Blog

  • რატომ სთხოვენ სკოლებში მოსწავლეებს მშობლების პერსონალურ მონაცემებს – სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    “ინფორმაციის შეგროვება ემსახურება მშობლებთან სწრაფ და მარტივ კომუნიკაციას” – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოფიციალური განცხადებით ეხმაურება ორგანიზაცია ჩემი ხმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, წინასაარჩევნო პერიოდში, სკოლებში პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე.

    „გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა მონაცემები – პირადი ინფორმაცია, მის მიერ კლასების დაძლევა, მიმდინარე ნიშნები – ასახულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. გარდა ამისა, სისტემაში ასახულია ინფორმაცია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების შესახებ.

    პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის, განახლება.

    აღნიშნული ემსახურება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას.

    მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

    განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.-” ნათქვამია  განცხადებაში.

  • სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო არ არის – ვაშაძე ტექნიკურ მთავრობაზე

    სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო არ არის – ვაშაძე ტექნიკურ მთავრობაზე

    ჩვენი პოზიცია ძალიან კონკრეტულია, ქარტიიდან გამომდინარე, პრეზიდენტს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი აქვს მთავრობის დასახელებაში, ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე დარჩენილი და სჯობს, ხალხის მაქსიმალურ მობილიზაციაზე ვიფიქროთ. შემდეგ ძალიან მარტივად შევთანხმდებით კოალიციურ მთავრობაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ გაუძღვება.

    არ არის სწრაფი და მოუმზადებელი ნაბიჯების გადადგმის დრო. 4 სუბიექტს შორის უნდა იყოს კონსენსუსი და შეთანხმება. ყველაზე სწორია, რომ 20 ოქტომბერს ყველანი აქციაზე მივიდეთ და ჩვენი დიდი ერთობა ვაჩვენოთ.

    თქვა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, IPN-ის ცნობით.

  • სკოლებში მოსწავლეებისგან მათი მშობლების პერსონალურ მონაცემებს ითხოვენ – “ჩემი ხმა”

    “რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში, მოსწავლეებისგან გროვდება მათი მშობლების პერსონალური მონაცემები. აუცილებლად ამ საკითხზე უნდა გააკეთოს განცხადება განათლების სამინისტრომ, რაში დასჭირდა მოსწავლეებისგან ამ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან განათლების სამინისტროს ისედაც აქვს ბავშვების კანონიერი წარმომადგენლების შესახებ პერსონალური მონაცემები, რაც საჭიროა სასწავლო პროცესის მართვისათვის და მოვითხოვთ, აღნიშნული საკითხი შეისწავლოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა, რამდენად კანონიერია არასრულწლოვნებისაგან მათი მშობლების პერსონალური მონაცემების შეგროვება”.

    აცხადებს, ამის შესახებ,სადამკვირვებლო მისია, ჩემი ხმა. ლონდა თოლორაია,  პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს, რათა დადგინდეს, რამდენად კანონიერია “არასრულწლოვნებისაგან მათი მშობლების პერსონალური მონაცემების შეგროვება”.

  • ზელენსკის თქმით, ჩრდ. კორეა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გეგმავს, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოლებენ

    “ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება”.

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • რუსეთმა ყირიმის ხიდზე მომხდარი “ტერაქტის” გამო საქართველოს მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადა

    რუსეთმა სახელმწიფოთაშორისი  ძებნა გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე.მათ ყირიმის ხიდის აფეთქება ედებათ ბრალად. ინფორმაციას  სახელმწიფო სააგენტო, Tass-ი ავრცელებს.

    რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ინასარიძისა და ანდრეიჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული ტერაქტის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების შეძენისა და კონტრაბანდის მუხლებით აქვს.

    2024 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ალექსანდრე ინასარიძეს აღკვეთის ზომა პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

    უკრაინელებმა ქერჩის ხიდი,  2022 წლის 8 ოქტომბერს ააფეთქეს. ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხიდი დაზიანდა და რამდენიმე თვის განმავლობაში უფუნქციო გახდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი.

  • “ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა”-  ხაზარაძე საჯარო მოხელეებს

    “ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა”- ხაზარაძე საჯარო მოხელეებს

    “ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა” – ამ სიტყვებით მიმართა,  “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს. ხაზარაძე  ვიდეომიმართვას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ”ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს. ეს ფაქტი “ქართული ოცნებისთვისაც” ცნობილია და სწორედ ეს განაპირობებს მათ პანიკურ ქცევასა და შიშს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში. არჩევნები და  ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება.

    ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც არჩევნებით იცვლება ხელისუფლება, დღის წესრიგში დგება რიგი საკითხები. დღეს მე  რამდენიმე მათგანზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო.

    პირველ რიგში, ჩვენ მივმართავთ ყველას, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის შრომობს – ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს – ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა. 26 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი არჩევანი თქვენს სამსახურებრივ პოზიციაზე და  კარიერაზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს.

    ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე თვალს დავხუჭავთ. თუ ვინმემ სახელმწიფო ბიუჯეტი გაძარცვა, უკანონოდ მიისაკუთრა ხალხის ქონება ან საკუთარ ხალხზე იძალადა, ისინი,  სამართლიანი სასამართლოს პირობებში  გასამართლდებიან. კეთილსინდისერი საჯარო მოხელეები უნდა იყვნენ დაცულები და არასდროს  ხდებოდნენ პოლიტიკური დაპირისპირების მძევლები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ შრომას და დავიცვათ მათი პროფესიული ღირსება, როდესაც ხელისუფლებას შევცვლით.

    მეორე გზავნილი გვსურს ყველა პოლიტიკურ პარტიას გავუგზავნოთ. 26 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში საქართველო იქნება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ჩვენ გვმართებს ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა და ჩვენი ხალხის უსაფთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი კოალიცია ამ არჩევნებში ილია ჭავჭავაძის გაკვალულ გზას მიუყვება ურყევი რწმენით, რომ ძნელბედობის ჟამს ქართველები ერთად უნდა დავდგეთ.

    ამიტომ, დღეს ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას,  – თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ძალადობა და ქვეყნის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. მე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყველა ლიდერის სახელით, მოვუწოდებ ჩვენი კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომ, პირველ რიგში, თავად ვაჩვენოთ ღირსეული ქცევის მაგალითი. ჩვენ, ასევე, ვაფრთხილებთ „ქართული ოცნებას“  რომ ხმებით მანიპულირებას, ამომრჩევლის ფიზიკურ დაშინების უფლებას არ მოგცემთ და ყველა ასეთ მცდელობაზე მკაცრად გაგებინებთ პასუხს. ასევე ყველასთვის მისაღები უნდა იყოს  არჩევნების ის შედეგები, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იქნება აღიარებული, როგორც ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური გამოხატულება.

    და, ბოლოს – ჩვენ გვაქვს მარტივი გზავნილი ამომრჩევლებისათვის: გთხოვთ, ნუ დარჩებით სახლში! წადით არჩევნებზე! ამ არჩევნებში თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, თქვენი ხმა გადამწყვეტია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. ხმა მიეცით მამულიშვილური პასუხისმგებლობითა და სულისკვეთებით. საქართველოს მომავალი თქვენ ხელშია!, – ამბობს ხაზარაძე.

  • სასამართლომ 3 ოპოზიციური არხი ოცნების საარჩევნო რეკლამის არ გაშვებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

    სასამართლომ “ოცნების” სარჩელი დააკმაყოფილა და კრიტიკულ მედიას “ოცნების” საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვება მოსთხოვა და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

    მანამდე, “ქართული ოცნების” სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განიხილეს. ბექაურის უწყებამ სამი კრიტიკული მედიასაშუალება სამართალდამრღვევად ცნო.

    ტელეკომპანია პირველმა, TV ფორმულამ და მთავარმა არხმა ერთობლივი განცხადება 5 ოქტომბერს გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ “ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი”.

  • ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს – კობახიძე

    ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს – კობახიძე

    ეს არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი. ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამ გარე ჩარევას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.

    თავისთავად სამწუხარო არის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში – ეს არ არის უბრალოდ სწორი. თუმცა, გეტყვით, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნებათ ვერანაირი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე“,

    ასე ეხმაურება, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას.

  • სალომე ზურაბიშვილს „ორი პარასკევი“ აქვს დარჩენილი თანამდებობაზე – კობახიძე

    „სალომე ზურაბიშვილის „ორი პარასკევი“ აქვს დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს ჩვენთვის პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს.

    მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში 100 მანდატზე მეტს მიიღებს, მყისიერად, უკვე მეორე დღეს პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ამას აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც მხოლოდ ერთი თვით იკვეცება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ სტანდარტულად არე დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა; როგორც მოღალატემ. ეს უნდა გაფორმდეს შესაბამისი გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“,

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • სააკაშვილი რომ თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება – ხვიჩია

    “სააკაშვილი რომ თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება” – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „მგონი, პროკურატურისთვის და ნებისმიერი იურისტისთვის გასაგებია – სააკაშვილი რომ გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, ეს თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება. ამ „ნიუსის” გამოფენის მიზანი არის, რომ ხალხს აჩვენონ, რომ სააკაშვილი ისეთი უცნაური ადამიანი იყო 2016 წელს, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ადამიანი დაიქირავა. თორემ, თუ არ გაქვს იმისი მტკიცებულება, რომ ამ თვალთვალის მერე შემდეგი ნაბიჯი ბომბის დამონტაჟება იყო, რა კავშირშია აფეთქებასთან ის, რომ ვიღაც უცნაური ადამიანი სრულიად უცნაური გარემოებებით უთვალთვალებდა.

    იმის თქმა, რომ 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს არ ენდობოდა პოლიტიკურად, რა კავშირშია კრიმინალთან, რომელსაც ვიძიებთ.

    ვერ გეტყვით გივი თარგამაძე 2016 წელს ვისთან შეიძლება ყოფილიყო კავშირში და ღალატობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს. არც ერთი გამიკვირდება და არც მეორე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხშირად ღალატობენ. ვინაიდან გივი თარგამაძის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს და სათანადოდ არ ვიცნობ, მას ვერაფერს დავაბრალებ. ანუ “ოცნება” ამბობს, რომ მიშამ ააფეთქა გივი? შეიძლება შუღლის დათესვა უნდათ “ნაცმოძრაობის” შიგნით, მაგრამ როცა სახელმწიფო ხარ და ყველაფერი შენს ხელშია, საზოგადოებას სადისკუსიოდ მეტი მტკიცებულება უნდა შესთავაზო”, – აღნიშნა ხვიჩიამ.