდგომა ბანკის მხრიდან. ასევე, ობიექტურობის დაცვის მიზნით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ მართლაც გული შეგვტკივა ბანკზე, ყველაზე სწორია ამ დღეებში თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ „თიბისი ბანკი“ სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში. საბანკო საქმიანობა მთლიანად ეფუძნება ბანკის იმიჯს, „თიბისი ბანკს“ ჰყავს ძალიან ბევრი არამარტო ქართველი არამედ უცხოელი დეპოზიტარი და გვერწმუნეთ, რაც უფრო ბევრს ვისაუბრებთ ბანკზე არის რისკი რომ დავაზიანოთ მისი რეპუტაცია.
    აქვე ვაცხადებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ჩვენი ქვეყნის საფინანსო ბაზრის ლიდერი, ძალიან წარმატებული და პროფესიული საბანკო დაწესებულება, ბანკი სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მისდამი ნდობის მაღალი ხარისხით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „თიბისი ბანკი“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომავალში. აქვე ავღნიშნავთ, რომ საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დავიცვათ „თიბისი ბანკის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები.
    საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფუნქციონირებს 2009 წლიდან; ასოციაცია არის ინსტიტუცია და მოქმედებს საკუთარი წესდებისა და მასზე მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რაც გულისხმობს ასოციაციაში გაერთიანებული ორგანიზაციების ობიექტური და სამართლიანი ინტერესების დაცვას.“