Blog

  • დემოკრატიის უკუსვლის გამო საქართველო €121 მილიონს დაკარგავს – EU

    დემოკრატიის უკუსვლის შედეგად საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს – ამის შესახებ, ნათქვამია, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

    “საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად. ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება”. – წერია განცხადებაში.

    2022 წელს აუთვისებელი – 12 მილიონი, 2023 წელს – 72 მილიონი და 2024 წელს – 37.3 მილიონი ევრო შეჩერდა, გადანაწილდა – დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ.

  • ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი! – მარკეტა გრეგოროვა

    “ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არჩევნები განსაკუთრებით, რადგან მის შედეგებზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი” – აცხადებს ამის შესახებ,  ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “მთავარ არხთან”.

    ”რა თქმა უნდა, ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არჩევნები განსაკუთრებით, რადგან მის შედეგებზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი – იქნება ის ევროკავშირში თუ მის მიღმა. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ამომრჩეველი, რომელიც მივა არჩევნებზე, გაერკვევა, თუ რომელი პოლიტიკური პარტია რას სთავაზობს, იმიტომ რომ ზოგჯერ ერთი პარტია ერთს გეუბნება და მეორეს აკეთებს. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ თითოეული ამომრჩეველი იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული.

    ჩვენ ვეხმარებით უკრაინას და გვინდა, რომ მან ეს ომი მოიგოს. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, დემოკრატიამ გაიმარჯვოს და არა რუსეთმა, არა საბჭოთა მენტალიტეტმა. ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოსგან, რომ უკრაინას დაეხმაროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვაფასებ ნებისმიერი ინდივიდუალური ქართველის ქმედებებს, იქნება ეს უშუალოდ უკრაინაში წასვლა დასახმარებლად თუ ფულის გაგზავნა თუ დევნილების მიღება. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებდეს რუსეთის ყველა სურვილს იმ მოტივით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ომი იქნება. მე მინდა შევახსენო “ქართულ ოცნებას”, რომ რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და ოკუპანტთან თანამშრომლობა ღალატია.

    ეს დამოკიდებულია დამკვირვებელთა მისიის დასკვნებზე იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა არჩევნებზე მანიპულაციები და რა მასშტაბის იყო ისინი. მაგალითად, თქვენთან არის ერთი პარტია, რომელსაც უფრო მეტი ფული აქვს საარჩევნო კამპანიისთვის, ვიდრე სხვა პარტიებს ერთად აღებულს. ეს ნიშნავს, რომ არის დიდი სისტემური პრობლემა, მაგრამ ტექნიკურად მანიპულაციად ვერ ჩათვლი. თუმცა, ამით შეგიძლია ყალბი პროპაგანდა აწარმოო, რაც საბოლოოდ გამოიყურება როგორც ყალბი შედეგები. თუ ჩვენ შევნიშნეთ, რომ რაიმე მსგავსი მოხდა, რა თქმა უნდა შედეგები იქნება ძალიან მკაცრი და თუ დადგინდა, რომ იყო სერიოზული მანიპულაციები, მაშინ შესაძლოა ბელარუსული სცენარიც ვიხილოთ.

    ბევრი საკითხია, რაზეც შესაძლოა ქვეყნებმა ისაუბრონ და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც ერთ-ერთი ვარიანტია. თუ მთავრობა მართლაც გადაწყვეტს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და კიდევ უფრო გაუღებს კარს რუსეთს, მაშინ გაჩნდება ხიფათი, რომ შესაძლოა რუსი ჯაშუშები შემოვიდნენ ევროკავშირში საქართველოს გავლით. ასე რომ, დიახ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთ-ერთი ვარიანტი იქნება”.

  • მზად ვართ, ოცნებასთან დებატები მათივე ტელევიზიებში გავმართოთ – ლილუაშვილი

    ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მათ ხელისუფლებაში დარჩენის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ისინი ატყუებენ არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ერთმანეთსაც. პრემიერმინისტრი ერთს ამბობს, ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პროგნოზები კი მეორეს. ქართული ოცნების პირობებში, ირაკლი კობახიძის მიერ 2028 წლისთვის საქართველოს მშპ-ს, ბიუჯეტისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების ზეოპტიმისტური სცენარებით წარმოჩინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა 2025 წლის ბიუჯეტშიც კი ჩანს, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის, აშშ-სა და ყველა დასავლური სახელმწიფოს მხარდაჭერა განულებულია – კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სჯობს, ირაკლი კობახიძე ეკონომიკას შეეშვას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს.

    ამგვარ არაფრისმომცემ ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრო და მან 2028 წლის “ფანტასტიკურ” წინასწარმეტყველებებზე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არ აიღო […] იმისთვის, რომ საქართველოში სიღარიბე რეალურად დაიძლიოს, უნდა მოხდეს სოციალური დაცვის სისტემის დეპოლიტიზება, მინიმალური ხელფასის დაწესება, უმუშევრობის დაზღვევა, პენსიისა და სოციალური შემწეობის რეალური ზრდა […] ამიტომ, წინასაარჩევნო დებატებზე ჩვენს წინადადებას გახსნილად ვტოვებთ და მზად ვართ, მათივე პარტიულ ტელევიზიებში, საზოგადოებას ქართული ოცნების მატყუარა სახე და ეკონომიკური წინსვლისთვის რეალური გზა ვაჩვენოთ”.

    განცხადა ამის შესახებ, პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა. 

  • EU-ში წევრობის შესაძლებლობის დაკაგრვის რისკის ქვეშ ხართ – ფიშერი

    EU-ში წევრობის შესაძლებლობის დაკაგრვის რისკის ქვეშ ხართ – ფიშერი

    ევროკავშირის კარი ღიაა. […]

    მაგრამ როგორ გავწევრიანდეთ ევროკავშირში? ევროკავშირში ყველა კანონმდებლობა უნდა მიიღოთ. როდესაც ამას გააკეთებთ, როდესაც ევროკავშირის კანონები გახდება კანონები აქ, წევრი გახდებით. თუ ამას არ იზამთ, წევრი არ ხართ. ძალიან მარტივი გასაგებია.

    და, გთხოვთ, მერწმუნეთ: სწორედ ჩვენ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვწყვეტთ, ვინ გაწევრიანდება და როდის. კანდიდატები არ გადაწყვეტილებას არ იღებენ.

    როგორც მეგობარმა, მჯერა, რომ ამ დარბაზში ბევრი ადამიანია, რომელიც დამემოწმება, რომ ყოველთვის ვმოქმედებდი, როგორც მეგობარი, უნდა გითხრათ: თქვენ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობისა და ბოლო 30 წლის პრივილეგირებული პარტნიორობა დაკარგვის რისკის ქვეშ ხართ.

    თქვენ გადაწყვიტეთ.

    ნება მომეცით, პირადი შეხედულება დავამატო: ნუ წარმოგიდგენიათ, რომ თუ ზურგს გვაქცევთ, დაგედევნებით და უკან დაბრუნებას შეგევედრებით.

    ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ანალიზები სხვა მიმართულებით ვითარდება.

    უფრო მეტი ადამიანი ხდება არაშორსმჭვრეტელი, ეგოისტური. ისინი ფიქრობენ: “პირველ რიგში ჩვენ”, ან ძირითადად “მხოლოდ ჩვენ”. მათ არ აღელვებთ საერთაშორისო თანამშრომლობა. მათ არ აინტერესებთ ევროკავშირის გაფართოება.

    სხვა სიტყვებით: ევროკავშირში საკმარისი პრობლემებია, კიდევ ერთი არ გვჭირდება.

    ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

  • არანაირი ფასი არ აქვს – კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

    არანაირი ფასი არ აქვს – გულწრფელად ვამბობ იმიტომ, რომ ვიცით როგორ იწერება აღნიშნული რეზოლუციები.

    ახლა გავა გარკვეული დრო და გაირკვევა, რომ მაგალითად, ეს კონკრეტული რეზოლუცია, ვიღაცის ლობირებით (ვიღაცას ფულის მისცეს!) და ამის შედეგად დაიწერა აღნიშნული რეზოლუცია

    […] აი, მაგალითად, დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი ხო?

    რატომ? რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ იცავს თავის ქვეყნის ინტერესს, იცავს ხალხის ინტერესს, იცავს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს იცავს!

    რა არის მიზეზი, რაღაც ხომ უნდა იყოს ხელმოსაჭიდი, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა რაღაც ისეთი, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამანგრეველია, დამაზიანებელია (აცდა ევროპულ კურსს, მიდის სხვაგან) რაღაც ხომ უნდა იყოს?

    რეალურად არ არსებობს არაფერი.

    თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • მყინვარწვერზე ასვლისას რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა

    ყაზბეგში, მყვინვარწვერზე ასვლისას ორი რუსი მთამსვლელი დაიღუპა.ცხედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით 2 დღის წინ ჩამოასვენეს.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • მთავრობამ ხელიც რომ არ გაანძრიოს, ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს – ოქრიაშვილი

    მთავრობამ ხელიც რომ არ გაანძრიოს, ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს – ოქრიაშვილი

    ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა. არავის სჯერა ამ პროგრამის, რადგან 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე მათი უამრავი დაპირება უფასო ფულზე, გაზზე, ბენზინზე, იაფ კრედიტებზე, მოსახლეობა რომ საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა ეკონომიკის ზრდას, „წალკოტადქცეულ წყალტუბოზე“, ანაკლიის პორტზე და კურორტზე, “დაბრუნებულ გარეჯზე“ და მრავალი სხვა შეუსრულებელი დარჩა.

    დიახ, ლარებში ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ ლარის კურსმა დევალვაცია განიცადა. ამას დავამატოთ ინფლაცია და რასაც 2012 წელს 100 დოლარად, ანუ 167 ლარად ვყიდულობდით, ახლა იგივეს შეძენას 700-800 ლარი სჭირდება.

    რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა? ჩვენი ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ჩვენივე ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ჩვენი მშპ დაახლოებით 28 მლრდ დოლარია და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იზრდება, მაგრამ  ყოვეწლიურად ემიგრანტები რიცხავენ 4-დან 4,5 მლრდ დოლარს, რაც ჩვენი მშპ-ს 14-დან 17%-მდე შეადგენს. ანუ, მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია. წარმოიდგინეთ, პროგრესული მთავრობა რომ გვყავდეს, რა ტემპებით განავითარებდა ქვეყანას.

    26 ოქტომბერს ერთად უნდა შევცვალოთ ეს ქურდი, არაფრისმაქნისი, ეკონომიკის მუხრუჭი ხელისუფლება!

    პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სიის მე-11 ნომერი კახა ოქრიაშვილი ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამას ეხმიანება.

  • არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ჩართვა დაუშვებელია – TI

    არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს(TI) განცხადებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მიერ არჩევნების დე-ფაქტო ზედამხედველობა საგანგაშოა.

    “2024 წლის 30 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება “საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე”. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება “სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები“ – ე.წ. “ტერიტორიული ჯგუფები”.

    მსგავსი აქტები შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ წინა საერთო არჩევნების დროსაც გამოიცემოდა ხოლმე. თუმცა, ამჯერად სიახლე ის არის, რომ 2016 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, შედის არა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი, როგორც უწინ იყო, არამედ სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას კი დღემდე იკავებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სისასტიკით არის ცნობილი.

    საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ზ. ხარაზიშვილი დღემდე არათუ თანამდებობიდან არ გაათავისუფლა, არამედ მას არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების დე-ფაქტო ზედამხედველის ფუნქციაც ჩააბარა. ამ მხრივ, ასევე საგანგაშოა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანების დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ნორმაც, რომლის თანახმად, საპოლიციო ძალებმა “პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები” შეიძლება განახორციელონ, მათ შორის, “კენჭისყრის შენობის მიმდებარედ ხალხის ნაკადის არსებობის შემთხვევაში”, რაც იმას ნიშნავს, რომ “ხარება” და მისი მონაწილეობით შექმნილი “ტერიტორიული ჯგუფები” შეიძლება მოქმედებაში მოვიდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ საარჩევნო უბნების შორიახლოს ხალხი იქნება შეკრებილი, თუნდაც მშვიდობიანად. მინისტრის ბრძანების ამ დებულებას არა მხოლოდ არ გააჩნია რაიმე კანონიერი საფუძველი, არამედ იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას.

    მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. “ტერიტორიულ ჯგუფებში”, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. “პრევენციული ზომები” საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ”. – წერს TI.

  • პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შევხდები – ჰარისი

    აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არ შეხვდება პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

    „არა, ორმხრივად, უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის საშუალება უკრაინის მომავალზე“, – განაცხადა ჰარისმა CBS-თან ინტერვიუში, როდესაც მას ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის გადაწყვეტის საკითხზე დიალოგისთვის.

    წარსულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პუტინთან ნებისმიერი მოლაპარაკებები უარყო.

    კამალა ჰარისმა ინტერვიუს დროს ასევე გააკრიტიკა თავისი ოპონენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხთან მიმართებით.

    “დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. ის ამბობს, რომ შეუძლია ომი პირველსავე დღეს დაასრულოს. იცით ეს რას ნიშნავს? საუბარია კაპიტულაციაზე”, – თქვა ჰარისმა.ჰარისმა აღნიშნა, რომ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება არ მიიღებენ მონაწილეობას ამ წარმატების ფორმირებაში. მისივე თქმით, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

  • გაყალბების დამარცხება არის მობილიზაცია! – პრეზიდენტი ახალგაზრდებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

    გაყალბების დამარცხება არის მობილიზაცია! – პრეზიდენტი ახალგაზრდებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს

    “ახლა იწყება ის პერიოდი როცა ყველანი უნდა მოვემზადოთ, იმისთვის რომ ყველა ხმა უნდა იყოს დაცული. ამაში თქვენ, ყველანი, თითო ადამიანი თითო მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ხმაზე, რომ მივიდეს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ახლობელი უცხოეთში ვერ ჩაეწერა, არ ჩაწერეს, ამოიღეს სიიდან,  თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თქვენ თქვენი ხმაც გამოიყენოთ მათთვის და თქვენი ხმა დაიცვათ ორმაგად.

    ამ ხმის დაცვისთვის არის საჭირო დამკვირვებლები. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ. მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის რაც წყდება 26 ოქტომბერს. ამიტომ თქვენი დიდი პასუხისმგებლობა არის და თქვენ უთუოდ იქნებით, ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს, სწორედ ამ ტრენინგებისთვის და დამკვირვებლებისთვის, ეს არის “ჩემი ხმა” და მე მინდა რომ მოგიწვიოთ და თქვენ ყველამ იგრძნოთ ეს  პასუხისმგებლობა, რასაც ქვია დამკვირვებლობა, რომელიც არის ჩვენი ყველასი გამხნევება არჩევნების დღეს და რაც მთავარია მობილიზაცია – მისვლა არჩევნებზე.

    არაერთხელ მითქვამს და მინდა რომ გავიმეორო, მთავარი დამარცხება  გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან და ამას ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, დამარცხება გაყალბების არის მობილიზაცია. არის ყველას მისვლა. ასე რომ თქვენი, ჩემი, ყველასი, ჩვენი ვალდებულებაა რომ მივიდეთ არჩევნებზე. არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი, იმისთვის რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი.”

    განაცხადა ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.