Blog

  • ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოების, უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული- იულია სუსლიაკი

    არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის სასამართლო სხდომა დახურულია. შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რის საფუძვლადაც არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემების გაჟღერება დაასახელა. შუამდგომლობას დაცვის მხარე და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა. 

    იულია სუსლიაკის თქმით, ის თავიდანვე ითხოვდა, რომ მისი შვილები ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანებისგან დაეცვა.

    „მე თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, დაეცვათ ჩემი შვილები ჟურნალისტების ჩარევისგან, ყველა ნებისმიერი სხვა ადამიანისგან, გარდა იმ ხალხისა, რომლებიც დღეისთვის პასუხისმგებლები არიან ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოების, უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული ჩემი ადვოკატის მეშვეობით,“ – განაცხადა იულია სუსლიაკმა.

    შსს-ს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

  • იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

    იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.  ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.  უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი ტრადიციულად იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
    იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.
    ამ ცეცხლის გადმოსვლის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ უდიდესი სასწაულის კვლავ განმეორებას. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს, წითელ პარასკევს იკრიბებიან, ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ, სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც, სიმბოლურად, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.
    ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

    მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლას ესწრებიან საქართველოს მოქალაქეებიც. უკვე რამდენიმე წელია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმიდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან სპეციალური დელეგაციაც ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. აღდგომის ღამეს ღვთიურ ცეცხლს თბილისში მოაქვთ და იგი სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება.

  • ზუგდიდში მარკეტის დამყაჩაღებელი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.ე. დააკავეს.

    დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ბრალდებულმა, ცივი იარაღის მუქარით ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი დააყაჩაღა, 150-ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თბილისში დააკავა. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

  • დავით გარეჯში აღდგომის ტაძართან აქტივისტებმა საქართველოს დროშა ააფრიალეს

    დავით გარეჯში მდებარე აღდგომის ტაძართან საქართველოს დროშა ფრიალებს. ის  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტებმა ჩაიტანეს, რომლებიც გარეჯაში თბილისიდან და საგარეჯოდან ჩავიდნენ.

    „ერთმანეთს ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ, რომ არ დაისაკუთრონ ეს ჩვენი ადგილები და ტერიტორიები. სადაო არ უნდა იყოს იმიტომ, რომ ჩვენია, მაგრამ თვითონ გვედავებიან,“ – ამბობს მოქალაქე.

    მოქალაქეებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეზღუდვები, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დააწესა და რის გამოც, უნიკალური ქრისტიანული ძეგლების ნახვის და ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება ქართველ მომლოცველებს, ტურისტებს და სასულიერო პირებსაც აეკრძალათ.

    „საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, საპარლამენტო დელეგაცია იქნება ეს თუ საპრეზიდენტო მხარე იქნება, ყველამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი და იმ პროცესებში არ უნდა გადაიზარდოს, რაც დღესდღეოსობით კავკასიაში სუფევს და მითუმეტეს, ეს ყველაფერი რუსეთს აძლევს ხელს და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოსახლეობაც უნდა ვიყოთ ისე, რომ ეს ყველაფერი არ მივიდეს იმ ზომამდე, რაც გამოიწვევს უკვე ესკალაციას ამ ყველაფრის,“ – აცხადებს ერთ–ერთი აქტივისტი.

    დავით გარეჯის უდაბნოში დღეს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისიდან და საგარეჯოდან ჩასულმა მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთ-ერთ ტაძართან ჩიჩხატურთან მისვლა გადაწყვიტეს.

    აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს არც ქართველმა და არც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა.

  • “ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ”-რას წერს სააკაშვილი ნინი ქარსელაძის კონცერტზე

    მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ყვარლის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტის შესახებ წერს. 

    “25 ათას მაცხოვრებლიან რაიონში ჩემი გახსნილი საავადმყოფოს რეანიმაცია დახურეს “უსახსრობის” გამო ,ადამიანები ეღუპებათ და სამაგიეროდ,შეხედეთ,ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ”

    ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახალსოფლის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ნინი ქარსელაძის კონცერტის გამართვას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6249 ლარი დაიხარჯება.

  • ქობულეთის საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს

    ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში  ემბრიონი იპოვეს. ამის შესახებ პოლიციას საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეატყობინა.

    ემბრიონი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც საავადმყოფოში  საკანალიზაციო მილი გაიჭედა და კლინიკამ შესაბამისი სამსახური გამოიძახა.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • “არა საარჩევნო პლაკატებს!”- ლევან იოსელიანმა წინასაარჩევნო პოსტერებისთვის განკუთვნილი თანხით 24 ნერგი დარგო

    “არა საარჩევნო პოსტერებს”- ამ ლოზუნგით დღეს  მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა წინასაარჩევნო პოსტერებისთვის განკუთვნილი თანხით ოქროყანაში 24 ნერგი დარგო.  იოსელიანის თქმით, ის  მაქსიმალურად ცდილობს ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს და სწორედ ამ მოტივით  ამბობს უარს საარჩევნო პლაკატების ბეჭდვაზე. მაჟორიტარის თქმით, დანაზოგი ფული მთლიანად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას  მოხმარდება.

    “არა საარჩევნო პლაკატებს! პლაკატების ნაცვლად, გამწვანება. მე და ჩემმა გუნდმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტი, რომელიც წინასაარჩევნო პლაკატების ბეჭდვასა და გავრცელებაში უნდა დაიხარჯოს – სჯობს მთაწმინდის, ვერის, სოლოლაკისა და ოქროყანის გამწვანებას მოხმარდეს”-აცხადებს  ლევან იოსელიანი.

    ლევან იოსელიანი მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილმა წარადგინა.

    პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

  • შსს აღდგომის დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვების და მარშრუტების სიას აქვეყნებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს მარშრუტებს და შეზღუდვებს, რომლებიც  28–29 აპრილს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე დაწესდება: 
    • საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ: საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

    • კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

    • მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე, ფარნავაზ მეფის გამზირიდან.

    • თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.

    საპატრულო პოლიცია ასევე მოსახლეობას აცნობებს, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რეგიონების საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება.

  • აღდგომის ღამეს მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს და ხვალ   საზოგადოებრივი ტრანსპორტი გარკვეულ საათებში უფასოდ იმოძრავებს. დადგენილია 8 მარშრუტი საიდანაც მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტს შესთავაზებენ.

    27 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე  მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.  გახანგრძლივდება სამუშაო დღე 04:00 საათამდე. რაც შეეხება ავტობუსებს, შემუშავდა 8 დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები.

    28 აპრილს, დილის 8:00-დან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი და 29 აპრილს, 80 ერთეულამდე. მერიის  ინფორმაციით ამ მარშრუტებზე მგზავრობა უფასო იქნება.

  • ლიბიიდან დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურებს საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს

    ლიბიიდან დაბრუნებულმა ორმა ქართველმა მეზღვაურმა, რომლებსაც ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების გამო, ლიბიის ტერიტორიას არ ატოვებინებდნენ, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ხმაურით გადმოკვეთეს.
    ერთ-ერთი მეზღვაურის განცხადებით, თურქეთ-საქართველოს გამშვებ პუნქტზე, ქართულ მხარეს მესაზღვრეები საზღვრის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. მათი ინფორმაციით, მესაზღვრემ მათ პასპორტს ფოტო გადაუღო და მისი გამოკითხვაზე გადაყვანა სურდათ.
    სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდნენ მეზღვაურების ახლობლები და ოჯახის წევრები. ისინი დეტალურად არ ყვებიან თუ რამ გამოიწვია მათი უკმაყოფილება, თუმცა აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ მეზღვაურებს საბაჟოს გადმოკვეთის საშუალება მხოლოდ მხოლოდ მათი პროტესტის შემდეგ მისცეს.
    ახლობლების უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა არცერთი ოფიციალური პირი, მათ შორის არც საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს წარმომადგენლებიც
    რამდენიმე თვის წინ, ლიბიაში გემზე გარდაცვლილი დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გაჭიანურების გამო, რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიის  დატოვებას რამდენიმე თვე ვერ ახერხებდნენ. მეზღვაურები მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდნენ.
    რაულ ტაკიძემ და მნუჩარ კეკლიძემ ქვეყანაში დაბრუნება დრეს, 26 აპრილს საღამოს შეძლეს.
    შს სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მეზღვაურები დაბარებულები არიან გამოკითხვაზე, სწორედ ამის გამო მოხდა შეყოვნება, რადგან მათ ამის შესახებ საზღვარზე აცნობეს აცნობეს.  

    წყარო: აჭარის ტელევიზია