Blog

  • “ნუ გააკეთებთ ისე, რომ ვარდების და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დამთავრდეს “-კვიციანი

    “ნუ გააკეთებთ ისე, რომ ვარდების და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დამთავრდეს“, – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა  პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძის კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.

    “5 წელიწადია სამართალს ვერ მივაღწიე, რადგან მურუსიძის კლანით არის შევსებული ჩვენი სასამართლო. ნუ გააკეთებთ ისე, როგორც პანკისში მოხდა და პანკისის ხეობის აჯანყება გამოიწვიეთ ბოლოს, ნუ გააკეთებთ ისე, მთელი საქართველო აგიჯანყდეთ, ვარდების და ცოცხების რევოლუცია ქვების რევოლუციით დამთავრდეს ბოლოს“, – განაცხადა  კვიციანმა.

  • “საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო”-გახარია პირველი სხდომის შემდეგ

    მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა.

    გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა რომ პირველი სხდომა ტექნიკურ დეტალებს ეხებოდა.

    „პრემიერისგან მივიღეთ დავალებები. მე საბჭოს წევრებს გავაცანი უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სტრუქტურა როგორ წარმოგვიდგენია. უახლოეს მომავალში საბჭო ამოქმედდება. მოგეხსენებათ, რომ საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა  გახარიამ.

    გახარიას ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო   8 წევრისგან შედგება. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

  • “ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას”-ჩაჩიბაია

    “ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე,”- შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გუშინდელ  განცხადებაზე   განმარტება გააკეთა. 

    გენერალმა განმარტა, რომ ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი  საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო. 

    ჩაჩიბაიამ მოუწოდა საზოგადოებას, რომ ნუ შეეცდებიან, სიტყვიდან ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას.

    „1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო, როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მე თავად გახლავართ მონაწილე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას. ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე. ეს არის ჩემი და ყველა პატრიოტის და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია, ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან, ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას,“ – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების  დღესთან  დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო 28 წელიწადში 4 ომი გამოიარა, აქედან 3 სამოქალაქო და 1 რუსეთისგან ფართომასშტაბური აგრესია.

  • ნიკა მელიასა და ზაზა პაპუაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის  დაპირისპირება მოხდა.

    ნიკა მელიამ და ზაზა პაპუაშვილმა ერთმანეთს შეურაცხყმოფელი სიტყვებით მიმართეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

    ინციდენტი პარლამენტის შესასვლელ კართან, სესიის დაწყებამდე  მოხდა.

    ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა რას მოჰყვა კამათი.

    ნიკა მელია აცხადებს, რომ არ აპირებს მოითმინოს ზაზა პაპუაშვილისგან შეურაცხყოფის მოსმენა.

  • “აუცილებელია ე.წ რეიდების ჩატარება”-კახა კალაძე

    “აუცილებელია ე.წ რეიდების ჩატარება”-ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    კალაძის განცხადებით, სამშენებლო უსაფრთხოების მიმართულებით  მიდგომები უნდა გამკაცრდეს და სამშენებლო ობიექტებზე  მომუშავე ადამიანები მაქსიმალურად უნდა იყვნენ  დაცული. 

    ამისათვის კალაძე სამშენებლო ობიექტებზე  ე.წ. რეიდებს აანონსებს. 

    „ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გავამკაცროთ ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება სამშენებლო ობიექტებზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით, გასულ წელს, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა, აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღება, აუცილებელია ე.წ რეიდების ჩატარება, რომ ყველასთვის მოულოდნელი იყოს მისვლა  და გადამოწმება, რომ კიდევ ერთხელ, ადამიანებმა, ყველამ გაითავისოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა თბილისის მერმა

  • “ძალიან სამწუხაროა, თუ მართლა ესე ფიქრობს გენერალი ჩაჩიბაია”- თინა ხიდაშელი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ვლადიმერ  ჩაჩიბაიას განცხადებას უარყოფითად აფასებს და თავდაცვის უწყებისგან განმარტების გაკეთებას მოითხოვს. 

    “ძალიან სამწუხაროა თუ მართლა ესე ფიქრობს გენერალი ჩაჩიბაია. მძიმე აღსაქმელია, როდესაც შენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური თვლის, რომ რუსეთთან კონფლიქტი 2008 წელს დაიწყო და ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა, იყო მხოლოდ სამოქალაქო ომი,”-აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

    საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის განცხადებაში, 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები სამოქალაქო ომებად მოიხსენია.

    „28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გუშინ, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • “თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება”-კალაძე

    “თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    კალაძის განცხადებით, ახალი ავტობუსები 8-მეტრიანია და 53 მგზავრზე გათვლილი, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

    „ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით,  ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, wifi მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi- სიგნალით დაფარვას”,- განაცხადა  კალაძემ.

    მერიის ინფორმაციით, მომწოდებელმა ეს ავტობუსები 8-თვიან პერიოდში უნდა შემოიყვანოს და ამისთვის, ხელშეკრულების პირობებით, თბილისის მუნიციპალიტეტი 64 მილიონ 790 ათას ლარს იხდის.

  • „28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო”- გენშტაბის უფროსის სკანდალური განცხადება

    საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის განცხადებაში, 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები სამოქალაქო ომებად  მოიხსენია.

    ეს განცხადება ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გუშინ  საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, მისი თქმით  საქართველომ  მხოლოდ ერთი  ომი გამოიარა რუსეთთან.

    „28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

  • “ეს არ არის უჩვეულო” -ზურაბიშვილი დავით გარეჯზე

    “არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა”-სალომე ზურაბიშვილი “ამერიკის ხმასთან ინტერვიუში” აცხადებს, რომ  დავით გარეჯის ირგვლივ არაფერი უჩვეულო და მტკივნეული არ ხდება. ზურაბიშვილისთვის  გასაკვირი აღმოჩნდა, რომ საზოგადოებამ   აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრის ჩაკეტვა ცოტა ხნით ადრე  დავით გარეჯში პრეზიდენტის ვიზიტს დაუკავშირა.

    “ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. სხვათა შორის, მე ადრეც ვიყავი ნამყოფი. ძალიან მიკვირს მე იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება, ჩვენ ტერიტორიაზე, რომელიც არის ყველა ჩვენი პრეტენზიებიდან გამომდინარე — გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის, მაგრამ მე გარკვეული ვარ იმ მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ მე ადრეც ვმონაწილეობდი — რომლებიც თვლიან, რომ ეს არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ აგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო. ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტი მიიჩნევს რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი სწრაფად უნდა განხორციელდეს წინასწარი დათმობების გარეშე.

    “მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს. ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხი არის და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით.”-განაცხადა პრეზიდენტმა.

  • “არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად აღიქვან”-პრეზიდენტი ამერიკულ ბაზებზე

    “არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად აღიქვან”- ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამერიკული ბაზების განთავსება საქართველოში სარისკოა, რადგან შესაძლოა ამ ფაქტმა რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს.

    “არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს”-განაცხადა ზურაბიშვილმა.