Blog

  • ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველო დატოვა

    ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა.

    ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

    სტოლტენბერგი  ასევე  ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ეწვია და  ნატო-საქართველოს სწავლებას დაესწრო.

    სტოლტენბერგის  საქართველოს გუშინ 24 მარტს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა.

  • “მკვდარზე ვენოკი”-ოპოზიცია ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს აფასებს

    „ქართული ოცნების“ მიერ შუალედური არჩევნებისთვის მერობის და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ოპოზიციის შეფასებით, „ქართულ ოცნების” ნებისმიერი კანდიდატი მარცხისთვისაა განწირული.

    „ნებისმიერი კონკრეტული სახელის და გვარის უკან დგას რეალობა, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, გაუარესებული, გართულებული ცხოვრება და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ რა სახელი და გვარიც არ უნდა არჩიოს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციური კანდიდატების წარმატებაში, იმიტომ, რომ საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესობა და ცვლილებების და უკეთესობის ერთადერთი გზა არის დღევანდელი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით დამარცხება და ჩამოშორება, რომელი სახელი და გვარიც არ უნდა წარმოადგენდეს ამ ხელისუფლებას კონკრეტულ არჩევნებზე,“ – განცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

    განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახიძის დასახელებას, მას უარყოფითად აფასებენ, როგორც “ევროპულ საქართველოში”, ასევე ლეიბორისტულ პარტიაში.

    ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ ლადო კახაძის კანდიდატურა,როგორც “მკვდარზე ვენოკი” შეაფასა და მისი წარუმატებელი პოლიტიკური საქმიანობა გაიხსენა.

    „ორსულად რომ მყავდეს მეუღლე და ექოსკოპისტი მჭირდებოდეს, ლადო კახაძესთან, ალბათ, მივიყვანდი. დიდი სუფრა რომ იყოს და თამადა გვჭირდებოდეს, ამასაც შეიძლება დავთანხმებოდი. როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტზე, ლადო კახაძის დაყენება არის მთაწმინდელების, მთელი საზოგადოების შეურაცხყოფა და დაცინვა. „ქართული ოცნებისგან“ ეს ჩვეულებრივია იმიტომ, რომ ისინი საერთოდ ვერ ხვდებიან რა კატასტროფის წინაშე არიან, ლადო კახაძის არჩევანი სწორედ ამის მანიშნებელია. როდესაც პარტიას აკლია კვალიფიციური იურისტები, ეკონომისტები, როცა მმართველი პარტიის და შესაბამისად, მთავრობის მთავარი პრობლემა კვალიფიკაციის ნაკლებობა და უნიათობაა, ლადო კახაძე ნამდვილად მკვდარზე „ვენოკია“ „ქართული ოცნებისთვის“. მე მას პერსონალურ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა ლადო კახაძემ რით დაგვამახსოვრა თავი? 90-იანების ბოლოში ის იყო „ლეიბორისტი“, შემდეგ გადმოხტა „მოქალაქეთა კავშირისკენ“ და გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ იყო დიდი პაუზა, 2016 წელს ბურჭულაძის პარტიიდან იყრიდა კენჭს და მიიღო 2%“ – განაცხადა უგულავამ.

    „ ლადო კახაძე არის მდარე პოლიტიკოსი. „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის გამო, რომ იმ პარტიაში იყო კახაძე, რომელსაც გამყიდველებს ეძახდა, ეს მორალური კომპრომისია და სამწუხაროა, რომ ასეთ მორალურ კომპრომისს სთავაზობს საზოგადოებას „ქართული ოცნება“,- განაცხადა უგულავამ.

    შალვა ნათელაშვილმა კახიძის პოლიტიკური წარსული გაიხსენა და მოღალატეობრივად შეაფასა.
    „98 წელს ეს ბატონი მოიყვანეს ჩვენთან, როგორც წარჩინებული გინეკოლოგი, ექიმი, ქალბატონების იმედი და მეც აღფრთოვანებულმა იმით, რომ გამოადგებოდა დედაქალაქს, მედიცინას, საზოგადოებას, ჩავწერე სიაში და დავნიშნე, პირდაპირი გაგებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ, საიდანაც რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში და უღალატა პარტიას, უღალატა იმ ხალხს, ვინც ის აირჩია დედაქალაქის დეპუტატად და საკრებულოს თავმჯდომარედ. ივანიშვილს ალბათ, მოღალატე „ლეიბორისტების“ გარდა აღარავინ აღარ დარჩა, ყველა გამოექცა და კიდევ გამოექცევა და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ისინი,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

    „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.

    სახელისუფლებო პარტიამ დღესვე რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატები დაასახელა.

    კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში – გიორგი შენგელია, მარნეულში – ზაურ დარგალი, ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში – გივი მოდებაძე, ხულოში – ვახტანგ ბერიძე.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

  • მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს კომისია ხელახლა განიხილავს

    მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას მიმართავს, დაუყოვნებლივ იმსჯელოს ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე.

    ჩივიაშვილის განცხადებით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში უნდა დარჩეს. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ  კომისიის ადმინისტრაციული აქტი გააუქმა და მიუთითა, რომ არგუმენტები, რომელითაც მერაბიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება, უსაფუძვლოა.

    სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებსაც გააცნო.

    „სასამართლომ მიუთითა, რომ ის საფუძვლები, რომელიც მოყვანილი ჰქონდა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, არის უსაფუძვლო. ასევე, მიუთითა მათ, რომ ახლიდან იმსჯელონ და სხვა გადაწყვეტილება გამოიტანონ. ეს გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული, იუსტიციის სამინისტროს ის არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ახლა, ვალდებულია, რომ იმსჯელოს კანონით დადგენილ ვადებში. როგორც წესი, ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან, შემდგომი თვის 5 რიცხვამდე და მოახდინოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა. იმის გათვალისწინებით, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, (რაც ჩვენ გვქონდა გასაჩივრებული თავის სამართლებრივ აქტში ჩაწერილი საფუძვლები სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული), რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომ მათ დაუყოვნებლივ იმსჯელონ და გაათვისუფლონ ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან”, განაცხადა ჩივიაშვილმა.

  • პოლონეთში 24 წლის ქართველი გარდაიცვალა

    პოლონეთში საქართველოს და უკრაინის მოქალაქეების დაპირისპირების შედეგად 24 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა, 38 წლის მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ქართველები და უკრაინელები ერთმანეთს საცხოვრებელ კორპუსში დაუპირისპირდნენ, სადაც მეზობლად ცხოვრობდნენ.

    პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე და ერთი უკრაინელი დააკავა. მათ ბრალად ედებათ ჩხუბში მონაწილეობა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

    ადგილობრივი პოლიცია მომხდარის დეტალებს არკვევს, გამოძიება საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვებით და თვითმხილველების დაკითხვით არის დაკავებული. დღეს სასამართლომ დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
  • “ეთნიკურად აზერი”-ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულის მერობის კანდიდატზე

    ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობების შუალედურ არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატები წარადგინა. მარნეულის მერად კენჭს ზაურ დარგალი იყრის. ირაკლი ღარიბაშვილი :” ზაურს აქვს დიდი გამოცდილება ქვემო ქართლში მუშაობის. ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი “

    კანდიდატის წარდგენისთანავე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები, რომლითაც ოცნების წევრის ნაციონალური წარსული გაიხსენეს. ფოტოზე ქართული ოცნების კანდიდატს ნაციონალური მოძრაობის ხუთნომრიანი მაისური აცვია.

  • ბერა ივანიშვილი თაფლობის თვესთან დაკავშირებით რჩევებს იღებს

    ბერა ივანიშვილი საკუთარ „ინსტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს, მეუღლესთან ნანუკა გუდავაძესთან ერთად და თავის გამომწერებს ასეთ კითხვას უსვამს: „სად მირჩევთ თაფლობის თვის გატარებას? ძალიან დავაფასებთ თქვენს რეკომენდაციებს…“ 
    ფოტოს უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში წყვილს თაფლობის თვის გატარებას ძირითადად ბალიზე ურჩევენ ასევე მალდივისა და ბაჰამის კუნძულებზე.

    ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი 11 ნოემბერს კოჯორში რესტორან  „ბიოლიში“ გაიმართა. თუმცა როგორც ახლა ირკვევა წყვილს თაფლობის თვე და საქორწინო მოგზაურობა ჯერ არ ჰქონია. 

  • ინტერნეტით გამოწერილ ნივთებზე განბაჟების ზღვარი 500 ლარამდე იზრდება

    ინტერნეტით გამოწერილი ნივთის განბაჟება, თუ მისი ღირებულება  500 ლარს არ აღემატება, შესაძლოა აღარ მოგიწიოთ. დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.
    „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ, დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

    პარტიაში აცხადებენ, რომ თავის დროზე ზღვარი 200 დოლარამდე ღირებულების პროდუქციის შემოტანაზე დაწესდა, დღეს კი 200 დოლარის ექვივალენტი უკვე 500 ლარს აჭარბებს.
    ოპოზიციური პარტიის ინიციატივას მხარი დაუჭირეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც.

    ზღვარის გაზრდას არ იზიარებენ მთავრობაში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ზღვარი არ უნდა გაიზარდოს, რადგან რთულია იმის ადმინისტრირება, ხდება თუ არა ნივთის გამოწერა პირადი მიზნებისთვის.

    „ევროპული საქართველოს“ წევრები ინიციატივას ლარის კურსის გაუფასურებით ხსნიან და აცხადებენ, რომ მეორე მოსმენაზე დეპუტატებს მინიმალური მარჟის 700 ლარამდე გაზრდას შესთავაზებენ.

  • თბილისის ქუჩებს 16 “ჭკვიანი” ვიდეოკამერა დაემატა

    თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დამონტაჟდა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს. 2018 წლის დასაწყისში, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა.

    ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2204 ვიდეოკამერა, მათ შორის 829 ნომრის ამომცნობი, 1375 კი ზოგადი ხედვის კამერა. საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციებით გადაფარულია საავტომობილო გზების 432 კილომეტრი.
    თბილისში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

    1. მარშალ გელოვანის მოედნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირომდე, გიორგი სააკაძის 1-ელ შესახვევამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
    2. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
    3. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და სამტრედიის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
    4. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
    5. ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ნ. ბარათაშვილის სანაპიროსა და ხოშარაულის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
    6. მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთიდან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).
    7. მოსკოვის გამზირის N25-დან მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).
    8. მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მე-2 შესახვევიდან მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთამდე (ნებადართული სიჩქარე 40 კმ/სთ).

  • დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 1 აპრილიდან შეგიძლიათ

    2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული დაგროვებითი პენსიის სქემა სავალდებულო მხოლოდ 40 წლამდე მოქალაქეებისთვის არის. 40 წლის ზევით კი სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია. ამის მიუხედავად პირველი სამი თვის განმავლობაში 2 პროცენტიანი საპენსიო შენატანის განხორციელება ყველასთვის სავალდებულო იყო. მხოლოდ სამი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს დაგროვებით საპენსიო სქემას გამოეთიშონ, სამი თვის მანძილზე გადახდილი თანხები კი უკან დაიბრუნონ.
    ამისათვის მათ 1 აპრილიდან საპენსიო სქემის დატოვების შესახებ სააგენტოს სახელზე განცხადება უნდა დაწერონ. განცხადების დაწერა ელექტრონულად არ ხდება. ამისათვის საჭიროა საპენსიო სააგენტოში მისვლა და განცხადების ჩაბარება იმის შესახებ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვება გსურთ. სამი თვის მანძილზე დაგროვილი თანხა განცხადების დაწერიდან ერთი თვის განმავლობაში იმავე ანგარიშზე დაგიბრუნდებათ, საიდანაც გადაირიცხა.
    სააგენტოში ამბობენ, რომ პირველ აპრილამდე საქართველოს მაშტაბით 69 სერვის ცენტრი გაიხსნება, სადაც მოქალაქეები პირადობის დამადასტურებელი მოწმობით უნდა მივიდნენ და განცხადება დაწერონ. ამისათვის ვადა 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 1 აპრილიდან 31 მაისამდე აქვთ.
  • ალეკო ელისაშვილი მთაწმინდაზე კენჭს არ იყრის თუმცა კანდიდატად მისი მოძრაობის წევრს დაასახელებს

    არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა  “პალიტრანიუსის” გადაცემაში განცხადება გააკეთა ”  “სამოქალაქო მოძრაობა” აუცილებლად დაასახელებს თავის კანდიდატურას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში და ეს მე არ ვიქნები,”

    „მე ძალიან დიდ პატივს ვცემ შალვა შავგულიძესაც და ნინო გოგუაძესთან ვმეგობრობ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ მე გული დამწყდა, როდესაც ეს გაერთიანება ვნახე… სამოქალაქო მოძრაობა აუცილებლად დააყენებს თავის კანდიდატურას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში და ეს მე არ ვიქნები. მე ვარ დაკავებული დილიდან ღამემდე სტრუქტურის მშენებლობით, რეგიონული ოფისების შექმნით, ,აწყობით, მათი გამართული მუშაობით, ადამიანებთან შეხვედრებით…მე ვარ დაკავებული ხალხის მოსმენით თბილისში და რეგიონებში , რომ კარგად გავიაზროთ რა პრობლემებია ეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.