Blog

  • 30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან : საბჭოთა ტანკები რუსთაველზე

    ზუსტად 30 წლის წინ ამ დღეს, საბჭოთა საქართველოს  დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე,  საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი. დაღუპულთა შორის უმეტესად ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

    9 აპრილის ტრაგედიას წინ უძღვის კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის.  1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა.  საპასუხოდ კი ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნები მოაწყვეს.

    1989 წლის 5 აპრილს,საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია, როდესაც ათობით ათასი ქართველი  მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა.  მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება  ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს და სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად დაკარგა. 

    ”გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!” – ასე მიმართა მერაბ კოსტავამ იქ მდგომ შეკრებილ საზოგადოებას.

    დარბევა

    6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი.

    7 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა სადაც გაიცა ბრძანება რომ თბილისსში ჯარი უნდა შეეყვანათ.

    კოჩეტოვმა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის დარბევის ზოგადი გეგმა.

    7 აპრილს, 21 საათზე პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად. დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

    8 აპრილს გაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა განაცხადეს, რომ ოპერაცია  სისხლის ღვრის გარეშე ჩაივლიდა. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.

    • დილის 04:00-საათზე საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების ჯარის ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა შემოარტყა. ასეულობით  ჯარისკაცი მთავრობის სასახლის წინ იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს დაერია. რუსულმა არმიამ  რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი მოსახლეობა  ტანკებით,მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და სასანგრე ბარებით დაარბია.

    • 9 აპრილს, დილის 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ამის შესახებ მოსახლეობამ ტელევიზიით მხოლოდ 22:15 საათზე გაიგო.

    • 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი, რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათის დროს მოკლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

    1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლის თავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობთ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

    დაღუპულთა სია 

    აზა ადამია, 22 წლის

    ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის


    ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის


    ნატო გიორგაძე, 23 წლის


    თამუნა დოლიძე, 28 წლის


    თინა ენუქიძე, 70 წლის


    ნინო თოიძე, 25 წლის


    ზაირა კიკვიძე, 61 წლის


    მანანა ლოლაძე, 33 წლის


    თამარ მამულიშვილი, 50 წლის


    ვენერა მეტრეველი


    მამუკა ნოზაძე, 22 წლის


    ნანა სამარგულიანი, 41 წლის


    შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის


    მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის


    ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის


    თამარ ჭოველიძე, 16 წლის


    ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის


    მზია ჯინჭარაძე, 43 წლის


    მანანა მელქაძე, 23 წლის


    გია ქარსელაძე, 25 წლის

  • “გირჩი” აუდიტის სამსახურისგან საპატრიარქოს შემოწმებას ითხოვს

    “გირჩი” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთავაზობს, საპატრიარქოს შეამოწმოს.პოლიტიკურ ორგანიზაცია “გირჩში” ამბობენ, რომ თუ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტი ჩაუტარდება და უწყება ამ საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებს, “გირჩი” აუდიტს შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს.

    “გირჩის” ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიისგან ითხოვს:

    საარჩევნოდ უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი;

    3 კვირაში ერთხელ აუდიტის სამსახურს უნდა გაუგზავნონ ფინანსური ანგარიშები;

    საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიში უნდა წარადგინონ აუდიტორულ დასკვნასთან ერთად;

    “ჩვენი შემოთავაზება გულისხმობს შემდეგს – თუ ჩაატარებთ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს აუდიტს და საჯაროდ დაგვარწმუნებთ, რომ ეს საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეთ, ჩვენ შევასრულებთ სპექტაკლში ერთერთ როლს და გადმოგიგზავნით “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2016 წლის 5 მაისის #2915/21 ბრძანებით დადგენილ ფორმებს,” – აღნიშნული  გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    12 მარტს ცნობილი გახდა, რომ “გირჩი” აუდიტის სამსახურისთვის დეკლარაციის გადაგზავნას არ აპირებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “გირჩის” განცხადებაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის თანახმად კი, აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 2 000 ლარით.

  • პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა

    პარლამენტმა ხელახალი  კენჭისყრის შედეგად, სკოლის  გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

    “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით დამტკიცდა. რვა დეპუტატმა ხმა კანონპროექტის  წინააღმდეგ მისცა.

    ინიციატივა 5 აპრილის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. მიზეზად დეპუტატებმა დარბაზში ხმაური და ღილაკების არევა დაასახელეს.

    პროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ უგამოცდოდ   გაცემას გულისხმობს.

  • “დავით ბაგრატიონმა ანას დაურეკა, სთხოვდა, შვილისთვის კარგად ეპატრონა”-ანა ბაგრატიონის ადვოკატი

    “გაქცევამდე, დავით ბაგრატიონმა ანას დაურეკა, სთხოვდა, შვილისთვის კარგად ეპატრონა”- ეს ინფორმაცია ანა ბაგრატიონის ადვოკატმა  ლევან გორელაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    “როცა გამოძიება დაიწყო, დავით ბაგრატიონს მაშინ გაუჩნდა მზრუნველი შვილის იმიჯის მორგების სურვილი და წავიდა დედის სანახავად. ეს არის გამოგონილი საბაბი, რომ საზოგადოებას აუხსნან ეს გაქცევა. გარდა ამისა, მისი ადვოკატისგან, ბატონი ლევან ჩხეიძისგან გახდა ცნობილი, რომ ეს ქალბატონი შუაღამეს გახდა ცუდად და შუაღამესვე წავიდა დავითი ესპენეთში მაშინ, როდესაც შუადღეს დავითი დაუკავშირდა ანას მობილურ ტელეფონზე.

    ეს ჩემთვის ცნობილი გახდა არა უშუალოდ ანას მოყოლის შედეგად, არამედ პირადად ვიყავი შემსწრე, რომ დავითმა ანას დაურეკა მობილურით. ეს იყო უცნაური, რადგან ისინი ზარებით არ კონტაქტობენ უკვე საკმაო პერიოდია. პირადად მოვისმინე ეს საუბარი. საუბარი იყო ძალიან უცნაური. იგი იყო ძალიან აღელვებული, ცრემლებამდე აღელვებული ისტერიულად მოითხოვდა ანასგან, რომ მათი შვილისთვის, გიორგისთვის კარგად მოევლო, კარგად ეპატრონა, რაც უცნაური იყო მისი მხრიდან.

    ფხიზელ მდგომარეობაში მყოფს ნამდვილად არ ჰგავდა. არ პასუხობდა ანას შეკითხვებს. არაფერი უხსნებია საკუთარი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საუბრის ბოლოს გამოემშვიდობა ანას, ეს არ იყო ჩვეულებრივი დამშვიდობება, ეს იყო გამომშვიდობება, თითქოს, მეორედ ამ ადამიანს ცხოვრებაში ვეღარ ნახავდა. ამან მინიშნება მოგვცა, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ შუადღეზე განზრახული ჰქონდა საქართველოს დატოვება. ჩვენი ინფორმაციით, მის მიერ ავიაბილეთების შეძენა დროში მნიშვნელოვნად უსწრებს დედამისის ცუდად გახდომის პერიოდს ”- განაცხადა ლევან გორელაშვილმა. 

    შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, რომლის წინააღმდეგაც ყოფილ ცოლზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ქვეყანა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ადვოკატის განმარტებით, ამის მიზეზი დავითის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

    დავით ბაგრატიონ-მუხრანელის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებდა გამოძიებასთან თანამშრომლობას.
    “დავით ბაგრატიონი არ დაუშვებს, ამდაგვარი სცენა იხილოს საქართველომ, რომ საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ადის ქალაქის სამმართველოს კიბეებზე და აძლევს პოლიციას ჩვენებას, ეს არის შეურაცხმყოფელი, ეს არის დამამცირებელი მისი სტატუსის მქონე ადამიანისთვის”-განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

  • “მახსოვს გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა”-დავით ჭიჭინაძე

    “მახსოვს გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა”-პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დღეს ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომას და ღილაკების არევის თემას გამოეხმაურა. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, არავის გაუფრთხილებია სესიის დღეს დანიშვნის შესახებ.

    პარლამენტის სხდომა სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დასკვნითი სიტყვისთვის უნდა მოესმინათ, 16 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ სხდომა დღეს რიგგარეშე სესიის ფორმატში გაიმართებოდა.

    ტექნიკურ ხარვეზზე საუბრისას ჭიჭინაძე, ღილაკების არევის ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ საერთო “ჩატში” დეპუტატებს ღილაკების დანიშნულების გასარჩევად, მწვანე და წითელ ვაშლებს უგზავნიდნენ.

    “თავიდან მე მახსოვს რომ გზავნიდნენ წითელ და მწვანე ვაშლს, ღილაკები რომ არავის არეოდა. ახლა ეტყობა გადავიდნენ დაღეჭვით ახსნაზე. ჩვენთვის მაგალითად ყოველთვის უცნობია, როდის რას გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენთან დამოუკიდებელ დეპუტატებთან კომუნიკაცია არ აქვთ. 

    ერთი ყავდათ, კოკა ყანდიაშვილი, ვინც აგზავნიდა რა ფერ ღილაკზე უნდა დაგვეჭირა. მწვანე კნოპკა რომ ეს არის მომხრე, წითელი წინააღმდეგი. ​სესიის დროს მოდიოდა, ჯერ კიდევ ქუთაისში ვიყავით. 
    მწვანე და წითელი ღილაკების პრობლემა დიდი ხნის პრობლემაა,”-აცხადებს ჭიჭინაძე.

    დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის გარდა, კენჭი უნდა უყარონ მთავრობის ინიციატივას, რომელიც გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხება. აღნიშნული ინიციატივა წინა სხდომაზე არასაკმარისი ხმების გამო ჩავარდა. მმართველმა გუნდმა მთავრობის ინიციატივის ჩაგდების მიზეზად, ტექნიკური ხარვეზი დაასახელეს. საკითხი კენჭისყრაზე დღეს კიდევ ერთხელ გადის.

  • პოლონეთში მასწავლებლები გაიფიცნენ

    პოლონეთში მასწავლებლები გაიფიცნენ. პედაგოგები ხელფასების 30 პროცენტით გაზრდას ითხოვენ, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე კი დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ათასობით სკოლა არ იმუშავებს. 

    პოლონეთში დაახლოებით  400 ათასი მასწავლებელია და მათი  ხელფასი 929 ევროა, რაც ქვეყანაში საშუალო ხელფასზე ნაკლებად ითვლება.

    უცნობია, როდის აღდგება სასწავლო პროცესი. 4 მილიონზე მეტი მოსწავლე სკოლებში არ დადის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სკოლის გამოცდების ჩაბარების საკითხიც.

  • მგზავრების ევაკუაცია მეტროსადგურ დელისზე

    მეტროსადგურ დელისზე მგზავრების ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ შესახებ  სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს.

    „სასწრაფოდ: საბურთალოს ხაზზე, მ/ს “დელისზე” მატარებელი გამოვიდა მწყობრიდან. დენის და დამწვრობის სუნია საშინელი. მოხდა მგზავრთა ევაკუაცია. მემანქანემ ისეთი ხმით თქვა “გთხოვთ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ დატოვოთ მატარებელი”, რომ… მატარებელს საშინელი ბოლი აუვიდა, აშკარად ცეცხლი წაეკიდა“, – წერია ერთ-ერთი მგზავრის მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში.

    როგორც ცნობილი გახდა, შემთხვევა დილას 10 საათზე მოხდა, როცა მეტროში  მგზავრების დიდი ნაწილი იმყოფებოდა.

    მგზავრების განცხადებით, მატარებელის ვაგონებში დამწვრის მძაფრი სუნი იდგა, ევაკუაციის შემდეგ მატარებელი ჩიხში გადაიყვანეს.

  • გორში “ალტაოქეის” მაღაზია გაქურდეს

    გორში “აალტაოქეის” მაღაზია გაქურდეს. მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები.

    ქურდობის ფაქტი სავარაუდოდ,  დილის 9 საათზე მოხდა, რასაც მოწმობს განგაშის სიგნალის ამოქმედება. დამნაშავეები, მაღაზიის მენეჯერის ინფორმაციით, არასრულწლოვნები არიან. 

    წინასწარი ინფორმაციით, მათ მაღაზიის ვიტრინა ქვით გატეხეს და  შიგნით ასე  შევიდნენ.

    გორში, ამავე ქსელის მაღაზიის გაქურდვის, შემთხვევა უკვე მეორე დაფიქსირდა, პირველად მაღაზიიდან 13 მობილური ტელეფონი წაიღეს. ამჯერად მიყენებული ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის.

  • ზელენსკისა და პოროშენკოს შორის დებატები კიევის სტადიონზე 14 აპრილს გაიმართება

    უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კანდიდატების ვლადიმერ  ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის  დებატები კიევის სტადიონზე 14 აპრილს  გაიმართება.

    ინფორმაცია მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ დაადასტურა.

    კიევის ოლიმპიურ სტადიონზე დებატების ჩატარების გამოწვევა პოროშენკომ ზელენსკისგან მიიღო.

    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა, თუმცა ხმათა 50 პროცენტის  მოგროვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.

    საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს შედგება.