Blog

  • ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა იზრდება

    უბილეთო მგზავრები 5 ლარის ნაცვლად  20 ლარით დაჯარიმდებიან.   ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.

    კანონპროექტის თანახმად,  მგზავრი ვალდებულია, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. 

    ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე.

  • ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

    ზუგდიდის ცენტრში ყაჩარობა მოხდა.   ნიღბიანი  მამაკაცი ცივი იარაღით თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა.

    თავდამსხმელმა 200 ლარის წაღება შეძლო.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მაღაზიაში მხოლოდ მოლარე  იმყოფებოდა. 

    სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული.

  • „ყაზტრანსგაზ – თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მიმართავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.

    „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში, გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები.

    „ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე, მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

    დასვენების დღეების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ტრადიციულად, დედაქალაქიდან რეგიონებში მიემგზავრება. ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მოგმართავთ, თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება – შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები.

    „ყაზტრანსგაზ თბილისი“, ასევე, გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენს საცხოვრებელ ბინაში გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გაუფრთხილდით საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს.

    „ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასწარ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო უქმეებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ელექტროსიგარეტის მავნებლობა ახალი კვლევით დადასტურდა

    ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების ახალ აღმოჩენაზე წერს. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ ელექტროსიგარეტები მავნე ბაქტერიებს შეიცავს, რომლებსაც ფილტვებზე დამღუპველი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
    როგორც გაზეთი აღნიშნავს, წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც სერიოზული რესპირატორული დაავადებების განვითარებას უკავშირდება, უკვე აღმოჩნდა ელექტროსიგარეტების შემავსებლებში. თუმცა ახალი კვლევის შედეგად პირველად აღმოაჩინეს სითხეში მავნე ბიოლოგიური სუბსტანციები.
    ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ელექტრონული სიგარეტის 75 პოპულარული შემავსებელი გამოიკვლიეს. კარტრიჯების და სითხეების 27%–ში ენდოქსინის კვალი აღმოჩნდა, 81%–ში კი გლუკანის. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კარტრიჯები ბაქტერიების სამჯერ უფრო მაღალ კონცენტრაციას შეიცავენ, ვიდრე სითხეები.
    კვლევის ხელმძღვანელი, დევიდ კრისტიანი აღნიშნავს, რომ ელექტროსიგარეტების შემავსებლებში ამ ბაქტერიების აღმოჩენა მხოლოდ ამყარებს უკვე არაერთხელ გამოთქმულ შიშს ელექტროსიგარეტის სასუნთქ სისტემაზე უარყოფითი გავლენისა და საფრთხეების შესახებ.
  • ივანიშვილს უნდა რომ ყველა ოპონენტი ან ქვეყნის გარეთ ჰყავდეს ან ციხეში – სააკაშვილი მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება

    „ივანიშვილის ერთი-ერთზე ჰგავს ასლან აბაშიძეს. მე კარგად მახსოვს ასლან აბაშიძე როგორ ალპობდა ციხეში ასანიძე თავის პოლიტიკურ ოპონენტს და ეშინოდა მისი გაშვება. ივანიშვილისთვის ადამიანის ციხიდან გაშვება არის ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი. რაღაც ესეთი ის ჩაიდო თავში. ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი, კომფორტის დაკარგვის ტოლფასი. მას უნდა რომ ყველა ოპონენტი ან ჰყავდეს ქვეყნის გარეთ ან ჰყავდეს ციხეში. მაგრამ ასე ხელისუფლება არავის შეუნარჩუნებია მსოფლიოში და ივანიშვილის ვერ შეინარჩუნებს. პირიქით დააჩქარებს მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა რომ ვანოს ჯანმრთელობა , წლები პროდუქტიული ეწირება,“ – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ვანო მერავიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით “უდოს” კომისიის გადაწყვეტილებას.  როგორც სააკაშვილი აცხადებს ივანიშვილს ეშინია ყველა ოპონენტის და ამჯობინებს რომ ისინი ან ციხეში დარჩნენ ან ქვეყნის გარეთ. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ასლან აბაშიძეს ადარებს. 

    ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე არ გაათავისუფლებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკითხი კომისიამ 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე აცნობა.

  • დაუჯერებელი ისტორია: ქალი 27 წლიანი კომიდან გამოვიდა

    მუნირა აბდულა არაბეთის გაერთიანებული საემიროდან 27 წლიანი კომიდან გამოფხიზლდა. 1991 წელს ავტოკატასტროფისას ის საკუთარი სხეულით გადაეფარა 4 წლის შვილს, ომარს, რათა ის გადაერჩინა. ომარმა ჟურნალისტებს დედის ისტორია უამბო. ავტოკატასტროფისას მუნირა 32 წლის იყო. ავტომობილი, რომელსაც მისი მაზლი მართავდა ავტობუსს შეეჯახა. მუნირა და მისი შვილი, ომარი უკანა სავარძელში ისდნენ.

    {{ARTICLEIMAGE}}

    ომარი ყვება, რომ შეჯახების წინ დედამ მოასწრო და შვილს სხეულით გადაეფარა. “იმედი არასოდეს დამიკარგავს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ოდესმე გაიღვიძებდა. გადავწყვიტე ეს ისტორია ხალხს მოვუყვე, რომ იმედი არ დაკარგონ, თუ მათი ახლობლები ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ნუ ჩათვლით მათ გარდაცვლილად, კომა სიკვდილს არ ნიშნავს“ – ამბობს გაზეთ National-თან ინტერვიუში ომარი.“დედა ჩემთან ერთად უკანა სკამზე იჯდა. როცა დაიანახა, რომ ავარია გარდაუვალი იყო შემომეხვია, რომ დარტყმისგან დავეცავი.“ –ამბობს ომარი. საბოლოდ ის მხოლოდ მსუბუქი ტრავმით გადარჩა, დედამ კი ქალა–ტვინის სერიოზული ტრავმა მიიღო და მხოლოდ გასულ წელს, გერმანიაში გამოვიდა კომიდან, რომელშიც 27 წელი გაატარა.

    ავარიის შემდეგ მუნირა საავადმყოფოში დააწვინეს, შემდეგ კი ლონდონში გადაიყვანეს. ის ვეგეტატიურ მდგომარეობაში რჩებოდა – სტიმულებზე არ რეაგირებდა, მაგრამ ტკივილს გრძნობდა.
    შემდეგ ის უკან, გაერთიანებულ საემიროში, მშობლიურ ქალაქ ელ აინში გადაიყვანეს, სადაც მისი სადაზღვევო პოლისის მიხედვით საავადმყოფოში დააწვინეს. იქ რამდენიმე წელი დარჩა. მას მილებით კვებავდნენ და პერიოდულად ფიზიოთერაპიას უტარებდნენ, რომ კუნთების ატროფია არ დაწყებოდა.

    2017 წელს მუნირას ოჯახს პრინცის ოჯახიდან გრანტი შესთავაზეს. საავადმყოფოს ადმინისტრაცია ფულს სთავაზობდა ქალის გერმანიაში გადასაყვანად. მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, რათა დისტროფიის განვითარება აღეკვეთათ და ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პრეპარატები დაუნიშნეს.

    მუნირას გერმანიაში გადაყვანიდან ერთი წლის შემდეგ ერთ დღესაც ომარი საავადმყოფოს პერსონალს ხმამაღლა ეკამათებოდა, როცე დედამისი გაინძრა. “პალატაში დიდი აურზაური იყო და როგორც ჩანს, იფიქრა რომ საფრთხეში ვიყავი და ამან შოკის პროვოცირება გამოიწვია. უცნაურ ხმებს უშვებდა. ექიმებს ვთხოვე გაესინჯათ. მათ თქვეს, რომ ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო. სამი დღის შემდეგ პალატაში ძილის დროს გამეღვიძა იმის გამო, რომ ვიღაც ჩემს სახელს იძახდა. ეს დედა იყო! ჩემს სახელს ამბობდა. ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ეს იყო მომენტი, რომელზეც წლობით ვოცნებობდი. მისი პირველი სიტყვები ჩემი სახელი იყო“– ყვება ომარი.

    მუნირა გონზე ნელ–ნელა მოდიოდა. ამჟამად მას უკვე საუბარი შეუძლია, თუმცა ტკივილები ისევ აწუხებს. მუნირა აბუდაბიში დაბრუნდა და ახლა ფიზიოთერაპიის კურსს გადის, რომ ნორმალურად ჯდომის უნარი დაუბრუნდეს.

    შემთხვევები, როცა ადამიანებს წლობით კომაში ყოფნის შემდეგ ცნობიერება დაუბრუნდათ ძალიან ცოტაა. და მაშინაც კი, როცა ეს ხდება რეაბილიტაციას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

    ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურში ამტკიცებენ, რომ ადამიანის კომიდან გამოსვლის ალბათობის შეფასება შეუძლებელია. ის ადამიანებიც კი, რომლებიც კომიდან გამოდიან ხშირად ტვინის დაზიანების გამო ინვალიდებად რჩებიან.

    კომიდან გამოსვლის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა ტერი უოლისის შემთხვევაა. ამერიკელი ავტოკატასტროფაში 19 წლის ასაკში მოხვდა და 19 წელი უგონო მდგომარეობაში გაატარა. მისი ტვინის ქსოვილმა რეგენერირება შეძლო.
    ფორმულა1–ის ლეგენდამ, მიხეილ შუმახერმა ხელოვნურ კომაში რამდენიმე თვე გაატარა. 2016 წლის სექტემბერში მისმა ადვოკატმა, ფელიქს დამმა განაცხადა, რომ ავტომრბოლელს ჯერ კიდევ არ შეუძლია დამოუკიდებლად სიარული და დაუხმარებლად წამოდგომაც არ შეუძლია.

  • საქართველოში სულ უფრო ხშირად იქნება თავსხმა წვიმები- გეოლოგი ლაშა სუხიშვილი

    “დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის” წარმომადგენელი, გეოლოგი ლაშა სუხიშვილი მდინარეზე ჰესის მშენებლობას ეხმაურება.

    “მდინარეზე ჰესის აშენება იქნება, ხიდის გადება თუ კალაპოტში სასტუმროს ჩადგმა, მნიშვნელოვანია წინასწარ იყოს შესწავლილი მდინარის წარსული პარამეტრები, დღევანდელი სიტუაცია და ამ ორზე დაყრდნობით მომავლის პროგნოზი – ანუ გამომდინარე მდინარის უკვე დაფიქსირებული ქცევებიდან იმის განსაზღვრა თუ აწი როგორ მოიქცევა. თუმცა არსებობს პირდაპირი კავშირი კლიმატის დათბობასა და ატმოსფერულ ნალექებს შორის – რაც უფრო თბება ჰაერი, იზრდება აორთქლება და შრება ნიადაგი, შესაბამისად იზრდება გვალვის ხანგრძლივობა და ინტენსივობა. სამაგიეროდ, ჰაერის 1 გრადუსით გათბობა 7%-ით ზრდის მასში წყლის ორთქლის ტევადობას, რაც იწვევს თავსხმა წვიმებს და შტორმებს.

    არაფერია მუდმივი და ყოველდღიურად ცხადად ვხედავთ რომ კლიმატი იცვლება, ამას გრძნობს გრენლანდიაც, ჩრდილოეთ ამერიკაც, ქართველი გლეხიც და თბილისის მცხოვრებიც. ანუ გამოდის, რომ თუ დღეს მდინარეს უხვი წყალი აქვს და ჰესის ჩადგმა ღირს, ხვალ შეიძლება ის მდინარე დაშრეს, ან ჰესი წალეკოს წყალმა. იმისთვის რომ ასე არ ვიმარჩიელოთ, არსებობს გლობალური კლიმატის ცვლილების მოდელები, მაგალითად RCP რომელიც ნახევარი გრადუსის რეზოლუციით დაყვანილია რეგიონულ მასშტაბებამდე. ამ მოდელში გათვალისწინებულია სოციო-ეკონომიკური ფაქტორები, მიწათსარგებლობის და მიწის საფარის მონაცემები, ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების საპროგნოზო კონცენტრაციები, და არსებული კლიმატური მონაცემები.ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისში გაეროს მიერ მხარდაჭერილი ლეღვთახევის ჰიდროლოგიური საფრთხეების კვლევა, სადაც გერმანელ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველი კოლეგებიც. ამ კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა კლიმატის ცვლილების მოდელირებამაც იგივე დასკვნა დადო:ამ საუკუნის განმავლობაში საქართველოში შემცირდება საშუალო წლიური ნალექები (სამივე RCP 2.6, 4.5, 8.5 სცენარის პირობებში), თუმცა წვიმის დღიური ინტენსივობა გაიზრდება, ანუ საქართველოში სულ უფრო ხშირად იქნება თავსხმა წვიმები, თუმცა გაიზრდება გვალვიანობის ინტენსივობა და ხანგრძლივობა.

    ეს მდინარისთვის ნიშნავს იმას, რომ წლის უმეტეს დროს ნაკლები წყალი გაივლის, თუმცა გახშირდება მასში ექსტრემალური წყალდიდობა/წყალმოვარდნები. ანუ სტიქიური უბედურებების მიღმა, ჰესიც ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს. პროგნოზი იმისაა, რომ 100%-იანი გამართლება არ ხდება, თუმცა ყველა პროფესიონალი ჰიდროლოგი ვისაც მაგალითად მდინარე ვერეზე უმუშავია, ადასტურებს რომ ამ მდინარეზე ბოლო 20-30 წელია გაზრდილია ექსტრემალური მოვლენების სიხშირე. ვერე თბილისშია, ბევრს აწუხებს და ამიტომ პულსზე გვიდევს ხელი, თუმცა სხვა უამრავი მაგალითიც მოიძებნება.მყინვარების დნობა, რომელიც ზოგიერთ მდინარეზე დროებით წყლის ხარჯის მატებას იწვევს კიდევ ცალკე საკითხია”

  • ეგვიპტეში ძველთაძველი ხელუხლებელი სამარხი იპოვნეს

    არქეოლოგთა ჯგუფმა ეგვიპტის სამხრეთით, ასუანის პროვინციაში მაშტაბური უძველესი სამარხი აღმოაჩინა, რომელიც ბერძნულ–რომაული მმართველობის პერიოდს ეკუთვნის (ჩვ.წ.ა–მდე 332 – ჩვ.წ.ა. 395 წლები).
    ფართო სამარხი რამდენიმე ოთახისგან შედგება და მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი. შიგნით მოსახვედრად ქვის კიბეზე ჩასვლაა საჭირო, რომლის შესასვლელი ქვის კედლით იყო შენიღბული. ამის გამო ორი ათასწლეულის მანძილზე სამარხი ხელუხლებელი დარჩა.
    ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ცნობით სამარხის შიგნით წარწერების მიხედვით მოხერხდა სამარხის “მთავარი მიცვალებულის“ ვინაობის დადგენა – ეს არის ტიიტი, თუმცა მთლიანობაში სამარხში დაახლოებით სამი ათეული მუმიაა აღმოჩენილი, მათ შორის ბალზამირებული ბავშვების სხეულები.
    თავად ტიიტის ცხედარი წარწერებით გაფორმებულ ხის სარკოფაგში იყო ჩასვენებული, რომელიც დროთა განმავლობაში დაიშალა.
    გვერდით კი სხვა სარკოფაგის ფრაგმენტები იპოვნეს, რომელთა თავმოყრის შედეგად შესაძლებელია სრული ტექსტის წაკითხვა, გარდაცვლილის სახელის მოხსენიებით, ასევე ლოცვების ტექსტისა ძველი ეგვიპტის ღმერთების – ჰნუმუს, სატისის, ანუკეტის და ხაფის მიმართ.
    სამარხში ნაპოვნია ათობით ჭურჭელი, რომლებსაც ღმერთებისთვის შესაწირის გასაკეთებლად იყენებდნენ. ოთხი მუმიის გვერდით საკვებიანი თეფშები იყო მოთავსებული.

    ორი მუმიფიცირებული სხეული, რომლებიც სავარაუდოდ დედა–შვილს ეკუთვნოდა, ერთმანეთზე იყო დასვენებული და მრავალშრიანი პაპირუსით იყო დაფარული. რამდენიმე ბავშვის ცხედარი კი ცალკე, გვერდითა გალერეაში იყო დასვენებული.
    აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის იტალიელი პროფესორი, პატრიცია პიაჩენტინი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, განსაკუთრებით გამოყოფს საოცრად შენახულ საკაცეებს, რომლებითაც სამარხში სხეულები ჩაიტანეს. ისინი პალმის ხით და ნაჭრით არის გაკეთებული.
    სამარხებში არქეოლოგებმა უამრავი ნივთი, ჭურჭელი, ქანდაკებები იპოვნეს, რომლებიც იმ პერიოდის შესახებ კიდევ უფრო ამომწურავ ინფორმაციას იძლევა.
  • მეტროსადგურ გოცირიძესთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

    რამდენიმე წუთის წინ თბილისის მეტროს  პირველი ხაზის მოძრაობა მთლიანად შეიზღუდა. როგორც ირკვევა მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.მათი ინფორმაციით, ხანძარი სადგურის მოედანზე, პირველი ხაზის მხარეს გაჩნდა.
    სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული ხანძარი გახდა მეტროს მუშაობის შეჩერების მიზეზი. მეტროპოლიტენის პირველი ხაზი  ამ დრომდე არ მუშაობს. რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება მოძრაობა.

    “ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. შეფერხება მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე, გადასარბენ უბანზე ძალოვანი ელექტროსადენის დაზიანებამ გამოიწვია. მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო 1 საათი. ​საჭირო გახდა ტექნიკური ჯგუფის მობილიზება. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოძრაობა შეჩერდა. ეს არის ის ენერგო სისტემა, რომელიც განახლებასაც გეგმავს სატრანსპორტო კომპანია,” – განაცხადა სატრანსპრტო კომპანიამ

  • რა ხდება მეტროში.პირველ ხაზზე მოძრაობა პარალიზებულია

    მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტროში ჩასულ მგზავრებს უკან აბრუნებენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ მოქალაქეები ვაგონებიდანაც გამოიყვანეს.

    სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგურ გოცირიძის გარე ტერიტორიაზე, სადენები დაზიანდა. ადგილზე  ტექნიკური ჯგუფი მუშაობს .

    ამ დროისთვის მეტროს მხოლოდ მეორე ხაზი მუშაობს.