Blog

  • სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს დღეს კენჭს ხელახლა უყრიან

    კანონპროექტს, რომელიც სკოლის  გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში დღეს კენჭს თავიდან უყრიან.

    კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, რომლის გამართვის თაობაზე აქტი პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია.

    შეგახსენებთ რომ 5 აპრილს პარლამენტმა სკოლის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი   მესამე მოსმენით ჩააგდო, მიზეზი გაუგებრობა იყო, რომელიც სავარაუდოდ, აკუსტიკის პრობლემით ან დეპუტატების მეირ ღილაკების არევით იყო გამოწვეული.

    პარლამენტში მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები ე.წ. კატის გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის   უგამოცდოდ გაცემას გულისხმობს.

  • “ზუგდიდიდან ვიწყებთ ბოროტების დამარცხებას“–სოციალურ ქსელებში სანდრა რულოვსის რგოლი ვრცელდება

    სოციალურ ქსელებში სანდრა რულოვსის 2 წუთიანი სარეკლამო რგოლი გამოჩნდა, რომელშიც ზუგდიდის მერობის კანდიდატი საქართველოს პრობლემებზე, ხელისუფლებაზე და საკუთარ გეგმებზე საუბრობს. “დღეს საქართველოს უჭირს, დღეს საქართველო გადასარჩენია. დავიწყოთ ზუგდიდიდან. 19 მაისს ზუგდიდში ჩვენ დავიწყებთ ბოროტების დამარცხებას. “ – ამბობს კლიპში სანდრა რულოვსი.

    მისი სარეკლამო რგოლი საკუთარ ფეისბუქ გვერდზ მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა. „საარჩევნოდ ივანიშვილს უცებ ზვიადი შეუყვარდა,კალაძე კალია გახდა,დედოფლისწყაროს კლანის წარმომადგენელმა ღარიბაშვილმა ზუგდიდში სიარულს მოუხშირა,სანდრასთვის კი ეს დღეს არ დაწყებულა-ის და სამეგრელო,ის და ზუგდიდი არის მრავალწლიანი სიყვარულის ისტორია.თუ ამას ზუგდიდელებიც დააფასებენ ხომ კარგი,და,თუ არა,ეს მაინც არაფერს შეცვლის მის დამოკიდებულებაში“ – წერს სააკაშვილი.

  • ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვმა მსოფლიოში 4.3 მილიარდს გადააჭარბა. ახალი მონაცემები

    ინტერნეტის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ინტერნეტს დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მოიხმარს.
    გაიზარდა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობაც. დედამიწის მოსახლეობის თითქმის 45% დღეს სოციალურ ქსელებშია გაწევრიანებული. დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი ყოველწლიურად სტუმრობს თავის საყვარელ სოციალურ პლატფორმას. ეს წინა წელთან შედარებით, 9%-იან ზრდას უდრის.
    2018 წლის იანვრიდან მოყოლებული, ინტერნეტს ყოველდღიურად საშუალოდ მილიონი ახალი მომხმარებელი ემატება – ნათქვამია ანგარიშში “ციფრული 2019”. ანუ ყოველ წამში 11-ზე მეტი ახალი კლიენტი. რიგით მერვე ყოველწლიური ანგარიში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტის და სოციალური მედიის მოხმარებას აჯამებს.
    ასეთი უპრეცედენტო ზრდა გარკვეულწილად, აღწერის მეთოდოლოგიაში მეტ სიზუსტესაც შეიძლება მიეწეროს. მომდევნო წლების მონაცემები უკეთესი, უფრო სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს.
    ინტერნეტის მომხმარებლების 92 პროცენტი ვიდეოებს ონლაინ უყურებს, ანუ, 2019 წლის მონაცემებით, საშუალოდ 4 მილიარდი ადამიანი. ეს მაშინ, როცა დედამიწაზე ტელევიზორი შინ 6 მილიარდ ადამიანს აქვს. მომხმარებლების 23% ონლაინ თამაშობს და 16% სპორტულ შეჯიბრებებს ინტერნეტში უყურებს.
    ზრდა დაფიქსირდა სოციალური მედიის მოხმარების ხანგრძლივობაშიც. GlobalWebIndex-ის მონაცემებით, სოციალური ქსელების მომხმარებლები საყვარელ პლატფორმაზე (ან პლატფორმებზე) დღეში საშუალოდ 2 საათს და 16 წუთს ატარებენ. ეს მთლიანად ინტერნეტში გატარებული დროის დაახლოებით მესამედია.
    ქვეყნების მიხედვით, სოციალური მედიის მოხმარებაში ზოგჯერ დრამატული სხვაობა ფიქსირდება. მაგალითად, ფილიპინელები სოციალურ ქსელებზე საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტ დროს, დღეში 4 საათს და 12 წუთს ატარებენ.
    სოციალურ ქსელებს შორის კვლავ “ფეისბუქი” ლიდერობს. იმის მიუხედავად, რომ მას გასულ წელს სერიოზული პრობლემები გაუჩნდა და არაერთ სკანდალურ სასამართლო პროცესთან ერთად თავის მართლება ამერიკის, ევროკავშირის და ბრიტანეთის კანონმდებლებთან უწევდა, “ფეისბუქი” კვლავ წამყვან პლატფორმად რჩება. სხვებთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა როგორც მისი მომხმარებლების რაოდენობა, ასევე გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობაც.
    ბევრი სპეციალისტის აზრით, ინტერნეტის მასობრივ მოხმარებასთან ერთად, ალბათ სამუდამოდ დაირღვა ადამიანის პირადი ინფორმაციის დაცულობა. ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ როცა რომელიმე ინტერნეტ-ბმულს ვხსნით, ვათვალიერებთ, ვუყურებთ ვიდეოს, ვთამაშობთ, რაიმეს მოვიწონებთ, დავწერთ, წავშლით, ან ინტერნეტში ნებისმიერ სხვა მოძრაობას ვაკეთებთ, ეს აუცილებლად ფიქსირდება და სადმე, რომელიმე სისტემა ამას მაშინვე იმახსოვრებს.
    გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს, მათ შორის საქართველოს შესახებ, რომელიც ანგარიშში “ციფრული 2019” შეჯამდა და ასევე, რამდენიმე სხვა წყაროდან მოვიპოვეთ. ანგარიში 30 იანვარს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან ამ სფეროში სტატისტიკური აღწერის ორი წამყვანი გლობალური ორგანიზაცია: Hootsuite და We Are Social.

    ინტერნეტის ზოგადი მონაცემები
    2019 წელს ინტერნეტი მოიხმარა 4.39-მა მილიარდმა ადამიანმა. ზრდამ 2018 წლის იანვართან შედარებით, 366 მილიონი შეადგინა.შეგახსენებთ, დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 7.676 მილიარდია.

    საშუალოდ, მომხმარებელი ინტერნეტში დღეში 6 საათს და 42 წუთს ატარებს.

    ჩრდილოეთ ამერიკის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები მოსახლეობის 95 პროცენტით, ინტერნეტ-მოხმარების ლიდერები არიან. შემდეგ მოდის: დასავლეთ ევროპა-94%, სამხრეთ ევროპა-88%, აღმოსავლეთ ევროპა-80%, სამხრეთ ამერიკა-73%, დასავლეთ აზია-66% და ცენტრალური ამერიკა-63%. ბოლო ადგილზეა აფრიკის კონტინენტის შუაგული 12%-ით.
    ვებგვერდებს შორის, ყველაზე ხშირად ადამიანები “გუგლს” სტუმრობენ. მეორე ადგილზეა “იუ-თუბი”. მესამეზე კი “ფეისბუქი”. “იაჰუ” მე-6 ადგილზეა, “ტვიტერი” მე-7, “ინსტაგრამი” მე-10, “ამაზონი” მე-11, “ნეტფლიქსი” მე-17, “რედითი” მე-20.
    სოციალურ მედიას დედამიწაზე 3.48 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. გასულ წელთან შედარებით, სოციალურ მედიაში 288 მილიონით მეტი ადამიანი გაწევრიანდა.
    მობილური ტელეფონები
    მობილური ტელეფონი დედამიწაზე 5.11 მილიარდ ადამიანს აქვს, ანუ გლობალური მოსახლეობის 2/3-ს. გასულ წელთან შედარებით, ეს 100 მილიონით მეტია.
    სმარტფონებზე მობილური ტელეფონების დაახლოებით 2/3 მოდის. ზოგს ერთდროულად რამდენიმე სმარტფონი აქვს და მათი
    საერთო რაოდენობა 5.5 მილიარდს აჭარბებს.
    3.26 მილიარდი 2019 წელს სოციალურ მედიას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. აქაც უზარმაზარი ზრდაა: 297 მილიონით მეტი – 2018 წლის იანვართან შედარებით.
    მობილურ ტელეფონებზე მოდის ინტერნეტის მოხმარების დროის თითქმის ნახევარი.

    ონლაინ-გაყიდვები
    ინტერნეტ-ვაჭრობა ბოლო წელს 14%-ით გაიზარდა და ციფრული ბაზრის შემსწავლელი ორგანიზაცია Statista-ს მონაცემებით, ჯამში 1.78 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
    ონლაინ ნივთები გასულ წელს 2.8 მილიარდმა ადამიანმა შეიძინა.
    ინტერნეტის მომხმარებელთა 75% ამბობს, რომ გასულ თვეში ინტერნეტით რაიმე იყიდა. უმრავლესობამ ამისთვის მობილური ტელეფონი გამოიყენა.
    გაყიდვებში პირველ ადგილზე მოდის ინდუსტრიაა (524 მლრდ). მეორე ადგილზეა ტექნიკა (392 მლრდ), მესამეზე საჭმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები (209 მლრდ). შემდეგ თანმიმდევრობით მოდის: ავეჯი,ხელსაწყოები, მოგზაურობა, ციფრული მუსიკა და ვიდეო-თამაშები.
    საქართველო
    ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტს 2016 წელს 2 104 906 ადამიანი მოიხმარდა. 2018 წელს, გამოცემა Forbs.ge-ს ინფორმაციით, ინტერნეტს მოსახლეობის 65% იყენებდა.
    საინტერესოა, რომ ინტერნეტს საქართველოში კაცები უფრო ხმარობენ (65.5%), ვიდრე ქალები (62.6%)
    ქალაქის მოსახლეობაში ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი 75.1%-ს შეადგენს, სოფელში – 49.8%-ს. Forbs.ge-ს ცნობით,

    სოფლებში ინტერნეტის მოხმარება ბოლო წელს 4.7%-ით გაიზარდა.

    ინტერნეტის მომხმარებლებს შორის, თითქმის ყოველდღიურად მას 89.7% იყენებს. ეს წინა წელთან შედარებით 3.8 პროცენტიან ზრდას შეადგენს.
    სოციალური მედია
    “ფეისბუქი” უკონკურენტოა, მას 2.320 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს (2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით) და აქედან 1.15 მილიარდი ქსელში აქტიურად შედის მობილური ტელეფონით. “ფეისბუქს” დღეში 500 000 ათასი ახალი კლიენტი ემატება, წამში – 6. ის ამერიკელების საშუალოდ 68%-ს აქვს დაზრდასრული ამერიკელების 79%-ს. ადამიანი “ფეისბუქზე” დღეში საშუალოდ 35 წუთს ატარებს. ამ პლატფორმაზე დაახლოებით 270 მილიონი ყალბი მომხმარებელიც არის.
    “ტვიტერს” 1.3 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, აქედან 326 მილიონი ქსელში აქტიურად შედის. ადამიანები დღეში საშუალოდ 500 ე.წ. ტვიტს წერენ, ანუ წამში დაახლოებით 6 000-ს. ამერიკელთა 45% ხმარობს “ტვიტერს”.
    “იუ-ტუბზე” წუთში საშუალოდ 300-საათიანი ვიდეო იტვირთება. ადამიანები ამ პლატფორმაზე ვიდეოებს დღეში 1 მილიარდი საათის მანძილზე უყურებენ. თითო ადამიანი “იუ-ტუბზე” დღეში 40 წუთს ატარებს. მობილურ ტელეფონით ვიდეოებს დღეში დაახლოებით 1.148 მილიარდი ადამიანი ნახულობს. სხვადასხვა ინტენსივობით, ამ ვიდეო-პლატფორმას 18-24 წლის ამერიკელების 94% იყენებს.
    “ინსტაგრამს” თვეში 800 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ამ სოციალურ ქსელში დღეში 95 მილიონი ფოტო იტვირთება. მომხმარებლების 90% 36 წლამდე ასაკისაა. ადამიანები “ინსტაგრამზე” საშუალოდ დღეში 15 წუთს ატარებენ. ის ცნობილია, როგორც კერძების აქტიურად გაზიარების პლატფორმა. ყველაზე “გაინსტაგრამებული” საჭმელი პიცაა, შემდეგ მოდის სუში და მწვადი. პლატფორმას ამერიკელთა 71% იყენებს.

    წყარო: ამერიკის ხმა.

  • სანდრა რულოვსი ოკუპანტების მიერ გატაცებულის ოჯახში მივიდა

    გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოფელ შამგონაში როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა. რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ გატაცებულის მშობლებთან ერთად სანდრა რულოვსი იმ მდინარის პირასაც მივიდა, საიდანაც როსტობაია თევზაობისას გაიტაცეს.

    სანდრა რულოვსმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების მორიგ ფაქტს რუსეთის მორიგი პროვოკაცია უწოდა და მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკისა და საკუთარი მოქალაქეებისადმი გულგრილობის გამო გააკრიტიკა.

    „თავისი თხილის პლანტაციის ბოლოში იჯდა, თევზაობდა თავისთვის და წაყვანა რუსმა ოკუპანტმა. როგორც ვიცით, ახლა არის დაკავებული და ელოდებიან ამბებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დაბრუნება… მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ ზომებს მივიღებთ. ძალიან მაინტერესებს, რა ზომებია ეს. იმიტომ რომ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩვენ კარგად გვაქვს ურთიერთობა დალაგებული. თუ ასე კარგად აქვთ დალაგებული, გელა რატომ არ არის სახლში,“ – აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

    როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

  • აფეთქებისას დაშავებულ ბავშვს სავარაუდოდ დღეს გაწერენ

    დიღმის მასივში მომხდარი  აფეთქებისას დაშავებულ ბავშვს საავადმყოფოდან სავარაუდოდ, დღესვე გაწერენ.

    დაშავებული  8 თვის ბავშვი იაშვილის კლინიკაში კიდევ რამდენიმე საათით,ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება– ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ნათია თურქაძემ განუცხადა.

    ექიმის შეფასებით,ბავშვი კლინიკას სავარაუდოდ დღესვე დატოვებს.

    „სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა რვა თვის გოგონა. შემოსვლისას პაციენტი იყო აბსოლუტურად კონტაქტური. შუბლისა და მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნებოდა ექსკორეაცია ანუ ნაკაწრები. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, სადაც რაიმე პათოლოგიური დარღვევა არ გამოვლინდა. ამჟამად ის კლინიკაში რჩება შემდგომი მონიტორინგისათვის. პაციენტი კიდევ რამდენიმე საათით დაყოვნდება, მდგომარეობა შეფასდება და სავარაუდოდ საღამოსვე გაეწერება ბინაზე“, – განაცხადა ექიმმა ნათია თურქაძემ.

    დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა რვა ადამიანი.

  • პოლიციაში მოსახლეობასა და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს კითხავენ

    დიღმის პოლიციაში „ყაზტრანსგაზის“ რამდენიმე თანამშრომლის   და იმ კორპუსის მცხოვრებთა ნაწილის გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც დღეს გაზის გაჟონვის შედეგად   აფეთქება მოხდა.

    აფეთქება დიღმის მასივში მდებარე  კორპუსში დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ აფეთქებამდე ერთ საათით ადრე კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და ყაზტრანსგაზის ცხელ ხაზზე დარეკეს. კორპუსის მცხოვრებლების თქმით,  ადგილზე არავინ მისულა. ყაზტრანსგაზში კი აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში მივიდნენ, თუმცა აფეთქება უკვე მომხდარი იყო. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.

    აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 7 თვის ბავშვია. სხეულის დამწვრობა მიიღო  მამაკაცმა, რომელიც იმ ბინაში იმყოფებოდა სადაც აფეთქება მოხდა.

    გამოიკვეთება თუ არა “ყაზტრანსგაზ თბილისის” თანამშრომლების პასუხისმგებლობა, ამ ეტაპზე უცნობია.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

    დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული აღმზრდელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

    ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ინციდენტი სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მოხდა.
    ბავშვის მშობლის მტკიცებით, ის საბავშვო ბაღის ოთახში  იმ დროს შევიდა, როცა პედაგოგი, ინგა ვეკუა მისი 5 წლის კუთხეში მდგარ შვილს აჯანჯღარებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამის გამო მშობელსა და აღმზრდელს შორის შელაპარაკება მოხდა.  თათია გამსახურდიამ პოლიცია გამოიძახა.
    ბავშვების მიმართ უდიერ მოპყრობას უარყოფს საბავშვო ბაღის პედაგოგი, ინგა ვეკუა. მისი მტკიცებით, მისი აღსაზრდელი საკმაოდ უხეში ბავშვია და ის თანატოლებზე ხშირად ძალადობს, რის გამოც მან მშობელს ბაღში მისვლა თხოვა და ამტკიცებს, რომ თათია გამსახურდიას მხრიდან პოლიციაში ჩივილის მიზეზი, სიტყვიერი შელაპარაკების გამო შურისძიებაა.
  • „ძვირფასო ზესტაფონელებო…” – არჩილ თალაკვის მიმართვა ჭიათურლებს

    „ძვირფასო ზესტაფონელებო…” – ამ სიტყვებით დაიწყო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჭიათურელებისადმი მიმართვა. მან ჭიათურაში ჭიათურის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა. თალაკვაძის სიტყვას ადგილობრივების ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც მას უკარნახეს რომ ის ჭიათურაში იმყოფება. თალაკვაძემ ვითარება გამოასწორა და აღნიშნა, რომ ჭიათურიდან ზესტაფონში მიდიოდა.
    “ქართული ოცნების“ სახელით, გივი მოდებაძის კანდიდატურა ჭიათურელებს უმრავლესობის ლიდერმა და ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინეს. არჩილ თალაკვაძემ ჭიათურაში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა.
    „ძვირფასო ზესტაფონელებო… ჭიათურელებო. აქედან ზესტაფონში მივდივართ. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ საქმეები, რაც აქ არის დაწყებული, ეს არის საბაგირო სისტემის მთლიანი მოდერნიზაცია, ეს არის ეკოლოგიური სიტუაცია, რომელიც დღეს კიდევ რჩება გამოწვევად, ეს არის შრომითი პირობები მაღაროელებისთვის, ეს არის სოციალური პრობლემები, რომელიც დღეს აქვს ჭიათურას, რომელიც აქ აქვს საზოგადოებას, ქალაქს უ სოფლებს. ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად, ამ პროექტების ბოლომდე მისაყვანად, ყველაზე საუკეთესო კანდიდატურა და ადამიანი, ვინც ამას შეძლებს თქვენი მხარდაჭერით, იქნება ბატონი გივი მოდებაძე,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
    გივი მოდებაძემ, მხარდაჭერისა და ნდობისთვის პარტია „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
    „მინდა მოგახსენოთ, რომ ჭიათურაში დაწყებულია და დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, დასრულდება 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, დასრულდება ბაგირ გზების მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ჩვენს ქალაქში, დაიგება სხვადასხვა მიმართულებით 50კმ-დე ასფალტის და ბეტონის გზა. მე მჯერა, 2019 წლის 19 მაისს, ჩვენ ავირჩევთ მშვიდობას და სტაბილურობას,“ – განაცხადა გივი მოდებაძემ.
    საქართველოში პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.
  • დიღმის მასივში აფეთქებისას 8 დაშავებულიდან ორს სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს

    დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შედარებით რთულია ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ. მათ სამედიცინო დახმარება დაზიანების პირველივე წუთებში გაუწიეს. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სერგეენკოს თქმით ექიმები ყველაფერს აკეთებენ.

    აფეთქება დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მეხუთე კორპუსში დღეს 12:20 საათზე მოხდა. მიზეზი წინასწარი ინფორმაციით გაზის გაჟონვა გახდა. დაზიანებულია ხუთსართულიანი კორპუსის ზედა სართულები.