Blog

  • ვლადიმერ ზელენსკიმ და პეტრო პოროშენკომ სისხლის ანალიზი ჩააბარეს

    საპრეზიდენტო მარათონის მეორე ტურში  მონაწილე პოლიტიკურმა ფიგურებმა ნარკოტესტი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გაიკეთეს.

    შედეგებმა აჩვენა, რომ ვლადიმერ ზელენსკის სისხლში ნარკოტიტისა და ალკოჰოლის შემცველობა არ გამოვლინდა. ზელენსკიმ  ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

    უცნობია პეტრო პოროშენკოს ანალიზის პასუხები. უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის მსგავსად ანალიზის პასუხები არ გამოუქვეყნებია.

    ანალიზის ჩაბარების იდეა ვლადიმერ ზელენსკის ეკუთვნის. 

    პეტრო პოროშენკომ ზელენსკის მეორე გამოწვევაც მიიღო და სტადიონზე  პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას დათანხმდა. 

    საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. პირველ ტურში ვლადიმერ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,24%, ხოლო პეტრო პოროშენკომ 15,94%-ის მოიპოვა.

  • ნატო: ვაძლიერებთ საქართველოსადმი მხარდაჭერას

    ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონში შეიქმნა. ნატო 70 წლისაა. შეერთებულ შტატებში ნატოს იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
    ვაშინგტონში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდა.
    მინისტერიალის ფარგლებში, ნატომ „შავი ზღვის“ პაკეტი მიიღო, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის მხარდაჭრის გაზრდას ითვალისწინებს. განსაკუთრებით ფლოტის, საზღვაო დაცვის გაწვრთნის, პორტში ვიზიტების, საერთო წვრთნების და ინფორმაციის გაზიარების კუთხით. გენერალურმა მდივანმა იენს სტონლტენბერგმა განაცხადა, რომ „ეს განავრცობს ჩვენს უკვე ახლო თანამშრომლობას“. „ამ წუთებში, ნატოს ერთ-ერთი საზღვაო გუნდი შავ ზღვაში პატრულირებს და დღეს ქართულ და უკრაინულ გემებთან ერთად გადის წვრთნებს“, – თქვა სტოლტენბერგმა.
    გენერალური მდივანი მანამდე ამერიკის კონგრესის წინაშე წარსდგა, სადაც მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება თავად აირჩიოს საკუთარი საგარეო კურსი.
    მინისტერიალის პარალელურად, ვაშინგტონში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, “გერმანიის მარშალის ფონდის” და „ატლანტიკური საბჭოს“ თანაორგანიზებით, 70 წლისთავთან დაკავშირებით კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
    ალიანსი თავდაპირველად 12 ქვეყანას აერთიანებდა. მოგვიანებით მან ახალი წევრები მიიღო, მათ შორის ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებიც. დღეს, ალიანსს 29 წევრი ყავს. შემდეგი, ჩრდილოეთ მაკედონია იქნება, რომელიც ალიანსმა ცოტა ხნის წინ მიიწვია. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეს ადასტურებს ნატოს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ და სწორედ ამიტომ, ასპირანტმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა იმედი უნდა შეინარჩუნონ.
    „იმედი მაქვს [ნატოს] შემდეგ სამიტზე საქართველოს მიიწვევენ. საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი. მათ ყველაფერი გააკეთეს, არა მარტო მოკავშირეებთან ერთად ბრძოლით ავღანეთში, არამედ თავდაცვის კუთხით. ამის დრო დადგა. არავის არ აქვს უფლება დაბლოკოს საქართველოს სურვილი გაერთიანდეს ალიანსში. ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკა საერთო თავდაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამბობს გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპაში ამერიკის ძალების ყოფილი მთავარსარდალი.
    დისკუსია საერთო თავდაცვას, ახალ გამოწვევებს და ორგანიზაციის ცვალებად როლს შეეხო. მონაწილეებმა ისაუბრეს რუსეთის მზარდ საფრთხეზეც.
    საქართველოზე საუბრისას ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მართალია ამ დროისთვის არ არსებობს კონსენსუსი თბილისისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რათა შესაძლებლობა და პოლიტიკური მომენტი ხელიდან არ გაუშვან.
    „უკრაინამ და საქართველომ არ უნდა დაკარგონ იმედი და უნდა გააგრძელონ მუშაობა და გამოიყენონ ყოველი დღე, რათა მოემზადონ საბოლოო წევრობისთვის. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს არის პოლიტიკური გადაწვეტილება. ვერავინ იტყვის, რომ ამას ან იმას თუ გააკეთებთ, ეს იქნება საკმარისი. არა, პოლიტიკურ კონტექსტს ყოველთვის ექნება მნიშვნელობა. ჩვენი გამოცდილებიდან მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბევრჯერ გაგვიცრუვდა იმედი, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არასდროს გავხდებოდით წევრები. თქვენ განსხვავებული სიტუაცია გაქვთ, თქვენ გეუბნებიან, რომ გახდებით წევრები… თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველა ბერკეტი და აჩვენოთ მოტივაცია, და ამას აკეთებთ. უფრო მეტი ადამიანი მათ შორის მსგავს ღონისძიებებზე ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს წევრი. ამის დრო დადგება“, – თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა.
    70 წლის მანძილზე, ნატომ აჩვენა რომ ის არის საკუთარი მოკავშირეების უსაფრთხოების და თავდაცვის გარანტი. თუმცა წარსულის ანალიზთან ერთად, ალიანსი წინ, ახალ გამოწვევებთან გამკლავებას ცდილობს.
    წყარო: ამერიკის ხმა
  • ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არასწორი კვებაა. ახალი კვლევა

    ყოველი მეხუთე ადამიანი მსოფლიოში ნაადრევად იღუპება არასწორი კვებისგან.არასწორად დაბალანსებული კვების რაციონი ყოველწლიურად დედამიწაზე 11 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს – ამტკიცებენ კვლევის ავტორები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Lancet–ში გამოქვეყნდა.
    მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასწორი კვება სიცოცხლისთვის უფრო დიდი რისკია, ვიდრე მოწევა და დღეისათვის მსოფლიოში გარდაცვლილი ასი ადამიანიდან ყოველი მეხუთე ამ მიზეზით კვდება.ყველაზე მეტად სიცოცხლის ხანგრძლივობას მარილი ამცირებს – ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ პროდუქტში – პურში, სოიოს სოუსში ან მზა კერძებში.
    ამასთან, მკვლევარების აზრით მათი ნაშრომი არა გასუქების პრობლემას , არამედ ცუდ დიეტას მიეძღვნა, რომელიც გულსაც ვნებს და შესაძლოა სიმსივნის გაჩენის მიზეზიც გახდეს.ყველაზე ავტორიტეტულ წყაროდ მთელ მსოფლიოში ადამიანების სიკვდილის მიზეზის შესაფასებლად კვლევითი პროგრამა “დაავადების გლობალური ტვირთი“ ითვლება.ახალმა კვლევამ სხვადასხვა ქვეყნებში კვების თავისებურებები გაითვალისწინა, რათა გაერკვია, როგორ მოქმედებს ისინი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
    საშიშად ითვლება რაციონი, რომელშიც:
    1. მეტისმეტად დიდი რაოდენობით არის მარილი – 3 მილიონი გარდაცვალება
    2. ბურღულეულის პროდუქტების უკმარისობა – 3 მილიონი გარდაცვალება.
    3. ხილის უკმარისობა – 2 მილიონი გარდაცვალება.
    სხვა სერიოზულ ფაქტორებს შორის, რომლებიც ნაადრევ სიკვდილიანობას იწვევენ, ასევე არის რაციონში თხილის, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ასევე ომეგა3–ის ცხიმოვანი მჟავების და უჯრედისის სრული არარსებობა.
    კვლევის ავტორების თქმით კვება ჯანმრთელობის საკითხში ერთ–ერთი გადამწყვეტი ფაქტორია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
    როგორ შეუძლია დიეტას ადამიანის მოკვლა?

    ყოველწლიურად 11 მილიონი ადამიანის სიკვდილიდან, რომელიც დაუბალანსებელ კვებას უკავშირდება, 10 მილიონი გულ სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მარილის მეტისმეტად დიდი რაოდენობით მოხმარების საფრთხეს.
    მარილის სიჭარბე არტერიული წნევის მატებას იწვევს, ეს კი თავის მხრივ გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.
    მარილს პირდაპირი გავლენის მოხდენაც შეუძლია გულზე და სისხლძარღვებზე, რაც გულის უკმარისობას იწვევს.უხეშ ბურღულეულს, ხილს და ბოსტნეულს კი საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. ისინი გულის მუშაობას ეხმარებიან და გულ სისხლძარღვთა დაავადების გაჩენის რისკს ამცირებენ.
    არასწორი კვების შედეგად გამოწვეულ დაავადებებს მიეკუთვნება სიმსივნე და მეორე ხარისხის შაქრის დიაბეტი.
    კვლევის თანახმად მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობის რაციონში ყველაზე მეტად თხილის და ბურღულეულის ნაკლებობაა. მეცნიერთა აზრით ამის მიზეზი ის არის, რომ საყოველთაო წარმოდგენით ეს პროდუქტები წონის მატებას იწვევს. არადა, სინამდვილეში სასარგებლო ცხიმებს შეიცავს. გარდა ამისა, ბევრი ამ საკვებს არ განიხილავს, როგორც ყოველდღიური რაციონის აუცილებელ ელემენტს, რაც არასწორია.
    კამათი იმის შესახებ, ზედმეტი შაქრის მოხმარება უფრო ცუდია თუ ზედმეტი ცხიმის, მუდმივად გრძელდება. ისევე როგორც დავა – თუ რა კავშირია წითელ და გადამუშავებულ ხორცსა და კიბოს შორის.
    “ეს მართლაც საშიში ფაქტორებია და ამას კვლევაშიც ვაჩვენებთ, მაგრამ მარცვლეულის, ბურღულეულის, ხილის, ბოსტნეულის, თხილის მიუღებლობასთან შედარებით ნაკლებად აქტუალური“ – ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ნიტა ფორუხი.
    კვლევაში ასევე საუბარი იმაზე, რომ მთელ მსოფლიოში გაზიანი სასმელების ჭარბი მოხმარება დაფიქსირდა. მეცნიერები თვლიან, რომ დადგა დრო ცხოვრების ჯანმრთელი წესის პროპაგანდისტული კამპანიების მიმართულება შეიცვალოს და არა ცხიმების და შაქის რაოდენობაზე, არამედ ჯანსაღი საკვების სარგებლიანობაზე გაკეთდეს აქცენტი.

    კვლევის ავტორების თქმით რაციონის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად ადამიანის წონისა. პირველ რიგში უნდა გაიზარდოს ბურღულეულის, ხილის, ბოსტნეულის, თხილის, მარცვლეულის მოხმარება. უნდა შემცირდეს მარილის რაოდენობა .
    მაგალითად, ბრიტანეთში მიმდინარეობს კამპანია, რომელიც რაციონში ხილის და ბოსტნეულის წილის გაზრდისკენ არის მიმართული. მისი სახელწოდებაა “დღეში ხუთი“ და მოსახლეობას მოუწოდებს დღეში მინიმუმ 5 პორცია ხილი და ბოსტნეული მიიღონ.
    რა თქმა უნდა, ადამიანები ცხოვრების ჯანსაღ წესს აირჩევენ, თუ საკმარისი ინფორმაცია და საკმარისი შემოსავალი ექნებათ. თუმცა ექსპერტების გათვლებით ღარიბ ქვეყნებში ასეთი ჯანსაღი კვება ოჯახური ბიუჯეტის მინიმუმ 52%–ს დაიკავებს.
    სამწუხაროდ, ჯანსაღი კვება ხშირად დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მავნე და უსარგებლო პროდუქტებს მაღაზიები ხშირად მიმზიდველი აქციებით და ფასდაკლებებით ყიდიან. სასარგებლო პროდუქტი კი ძვირია. მკვლევარების აზრით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები მოსახლეობისთვის რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს.
  • თავდაცვის სამინისტრო ეკატერინე ქვლივიძის მიმართ სასამართლოდან სარჩელს გამოითხოვს

    თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძის მიმართ სასამართლოდან სარჩელს გამოითხოვს – მოლაპარაკება თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო მფრინავს შორის შეთანხმებით დასრულდა. ეკატერინე ქვლივიძე მუსაობას თავდაცვის სამინისტროში კვლავ გააგრძელებს.

    თავად ყოფილი სამხედრო მფრინავი შეხვედრის შედეგით კმაყოფილია. 

    “ორივე მხარის პოზიცია იქნა გათვალისწინებული. თავდაცვის სამინისტრო სარჩელს გამოიხმობს. პარალელურად, ჩემი კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით მექნება საშუალება, რომ სამოქალაქო განხრით ვიფრინო, ჩემი კვალიფიკაცია შევინარჩუნო. ასევე, მზაობა გამოვხატე, რომ გორში, სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეულმა სპეციალისტმა ლექციები ჩავატარო და მომავალ თაობას ვასწავლო. როგორც კი პრაქტიკული ფრენების განხორციელების საშუალება მექნება, როგორც მფრინავს, თავდაცვის სამინისტროში დავბრუნდები და აღვდგები, როგორც სპეციალისტი სამხედრო კადრი. ცუდია, რომ აქამდე ვერ შედგა ჩვენი მოლაპარაკება, ამა თუ იმ ფაქტორების გათვალისწინებით. დღევანდელი მოლაპარაკება გონივრული და შედეგზე ორიენტირებული იყო”, განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ეკატერინე ქვლივიძემ.

    კონტრაქტის ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მფრინავისგან ჯარიმის სახით   28 000 ლარის   გადახდას ითხოვდა.

  • “ვალების ჩამოწერა იყო ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი”-სალომე სამადაშვილი

    პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კობა გვენეტაძის მოსმენა ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებებისა და შეკითხვების ფონზე მიმდინარეობს.

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის შეკითხვა  ვალების ჩამოწერის პროექტსაც შეეხო.

    “ვალები რომლის შესყიდვაც მოხდა არჩევნების წინ ქართუს მიერ იყო უიმედო ჩამოწერილი ვალები, ეს იყო ძალიან დიდი ყალთაბანდობა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მხრიდან არჩევნების წინ, როდესაც უსინდისოდ მოატყუეს ქართველი ხალხი რომ თითქოს რაღაცა ვალებს უნოლებენ,სინამდვილეში ამ ვალების ამომღები არავინ არ იყო. გვეთანხმებით ამაში? ეს იყო მორიგი ტრიუკი რომელიც გაათამაშა ბიძინა ივანიშვილმა.”-განაცხადა სამადაშვილმა.

  • ზურაბ ჯაფარიძე ხმის მისაცემად მთაწმინდაზე სარდაფში გადაეწერა

    გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ჰერმან საბოსთვის ხმის მისაცემად მთაწმინდაზე მდებარე სარდაფში ჩაეწერა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერს ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

    მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

    22 მარტს, გირჩის კანდიდატმა, ჰერმან საბომ პარტიის მთაწმინდელ ამომრჩევლებს მოუწოდება, მათი სხვა მხარდამჭერები სახლში ჩაწერონ, რათა არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ.

  • ყოფილი სამხედრო მფრინავი ქალი თავდაცვის მინისტრს ხვდება

    ყოფილი სამხედრო მფრინავი ქალი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის მინისტრს ხვდება.

    ეკატერინე ქვლივიძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, ლევან იზორიასთან შეხვედრაზე მას შემდეგ მიიწვიეს, რაც ის გუშინ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, მინისტრის გამოსვლას პარლამენტში ვერ დაესწრო.

    “მისი მხრიდან იყო შემოთავაზება. მე მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, იმ პერიოდშიც, როდესაც სამსახურიდან იძულებული ვიყავი, რომ წამოვსულიყავი, ვცდილობდი მასთან შეხვედრას, მაგრამ უგულებელყოფილი იყო. გუშინ თავად გამოიჩინა ინიციატივა, ეს მისი მხრიდან ძალიან დასაფასებელი. შევხვდები, გავისაუბრებთ. იმედი მაქვს, რომ მექნება საშუალება, ყველა არსებული პრობლემა განვიხილოთ. შემდგომ უკვე სიტუაციას შევხედავთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ,“ – განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.

    შეხვედრას ქვლივიძის 2 ადვოკატი ესწრება. იურისტის, დიმიტრი ნოზაძის განმარტებით, საფუძველს მოკლებულია ის სარჩელი, რომელიც იზორიას უწყებამ საქალაქო სასამართლოში წარადგინა.

    თავდაცვის სამინისტრო ქვლივიძეს კონტრაქტის პირობების დარღვევას ედავება და სამხედრო მფრინავისგან  28 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

  • “ბითაძე აუცილებლად დრაფტის პირველი რაუნდის პიკი უნდა იყოს” – პანათინაიკოსის მწვრთნელი

    ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი პანათინაიკოსთან 87-67 დამარცხდა. გოგა თავის გუნდში საუკეთესო იყო, მან შეხვედრა 16 ქულით, 8 მოხსნით, 2 ასისტითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. აღნიშნული ფაქტზე კომენტარი პანათინაიკოსის გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა რიკ პიტინოსმაც გააკეთა:

    ”დღეს ჩვენ ვითამაშეთ ახალგაზრდა 20 წლის ცენტრის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დრაფტის პირველი რაუნდის პიკი უნდა იყოს. გოგა ბითაძე – 6/11 ფუტის სიმაღლის ცენტრი, რომელიც სამქულიანს ისვრის და მოძრავია. ვაფასებ მის პოტენციალს.”

    შეგახსენებთ, ექსპერტები გოგა ბითაძეს დრაფტის პირველ რაუნდში 10-30 პიკად არჩევას უწინასწარმეტყველებენ.

  • სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მივიდა

    “გაერთიანებული ოპოზიციის”  ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის  საკრებულოში მივიდა.

    სანდრა რულოვსის თქმით, სხდომაზე მას შეკითხვები ბიუჯეტის შესახებ ჰქონდა.

    მერის რიგგარეშე არჩევნების გამო, რომელიც 19 მაისს გაიმართება, სანდრა რულოვსი საცხოვრებლად ზუგდიდში დარეგისტრირდა.

    გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა საკრებულოს სხდომა დასრულებამდე რამდენიმე ხნით ადრე დატოვა. „მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკრებულოს წევრებს უნდოდათ ჩემთვის ეჩვენებინათ, რომ ზუგდიდში ყველაფერი კარგად არის და მე აქ ვარ ზედმეტი“ -განაცხადა  რულოვსმა. 

    სანდრა რულოვსმა დევნილების ბინებით უზრუნველყოფის დაპირება გასცა. 

    “ჩვენი მთავრობის პირობებში უკვე ყველა დევნილი იქნებოდა ბინით უზრუნველყოფილი. ყველა სოფელში წყალი, გაზიფიკაცია იქნებოდა. მაგრამ დღეს ჭიანურდება, რადგან არის სხვა, კორუფციული ინტერესები. საარჩევნო კამპანიის დროს მე ყველა წერტილს გაჩვენებთ, სადაც გაქრა ფული, სადაც წლების მანძილზე შეიძლებოდა საქმის გაკეთება“ – განაცხადა რულოვსმა.

  • სოფელი გითჰორნი ანუ “ჰოლანდიური ვენეცია”

    ამ სოფელს გითჰორნი ჰქვია, თუმცა მას „ჰოლანდიურ ვენეციას“ უწოდებენ. ის პლანეტის ერთ-ერთი უმშვენიერესი ადგილია.გითჰორნის საერთო სიგრძე, დაახლოებით, 7 კილომეტრია, თუმცა ეს მანძილი საკმარისია იმისთვის, რომ სიჩუმე, სიმშვიდე, სიმყუდროვე და ბუნების სილამაზე შეიგრძნოთ.გზების, მანქანებისა და ავტობუსების ნაცვლად აქ მხოლოდ არხები და ნავებია. აქ შეიგრძნობთ, როგორ მშვიდად სუნთქავს თითოეული ხე თუ მიწიდან ამოსული ერთი ციცქნა ყვავილიც.ერთადერთი სიახლე, რომელიც აქ ბოლო წლებში გაჩნდა – ეს ველოსიპედის გზაა.

    პატარა ჰოლანდიური სოფელი გითჰორნი, რომელიც დე ვიდენის ბუნებრივი წყალსაცავის ცენტრში მდებარეობს, ადგილობრივებში ნიდერლანდური ვენეციის სახელითაა ცნობილი. სოფლის ისტორია იწყება 1230 წელს, როცა დევნილთა ჯგუფმა სამხრეთიდან ეს ადგილი აღმოაჩინა. მათ თხის რქების უდიდესი რაიდენობა იპოვეს, რაც წყალდიდობის შემდეგ დარჩა და სწორედ აქედან მოდის სოფლის სახელი- Goat horns ანუ “თხის რქები”.

    გითჰორნში რამდენიმე გზაა, რომელთა უმეტესობას სახელიც არ აქვს. იქ მცხოვრებნი კი არხებში ელექტრონავებით დაცურავენ და ისე გადაადგილდებიან. სულ არხების სიგრძე 7.5 კმ-ს აღწევს. გითჰორნში იშვიათად შეხვდებით მანქანას, რის გამოც სოფელში სუფთა ჰაერი და სიმყუდროვე არასდროს ირღვევა. გზების არარსებობის გამო სკოლაში წასვლა ან საყიდლებიდან შინ მისვლა ცოტათი გართულებულია, ხოლო, როდესაც არხები იყინება, ადგილობრივებს გაყინულ წყალზე ციგურებით სრიალი უწევთ.გითჰორნი ნიდერლანდების ღირსშესანიშნაობაა.

    დროთა განმავლობაში, მაცხოვრებლებმა სოფლის სახელიოდნავ შეცვალეს, და აღმოაჩინეს, რომ აქ ბევრი ტორფია.მათ გათხრები დაიწყეს, ასე გაჩნდა ბევრი ორმო, ისინი ჯერ ტბებად,შემდეგ კი არხებად გადაიქცნენ.სახლები სოფელში პატარა კუნძულებზეა განლაგებული და ხის ხიდებით უკავშირდებიან ერთმანეთს. აქ 50 ხიდზე მეტია.

    სოფელში ამჟამად 2600-მდე ადამიანი ცხოვრობს და ისინი მიიჩნევენ, რომ მათი სოფლის უნიკალურობა არა არხებით, არამედ იმ იდილიითაა გამოწვეული, რომელსაც დღემდე ხელუხლებლად ინარჩუნებენ. აქ ყველაფერი ჰარმონით, სიმშვიდით და მყუდროებითაა გაჟღენთილი. ცხოვრების ტემპი ისეთივე ნელია, როგორიც მე-18-ე საუკუნეში იყო. სახლების უმეტესობას ჩალის სახურავები აქვს – ჭობიან რაიონებში დიდი რაოდენობითაა სახურავის მასალა. ადრე მხოლოდ მდიდარ ადამიანებს ქონდათ თუნუქის სახურავები, ახლა კი პირიქით, ჩალის სახურავები ბევრად უფრო ძვირია.