Blog

  • ამაზრზენი,მიუღებელი კამპანია–ირმა ინაშვილი ბესელიას კადრების გავრცელებაზე

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ეკა ბესელიას პირადი კადრების გავრცელებას და მისი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ბესელიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ამაზრზენ კამპანიას უწოდებს და ფეისბუქ სტატუსს უძღვნის.

    “კიდევ ერთხელ ვწერ: ამაზრზენი, მიუღებელი, ზნეობასა და მორალთან სრულ წინააღმდეგობაშია ჩემთვის ის კამპანია, რასაც ადგილი აქვს ეკა ბესელიას მიმართ! (ადამიანურობის საზღვრებს ცდება ეს ყველაფერი. ბრძოლასაც აქვს წესები, ომსაც აქვს წესები, ამ წესს ცხოველიც კი იცავს).

    აქ ვგულისხმობ არა მარტო ფარული კადრების პერიოდულად გავრცელებას, არამედ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ზარდიაშვილის და უმრავლესობის ზოგიერთი სხვა წევრის გაუწონასწორებელ, ცინიკურ, ცილისმწამებლურ, თავხედურ… არაკაცურ განცხადებებს, რამაც მიზანმიმართული შეტევის ხასიათი მიიღო.

    ნუ დაეცემით ბოლომდე. კიდევ ვიმეორებ: ბრძოლას, ომს, მტრობასაც კი აქვს წესები და სახე არ უნდა დავკარგოთ, არც მამაკაცმა და არც ქალმა პოლიტიკოსებმა. პირველ რიგში, ადამიანები ვართ და მერე ვართ პოლიტიკოსები, ექიმები, ჟურნალისტები, თუ მუსიკოსები.

    ისე, ეს ფარული კადრები ძალზედ საეჭვო დროსა და ვითარებაში ვრცელდება ხოლმე… საშინელი საყურებელია, რაც ხდება. ანგარიშსწორების უფრო სასტიკ მეთოდს ძერჟინსკიც ვერ მოიფიქრებდა.
    მორიგჯერ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს: დადეთ გამოძიების რეალური შედეგი და ნუ დასდევთ პატარა ბავშვებს, გამოავლინეთ დანაშაულის ორგანიზატორები.“– წერს ირმა ინაშვილი
  • ნაციონალური მოძრაობა წარსულს უარყოფს,ოცნებამ კი მომავალი უარყო–დავით მაღრაძე თანამოაზრეებს ფილარმონიაში იწვევს

    მოძრაობა “დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დღეს მედიისთვის სპეციალური განცხადება გააკეთა. მოძრაობა 13 აპრილს 14 საათზე ფილარმონიაში იკრიბება და თანამოაზრეებს იწვევს.
    “მათ ვისაც მიაჩნია რომ საქარველოს ვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ–სააკაშვილის უკვე უსფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს ორ საათზე ფილარმონიაში დაიცავი საქართველოს საგანგებო შეკრებაზე.
    მათ, ვისაც მიაჩნია რომ ოცნებასა და ნაციონალებს შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით.
    მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით.
    ნაციონალური მოძრაობა წარსულს უარყოფს, ოცნებამ კი მომავალი უარყო.
    შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლის თვის რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც, შემოგვიერთდით.“
    ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ მაღრაძემ დააკონკრეტა, რომ ფილარმონიაში შეკრება საორგანიზაციო შეხვედრა არ იქნება და ისინი ფართო საზოგადოებას იწვევენ. განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რადგან მაღრაძის თქმით მათი მოძრაობა “თავისუფლებისთვის ბრძლის ესტაფეტაა, რომლის დროშა მომავალმა თაობამ უნდა ატაროს.“
    მაღრაძე ორგანიზაციის მომავალ წევრებს ჯერჯერობით არ ასახელებს და ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებენ ყველას, ვინც მზად არის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა.
  • “სამართლიანი გადაწყვეტილება”- აშშ-ის კონსული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონსული ჯენეთ რებერი სმიტების ოჯახის 3 წევრი მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას „სამართლიან გადაწყვეტილებად“ აფასებს.

    როგორც რებერმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სმიტების ოჯახის წარმომადგენელი დაკავებულისთვის სწორედ სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

    „გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, სასამართლოს, ყველა იმ ხალხს, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა. ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებოდით ამ საქმეს, გვქონდა კომუნიკაცია მსხვერპლთა ოჯახთან. მტკიცებულებები არ ტოვებს სივრცეს რაიმე ეჭვისთვის. სმიტების ოჯახის წევრები სამუდამო სასჯელის გამოტანას უჭერდნენ მხარს. ეს იყო სამართლიანი სასამართლო და სასჯელიც სამართლიანია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების კონსულმა.

    ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის მხრიდან  ხმაური მოჰყვა.

    მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4-საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

  • გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქე გამოაძევეს

    გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ისინი სპეციალური რეისით დიუსელდორფიდან საქართველოში  გამოამგზავრეს.ისინი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.  ქვეყანა იმ მოქალაქეებს დაატოვებინეს , რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობები ჰქონდათ დარღვეული. გერმანიიდან გამოძევებულთა შორის ძირითადად ოჯახები არიან.

  • სახალხო დამცველს მთავარ პროკურორთან შეკითხვები აქვს

    სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მთავარმა პროკურორმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს პირადი ცხოვრების საქმეებზე არსებულ ყველა შეკითხვას და დადგინდეს  ვინ დგას პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის უკან.

    ლომჯარიამ დღეს საზოგადოებას მიმართა, რომ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება არის დანაშაული და მკაცრად ისჯება, ამიტომ ასეთ ვითარებაში საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა  გამოიჩინოს და ხელი არ შეუწყოს კადრების გავრცელებას.
    “მსგავსი ტიპის კადრების გავრცელება არის დანაშაული და საკმაოდ მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას თავი, შეიკავონ მათ შორის სოციალურ ქსელებში ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებისგან რათა ხელი არ შეუწყონ იმ ჯგუფებს ინტერესებს, ვინც  ამ კადრების გავრცელების უკან დგანან”

    “დღესაც პროკურატურის მიმართ გვაქვს კითხვები იმ საქმეებზე, რომელიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება, დღემდე დაუდგენელია, თუ ვინ იყო ამ კადრების გავრცელების ინიციატორი, ჩვენ მთავარ პროკურორს უნდა მოვთხოვოთ, რომ როცა ის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს რა ეტაპზეა საქმის გამოძიება და რა უშლის ხელს იმას, რომ დაადგინონ საიდან და ვისი ინიციატივით ხდება სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების ატვირთვა”, – აღნიშნა  ლომჯარიამ.

  • მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

    გორის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

    კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

    25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და  მალხაზ კობაური დამნაშავედ  ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნეს.

  • ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე მოზარდი დააკავეს

    ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა  განაცხადა. მეზვრიშვილის განმარტებით, დაკავებული პირი არასრულწლოვანია. სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელების შემკვეთი არ იკვეთება,თუმცა გამოძიება გრძელდება.

    „ამ ეტაპზე მოვახერხეთ, დავაკავეთ უკვე, მოზარდია დაკავებული. სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით ახლა იმიტომ, რომ მიმდინარე პროცესია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ და ალბათ, რომ დასრულდება შეხვედრა უფრო მეტი დეტალის თქმის შესაძლებლობა მომეცემა. მოზარდია დაკავებული, მის მიერ არის ეს ვიდეო ატვირთული. როგორც ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილია აღიარებს ამ ქმედებს. ინტერესი არანაირი პირადი თემა არ ყოფილა. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა, რომელმაც ეს ვიდეო ატვირთა. ატვირთა იუთუბზე, ამ ეტაპზე ამ ნაწილში შემკვეთი არ იკვეთება,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

    დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები  ინტერნეტსივრცეში კვლავ  გავრცელდა. გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ფარული კადრების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო და მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.ამ საკითხთან დაკავშირებით იგი დაკითხვაზე იმყოფება.
    პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ასევე აღმოაჩინა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • “ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა”-ქობულია საკუთარი სახლის გაქურდვის ფაქტზე

    ქობულია საკუთარი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.

    როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს მისი პირადი ცხოვრებაა და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

    “თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ.”- განაცხადა ქობულიამ.

    გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს.

  • თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებს

    ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია იმოძრავებს – A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები. დედაქალაქის მერმა ტაქსების ახალი რეფორმის შესახებ  დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე  ისაუბრა.

    „B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც ტაქსის მანიშნებლების დაყენების. მათ აქვთ საშუალება Taxify და Uber-ის სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სერვისით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ თეთრი ავტომობილები, რომელთა გადაღებვის ხარჯებს ჩვენ გავიღებთ და მათ არც ერთი თეთღის გადახდა არ მოუწევთ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი ტექდათვალიერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    ახალი რეფორმის თანახმად, A კატეგორიის ტაქის მძღოლებისთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება უფასო საპარკინგე ადგილები, ხოლო მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანაზე განათავსონ რეკლამები.  რეკლამებიდან შემოსული სრული თანხა  მძღოლს დარჩება.

    „ჩვენ ვთქვით, რომ ვაგაკეთებდით, დავამზადებდით სპეციალურ მანათობლებს, რომელიც ასევე უფასოდ გადაეცემა A კატეგორიის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან. როდესაც მგზავრი იქნება მანქანაში, მანათობელი წითელი ფერის იქნება, როცა მძღოლი თავისუფალია, თეთრი ფერის მანათობელი იქნება. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „აითიჯი ჯორჯია“, რომელიც ყველასთვის უფასოდ დაამზადებს მანათობლებს“,- განაცხადა კალაძემ.

  • ელისო კილაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

    ელისო კილაძე ამ წუთებში  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება.
    დაკითხვის თემა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების მასალების ინტერნეტში ხელახალი გავრცელებაა.

    ”ქრონიკა+”-ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს “ფეისბუქის” ერთ-ერთმა მომხმარებელმაამ კადრების არსებობის შესახებგუშინ ღამე აცნობა, რის შემდეგაც კილაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და 112 მეშვეობით საპატრულო ეკიპაჟი ქრონიკა +-ის ოფისში გამოიძახა.