Blog

  • დეკანოზი მამალაძე ციხის საკვების მიღებაზე უარს აცხადებს

    დეკანოზი გიორგი მამალაძე  პენიტენციური დაწესებულების საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან მას სამარხვო საკვებით ვერ უზრუნველყოფენ. ამის გამო, მსჯავრდებული დეკანოზი იძულებულია თავად იყიდოს საკვები. ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზთან იმყოფებოდა.

    დავით ჯანდიერის ინფორმაციით, მსჯავრდებული სასულიერო პირის მონახულებას უახლოეს პერიოდში აპირებენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. „დღეს მან უარი განაცხადა პენიტენციური დაწესებულების მიერ მიწოდებული საკვების მიღებაზე და ამის მიზეზი არის ის უყურადღებობა, რომელსაც ის განიცდის. რამდენიმე დღის წინ, მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც, თუმცა სათანადო  ყურადღება არ იქნა მის მიმართ აღმოჩენილი,“ – განაცხადა ადვოკატმა.

    განცხადება გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამაც. ოჯახი დეკანოზის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. „თავდაპირველად, პირობა მოგვცეს, რომ გადაიყვანდნენ მე-18 დაწესებულებაში და მიეცემოდა მას სათანადო მკურნალობა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ელემენტარული ყურადღებაც არ ექცევა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმაც დადო დასკვნა და იმედია, ჩვენ ამას ვითხოვთ, რომ გაითვალისწინებენ და მოხდება ჩემი ძმის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, სადაც ელემენტარულად, უკვე მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

  • საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის რუსეთის მოქალაქეს შვედეთის სასამართლომ 16 წელი მიუსაჯა

    შვედური მედიის ინფორმაციით 49 წლის რუს მამაკაცს სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის .
    ხაპარანდის რაიონულმა სასამართლომ ორშაბათს ანდრეი მანკო დამნაშავედ ცნო 39 წლის ქართველის მკვლელობაში, რომელთან ერთად შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კალიქსში, თავშესაფარში ერთ ოთახში ცხოვრობდა. გარდა ამისა სასამართლომ დაადგინა რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მისი დეპორტაცია უნდა მოხდეს. მკვლელობა მიგრანტთა თავშესაფარში მოხდა. მკვლელობის შემდეგ მკვლელმა მოკლულის სხეული დაანაწევრა და მდინარეში გადააგდო.
    სასამართლოს განცხადებით ეჭვგარეშეა, რომ მანკომ მოკლა ადამიანი,სხეული ოთახშივე დაჭრა, შემდეგ კი მდინარეში გადააგდო.
    პოლიციამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 24 ოქტომბერს ძაღლმა მდინარე კალიქსში შემთხვევით იპოვნა გარდაცვლილის ხელი, ფეხი და თავი. მისი ტორსი კი ქალაქის ნარჩენების უტილიზაციის ცენტრში იპოვნეს. მისი გენიტალიები ჯერ არ უპოვნიათ, თუმცა ჯერ არ არის დამტკიცებული, რომ ის სხეულიდან განზრახ იყო მოკვეთილი.
    მანკო, რომელიც შვედეთში რუსეთიდან ჩავიდა და იქ თავშესაფარს ითხოვდა, 24 ოქტომბრის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს. მან აღიარა, რომ ოთახის მეზობელი მოკლა, თუმცა ამტკიცებდა, რომ ეს არა მკვლელობა, არამედ თავდაცვა იყო, რადგან 39 წლის მამაკაცი მას დანით ხელში თავს დაესხა.
    ადგილობრივი მედიის ცნობით სასამართლოს მსვლელობისას გაირკვა, რომ მანკო მოკლულს პირველად სტოკჰოლმში შეხვდა. ქართველი შვედეთში შესაბამისი ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. მალკომ ის კალიქსში დაპატიჟა და რამდენიმე დღის მანძილზე მის ოთახში დარჩენა შესთავაზა.

    ანდრეი მანკო

    სასამართლოში მკვლელი ამტკიცებდა, რომ რამდენჯერმე დაუკავშირდა პოლიციას, რათა შეეტყობინებინა, რომ მის ოთახში ადამიანი იმყოფებოდა, რომელსაც შვედეთში ცხოვრების კანონიერი უფლება არ ქონდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მანკოს მართლაც ეშინოდა მისი მსხვერპლის, რასაც მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს, თუმცა ამავე დროს დაადგინა, რომ მოვლენების მისეული ვერსია არც გარდაცვლილისთვის მიყენებულ ტრავმებს და არც მკვლელობის ადგილზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს არ შეესაბამებოდა.


    ოთახი, სადაც მკვლელობა მოხდა.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ადამიანის მტკიცებები, რომ მას თავს დაესხნენ არ შეიძლება იყოს სიმართლე. მან მინიმუმ ორჯერ ჩაარტყა თვაში გარდაცვლილს განზრახ და კარგად იცოდა, რომ ამ დარტყმებს ფატალური შედეგი მოჰყვებოდა – განმარტა სასამართლოს თავმჯდომარემ, აგნეტა კარლსონმა თავის გადაწყვეტილებაში.
    შვედეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბერში როგორც შვედურ, ისე ქართულ მედიაში გამოჩნდა. მაშინ მოკლულის ვინაობა არ დასახელებულა. ქართველი სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ გამოძიებაში ჩაერთნენ. მოკლულის ვინაობა დღემდე უცნობი რჩება. მის სახელს და გვარს არც შვედური მედია ასახელებს.
  • სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

    გამამტყუნებელი ვერდიქტი ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს-ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეზე 4-საათიანი მსჯელობა ასეთი შედეგით  დაასრულეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს.

    მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

    აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

  • “მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები ვიდრე შენ“–სააკაშვილი გიგი უგულავას პასუხობს

    მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე გიგი უგულავას მიერ გადაცემა “კვირის აქცენტებში “ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

    “გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა “არაა სააკაშვილი ფორმაშიო”..რა თქმა უნდა,მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა,და ძვირფასო გიგი,გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს,მაგრამ დაიმახსოვრე,მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები,ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე

    “ათას ცოცხალსა ბევრჯერა,
    ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია” – წერს სააკაშვილი

    “მე მხოლოდ გამიხარდება, თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით“,- ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქსტატუსს.

  • ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად თელავში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

    პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელშიც 24 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, თელავში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
    ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აქტიურ მოქალაქეებთან და პარტიის მხარდამჭერებთან გამართეს.
    „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ აუცილებელია მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.
    გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტიები გაერთიანდენენ საერთო იდეით, რათა საარჩევნო სისტემა რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული გახდეს.
    “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა როგორც ოპოზიციისთვის ასევე მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ქვეყნის წინსვლას და კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებას.
  • “თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს”-სააკაშვილი ეკა კვესიტაძეს მიმართავს

    საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეკა კვესიტაძეს მიმართავს და ჟურნალისტის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება, რომელმაც გუშინ საკუთარ გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოში არ სურს ორბანი(იგულისხმება უნგრეთის პრემიერ მინისტრი).

    “ეკა კვესიტაძის გასაგონად,რომელიც არსებული ივანიშვილის ფონზე აცხადებს,რომ თურმე ,არ სურს ორბანი საქართველოში და რაღაცნაირად ჩემზე მიანიშნებს-ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია,ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით,მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად,რაც კეთილად აისახება თითოეული უნგრელის კეთილდღეობაზე.

    ბუდაპეშტში და სხვა ქალაქებში განხორციელდა ისტორიული ცენტრის აღდგენის სამუშაოები და დაიწყო მშენებლობის ბუმი,უფრო მეტი უნგრელი ბრუნდება,ვიდრე ტოვებს თავის ქვეყანას…ხო და,თუ არ გინდათ ორბანი,უყურეთ ივანიშვილს,ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე,საქართველოს კიდევ მიეცით განვითარების შესაძლებლობა!

    ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას და სწორედ ესაა ივანიშვილის თამაში და ყველას ვთხოვ,ნუ შეყვებით მას ამ თამაშში..”

  • ლგბტ აქტივისტებმა ევროსასამართლოს მიმართეს

    ლგბტ აქტივისტებმა დინამო არენაზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” ავრცელებს.

    საქმე  2018 წლის 9 სექტემბერს თბილისში დინამო სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩს ეხება, სადაც ლგბტ აქტივისტები სპეციალურად გურამ კაშიასთვის მადლიერების გამოსახატად ლგბტ სიმბოლიკით მივიდნენ, შსს-ს თანამშრომლებმა გულშემატკივრებს მატჩზე არ შეატანინეს დროშები და პოსტერები, რომლებზეც ლგბტ სიმბოლიკა  იყო გამოსახული. ეს შეზღუდვა სამინისტრომ დაასაბუთა სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნებით და დაეყრდნო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონს, რომელიც პოლიციას აძლევს უფლებას დროებით შეუზღუდოს ადამიანს გადაადგილების თავისუფლება და ასევე დროებით ჩამოართვას რომელიმე ნივთის ფლობის უფლება, თუ ეს ნივთი წარმოადგენს მისი ან სხვა ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს.

    სარჩელი ევროსასამართლოში 2019 წლის 9 მარტს გაიგზავნა. საქმეს “თანასწორობის მოძრაობა” აწარმოებს. 9 ლგბტ აქტივისტს, ვინც სასამართლოს მიმართა, მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა გადააცილეს საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან დროშები და პოსტერები, თავისთავად, ვერ იქნებოდა გამოყენებული სხვა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების იარაღად.

    იმ შემთხვევაში, თუ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების მხრიდან ადგილი ექნებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, პოლიციას ზომები უნდა მიეღო ამ ქმედებების აღსაკვეთად.

    პოლიცია წინასწარ გაფრთხილებული იყო, რაზეც მეტყველებს ის, რომ მე-9 სექტორში, სადაც გურამ კაშიას გულშემატკივრებიც იყვნენ კონცენტრირებული, საკმაოდ დიდი ოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.

    მომჩივანი მხარე   ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 და მე-11 მუხლთან მიმართებით მე-14 მუხლის დარღვევას ედავება .

    მე-11 მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მე-14 მუხლით დისკრიმინაციისგან თავისუფლება.

    მომჩივნებს აზრით, სახელმწიფომ უსაფუძვლოდ შეზღუდა ისინი და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ანუ დისკრიმინაციულად.

    ადგილობრივ დონეზე პროკურატურამ უარი თქვა, შსს-ს თანამშრომლების მიმართ გამოძიების დაწყებაზე, რადგან ვერ დაინახა დანაშაულის, ანუ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. შსს-ს გენერალურმა ინსპექციამაც ვერ დაინახა პოლიციელების ქმედებებში დისციპლინური გადაცდომები და განმარტა, რომ ისინი მოქმედებდნენ შსს-ს მაღალჩინოსნის ბრძანების და კანონის საფუძველზე.

    მომჩივნებმა საჩივრით პროკურატურის, გენინსპექციის, შსს-ს მინისტრის და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გარდა, მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველსაც, თუმცა უშედეგოდ.

    მატჩი, რომელიც საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის გაიმართა, შედგა მას შემდეგ რაც გურამ კაშიას უეფამ “თანასწორობის ჯილდო” გადასცა. ჯილდოს გადაცემამდე ერთი წლით ადრე, გურამ კაშია ჩაერთო ჰოლანდიის ერედივიზიონის კამპანიაში, რომელიც მიმართული იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ. კამპანიაში ჩართვის ნიშნად, კაშიამ ლგბტ სამკლაური გაიკეთა, რასაც საქართველოში ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების პროტესტის მოჰყვა. ამ პროტესტის საპირწონედ კი ლგბტ და სამოქალაქო აქტივისტები გურამ კაშიას მხარდასაჭერად და მადლობის ნიშნად მივიდნენ დინამო არენაზე.

  • ერდოღანი აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს

    თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ შესაძლებელია აია სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდეს და მუზეუმის სტატუსი მოეხსნას. ინფორმაციას Daily Sabah ავრცელებს. ერდოღანის თქმით, სტატუსის მოხსნის შემდეგ ნებისმიერი მსურველი ტაძარს სრულიად უსასყიდლოდ  მოინახულებს.

    “წმინდა სოფიას ტაძრის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს და მუზეუმიდან მეჩეთად გადაკეთდეს.ეს გამორიცხული არაა. ჩვენ შეგვიძლია, ტაძარს აია სოფიას მეჩეთის სახელი დავარქვათ.  მის მონახულებას კი ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანი შეძლებს”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

    აია სოფია  პირველად 360 წელს აიგო, 404 წელს კი სახალხო აჯანყების დროს მომხდარმა ხანძარმა ტაძრის ნაწილი გაანადგურა.მეორედ  415 წელს ბაზილიკის სტილში აიგო  თეოდოსიუს II მიერ. 532 წელს სახალხო  აჯანყების დროს ტაძარი კვლავ დაიწვა, ამიტომ იუსტინიანე I– მა ბრძანა ტაძარი მალევე აღედგინათ. რესტავრაცია მალევე დასრულდა და ის საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.

    აია სოფია ამჟამად  მუზეუმის სტატუსი აქვს მინიჭებული. მას  მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.

  • საირმეში ახალგაზრდა ქალი მესამე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

    ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში უბედური შემთხვევა მოხდა. 32 წლის ქალი სასტუმროს შენობის მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

    გარდაცვლილი ქალი ამ სასტუმროში მუშაობდა. მომხდარის მიზეზები უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • სპეციალური პენიტენციური სამსახური მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    სპეციალური პენიტენციური სამსახური  ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    როგორც განცხადებიდან ირკვევა  მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ მიმდინარე წლის 24 იანვარს იმსჯელა და გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. განცხადებაში აღნიშნულია,რომ  მსგავსი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა 2017 და 2018 წლებშიც.

    “ამჯერადაც, ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია, სხვებს შორის, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმემ და დანაშაულების ხასიათმა, ასევე იმან, თუ რა გარემოებებში იქნა სხვადასხვა დანაშაული ჩადენილი. 2019 წლის 24 იანვრის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

    2019 წლის 25 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი და, გათავისუფლების მიზანშეწონილობის საკითხის გადაუწყვეტლად, საქმე თავიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე ადგილობრივ საბჭოს, რომელსაც დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარე წლის 5 მარტს მიიღო ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული.

    აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 20 მარტს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი თავიდან განსახილველად გადაეცემა ადგილობრივ საბჭოს, რომელიც საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და წესით”, – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ,რომ  მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სასამართლომ ე.წ. უდოს კომისიას დაავალა, ვანო მერაბიშვილის საკითხზე ხელახლა იმსჯელოს.