Blog

  • ამერიკელი სენატორი, პოსტსაბჭოთა სივრცეში კარგად ცნობილი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა

    ამერიკის ყოფილი სენატორი, რიჩარდ ლუგარი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მდებარე არაკომერციულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ – ლუგარის ცენტრმა გაავრცელა, რომლის საპატიო პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარი იყო.

    რესპუბლიკელი სენატორი რუსეთში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ბირთვული შეიარაღების შემცირების პროგრამის ერთ–ერთი დამფუძნებელი იყო.

    ის რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მუშაობდა სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში და ორჯერ ოთხწლიანი ვადით მისი თავმჯდომარე იყო. ინდიანას შტატიდან სენატორად ექვსჯერ აირჩიას. იყო ინდიანაპოლისის მერიც. დემოკრატ სენატორ სემ ნანთან ერთად რიჩარდ ლუგარი ჩამოწერილი ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის და მათი გადაადგილების საშუალებების უტილიზაციის პროგრამის თანაავტორი იყო. ნანი–ლუგარის პროგრამა აშშ–ს კონგრესმა 1991 წელს მიიღო და განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებსაც იმ დროს ამ საშიში მასალების ლიკვიდაციის და დაცვის საშუალება არ ჰქონდათ.

    ამ პროგრამის რეალიზაციის შესწავლის ფარგლებში ლუგარი არაერთხელ იყო ჩასული რუსეთში. ერთ–ერთი ასეთი ვიზიტის დროს, 2005 წელს მას თან ახლდა ილინოისის შტატის ახალგაზრდა სენატორი ბარაკ ობამა.

    ლუგარი იყო სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის ლიკვიდაციის მხარდამჭერი და 1986 წელს ძალაუფლებიდან კორუმპირებული ავტოკრატი პრეზიდენტის, ფილიპ ფერდინანდ მარკოსის ჩამოშორების მხარდამჭერი.

    ლუგარის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი სენატორი 28 აპრილს დაავადების გართულების შედეგად გარდაიცვალა.

  • როგორ ცხოვრობს მუსიკოსი ზაზა კორინთელი, იგივე “ზუმბა“ ამერიკაში

    მუსიკოს ზაზა კორინთელი, იგივე “ზუმბა” უკვე 4 წელია, რაც სამშობლოდან წავიდა. P.S. მას კალიფორნიაში სან-ხოსეში ესტუმრა. მუსიკოსს სამშობლოს დატოვება არ უნდოდა, თუმცა სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა. აქ მისთვის უკვე არანაირი პერსპექტივა აღარ ჩანდა. ამერიკაში საცხოვრებლად “ზუმბა” 2015 წელს წავიდა. მისმა ბენდმა ამერიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ ბენდი უკან, საქართველოში დაბრუნდა, ზუმბა კი ამერიკაში დარჩა. 

    ზუმბა სანხოსეში იქაურ მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. სანხოსეში ბევრი ქართველი ემიგრანტი მეგობარიც ყავს. ისინი ერთად ხშირად იკრიბებიან. ამბობს, რომ კალიფორნიაში არცერთი უსაქმური ქართველი არ უნახავს. 

    “ზუმბას” მისი იქაური ბენდის წევრებთან ერთად ორსაათიანი რეპერტუარი აქვს დამუშავებული. მუსიკოსის თქმით, პროექტი ჩასაწერად აქვს გამზადებული ალბომის სახით, თუმცა როგორც ამბობს, ამისთვის ფინანსებია საჭირო.

    მღერიან კლუბებში, ქუჩებში. ამბობს რომ თუ მუსიკოსი ხარ ყველგან უნდა იმღერო. თავის ბენდთან ერთად 30 მდე კონცერტი უკვე ქონდა, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსიში და ფილადელფიაში. 

    “მე ვარ ქართული წარმოშობის დედამიწელი. აქ მე არასდროს არ მიგრძვნია თავი რომ მე ვარ ჩამოსული. მე ვარ აქაური. უფრო მეტსაც ვიზამ ჩემი ქვეყნისთვის აქედან, ვიდრე მე რომ იქ დავრჩენილიყავი და მეწვალა, ლოკალურ ჭაობში ჩავრჩენილიყავინ. თუმცა მოვა დრო ალბათ ჩემი მუსიკალური პროექტებით, ფესტივალებით გაგახარებთ. ჩამოვალ, მაგრამ არა მარტო. დიდი ჯარით.  “ – ამბობს ზუმბა

  • სეტყვა ყვარელში. დაზიანებულია 300 ჰექტარი ვენახი

    სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სეტყვამ სოფელ შილდაში, დაახლოებით 300 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა. სეტყვას ძლიერი ქარი ერთვოდა. წაქცეულია რამდენიმე ხე, რის გამოც თელავი – ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.

  • როგორ დავბლოკოთ შიმშილის გრძნობა. ოთხი მარტივი ხერხი

    ხანდახან არის სიტუაცია, როცა ჭამისგან თავის შეკავება აუცილებელია. გადაწყვიტეთ წონა დაიკლოთ ან კვების სწორი რეჟიმი გამოიმუშავოთ და გადაეჩვიოთ “მექანიკურად ჭამას“. არადა, ჭამის სურვილი გიტევთ. როგორ მოვატყუოთ ამ შემთხვევაში ორგანიზმი?

    ჭიქა წყალი

    ჩვენი ორგანიზმი ყოველთვის ვერ ახრეხებს ერთმანეთისგან გაარჩიოს შიმშილის და წყურვილის გრძნობა. ამიტომაც , სანამ საჭმელს მიადგებთ, ჯობს წყალი დალიოთ. ეს კუჭს დროებით შეავსებს და დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მართლაც გინდათ თუ არა ჭამა. შეგიძლიათ წყლის ნაცვლად მწვანე ჩაი ან კეფირი დალიოთ. თუ 15 წუთში მადა ისევ დაგიბრუნდათ, ესეიგი მართლაც გშიათ.

    ძილი

    ცხოვრების თანამედროვე ტემპი ხშირად ძილის დროს აღარ გვიტოვებს. მუდმივი გამოუძინებლობის გამო შიმშილის გრძნობა მწვავდება – ორგანიზმი ამით ცდილობს ენერგიის ნაკლებობა შეივსოს. ამიტომაც თუ საშუალება გაქვთ – წაუძინეთ. თუ შიმშილის გრძნობა საღამოს გაგიმწვავდათ, ეს დამატებითი მიზეზია რომ დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

    თამაში

    ჭამაზე ფიქრს რომ თავი დააღწიოთ, ყურადღება რამე თამაშზე ან თავსატეხზე გადართეთ. რამდენიმე წუთი თავდავიწყება და შიმშილის გრძნობაც უკან იხევს.

    მოძრაობა

    ფიზიკური დატვირთვაც კარგი ხერხია ჭამაზე ფიქრისგან თავის დასაღწევად. თანაც, ამისათვის არ არის აუცილებელი სპორტდარბაზში გაიქცეთ. უბრალოდ გასეირნებაც დაგეხმარებათ.

  • მარკ ცუკერბერგმა ცოლისთვის საჩუქარი გამოიგონა, რომელიც ყველა დედას გამოადგება

    ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ცოლს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. “ძილის“ მოწყობილობა მან თავად შექმნა და ის ბევრ ქალს გამოადგება. მარკმა საკუთარი გამოგონების ,შესახებ ინსტაგრამზე ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ ე.წ. ძილის ყუთი ბევრი ქალის ცხოვრებას შეცვლის. “ძილის ყუთი“ დაახლოებით დილის 6–7 საათისთვის ნათებას იწყებს და ამით დედას საშუალებას აძლევს გაიგოს, უკვე საწოლიდან ადგომის და ბავშვების მიხედვის დროა თუ შეუძლია ძილი განაგრძოს.
    ცუკერბერგი ყვება, რომ მისი ცოლი პრისცილა ღამით ხშირად იღვიძებდა და მუდმივად ტელეფონზე დროს ამოწმებდა, რათა გაეგო მალე გაიღივიძებდნენ თუ არა ბავშვები. ამის შემდეგ კი ძილი უტყდებოდა და დიდხანს ვეღარ ახერხებდა დაძინებას. ამიტომაც მარკმა გადაწყვიტა შეექმნა მოწყობილობა, რომელიც მის ცოლს ცხოვრებას შეუმსუბუქებდა.

    “ძილის ყუთი“ დროს არ აჩვენებს. ის უბრალოდ საჭირო დროს  ანათებს. თუ პრისცილას ღამით ეღვიძება, აღარ უწევს შფოთვა და საათის შემოწმება იმის გასაგებად, მოვიდა თუ არა უკვე ადგომის დრო. მარკი სიამაყით ყვება, რომ გამოგონებამ იმაზე უკეთ იმუშავა, ვიდრე ელოდა და ახლა მის ცოლს შეუძლია ღამე მშვიდად ეძინოს.
    მარკ ცუკერბერგმა და პრისცილა ჩანმა ერთმანეთი ჰარვარდში სწავლისას გაიცნეს. წყვილი 2012 წელს დაქორწინდა. სამი წლის შემდეგ ქალიშვილი მაქსიმა შეეძინათ, 2017 წლის ზაფხულში კი მეორე გოგონა – ავგუსტა.

  • მეცნიერებმა დაადგინეს, რა დაავადებებისგან გვიცავს ყავა

    კანადელ მეცნიერთა ჯგუფმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან გაარკვია, რომელი დაავადებებისგან გვიცავს ყავა. კვლევის შედეგები სამეცნიერო პორტალ ScienceDaily–ში გამოქვეყნდა.
    შეისწავლეს ყავის სამი ტიპი: ნაკლებად მოხალული და მაგრად მოხალული, კოფეინით და უკოფეინოდ. გაირკვა, რომ მაგრად მოხალული ყავა როგორც კოფეინით, ასევე უკოფეინოდ, ხელს უშლის კოგნიტიური უნარების ასაკობრივ დაქვეითებას, რაც ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ დადებით ეფექტს არა თავად კოფეინი ახდენს, არამედ სხვა ნივთიერება, რომელიც მოხალვისას გამოიყოფა. ეს არის ანტიოქსიდანტი ფენილინდანი, რომელიც ხელს უშლის ამილოიდური ფოლაქების – ნეიროფიბრილარული ბურთულების წარმოქმნას, რომლებიც დემენციას აძლიერებენ.
    კვლევის ერთ–ერთი ავტორი, დონალდ უივერი ამბობს, რომ ფენილინდანები უნიკალურია იმით, რომ ისინი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც აღკვეთს, უფრო სწორად კი ზღუდავს ბეტა ამილოიდებს და ტაუ–ცილების დაგროვებას, რომლებიც ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი.
  • რა სერიალებს უნდა უყუროთ მაისში. ნეტფლიქსი და HBO ნამდვილ ვარსკვლავთცვენას გვიმზადებენ

    მაისის თვე სერიალების თვალსაზრისით დატვირთული იქნება: რენე ზელვეგერი და უმა თურმანი Netflix–ის ახალ ტრილერებში ითამაშებენ, HBO კი ბოლოს და ბოლოს გამოუშვებს სერიალს ჩერნობილის შესახებ.

    ნეტფლიქსი ტელევიზიაში რევოლუციას განაგრძობს და თავის პროექტებში პირველი კლასის მსახიობებს ეპატიჟება. ამჯერად უმა თურმანი მისტიკურ ტრილერში – “საიდუმლო ოთახები“ გადაიღეს. სერიალი ახალგაზრდა ქალის, საშას ისტორიას მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაში უცნაური ამბები იწყება მას შემდეგ, რაც გულის გადანერგვას უკეთებენ. უმა თურმანი გოგონს დედის როლს თამაშობს, რომლის გული გადანერგვისთვის გამოიყენეს და რომლის შესახებ მოგონებები საშას ცხოვრებაში აღწევს.

     

    ტელევიაში ბრუნდება კიდევ ერთი დიდი მსახიობი – ჯორჯ ქლუნი, რომელიც ბოლოს სატელევიზიო სერიალში 1990–იანებში გადაიღეს. სერიალი “სასწრაფო“ ბევრს დღემდე ახსოვს. ქლუნი რეჟისორი და მთავარი რლის შემსრულებელია “ხაფანგი 22“–ში. ეს არის სასაცილო და ენამახვილობით გადმოცემული ისტორია დიდ პოლიტიკაზე და პატარა ადამიანზე .

    ქლუნიმ ჯოზეფ ჰელერის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია გააკეთა, რომელიც 60იან წლებში გაომიცა. მისი მთავარი გმირი ამერიკელი სამხედროა. ძალიან ეშინია ომში დაღუპვის და მთელი ძალებით ცდილობს ბრძოლაში მონაწილეობას თავი დააღწიოს. მაგალითად, თავს იგიჟიანებს. მინი სერიალი ექვსი ეპიზოდისგან შედგება და მასში არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს.

    პრემიერა 17 მაისს შედგება.

     

    მაისში ნეტფლიქსი აქცენტს ჰორორზე და დიდ ვარსკვლავებზე აკეთებს. სერიალი „რა იქნება, რომ.. “ (What/If) ეკრანზე რენე ზელვეგერის ერთგვარი დაბრუნება იქნება. „ბრიჯიტ ჯონსის დღიურის“ მესამე ნაწილის გამოსვლის შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა. ახალ პროექტში რენე ზელვეგერის გამირი იდუმალი მდიდარი ლამაზმანია, რომელიც ახალდაქორწინებულ ხელმოკლე წყვიტს წინადადებას სთავაზობს. შემდეგ კი საშიში თამაშები იწყება. სერიალის პრემიერა 24 მაისს შედგება.

     

    მაისში გამოვა კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ. სერიალი ჩერნობილი HBO –მ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა. სერიალზე, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე საშინელ კატასტროფას ეხება, ბრწყინვალე გუნდმა იმუშავა. სიუჟენტში აქცენტი კეთდება “მამაც ქალებზე და კაცებზე“, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს ევროპის გადასარჩენად წარმოუდგენელი კატასტროფისგან. ტრეილერის მიხედვით სიუჟეტი ძალიან მძიმე იქნება.

    პრემიერა 6 მაისს შედგება.

    კიდევ ერთი სერიალი, რომელიც მაისში გამოდის და რომელშიც პირველი რანგის ვარსკვლავი თამაშობს გახლავთ “საუკეთესოები ლოს ანჯელესში“. მთავარი გმირები ქალი პოლიციელები არიან. მთავარ როლს კი ჯესიკა ალბა თამაშობს. მისი გმირი, ნენსი ლოს ანჯელესში დეტექტივად მუშაობს და თან მარტოხელა დედაა. მისი მეწყვილე სიდი წარსულში ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა გადაწყვიტა უფრო მშვიდი სამუშაო ეშოვა და უბრალო დეტექტივი გახდა.

  • რუს ხალხს, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას – ზელენსკის პასუხი პუტინს

    უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება. ვლადიმირ პუტინის  ინიციატივაა, ყველა უკრაინის მოქალაქისთვის  გამარტივდეს რუსეთის პასპორტების აღება და აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობს.

    პუტინმა 27 აპრილს განცხადება გააკეთა ბეიჯინგში, რომელიც  უკრაინაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ეხება.

    ფეისბუქზე საპასუხო პოსტშიკი ზელენსკიმ დაგმო ინიციატივა და დასცინა რუსეთის პრეზიდენტს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ფიქრობს, მისი თანამემამულეების უმრავლესობა შეთავაზებას დათანხმდეს.

    „უკრაინელები თავისუფალი ხალხია, თავისუფალ ქვეყანაში. მე ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას  ყველა ადამიანს, რომელიც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის პირობებში იტანჯება, მაგრამ პირველ რიგში, რუს ხალხს, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან“ — თქვა მან. ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზა.

  • ბრაზილიაში მოდელი პოდიუმზე გავლისას დაეცა და შემდეგ გარდაიცვალა

    ბრაზილიაში 26 წლის კაცი მოდელი  ტალეს სოარესი პოდიუმზე გავლის დროს დაეცა რის შემდეგაც ადგილზე გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას Associated Press- ი ავრცელებს.  მოდელი მონაწილეობას ბრენდ  Ocksa-ს მოდის ჩვენებაზე იღებდა, მან პოდიუმზე გავლისას შემთხვევით ფეხსაცმლის თასმას დააბიჯა და წაიქცა, თავიდან მაყურებებლებმა იფიქრეს რომ სოარესის წაქცევა მხოლოდ და მხოლოს შოუს ნაწილი იყო თუმცა შემდეგ  მოდელი კრუნჩხვებში ჩავარდა და პირიდან ქაფი გადმოუვიდა. როგორც მისი კოლგები ამბობენ სოარესი პოდიუმზე გასვლამდე  მას შიოდა და ნერვიულობდა. მოდელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა 

  • ჩვენი მოვალეობაა, რომ ყურადღებით გავეცნოთ და გავითვალისწინო ის რჩევები, რომელიც პატრიარქმა მოგვცა – უდუმაშვილი პატრიარქის ეპისტოლეზე

    „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო განათლების სისტემაზე, ზოგადად განათლებაზე პატრიარქის შეხედულება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ დიახ, სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ქვეყნის მომავლის განვითარება და სწორედ განათლების სისტემაში არის განსახორციელებელი ძირეული რეფორმები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო გაკეთებული რაც შეეხება პატრიოტიზმის თემას და ზოგადად პატრიოტიზმის სულისკვეთების აღზრდას მომავალ თაობაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო შვილებისა და მამების ურთიერთობა, ანუ თაობებს შორის ურთიერთობები, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ არა მხოლოდ შვილებმა უნდა გაითვალისწინონ უფროსი თაობის რჩევები, არამედ უფროსმა თაობამაც უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს ის არჩევანი, რომელიც ახალგაზრდა თაობას გააჩნია. ასე, რომ ძალიან ბევრი საინტერესო გზავნილი იყო პატრიარქის ეპისტოლეში, ჩვენი მოვალეობაა, რომ ყურადღებით გავეცნოთ და გავითვალისწინო ის რჩევები, რომელიც პატრიარქმა მოგვცა,“ –  ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა , თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესთან დაკავშირებით გააკეთა. ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ეპისტოლეში ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე იყო აქცენტი გაკეთებული, რომელიც გასათვალისწინებელია.