Blog

  • დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ლევან ხაბეიშვილს არ უშვებენ

    დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი არ შეუშვეს.

    “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის განცხადებით, დედაქალაქის მერმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის მთავრობის სხდომაზე შესვლის უფლება მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატ ლილე ლიპარტელიანს  მისცა.

    “შიშის ფაქტორია ალბათ, მეტი რა უნდა ვთქვა, ორი ადამიანი მოვედით. ერთი ავიდეს ლილე ლიპარტელიანიო და ხაბეიშვილი არ ამოვიდესო. მაინტერესებს, რა განსხვავებაა ჩემსა და ლიპარტელიანის მანდატებს შორის,”-ამბობს ხაბეიშვილი.

    ხაბეიშვილი დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე მთაწმინდაზე, ნიკოლოზ ტვერელის სახელობის ეკლესიის საძირკველთან მიმდინარე მშენებლობის გაპროტესტებას აპირებდა.
    დედაქალაქის მერი კახი კალაძე  მთავრობის სხდომაზე მიმდინარე მშენებლობის საკითხს შეეხო და განაცხადა რომ მშენებლობა ყოველგვარი კანონის დაცვით მიმდინარეობს.

    თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა კახა კალაძემ დედაქალაქის ტაქსების რეფორმაზე საუბრით დაიწყო და ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.

    “არის ლიცენზიის 2 მიმართულება A და B კატეგორიები, B კატეგორიის მძღოლს არ ექნება არც ტაქსის გადაღებვის ვალდებულება, მათ შეუძლიათ “ტაქსიფაის” და “უბერის” სისტემაში გაერთიანდნენ.”-განაცხადა კალაძემ.

  • ავტობუსის მძღოლობის მსურველი ქალები, რომლებმაც გადამზადება გაიარეს ვერ საქმდებიან

    ავტობუსის მძღოლობის მსურველი ქალები შესაბამისი გადამზადების გავლის მიუხედავად,  ვაკანსიების არარსებობის გამო, ვერ საქმდებიან. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ რომ მათ დასასაქმებლად შესაბამისი ვაკანსიები ამ ეტაპზე არ მოიძებნება.

    „სწავლება ამ პროგრამის ფარგლებში 25-მა ქალმა გაიარა. აქედან 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა აღებული და დარჩენილი 4 ქალიც აპირებს მართვის მოწმობა აიღოს. ამ 21 ქალიდან დაკომპლექტდა სამი ჯგუფი, რომლებიც გადიან ორკვირიან პრაქტიკულ სწავლებას. ეცნობიან არსებულ მარშრუტებს, კომპანიის შიდა სამზარეულოს. გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ თუ სატრანსპორტო კომპანიაში ვაკანსიები იქნება და ეს ქალებიც დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ეტაპობრივად მოხდება მათი დასაქმება. ამ ეტაპზე კომპანიაში ვაკანსია არ გვაქვს. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, ავტომატურად გაჩნდება ახალი ვაკანსიები, რაც ასე არ არის. ახალი ავტობუსები ანაცვლებს ძველ ტრანსპორტს, შესაბამისად, ისევ ძველი მძღოლები დასაქმდებიან“, – ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 1400-მდე მძღოლია დასაქმებული, აქედან ქალი მხოლოდ 2 მათგანია.

  • მაღაზია “ზუმერი” არასრულწლოვნებმა გაქურდეს-პოლიციამ საქმე გახსნა

    პოლიციამ რუსთავში მაღაზია „ზუმერის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული გ.ვ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ა. ამხილეს.

    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 24 მარტს რუსთავში მდებარე მაღაზია „ზუმერიდან“ 25 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები მოიპარეს და თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ჩააბარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტექნიკა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

    გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

  • პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები youtube–დან უკვე აღებულია

    ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ამ დროისთვის youtube–დან უკვე აღებულია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიდეო ამ პლატფორმაზე იყო განთავსებული გუშინ გავრცელდა. როგორც გაირკვა, ვიდეო ორი კვირის წინ იყო ატვირთული და სანამ წაშლიდნენ, 7 ათასამდე ნახვა დააგროვა.
    სავარაუდოდ ეს სწორედ ის ვიდეოა, რომელიც ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა და რომლის გავრცელების გამო საქმე აღიძრა 19 ადამიანის წინააღმდეგ.

    ამ ფაქტთან დაკავშირებით ქრონიკა + – ის რედაქტორი, ელისო კილაძე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ვიდეოს არსებობის შესახებ სამართალდამცავებს ოფიციალურად მან შეატყობინა.

    “არის თუ არა ეს ძველი კადრები თუ ახალი ვერ გეტყვით იმიტომ რომ მე კადრები ნანახი არ მაქვს. ჩემს ფეისბუქზე კომენტარში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩემთვის უცნობმა დაწერა, რომ იუთუბზე ისევ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რომელიც ეხება დეპუტატ ეკა ბესელიას. ლინკი ასევე გავუგზავნე შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შეტყობინებას დავრეკე 112-ში,”-აცხადებს ელისო კილაძე.

  • პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ისევ გავრცელდა

    ერთ–ერთ პოპულარულ ვიდეო პლატფორმაზე კვლავ დევს ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. როგორც ვიდეოზეა მინიშნებული, ის ორი კვირის წინ აიტვირთა და დღემდე მისი გავრცელების აღკვეთისთვის ქართველ სამართალდამცავებს როგორც ჩანს ზომები არ მიუღიათ. ვიდეოს ამ დროისთვის უკვე 5400 ნახვა აქვს.

    საუბარია ვიდეოკადრებზე, რომელთა  გავრცელების გამო თებერვლის დასაწყისში 19 ადამიანი დააკავეს. ეს კადრები ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა.

  • რუსთავში ბუნებრივი აირით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 36 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
    ინფო რუსთავის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.
    როგორც მეზობლები “ინფო რუსთავთან” საუბრისას აცხადებენ, მამაკაცი ღამით ბინაში მარტო იმყოფებოდა, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული იყო გაზის გამათბობელი, რომელიც სავარაუდოდ მოულოდნელად გაითიშა და ამის გამო ბინაში გაზი დაგროვდა.

    გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრო მოსამსახურე იყო, ის რუსთავში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

    მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

  • ქვემო ქართლის ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

    ტელე–რადიო კომპანია ტვ4–მა, რომელიც ქვემო ქართლში მაუწყებლობს დღეს მაუწყებლობა შეწყვიტა. არხმა საღამოს ეთერში სპეციალური საინფორმაციო გამოშვება გაუშვა, რომელშიც არხის სპეციალური განცხადება გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არის მათი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. თუმცა ტელეარხი არ აკონკრეტებს ვისგან მოდის ეს მცდელობა და რა კონკრეტული საფრთხე ემუქრება ტელეკომპანიას. სპეციალური საინფორმაციო გამოშვების შემდეგ არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა.

    “TV4 21 წელია, საკუთარ ქალაქს და მთელ რეგიონს ემსახურება. არაერთხელ დამდგარა ტელევიზია დახურვის საფრთხის წინაშე, თუმცა აქ მომუშავე ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაშუქებულ მასალას შედეგი ჰქონდა. ამ არხის ეთერში გასულ პრობლემატურ მასალებს დროული გამოხმაურება მოჰყვებოდა ქალაქის ყველა ხელმძღვანელი პირის მხრიდან . ჩვენ ვასრულებდით მედიატორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის.

    უმთავრესი მიზეზი ამ ტელევიზიის მუშაობისა და არსებობის მხოლოდ ეს იყო. წლების განმავლობაში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს ტელევიზია და მაუწყებლობდეს რადიო. თუმცა დღეს, 21 წლის შემდეგ, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით . გარკვეული ძალები ცდილობენ ტელე-რადიო კომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა.

    დღეს TV4 -ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში. მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა. დღეს საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ TV4 და რადიო 4-მა მაუწყებლობას დროებით შეწყვეტს. ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს, ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი.

    განსაკუთრებულად მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომ მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი სწორედ მისი მერობის პერიოდში დაფიქსირდა. რუსთავი ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე. ჩვენ ვწყვეტთ მაუწყებლობას! მხოლოდ მომავალში შეხვედრის იმედით შეგვიძლია დაგემშვიდობოთ”, – ნათქვამია არხის საგანგებო განცხადებაში.

  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის სიჩუანის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს შეხვდა.

    ჩინეთში  გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გეგმები და ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივები განიხილეს.

    სიჩუანის დედაქალაქ ჩენგდუს მოწინავე 5 ტურისტული კომპანია საქმიანი და გასართობი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. სიჩუანის პროვინციის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს.

    სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს ჩინეთიდან საქართველოში 2017 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 75.2%-ით გაიზარდა.

    2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში 60.2%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

  • გარდაიცვალა მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი

    87 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი გარდაიცვალა.
    წლების მანძილზე ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მოგვიანებით მისი კინოკარიერაც დაიწყო. 1976 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1979 წელს გახდა სახალხო არტისტი. 2001 წელს ნოდარ მგალობლიშვილმა უარი თქვა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გადაცემულ ღირსების ორდენზე. მან განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.
  • ჯგუფ ნიუტონის სოლისტი თამარ ბაბილუა გარდაიცვალა

    ჯგუფ ნიუტონის  ახალგაზრდა სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ბაბი წლების განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა, მის მხარდასაჭერად არაერთი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.სამწუხარო  ინფორმაციას და გამოსათხოვარ სიტყვებს სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.