Blog

  • ჯეკ შეპარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება

    ჯეკ შეპარდის ექსტრადირება დიდ ბრიტანეთში მოხდება, საქალაქო სასამართლომ შეპარდის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება   ცოტა ხნის წინ გამოიტანა. მოსამართლემ  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რაც იმას ნიშნავს, რომ   შეპარდის ექსტრადირება  გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება.

    სასამართლო პროცესზე დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებაზე თანხმობა თავად ჯეკ შეპარდმაც განაცხადა.

    ჯეკ შეპარდი ქართველ სამართალდამცავებს “კურიერის” კამერის თანდასწრებით ჩაბარდა. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოში გასული წლის მარტში ჩამოვიდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა. ბრიტანეთის დატოვება  მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი მეგობარი გოგონა მისივე თქმით, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

    შეპარდი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე  საუბრობდა, მისი თქმით,  გარდაცვლილის მამა პენიტენციალურ სისტემაში მუშაობს და შეპარდს დაემუქრა, რომ მას ციხეში ცუდი დღეები ელოდა. სწორედ ამიტომ ის იძულებული გახდა დიდი ბრიტანეთი დაეტოვებინა.

    შეფარდი ბრიტანეთის სასამართლომ დაუსწრებლად არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

  • არასრულწლოვნები 18 საათის შემდეგ, ღამის კლუბებში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე არ დაიშვებიან

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში, ბავშვთა კოდექსის განხილვაზე განაცხადა, რომ ბავშვები 18 საათის შემდეგ, ღამის კლუბებში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე არ დაიშვებიან- ამის შესახებ სოფიო კილაძემ პარლამენტში “ბავშვთა უფლებების კოდექსზე” მუშაობისას განაცხადა.

    კილაძის თქმით, კანონპროექტში არ იყო დაზუსტებული, რომელი საათიდან არ დაიშვებოდნენ ბავშვები ღამის კლუბში. დოკუმენტში მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ ბავშვები კლუბში მშობლის თანხლების გარეშე ღამის 12 საათამდე არ დაიშვებიან.

    “64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24:00 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო სწორი შენიშვნა იყო და ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18:00 საათიდან”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

    საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვად 18 წელს მიუღწეველი პირი მიიჩნევა.

  • გია ვოლსკი – “ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ივანიშვილს შეუტიოს”

    ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუტიოს, რათა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმყაროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

    გია ვოლსკის განცხადებითვე, ბრალდებები, რომელიც ბესელიას მხრიდან კობახიძის მიმართ ჟღერდება, ტყუილია და ეს თავად ბესელიამაც იცის.

    „გული მწყდება, რომ საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილზე შეტევა. ეს მთავარ ნარატივად გაიხადა, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე გაიმყაროს პოზიციები და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა. ის ახსენებს კობახიძეს და კიდევ სხვა გვარებს, მაგრამ თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი ტყუილი. ეს სჭირდება იმიტომ, რომ ძნელია პოლიტიკურ ველზე საკუთარი ნიშის დაკავება“, – გია ვოლსკიმ.

  • ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სასულიერო პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ

    ბავშვთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში, შესაძლოა, სასულიერო  პირები ან სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ჩაერთონ. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა, თუ ოჯახი მოითხოვს და საჭიროდ ჩათვლის, რომ ეკლესიის წარმომადგენლის ჩართვა არის საჭირო მათ მიერ პრობლემურად მიჩნეულ საკითხებში, ამის შესაძლებლობას მათ ახალი კოდექსი მისცემს, რომლის მიხედვითაც, ბავშვთა კოდექსის მეცხრე ნაწილს შესაბამისი დებულება ემატება.

    „კოდექსისი მეცხრე ნაწილში, გავაჩინეთ ასეთი დებულება, თუ ოჯახი ითხოვს საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის წარმომადგენლის, ან სხვა კონფესიის წარმომადგენლის ჩართვას ისეთ შემთხვევებში, რომელსაც ისინი პრობლემურად მიიჩნევენ, არის შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ ის პირები, ვისაც ოჯახი მოითხოვს და კონსულტაციების დონეზე იყოს შესაბამისი მოლაპარაკებები წარმოებული. ვფიქრობთ, რომ ვისაც აქვს ამის სურვილი უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ძალიან დიდი არის მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებით და რა თქმა უნდა სხვა კონფესიებისაც იმ გადმოსახედიდან, რომელსაც თვითონ წარმოადგენენ. მგონია, რომ ძალიან კარგი ცვლილება არის ეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

    კოდექსის მეცხრე ნაწილი ბავშვის ზეგავლენისგან დაცვას ეხება.

  • გაფიცულმა სოც მუშაკებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს

    გაფიცული სოციალური მუშაკები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან. მათი 22-პუნქტიანი მოთხოვნები უცვლელია და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

    ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, გაფიცვა პრობლემას არ შექმნის, რადგან 200 სოც მუშაკი სხვა თანამშრომლებით ჩაანაცვლეს, შესაბამისად ბენეფიციარები მომსახურების გარეშე არ დარჩებიან, რადგან  სააგენტოს სხვა თანამშრომლები ემსახურებიან.

    გაფიცვა რეგიონებშიც მიმდინარეობს, ბათუმში მომიტინგეებმა კარავი გაშალეს.სოც მუშაკების მხარდასაჭერად მოქალაქეები სპეციალურ ანკეტებს ავსებენ და საკუთარ მოსაზრებას გამოხატავენ სოც მუშაკების პროტესტთან დაკავშირებით.

  • “ვინმე მაინც ჩავიდეს ამ ხალხთან, სერგეენკო გაყინული სახით რომ ლაპარაკობს” -ელენე ხოშტარია

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია სოციალური მუშაკების გაფიცვას გამოეხმაურა და ხელისუფლებას აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა.  ხოშტარიას თქმით, პარლამენტი უნდა ჩაერიოს ამ პროცესში , რათა მოხდეს ამ ადამიანების კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან.

    “ეს ადამიანები არ იმსახურებენ ამ იგნორირებას, ისინი მთელი დღეა ითხოვენ,ვინმე ჩავიდეს დაელაპარაკოს,ჯერჯერობით რეაგირება არ ყოფილა, ეგებ მიმართოთ მთავრობას, რომ კომუნიკაცია მოხდეს, ვიღაცა დაელაპარაკოს.

    კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ხოშტარიას უპასუხა, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნები სამართლიანია, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ამ სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად 2020 წლიდან გადაიდგმება.

  • ხანძარს თბილისში მსხვერპლი მოჰყვა

    თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ხანძარს, მსხვერპლი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. გაჩენილ ხანძარს ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 მ² ფართობი.

    ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

  • “სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა”-ბესელია კობახიძეზე

    “სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობასაც” და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ”- ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.
    ეკა ბესელიას თქმით, კობახიძე ცდილობს შეინარჩუნოს პარლამენტის თავმჯდომარის  პოსტი, საკითხი მწვავედ დგას და ამ მიზნით გაურიგდა, როგორც ყოფილ ხელისუფლებას, ასევე წინა რეჟიმის ჯალათებს.
    “კობახიძემ სწორედ იმიტომ, რომ შეენარჩუნებინა თანამდებობა, რაც ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს, არამარტო “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”გაუწოდა ხელი, არამედ ადეიშვილის და სააკაშვილის ჯალათებსაც ბოლომდე გაუწოდა ხელი. ჯალათებისა და მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასდროს მივიღებ. დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა არ დაეტოვებინა. ახლა დარჩენილია მისი ფორმალური წასვლის საკითხი და სანამ გადაწვავს პარლამენტს, ეგებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ”, – განაცხადა ბესელიამ.
  • ნათია მეზვრიშვილი – “დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება”

    “ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორია პოლიციის რეაგირება”-  ამიოს შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ქვეყანაში დანაშაულის ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

    მეზვრიშვილის თქმით,  აქცენტი ხშირად კეთდება, რომ დანაშაული მოხდა, თუმცა პოლიციის მხრიდან მასზე რეაგირება, ყურადღების მიღმა რჩება, სინამდვილეში კი გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

    „აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი გაიხსნა, დამნაშავეები დაკავებულნი არიან და მათ სასჯელი ელოდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ, დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შს სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

    „ციფრებში ზრდა გვაქვს, ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში მიზეზი არის აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ გავასწორეთ, პრაქტიკაში ამის აღსრულება ხდება”,- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

    მინისტრის მოადგილე  მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება.

    „ჩვენ თუ ამ ისტერიკაზე დავაფუძნებთ სისხლის სამართლის პოლიტიკას, გამოვვარდებით და ვიტყვით, რომ კატასტროფული მდგომარეობაა და მოდი ახლა ნულოვანი ტოლერანტობა იყოს ყველა დანაშაულთან მიმართებით, ვიტრიალებთ იგივე წრეზე და გავა წლები და პრობლემა იგივე იქნება. ამიტომ, არ გვინდა ეს გავაკეთოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ რეფორმებით, საქმიანობის ხარისხობრივი გაუმჯობესებით, ახალი კანონების მიღებით, სანქციების გამკაცრებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.