Blog

  • 2020 წელი გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, როგორ გადაურჩება დედამიწა დრამატულ ცვლილებებს

    კლიმატური ცვლილებებით შექმნილ რთულ ვითარებაზე გარემოს დამცველები ბევრს და ხმამაღლა საუბრობენ. ბევრი ფიქრობს, 2020 წელი კრიტიკული იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების დანერგვის საქმეში, რათა ჩვენი პლანეტა კლიმატური ცვლილებების უარყოფითი გავლენისგან გადავარჩინოთ.

    მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანთა საქმიანობა პლანეტის დეგრადაციას იწვევს. აქტივისტები გლობალურ ჩარევას ითხოვენ, რომ როგორმე შეჩერდეს, ან შენელდეს მაინც ფლორის და ფაუნის განადგურების, თუ მყინვარების დნობის ტენდენცია, რაც ისევ ადამიანებს უქმნის საფრთხეს.

    გლობალურ დათბობას სპეციალისტები ძირითადად ნახშირორჟანგის ჭარბ გამოყოფას აბრალებენ, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი დღემდე უარყოფს. „ნასამ“ – შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის სააგენტომ, წლევანდელი დედამიწის დღე22 აპრილი საგანგებოდ გამოიყენა იმისთვის, რომ სატელიტური ფოტოებით კიდევ ერთხელ, თვალნათლივ ეჩვენებინა ყველასთვის, თუ როგორ თანდათანობით ათბობს დედამიწას ნახშირორჟანგის მზარდი კონცენტრაცია.

    „ უფრო და უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია იზრდება. შედეგად, ჰაერი და ოკეანის წყალი თბება, ოკეანეთა მჟავიანობა იზრდება; წყლის დონე მატულობს და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ექსტრემალური მოვლენები ხშირდება“ – ამბობს კარლოს დელ კასტილო, „ნასას“ მეცნიერი.

    ეს სატელიტური ფოტოები აჩვენებს ყინულის საფარის მკვეთრ დნობას, რაც წყლის დონის მატებას იწვევს. ასევე ჩანს ტყეთა მასივების დრამატული შემცირება, რაც არამარტო კონკრეტულ რეგიონზე, არამედ მთელ პლანეტაზე ახდენს გავლენას.

    აუარება მტკიცებულების და სამეცნიერო კონსენსუსის მიუხედავად, თუ როგორ ვნებს პლანეტას სხვადასხვა წიაღისეული საწვავის გამოყენება, ნარჩენების მოცულობის ზრდა, ჰაერის, წყლის და მიწის დაბინძურება, მსოფლიოს ლიდერები არასაკმარისად, ან საერთოდ არ მოქმედებენ.

    განსხვავებით პოლიტიკოსების და ეკონომისტებისგან, ახალგაზრდა თაობა გაცილებით უფრო შეშფოთებულია იმით, რაც ხდება, იმ მემკვიდრეობით, რომელსაც მათ უფროსი თაობა უტოვებს და თანდათან უფრო აქტიურდება. შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა თანბერგი ახალი თაობის გლობალური აქტივიზმის სიმბოლო გახდა. მან დედამიწის დღისთვის ლონდონში შეკრებილ გარემოს დამცველებს მიმართა:


    „ასე არ უნდა იყოს, მაგრამ რაკი სხვას არავის სურს, საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ბრძოლას ჩვენ არასდროს შევწყვეტთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ პლანეტის და საკუთარი თავის გადასარჩენად, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ“.

    მომავალი წლის 22 აპრილს დედამიწის დღეს 50 წელი შეუსრულდება. დენის ჰეისი, ადამიანი, რომელმაც ამ დღის დაწესებაში დიდი როლი ითამაშა, ამბობს, რომ 2020 წელი გადამწყვეტი იქნება კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში.

    „ჩვენი მიზანია მომავალ წლამდე მაქსიმალურად ფართო მოძრაობის ორგანიზება შევძლოთ. უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები მათ იმედებს ვერ ამართლებენ, ისინი დედამიწას ვერ უვლიან. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო და ცვლილები მოვითხოვოთ“ – ამბობს ის.

    ჰეისი „ტვიტერთან“ და სხვა სოციალურ ქსელებთან მუშაობს ინიციატივაზე სახელწოდებით „ხმა მიეცი დედამიწას“. საქმე იმაშია, რომ 2020 წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია შეერთებულ შტატებში და კიდევ 60 სხვა ქვეყანაში. აქტივისტების მიზანია, გარემოს დაცვა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცეს.

    ჰეისის თქმით, ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზაცია ამერიკაში, იარაღზე კონტროლის გამკაცრება ახალ ზელანდიაში და სხვა მსგავსი ტენდენციები ადასტურებს, რომ მოკლე დროში ადამიანთა დამოკიდებულების და ქცევის შეცვლა სავსებით შესაძლებელია.

  • მოსკოვი ელოდება რა საგარეო კურსს აირჩევს ზელენსკი

    უკრაინის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებას შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში სწრაფი მოლოცვები და მხარდაჭერის კიდევ არაერთი განცხადება მოჰყვა. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპელი მიმომხილველების ნაწილი აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, დასავლეთსა და კიევს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ.

    „დღეს უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა“, – დაწერა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა. „ველოდები მის ადმინისტრაციასთან მუშაობას ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული უკრაინის მხარდასაჭერად“, – თქვა მან.

    ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საერთო წერილში ზელენსკის მიულოცეს და განაცხადეს, რომ კიევმა 2014 წლის შემდეგ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თუმცა, ევროკავშირის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ წინ კიდევ ბევრი საქმეა „მშვიდობიანი, დემოკრტიული და წარმატებული უკრაინისთვის, როგორსაც მისი მოქალაქეები ითხოვენ“.

    მაქსიმ ხულკო, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების კვლევების ინიციატივის ფონდის ხელძღვანელია. ის აცხადებს, რომ არ ელოდება კიევის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვნად შეცვლას. ის ამბობს, რომ გამომდინარე ზელენსკის მრჩევლების და წინასაარჩევნო რიტორიკიდან, სავარაუდოდ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა არ გაიზრდება.

    „ეცდებიან დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ბალანსი იპოვონ. რადგან ახალი პრეზიდენტის წრეში ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომელთა პრიორიტეტიც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა“, – აცხადებს ხულკო „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან საუბარში. „რუსეთი შეეცდება სწორედ ამ პრიორიტეტებზე ითამაშოს, ისევე როგორც ზელენსკის პირად სიახლოვეზე რუსულ კულტურასთან და მისი გამოუცდელობით პოლიტიკაში“, – ამბობს ის.

    განსხვავებამ, მისი ამომრჩევლების იდეოლოგიაში, შესაძლოა ზელენსკის მანევრირების საშუალება შეუზღუდოს, იქნება ეს რუსეთთან დაახლოება თუ დასავლეთთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაზრდა.

    „ზელენსკის ამომრჩეველთა ნახევარს რუსეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობები სურს – ეს ის ამომრჩეველია, რომელმაც ღიად პრო-რუსულ კანდიდატებს იური ბოიკოს და ოლეკსანდრ ვილკულს დაუჭირა მხარი პირველ ტურში. მისი ამომრჩევლის მეორე ნაწილი, კვლევების მიხედვით, დასავლურ კურსს ამჯობინებს, თუმცა ისინი გაღიზიანებულები იყვნენ [პეტრო] პოროშენკოს პოლიტიკით“ -ამბობს ის. „ვფიქრობ ზელენსკის ამომრჩევლის უმეტესობამ მას ხმა იმ იმედით მისცა, რომ ის დასავლურ კურსს შეინარჩუნებს“, – თქვა ხულკომ.

    ხულკო აცხადებს, რომ პოლიტიკური მრჩევლები, რომლებიც ზელენსკის გარშემო არიან და რომელთაც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ, ფრთხილად იმოქმედებენ ვაშინგტონთან ურთიერთობისას. ის ამბობს, რომ ეს ტრამპის ადმინისტრაციას ესმის.

    „რაც შეეხება ვაშინგტონს, ურთიერთობა დარჩება მაღალ დონეზე. შეერთებული შტატების პოზიცია ასეთია: მათ ესმით, რომ არა თავად ზელენსკი, არამედ ისინი ვინც მასთან ახლოს არიან, ნაკლებად მონდომებულნი იქნებიან რომ (უკრაინელი ოფიციალური პირების გადმოსახედიდან) იხილონ ვაშინგტონი საგარეო პოლიტიკის წამყვან როლში“, – ამბობს ის.

    ნიკოლაი ბელესკოი, კიევში დაფუძნებული „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტიდან“, ამბობს, რომ ბოლომდე არც მოსკოვმა და არც ვაშინგტონმა ჯერ არ იციან თუ როგორი იქნება ზელენსკის საგარეო პოლიტიკა. „რუსები ელოდებიან ზელენსკის ოფიციალურ რიტორიკას რათა მისი მიდგომა გაიგონ“, – უთხრა მან „ამერიკის ხმას“.

    ზელენსკის მზაობა რუსეთთან ეკონომიკური ჩართულობის კუთხით შესაძლოა შემოწმდეს იაფი ენერგიის მიწოდების გადაწვეტილებით. „კრემლმა შესაძლოა [უკრაინას] იაფი ბუნებრივი აირი შესთავაზოს, მაშინ როცა ზელენსკის მოუწევს არჩევანი გააკეთოს კრემლთან მოლაპარაკებებს და მზარდ უძრავ ქონებას, თუ კომუნალურ გადასახადებს შორის“, – ამბობს ბელესკოი.

    თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწვეტილება, რომ გააიოლოს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსული პასპორტების გაცემა, ორ ქვეყნას შორის მოლაპარაკებების შანსებს ამცირებს.

    შეერთებული შტატების საელჩომ კიევში ოთხშაბათს განაცხადა, რომ კრემლის ბრძანება გააადვილოს რუსული პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, „აბსურდია“.

    „ყირიმი უკრაინაა. დონეცკი უკრაინაა. ლუჰანსკი უკრაინაა. ჩვენ ვგმობთ უკანასკნელ აბსურდს და დონეცკისა და ლუჰანსკის მცხოვრებლებისთვის ბრძანებას, რომელიც არასტაბილურობას ისახავს მიზნად და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენტიტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ამერიკის საელჩომ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

    ზელენსკის გუნდმა საკუთარი განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის ქმედებებს ის აღწერს, როგორც „კიდევ ერთხელ ნათელ დასტურს მსოფლიო საზოგადოებისთვის რუსეთის რეალურ როლზე, როგორც აგრესიულ სახელმწიფოზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. ბრძანება ჩვენ არ გვაახლოებს მთავარ გადაწვეტილებასთან: ცეცხლის შეწყვეტასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • როგორ გამოიყურება ერთ–ერთი ყველაზე სექსუალური ქალი ყოველდღიურ ცხოვრებაში

    ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევა მენდესი საბოლოოდ გადაიქცა ვარსკვლავიდან ორი ქალიშვილის დედად და რაიან გოსლინგის ყურადღებიან მეუღლედ. ახლახანს ჰოლივუდის ვარსკვლავს კიდევ ერთი ამპლუა გამოუჩნდა – ქალის ტანსაცმლის დიზაინერი. თუმცა ამის მიუხედავად დროის უდიდეს ნაწილს მაინც ოჯახს უთმობს.

    მსახიობი ფოტოგრაფებმა ამ დღეებში ლოს ანჟელესის ერთ–ერთი კაფედან გამოსვლისას შენიშნეს, სადაც პედიკურის და მანიკურის გაკეთების შემდეგ შეიარა, სანამ უფროს ქალიშვილს, ოთხი წლის ესმერალდას ხატვის გაკვეთილიდან გამოიყვანდა. 

    შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოკრძალებულ სამოსშიც ევა შესანიშნავად გამოიყურება. მას როგორც ირკვევა არა მხოლოდ სექსუალური ლამაზმანის იმიჯი უხდება, არამედ კოპლებიანი კაბა, ქოშები და თავზე წაკრული ნაჭერი. 

  • პლანეტის ყველაზე სექსუალურმა მამაკაცმა ცოლი მოიყვანა

    ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელმა მსახიობმა იდრის ელბამ, რომელიც 2018 წელს ჟურნალმა People–მა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა, მოდელი საბრინა დაუერი ცოლად მოიყვანა. ცერემონია 26 აპრილს მარაკეშში, სასტუმრო Ksar Char-Bagh–ში გაიმართა. 29 წლის მის ვანკუვერს ვერა ვონგის საქორწილო კაბა ეცვა. ქორწილის წინა ღამეს წყვილმა და მათმა მეგორებმა სასტუმრო Mandarin Oriental–ში ხმაურიანი წვეულება მოაწყვეს.

    ელბა და დაუერი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. წყვილი 2018 წლის თებერვალში დაინიშნა. სერიალ ლუთერის ვარსკვლავისა და პოტენციური ჯეიმს ბონდისთვის ეს უკვე მესამე ქორწინებაა.

  • ზესტაფონში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

    ზესტაფონში, ავტოავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა.არიან დაშავებულებიც. 3 ადამიანი  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

  • მეტრო გოცირიძეზე ტექნიკური პრობლემების გამო მოძრაობა შეფერხდა

    მეტროსადგურ გოცირიძეზე ტექნიკური შეფერხების გამო მოძრაობა დღეს საღამოს დაახლოებით 20 წუთით გაჩერდა. თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით მიზეზი ხარვეზი გახდა, რომლის გამოც მატარებლის ჩიხში გადაყვანა გახდა საჭირო. მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. დაზიანებული მატარებლის ჩიხში გადაყვანის შემდეგ მოძრაობა აღდგა.

    ბოლო პერიოდში ხარვეზები თბილისის მეტროპოლიტენში ხშირია. მიზეზი ხან მატარებლების დაზიანება, ხან ელექტროგაყვანილობა და ხან სავალ ნაწილზე არსებული პრობლემებია.

  • HBO და Universal Pictures-ი საქართველოში კინოგადაღებებისთვის ადგილს ეძებენ

    2019 წლის 25 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესტუმრებიან, ისეთი ცნობილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: HBO, UNIVERSAl PICTURES.ისინი საქართველოში კინოგადაღებებისთვის ადგილებს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”აწარმოე საქართველოში” ავრცელებს.

    ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „TRANSFORMERS”, „STAR WARS: The Force Awakens“, „SKY FALL“, “NEVER LET ME GO” და ა .შ. სტუმრები 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს, უფლისციხეს, ციხისძირს და რუსთავს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას.

    ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებს და არსებულ ინფრასტრუქტურას.

    აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია რასაც შემოსული 20 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 39.8 მლნ ლარს შეადგენს.

  • როგორ მოვკლათ ანაკონდა. ნიკა გვარამია მოსახლეობას ივანიშვილის წინააღმდეგ გამოღვიძებისკენ მოუწოდებს

    რუსთავი2–ის გენერალური დირექტორის ახალი ვიდეომიმართვა მისი ფეისბუქ გვერდით ამჯერად შაბათ დღეს გავრცელდა. ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილს ცნობილ ეპითეტთან ერთად ახალი სახელი მოუძებნა – ანაკონდა. ის მაყურებელს ანაკონდას დამარცხებისკენ მოუწოდებს:
    “როგორ კლავდნენ ამაზონიაში ანაკონდას. როცა სიდიდის გამო ვერ ერეოდნენ, ტანზე ისვამდნენ ზეთს, წვებოდნენ და იმკვდარუნებდნენ თავს. მოდიოდა ანაკონდა, იწყებდა გადაყლაპვას, როცა მივიდოდა ხელებამდე, ამაზონიელი შლიდა ხელებს, ვეღარ ყლაპავდა ანაკონდა და იხრჩობოდა, კვდებოდა. ხოდა მეგობრებო, გამოვიღვიძოთ, უკვე გვყლაპავს ანაკონდა, ხელებამდეა მოსული. გავშალოთ ეს ხელები და დედა მ@@@@@ნათ, დავახრჩოთ ანაკონდა, ჩვენი,ადგილობრივი, უზარმაზარი, დედა@@@@@ული სვავი დავახრჩოთ, იგივე ანაკონდა, გავშალოთ ხელები, მოვიდა გაზაფხული, გამოვიღვიძოთ.
    გაზაფხულის დადგომას გილოცავთ და გახსენებთ, რომ გაზაფხულზე ყველაფერი იღვიძებს და ბრძენი ამაზონიელი აბორიგენების ხერხს მივმართოთ. გვყლაპავს უკვე ანაკონდა, არა იმიტომ რომ ჩვენ ჭკვიანები ვიყავით და თავი მოვიმკვდარუნეთ. არა, უბრალოდ ამ პროცესშია. მოსულია უკვე ხელებამდე და დროზე უნდა გავშალოთ ხელები თორემ თუ აცდა ამ ხელებს, მერე უკვე თავსაც გადაყლაპავს და დამთავრდება ყველაფერი. არ მივცეთ ამის უფლება. გამოვიღვიძოთ და გავშალოთ ხელები.“ – ამბობს ნიკა გვარამია ვიდეომიმართვაში.