Blog

  • “არ გამოვრიცხავ პროვოკაციას”-ვოლსკი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე

    დავით გარეჯის მონასტერში მისასვლელი გზის ჩაკეტვას საპარლამენტო უმრავლესობა აფასებს.

    “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის თქმით, ის არ გამორიცხავს პროვოკაციას. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, კომუნიკაცია როგორც სასულიერო პირებთან, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან.

    “ყველას უნდა დაველაპარაკოთ, ეკლესიასაც უნდა დაველაპარაკოთ აზერბაიჯანსაც არის დიპლომატიური ხაზები და გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, რომელიც ამას ეხება. არც პროვოკაციას გამოვრიცხავ. ფაქტია, რომ ამ თემაზე მუშაობაა საჭირო და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას გააჩნია,“-განაცხადა ვოლსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ უკვე 3 დღეა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს და იქ არც სასულიერო პირებს უშვებენ.

  • ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს

    ჯო ბაიდენმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენა. ბაიდენი ოფიციალურად აცხადებს, რომ 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

    საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ სპეციალური ვიდეომიმართვა ჯო ბაიდენმა უკვე გაავრცელა.

    76 წლის ბაიდენი ყველაზე გამოცდილი დემოკრატია, ის საპრეზიდენტო არჩევნებში ორჯერ დამარცხდა 1998 წელს და 2008 წელს.

    ჯო ბაიდენი სენატში პირველად 1972 წელს 29 წლის ასაკში აირჩიეს.

  • ბოკერიამ და ჭიაბერაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს

    ევროპული საქართველოს დეპუტატებმა – ლელა ქებურიამ, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა  დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს.

    კანონმდებლობის მიხედვით დაგროვებითი  საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაშორებულ პირებს შეუძლიათ.  ბოკერიას თქმით, მოქალაქეების ნაწილმა ეს არ იცის,რადგან მთავრობამ საინფორმაციო კამპანია, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არ აწარმოა.

    ” მე როგორც მოქალაქე, ვიყენებ შესაძლებლობას, რომ ჩემ ფულს მე თვითონ განვკარგავდე და არა მთავრობა. ყოველთვის ჯობია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარ ფულზე კონტროლი, ვიდრე ნებისმიერ მთავრობას და მით უმეტეს ისეთს, როგორიც ივანიშვილის მთავრობა”, – ამბობს ბოკერია.

    სავალდებულო საპენსიო რეფორმას სრულიად უსარგებლოდ აფასებს ზურაბ ჭიაბერაშვილი  და 40 წლის ზემოთ ადამიანებს სისტემის დატოვებისკენ მოუწოდებს.

    “მე ვერ ვანდობ ჩემს ფულს ისეთ კორუმპირებულ და მფლანგველ მთავრობას, როგორიც არის ქართული ოცნების მთავრობა. მაგრამ, იდეალური მთავრობაც რომ იყოს, ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე”, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

    2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. 

    პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წელი ან მეტი შეუსრულდათ, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება უკვე შეუძლიათ.

    განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში (თბილისი, ყიფშიძის 7ბ) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებშია შესაძლებელი. საპენსიო სქემიდან გასვლის საშუალება  დასაქმებულებს  მხოლოდ 2 თვე აქვთ. 

    სააგენტოს ინფორმაციით, სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მსურველებმა, უნდა გაითვალისწინონ, რომ სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანია/ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და გაკეთდა პირველი საპენსიო შენატანი. კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება სქემა დატოვოს. პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების თარიღისა და გასვლის პერიოდის შემოწმება დასაქმებულს შეუძლია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდის პირად პროფილზე, იქ სადაც ამოწმებს საპენსიო დანაზოგს.

  • დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საგარეო უწყება განცხადებას აკეთებს

    “მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია, აზერბაიჯანულ მხარესთან ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს ტურისტების გადაადგილება,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. 

    „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, რის შესახებაც როგორც საგარეო უწყებამ, ისე სასაზღვრო დაცვის შესაბამისმა სამსახურმა, ჩვენს კოლეგებს მივმართეთ და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია. ვმუშაობთ საკითხის დარეგულირებაზე, რომ შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმებისა თუ ტურისტების გადაადგილება. კომუნიკაცია მიმდინარეობს პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა იცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ რაიმე განცხადებებისგან, ეს პროცესს ნამდვილად არ წაადგება და ხელს შეუშლის. ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ, როგორც მოცემულ მონაკვეთზე, ისე საყდრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, აზერბაიჯანული მხარე გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება ამ საქმეს“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

    დავით გარეჯის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ.

    „მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ბილიკებზე მუშაობენ, გამაფრთხილებელ და ამკრძალავ ნიშნებს არჭობენ, რასაც მშვიდად უყურებენ ქართველი მესაზღვრეები. ისეთივე კრიზისული და უარესი მდგომარეობა იქმნება, როგორც 2012 წლის მაისში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ მესაზღვრეებს უბრძანა, ტურისტები არ გაატაროთო. მაშინ ასე ითხოვდნენ აზერბაიჯანელები და ქართულმა მხარემ რატომღაც, ვიდრე ხმაური არ ავტეხეთ, მეზობლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სასულიერო პირებს მონასტერსა და ტაძრებში ასვლის უფლება ჰქონდათ. დღეს კი, ჩვენც აღარ გვიშვებენ.

    საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის, დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო სექტორის ესაუბრა, აზერბაიჯანმელმა თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის ზემდგომებს სიტუაციის შეცვლას მოსთხოვს, დამირეკონ და საზღვარი გაიხსნებაო?! საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეც რომ არ დამერეკა, ჩემს გარეშეც კარგად ეცოდინებათ რაც ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. არადა, რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურ – მეგობრულ ურთიერთობაში. ამასთან, გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა. გადაწყდა ამ მონაკვეთში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაფერი ვიცით?“ – განაცხადა  არქიმანდრიტმა კირიონმა.

  • ჯგუფური გაუპატიურებისთვის, ნიგერიის მოქალაქეებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიგერიის ორი მოქალაქე ჯგუფური გაუპატიურების საქმეში დამნაშავეებად სცნო.

    “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 მაისს ნიგერიის მოქალაქე ჯ.ე.-მ ქ.თბილისში ინდოეთის მოქალაქე ს.ს. მოტყუებით მიიყვანა მეგობრის – ასევე ნიგერიის მოქალაქის უ.გ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ორივე პირმა ძალადობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დაზარალებული გააუპატიურეს.
    სამართალდამცველებმა ჯ.ე. და უ.გ. 2018 წლის 4 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
    თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ბათუმში მობილურების მაღაზია გაქურდეს

    ბათუმში გვიან  ღამით ბარათაშვილის ქუჩაზე მობილურების მაღაზია გაქურდეს.  მაღაზიიდან 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონებია მოპარული.

    მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, დამნაშავეები არასრულწლოვანები არიან. ისინი  ახლომდებარე  ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. 

    „ 7  საათზე მოვედი მაღაზიასთან. უკვე გატეხილი, გაძარცვული და განადგურებული დამხვდა აქაურობა. სამართალდამცავებს ვაცნობეთ. იყვნენ მოსულები, აღწერეს, დაახლოებით 20 000 ლარის საქონელია, მობილურები წაღებული. თანხა არ არის გატანილი, მხოლოდ მობილურები, “- განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ ფატმან თურმანიძემ.

  • ეკა ბესელიამ არასამთავრობოებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

    ეკა ბესელიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან  შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

    დეპუტატის  გაღიზიანების მიზეზი შეხვედრაზე ანრი ოხანაშვილის ყოფნა გახდა. ყოფილი თანაგუნდელების მოსაზრებებს ბესელიამ დემაგოგია უწოდა. უმრავლესობიდან წასული დეპუტატის განცხადებით, მას საშუალება არ მიეცა მოესმინა სახალხო დამცველის შეფასებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით.

    “მე აქ არ მოვსულვარ იმის მოსასმენად, რამდენად  აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ, არ მოვსულვარ ამ დემაგოგიის მოსასმენად.მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვიცოდი, ეს შეხვედრა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ტარდებოდა და მათი მოსაზრებების და შეფასებების მოსასმენად მოვედი. იმის თქმა, რომ საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს, იმ ფონზე, როდესაც გუშინწინ ასეთი პირდაპირი, მკვეთრი, უარყოფითი განცხადება გაკეთდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის საელჩოს მხრიდან და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პირდაპირ გააკეთა კომენტარი, რომ ის გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია ამ კანონთან დაკავშირებით, უხერხული მგონია. იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს და ამ ფონზე იმის მოსმენა, რომ ეს უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია. ის, რომ ამხელა მონოლოგს ვისმენ ოხანაშვილისას, რომ რა საუკეთესო კანონპროექტი მოამზადეს და ამით თურმე აღფრთოვანებულია ყველა და ბედნიერია იმით, რომ ამაში ჩართული ჰყავდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, უკაცრავად, მაგრამ მე აქ ამის მოსასმენად არ მოვსულვარ. უხერხულია, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა ყველა გაკრიტიკებს, ყველა გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და ერთადერთი, ვისაც მოსწონს ეს კანონპროექტი, არის მისი ავტორი ჩინჩალაძის ჯგუფი – მე ამისთვის არ მოვსულვარ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • რა მოხდა გუშინ მეტროში-კალაძის განმარტება

    დედაქალაქის მერი კახი კალაძე გვიან ღამით მეტროპოლიტენ ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე მივიდა, სადაც დაზიანებული კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.  კალაძის განმარტებით, მეტროპოლიტენში სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რომლის დროსაც 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი მთლიანად შეიცვლება.

    „მგზავრების უსაფრთხოებისთვის გაჩერდა ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა. პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული. ახლა, ამ წუთში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ზოგადად, ეს არის პრობლემა, თქვენ წარმოიდგინეთ, 66 წელს დაიწყო მეტრომ ფუნქციონირება, შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში სხვა და სხვა სადგურები ემატებოდა და მას შემდეგ ეს ძალოვანი კაბელი არ შეცვლილა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მეც მთავრობის წინ ვისაუბრე იმასთან დაკავშირებით, რომ მთლიანად 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელის მთლიანი რეაბილიტაცია, ანუ აღდგენა გვაქვს დაგეგმილი. აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება, 17 მილიონი დოლარი გამოყოფილია, ტენდერი ჩატარებულია, გვყავს უკვე კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს,“- განაცხადა კალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს  ბოლოს მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენზე ცეცხლი გაჩნდა , რის გამოც მეტროპოლიტენი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო და მეტროში ჩასულ მგზავრებს უკან აბრუნებდნენ.

    ბოლო პერიოდში მეტროში შეფერხებებისა და მგზავრთა ევაკუაციის საკმაოდ ხშირი შემთხვევებია.

  • გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში  სატელევიზო ანძასთან ახლოს  მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი  ანძის ადმინისტრაციის  თანამშრომელია.

    ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ამ დროისთვის ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში  ექსპერტიზა უტარდება.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.