Blog

  • “ვიმედოვნებ, აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობა შენარჩუნდება” – ეუთოს წარმომადგენელი კაპანაძის იმპიჩმენტზე

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის თემას ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი გამოეხმაურა. დეზირმა საკუთარი ტვიტერის  ოფიციალურ ანგარიშზე განცხადება გამოაქვეყნა.

    “თვალს ვადევნებ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის  ტელევიზიისა და რადიოს  დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ  ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – წერს დეზირი.

    აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით  ბორდს  მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა 11 აპრილს მიმართა.

    ამ  საკითხზე სხდომა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში 19 აპრილს არის დაგეგმილი.

    12 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრჩეველთა საბჭოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვისაკენ მოუწოდეს და შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის ნიშნებზე ისაუბრეს.

  • პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო

    პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო-დეპუტატები პროცედურულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

    პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მოსამართლეთა არჩევის წესზე არსებულ კანონპროექტზე  სასაუბროდ მივიდა. ოპოზიცია  მოითხოვდა რომ ჯერ ყოფილიყო სახალხო დამცველის მოსმენა კანონპროექტთან დაკავშირებით  და ამის შემდეგ დაწყებულიყო კანონპროექტზე მსჯელობა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე არ დაეთანხმა. კობახიძის წინადადებას  დარბაზში ხმაური მოჰყვა.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ოპონენტები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს მიმართა და სთხოვა, რომ სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.

    პარლამენტში შესვენება გამოცხადდა, სხდომა 14:00  საათზე  განახლდება.

  • “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილს გაითვალისწინებს

    “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს  გაითვალისწინებს. ამ შედეგით დასრულდა პარტიის  შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. უმრავლესობა უარს ამბობს, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, მოსამართლეების ნაწილი დაამტკიცოს შემდეგი მოწვევის პარლამენტმა.

    “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

    “2013 წელს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია, რომ ღია კენჭისყრა გადასულიყო ფარულ რეჟიმში. ჩვენ ეს გადავიყვანეთ ფარულ მოდელზე. გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული იყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ანუ, ის არგუმენტაცია, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილი, მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღესაც. შესაბამისად, ვინაიდან, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელზეც ამახვილებდა ყურადღებას ვენეციის კომისია თავის დასკვნაში, ჩვენ ვეთანხმებით 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ეს საკითხი კანონპროექტში დარჩება ისე, როგორც არის“,- განაცხადა თალაკვაძემ.

  • ტარიელ ონიანის ექსტრადირება ესპანეთში მოხდება

    ე.წ. კანონიერ ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირება რუსეთიდან ესპანეთში მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია,  რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ტარიელ ონიანი,რუსეთში  ორენბურგის კოლონიიდან 9 აპრილს გაათავისუფლეს, თუმცა მალევე დააკავეს როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

    ონიანს 40-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი,სასჯელის ვადა  19 მაისს ეწურება.  რის შემდეგაც გავლენიანი  კანონიერი ქურდი რუსეთის ციხეს დატოვებს და ესპანეთის მხარეს გადაეცემა.

  • დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კუბას, ვენესუელას და ნიკარაგუას ახალი სანქციები დაუწესა

    აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის  მორიგი სანქციები ე.წ. “ტირანიის ტროიკას” კუბას, ვენესუელას და ნიკარაგუას შეეხო.ამის შესახებ  სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. პომპეოს თქმით,  აშშ სავაჭრო ემბარგოს გააგრძელებს, რომელიც კუბას ათწლეულების წინ დაუწესდა, რაც აშშ-ის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ფედერალურ სასამართლოში უჩივლონ ბიზნესებს, რომლებიც კუბის მთავრობის მიერ რევოლუციის დროს ჩამორთმეულ საკუთრებებში მოქმედებენ.

    “სანქციის დაწესება ნიშნავს სამართლიანობას კუბელი ამერიკელებისათვის, ვინც დიდი ხანია ეძებს შვებას ფიდელ კასტროს მიერ ქონების კომპენსაციის გარეშე მისაკუთრების შემდეგ. კუბის რეჟიმი წლების მანძილზე ახორციელებდა  რეპრესიებს.  მათ ეს ვენესუელაშიც გააკეთეს და მადუროს რეჟიმს უჭერენ მხარს,” -განაცხადა პომპეომ.

    აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ასევე გამოაცხადა, რომ კუბას დამატებითი სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები უწესდება.

  • ტაქსის მძღოლები ითხოვენ B კატეგორიის მძღოლებს ტრაფარეტის დადგმის უფლება მიეცეთ

    ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, მერიასთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიუხედავად, აქციებს გააგრძელებენ. მათ ამ ეტაპზე ერთი  მთავარი მოთხოვნა აქვთ.  ტაქსის მძღოლები ითხოვენ  B კატეგორიის ავტომობილებს ტაქსის ტრაფარეტის ტარების უფლება დართონ.

    აღმაშენებლის ხეივანში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები  შეიკრიბნენ და დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, მედიისთვის განცხადება გააკეთეს.

    საინიციატივო ჯგუფის წევრის არჩილ არჯევანიძის განცხადებით, დღეს, რუსთაველზე 15:00 საათზე აქცია გაიმართება.

    „დღეს დაგეგმილ აქციას საინფორმაციო ხასიათს მივცემთ. გუშინ ე.წ. ბირჟებზე ვიარეთ და ჩვენს თანამებრძოლებს ინფორმაცია მივაწოდეთ. დღეს ამ ხალხს აქციაზე შევხვდებით და შევეცდებით ყველა გავლილი ეტაპი ავუხსნათ.

    მერიასთან შევთანხმდით, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები B კატეგორიაში 2021 წლის პირველ იანვრამდე იქნება. ახლა ჩვენი მოთხოვნაა, B კაგეგორიის ავტომობილებზე ტაქსის ტრაფარეტის ტარების უფლება დაგვრთონ, რათა მგზავრის ქუჩიდან აყვანის უფლება გვქონდეს. ამ თემაზე ქალაქის მერიასთან და კახა კალაძესთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე გადავალთ. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. სავარაუდოდ, ასპროცენტიანი შეთანხმება არ იქნება და ეს არც სწორი იქნება, გარკვეულ სიტუაციას ჩვენ დავთმობთ, გარკვეულს ისინი და აუცილებლად ხალხზე მორგებულ სიტუაციას მივიღებთ”, -განაცხადა არჯევანიძემ.

  • “ვენეციის კომისიას არ აქვს უფლება ჩვენ პოლიტიკაში ჩაერიოს”-კარლო კოპალიანი

    ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიის წევრების დიდი ნაწილისთვის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გასათვალისწინებელია. 

    ვენეციის კომისიის დასკვნასა და  რეკომენდაციებს გასათვალისწინებლად არ მიიჩნევს”ქართული ოცნების” წევრი,  დეპუტატი კარლო კოპალიანი. მმართველი გუნდის წევრისთვის ვენეციის კომისის რეკომენდაციები მიუღებელია და საპარლამენტო უმრავლესობა არ არის ვალდებული ვინმეს მითითებები შეასრულოს.

    „არც ვენეციის კომისიას, არც არავის არ აქვს მაგის უფლება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს. ეს ერთი და მერე მეორე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვისაც წარმოგვიდგენენ აბსოლუტურად სულ ყველა გავიდეს ეს მოსამართლეები. თავის თავად ასე იქნება ეს, თუმცა ის, რომ ჩვენ ეს ვიღაცამ გვითხრას, ეს ნამდვილად მიუღებელია ჩვენთვის,“-განაცხადა კარლო კოპალიანი. 

  • ძლიერმა ქარმა თბილისში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოანგრია

    ძლიერმა ქარმა თბილისში, ავლაბარში  მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოანგრია.

    ადგილობრივების მტკიცებით,  წლებია უკვე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და სტიქიის შედეგად ის ეტაპობრივად ინგრევა.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის ტერიტორია ნანგრევებისგან გაწმენდილია.

  • თურქეთში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

    ანკარაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს, მათი ინფორმაციით,დაკავებულებს ბრალი   ბინების გაქურდვაში ედებათ.

    მოპარული ნივთების ნაწილი პოლიციამ მათი ბინებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. მათ შორის იყო  ტელეფონები, საათები და სხვა ძვირფასეულობა.

    გავრცელებული   ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს მოპარული ნივთები ნაქირავებ ბინაში ჰქონდათ შენახული.

  • ქრთამის აღების ფაქტზე, გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ  ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის  მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზვიად დ. დააკავა.

    გამოძიების მიხედვით,ზვიად დ. თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.

    გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.