Blog

  • ქართულმა ოცნებამ ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარადგინა

    ქართულმა ოცნებამ დღეს ზუგდიდში შუალედური არჩევნებისთვის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია წარადგინა. რიგგარეშე არჩევნები ზუგდიდში 19 მაისს გაიმართება.
    კანდიდატის წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ზუგდიდში ჩავიდნენ პრემიერი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე, ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი თავად ზუგდიდელების რეკომენდაციით შეარჩია, ის ღირსეული ადამიანი და ღირსეული ზუგდიდელია.

    „გეგა არის ძალიან მაღალი პროფესიონალი, რომელსაც აქვს მართლაც უნიკალური გამოცდილება. ვკითხოთ ჩვენს თავს, რა სჭირდება დღეს ზუგდიდს?დღეს ზუგდიდს სჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქალაქში არსებული ეკონომიკური პრობლემების დროული მოგვარება. დარწმუნებული ვარ, გეგა ამას ყველაზე კარგად გააკეთებს.
    გეგა არის სუფთა წარსულის მქონე და სუფთა პროფესიული წარსულის ადამიანი, რაც ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადაცდომას არავის ვაპატიებთ და გეგა ამ თვალსაზრისითაც უალტერნატივო კანდიდატია.
    მესამე და ყველაზე მთავარი – გეგა არის თავის ქალაქზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა სტკივა ზუგდიდს, რა პრობლემებია ქალაქში და როგორ გადაჭრას ისინი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, თითოეული ზუგდიდელი მაისში გააკეთებთ ერთადერთ სწორ არჩევანს და ეს არის ქართული ოცნება და გეგა შენგელია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა-„საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნა

    თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა – „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი 18 ფოტონამუშევარი იმ დიდი ციკლის ნაწილია, რომელზეც ავსტრიელი ფოტოგრაფი სამი წელი მუშაობდა. პროექტი – „საქართველოზე ფიქრით“ საქართველოს ისტორიის თავისებურ ხედვას წარმოადგენს.

    ავტორის თქმით ეს არის მცდელობა ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად დამთვალიერებელი ოთხ ისტორიულ ეპოქაში ამოგზაუროს: 1800-იან წლებში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია; 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობის მოპოვება და დემოკრატიული რესპუბლიკა; საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა და ბოლოს, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა. პროექტზე „საქართველოზე ფიქრით” („intending Georgia“) მუშაობა ჯორჯ კატსტალერმა 2016 წელს დაიწყო.

    ამ პროექტში ახალგაზრდა ფოტოხელოვანი უარს ამბობს ადრეული ნამუშევრების სწორხაზოვნებაზე, ცდილობს ქვეყნის კულტურაზე უფრო გამთლიანებული ხედვა შემოგვთავაზოს – საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ახლებურად სასაუბროდ და წარსული ეპოქის ახლებურად დასანახად დიალოგისკენ მოგვიწოდოს.

    პროექტის კონცეფციას თვალსაჩინოდ ასახავს მთიანი ლანდშაფტის დიდი პროექცია, ერთგვარი მონუმენტური ინსტალაცია, რომელიც ჯორჯ კატსტალერის საქართველოსადმი პირადი დამოკიდებულების ერთგვარ ხატად მოიაზრება. ჯორჯ კატსტალერისათვის მთის პეიზაჟები განსაკუთრებული თემაა. თუმცა, თემატიკით არ იზღუდება და დიდი ინტერესით იკვლევს ადამიანის არსებობის მელანქოლიურ ბუნებას.

    ფოტოების დიდ ნაწილში იგი შეგნებულად გაურბის ადამიანის კვალის ჩვენებას. ხშირად მიმართავს საბჭოთა პერიოდის მიტოვებულ შენობებისა და ომამდელი გერმანიის არქიტექტურის თემებს. ჯორჯ კატსტალერი ზალცბურგში, ავსტრიაში დაიბადა. სწავლობდა ფოტოგრაფიის სასწავლებელსა და კინოაკადემია – სენ პოლტენის ინსტიტუტში. მუშაობს სხვადასხვა დაკვეთებზე არქიტექტურულ ბიუროებთან და Google SV Europe-თან. არტისტის ნამუშევრები ხშირად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებსა და მუზეუმების ექსპოზიციებში ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში. თავის პროექტებზე უმუშავია ავსტრიაში, საფრანგეთში, საქართველოში, იტალიასა და შოტლანდიაში.

    ჯორჯ კატსტალერის გამოფენის კურატორია პოლინა შუბკინა. საინფორმაციო პარტნიორი – URBANAUTICA; მხარდამჭერები ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ფოტოფესტივალი „ქოლგა, თბილისი, ფოტო“.
    გამოფენა თიბისი არტ გალერეაში 7 მაისამდე გაგრძელდება.
  • ტაქსისტების მორიგი საპროტესტო აქცია. მძღოლები ივანიშვილის სახლის პიკეტირებისთვის ემზადებიან

    ტაქსების კოლონა 11 აპრილს რუსთაველის გამზირის გავლით სოლოლაკში  ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა. დღეს ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
    ისინი მერიის მიერ დაწყებულ ტაქსების რეფორმას აპროტესტებენ და მოითხოვენ ტაქსების თეთრად გადაღებვის ვალდებულება გაუქმდეს. გარდა ამისა, წელიწადში სავალდებულო ტექდათვალიერების რაოდენობა ორიდან ერთამდე შემცირდეს.
    ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ ისინი საკუთარი შრომით ოჯახებს ძლივს ინახავენ და ახალი რეგულაციები მათ უმუშევრად ტოვებს, ტაქსების სფეროში კი მონოპოლიები შეიქმნება.
  • ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი დაიხურა

    სტამბოლში ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლო თვითმფრინავმა შეასრულა რეისი. აეროპორტების ცვლილებას 45 საათი დასჭირდა,შეფერხებების  თავიდან ასაცილებლად 26 საათით რამდენიმე მაგისტრალიც გადაიკეტა.

    ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ყოველდღიურად 1300 თვითმფრინავს იღებდა და დაახლოებით 68 მილიონ მგზავრს ემსახურებოდა. თუმცა, ბოლო ხანებში თავისი მასშტაბის მიუხედავად მგზავრთა გაზრდილ ნაკადს ვეღარ აკმაყოფილებდა.

    მგზავრებს დღეიდან ახალ აეროპორტი მიიღებს, რომლის  მშენებლობა გასულ წელს დასრულდა. ახალი აეროპორტი  90 მილიონი ადამიანის მასპინძლობას შეძლებს

    2023 წლისთვის კი  მგზავრთა ნაკადის გაზრდა 200 მილიონამდე იქნება შესაძლებელი. 

    ათათურქის აეროპორტის ადგილას კი დასასვენებელი პარკისა და სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

  • სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატს იმედი აქვს, რომ მისი მოქალაქეობის საქმე 21 აპრილის შემდეგ დაჩქარდება

    უკრაინის უმაღლეს სასამართლოში საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმის განხილვა შესაძლოა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის, ანუ 21 აპრილის შემდეგ ადგილიდან დაიძრას და დაჩქარდეს. ასე თვლის სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი.
    მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ 21 მარტს უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ–საკასაციო პალატას მიმართა მოთხოვნით მიაწოდონ ინფორმაცია გრაფოლოგიური ექსპერტიზის შედეგების შესახებ მ. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორმევის საქმეში და ასევე მიაწოდონ ინფორმაცია, რა სტადიაზეა ეს საქმე.
    27 მარტს უმაღლესმა სასამართლომ ადვოკატს უპასუხა, რომ საქმის მასალების კიევის სასამართლო სამდიცინო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისთვის გადაცემის შემდეგ ექსპერტებს სასამართლოში დასკვნა ჯერ არ გაუგზავნიათ.

    “ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოები და სასამართლო უკვე 9 თვეზე მეტია აჭიანურებენ ექსპერტიზის შედეგებს სააკაშვილის ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად, რომელიც ჩინოვნიკებმა გააყალბეს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე. მოკლედ, ყველა პროცესი “დაპაუზებულია“, თუმცა გვაქვს იმედი, რომ 21 აპრილს ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ სასამართლო საქმე განახლდება და სააკაშვილის სასარგებლოდ გადაწყდება“– ამბობს ჩერნოლუცკი.
    12 მარტს მიხეილ სააკაშვილმა ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში 1 აპრილს დაბრუნდებოდა და თვითმფრინავის ბილეთიც შეიძინა. თუმცა მან გადაწყვეტილება შეცვალა და მეორე ტურის შედეგებს ელოდება, რომელშიც მისი აზრით პოროშენკო დამარცხდება და უკრაინაში სააკაშვილის არშეშვების ბრძანება ძალას დაკარგავს. 2018 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს და 2021 წლის თებერვლამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
  • სკოლის გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს

    სკოლის გამოსაშვები გამოცდების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს- ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ავრცელებს.

    “გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის

    “აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების რეაქცია და პირადად მეც მთლიანად ვიზიარებ ამ შეცდომის უაღრესად კრიტიკულ შეფასებას. აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა 5 ეტაპი – 3 საკომიტეტო და 2 პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა. პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ 1 დასკვნითი კენჭისყრა, რომელიც დასრულდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე – 16 აპრილს”,- წერს ჯაში საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    5 აპრილის კენჭისყრაზე ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ცვლილებები სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა. კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ წასულა. ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო 63 ხმა.
    კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, ღილაკების არევა ან პარლამენტში არსებული აკუსტიკური პრობლემები გახდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რა კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს. მან სთხოვა ირაკლი კობახიძეს, საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა დაეყენებინათ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი ეს პროცედურულად შეუძლებელი იყო.

  • რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი გალის იზოლატორში იმყოფება

    სოფელ შამგონადან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია გალის წინასწარი დაკავების ზოლატორში იმყოფება.

    38 წლის მამაკაცი ოპკუანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით  დააკავეს.

    გატაცებულის მამის თქმით, ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, მაგრამ გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან და შესაბამისად არც ე.წ. საზღვარი გადაუკვეთავთ.

    როსტობაიების ოჯახში ვითარების გასარკვევად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

  • არის თუ არა უსაფრთხო თბილისის მეტროთი მგზავრობა

    ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როცა მეტროს მგზავრებს მატარებლების დატოვება უწევთ . მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასეთი სამი ფაქტი მოხდა. მგზავრებს მატარებელი დაატოვებინეს, ვაგონები ჩიხში გადაიყვანეს, მეტროს მუშაობა კი დროებით შეჩერდა.
    ორი დღის წინ შეფერხება შეიქმნა მეტროსადგურ “სამას არაგველში“, მანამდე“სადგურის მოედანზე“, რამაც პირველი ხაზისდროებით გაჩერება გამოიწვია.
    ტექნიკური პრობლემები მეტროპოლიტენს ხშირად აქვს. ექსპერტების აზრით მოძველებულია არა მხოლოდ ვაგონები, არამედ პრობლემები აქვს ლიანდაგებსა და ესკალატორებსაც, რომელთა უმრავლესობას ექსპლუატაციის ვადა ამოწურული აქვს. თბილისის მეტრო ამორტიზებისკენ მიდის და თუ სამუშაოები დროულად არ გატარდა, შესაძლოა კატასტროფა მოხდეს.
    თბილისის მერი აღიარებს, რომ თბილისის მეტროპოლიტენის ვაგონები მოძველებულია,
    კალაძე ამბობს, რომ მატარებლები საბჭოთა კავშირის დროინდელი ვაგონებით არის დაკომპლექტებული რაც პრობლემებს ქმნის და მათი რეაბილიტაცია–განახლება იგეგმება.რამოდენიმე თვეში რეაბილიტაციაზე ტენდერს გამოაცხადებენ და მოხდება 15 ვაგონის სრული განახლება.
    თუმცა სატრანსპორტო ექსპერტების აზრით ეს საკმარისი არ იქნება და მეტროპოლიტენი ბევრად უფრო მაშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროეს იმისათვის, რომ ის მგზავრებისთვის უსაფრთხო იყოს. ვაგონების, ლიანდაგების და ესკალატორების გარდა მოსაწესრიგებელია თავად სადგურები. მაგალითად, ვარკეთილის სადგური, სადაც ერთი წლის წინ ჭერი ჭამოინგრა, კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია.
  • “ძალიან მოსაწყენია”-ტრამპი ჟურნალისტების ვახშამს არც წელს დაესწრება

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამს არც წელს დაესწრება.ტრადიციული ვახშამი 27 აპრილს გაიმართება. 

    ტრამპმა ჟურნალისტებთან ერთად ვახშამს მოსაწყენი და ნეგატიური მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ მას რამე პოზიტიურის გაკეთება ურჩევნია. მისითქმით, ის ამ დღეს კალიფორნიაში მიტინგს დაესწრება.

    პრეზიდენტობის განმავლობაში ტრამპი  კორესპოდენტთა ასოციაციის არც ერთ ვახშამს არ დასწრებია.

    თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია 1920 წლიდან, ყოველ წელს, აპრილის ბოლო შაბათს,  მიღებას აწყობს.ტრადიციის მიხედვით, მიღებას  მოქმედი პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

  • “აშშ და ევროპა თურქეთის შიდა საქმეში ერევიან”-ერდოღანი

    “აშშ და ევროპა თურქეთის შიდა საქმეებში ერევიან”-ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს.

    „ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა ჩვენ  შიდა საქმეებში ერევიან. თურქეთმა დემოკრატიის მაგალითი მისცა მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამართულ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით.

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა თურქეთს, მიიღოს არჩევნების შედეგები. ევროკავშირმა კი მოუწოდა ანკარას, არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატებმა უფლებამოსილების განხორციელება შეძლონ.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

    შეგახსენებთ, რომ ერდოღანისთვის 31 მარტს გამართული არჩევნები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში ოპოზიციამ გაიმარჯვა.

    დამკვირვებლების შეფასებით, ეკონომიკური პრობლემების გამო ერდოღანის პარტიის რეიტინგი დიდ ქალაქებში საგრძნობლად დაეცა.