Blog

  • სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

    სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტის შედეგად  ზაზა რუაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

    კონფლიქტი  რუაძეს ჩუმლაყელ ძმებთან, დავით და ბაჩანა ბერულაშვილებთან მოუვიდა. ინციდენტი სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მოჰყვა. ე.წ. ბაღის უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში გზა გათხარეს, რა დროსაც დაზიანდა ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი. ოჯახი კი მის აღდგენამდე, უბანში წყლის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდა, რაზეც მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

    ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს ბაჩანა ბერულაშვილი.საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

    219 მეტრიანი გზის მშენებლობისთვის  ბიუჯეტიდან 138 ათასი ლარია გამოყოფილი.

  • წინასწარი ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე მუშის გარდაცვალება, ხარაჩოს ჩამონგრევამ გამოიწვია

    თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მუშის  გარდაცვალება, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. მშენებლობაზე დასაქმებული  მამაკაცი  მე-15 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ექიმებს ის ადგილზე  გარდაცვლილი დახვდათ.

    შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება იკვეთება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია განმარტავს, რომ სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს დემონტაჟი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეულია. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ხარაჩოს ჩამონგრევა გახდა.

    „სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი. რაც ერთი შეხედვით ჩანს და დავათვალიერეთ, არის, რომ ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები არის დარღვეული. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, დასაქმებულთა აღჭურვასთან დაკავშირებით, შესაბამის სწავლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც უნდა მოგვაწოდოს კომპანიამ და ამ ინფორმაციის შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის, სხვა დასაქმებულების გამოკითხვის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ დავდოთ ერთიანი დასკვნა, თუ რა კონკრეტულმა შემთხვევამ გამოიწვია,“ – განაცხადა მიქაიამ.

  • დღეს დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია

    მზეზე ძლიერი აქტიურობის გამო დედამიწაზე ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია.  მისმა მაშტაბმა მეცნიერების პროგნოზებს გადააჭარბა.
    ასტრონომების თქმით, ის დედამიწის ყველა გეოგრაფიულ წერტილში დაფიქსირდა. ეს არის მესამე დონის ქარიშხალი ხუთბალიან შკალაზე. ხუთბალიანი ქარიშხლები უკიდურესად იშვიათია და ათ–ოც წელიწადში ერთხელ ხდება. მაგნიტური ველის აღგზნებას დღეისთვის მეცნიერები პროგნოზირებდნენ, თუმცა მათი ვარაუდით მას პირველი დონისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა.
    ქარიშხალი დღეს დილით დაიწყო. დედამიწის მაგნიტური ველის ნორმალიზაცია შუაღამის შემდეგ დაიწყება. დილისთვის კი საბოლოოდ დარეგულირდება.
    სპეციალისტები მეტეომგრძნობელ ადამიანებს სიფრთხილეს ურჩევენ. მაგნიტურ ქარიშხლებს ყველაზე მძიმედ გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები გრძნობენ, მათ შორის მიოკარის ინფარქტგადატანილები და ისინი ვინც ჰიპერტონიით არის დაავადებული. ექიმები მათ ურჩევენ მაგნიტური ქარიშხლის დროს წამლები მიიღონ და არტერიული წნევა გააკონტროლონ.
    G5 დონის მაგნიტურ ქარიშხალს ელექტრომომარაგების და რადიოტრანსლაციის სისტემების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. ამ მოვლენაზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი 1959 წელს მოხდა და მან მთელ ევროპასა და აშშ–ში ტელეგრაფები მწყობრიდან გამოიყვანა.
  • ვანო მერაბიშვილი დაკითხეს

    ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მატროსოვის ციხეში დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით დაკითხეს.

    ადვოკატების თქმით, ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის და მათ ამ საკითხის გამოძიების იმედი არ აქვთ.

    პროკურორების განცხადებით, მათ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს იმ პირების აღწერილობასთან დაკავშირებით, ვინც მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანა.

    მერაბიშვილის ადვოკატების თქმით, მერაბიშვილი უკვე მესამედ დაკითხეს და მან წინა 2 დაკითხვაზეც გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ციხიდან მისი გაყვანის როგორც დამკვეთების, ისე შემსრულებლების შესახებ.

    „ვიზუალურ დახასიათებას სთხოვდნენ, მაგრამ ბუნებრივია მათი სახელი და გვარი არ იცოდა და ვერ იტყოდა, მაგრამ მაშინაც ამბობდა და დღესაც გაიმეორა, რომ მათი ამოცნობა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი გავიდა. რაც შეეხება მათ მახასიათებელს დღესაც აღუწერა, რა ფერის თვალი ჰქონდათ, ეს არც მაშინ უთქვამს და ვერც დღეს იტყოდა, იმიტომ რომ ღამე იყო. პრაქტიკულად არცერთი კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრზე, პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ,“- განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მერაბიშვილის განცხადებით, ის ციხიდან გაიყვანეს.ამის შესახებ მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

    მერაბიშვილის განცხადებით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა.

    საქმეზე საქართველოში ჩატარებული გამოძიება უშედეგოდ დასრულდა. ახალი გამოძიება კი სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციის საფუძველზე განახლდა.

  • პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

    პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიას ფარულ ჩანაწერს, სადაც ის ამომრჩევლის მოსყიდვის  გზებზე საუბრობს.

    „2019 წლის 14 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.

    ასევე, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    გია დანელია  გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს და მის მონაწილეობას მსგავს საუბრებში არ ადასტურებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ესაა მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.

  • თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

    თბილისი-რუსთავის საავტომობილო  გზაზე მანქანა ბორდიურზე ავარდა, შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა ეს ინიციატივა, ვეთანხმები სალომე სამადაშვილს და მზად ვარ, ხმა მივცე“-კვიციანი

    “მიუხედავად იმისა, ვინ შემოიტანა ეს ინიციატივა, ვეთანხმები სალომე სამადაშვილს და მზად ვარ, ხმა მივცე“, – ეს განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. კვიციანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.

    “შემზარავი ფაქტი მოხდა, ამაზრზენად მოეპყრნენ მაჩალიკაშვილების ოჯახს, ჯერ მაშინ, როდესაც შვილი მოუკლეს, არ იქცევიან ტერორისტები ისე, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახი იქცევა. 1 წელია, ეძებს სამართალს და ვერ მიაღწია, რომ გაიგოს, რატომ მოუკლეს შვილი და ჩვენც გვაინტერესებს ეს.

    ასე რომ არ გაგრძელდეს და ვიღაცეებს სახლში არ მოგვაკითხონ, აუცილებელია დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ბოლოსდაბოლოს მოიხსნას კითხვა, რატომ იქნა დახვრეტილი. ჩვენს ქვეყანაში მე მგონი სიკვდილით დასჯა აკრძალულია, გვახსოვს, ეს წინა პერიოდში როგორ ხდებოდა, ეს ფაქტი არ უნდა დავუშვათ და არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ფაქტს გაგრძელება მოჰყვეს“, – განაცხადა  კვიციანმა.

    პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ.

    პარლამენტს დადგენილების პროექტით ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. პროექტი პატიის წევრმა სალომე სამადაშვილმა წარადგინა.

  • ზუგდიდში ოპოზიციაზე თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე დაკავებულია

    ზუგდიდში სანდრა რულოვსსა და მისი შტაბის წევრებზე თავდასხმის მონაწილე გელა კვარაცხელია დაკავებულია.

    ის ზუგდიდის პოლიციაში იმყოფება, კვარაცხელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და მერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას გამო დაესხა თავს.

    შეგახსენებთ, რომ დასპირისპირება ზუგდიდის ცენტრში იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსის “ოდიშს” ინტერვიუს აძლევდა.რამდენიმე პირმა  მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლო გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

  • ცხოველთა ორთაბრძოლების ჩატარება სისხლის სამართლის წესით დაისჯება

    შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მიხედვით ცხოველის მოვლის წესები მკაცრდება. პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა იკრძალება.

    პროექტით, აკრძალულია ორთაბრძოლების მოწყობა, ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების შესახებ და ასევე ცხოველების გაწვრთნა ორთაბრძოლებისთვის.

    კანონპროექტის მიხედვით, ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;

    პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;

    ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

  • ალიასკაზე ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა. არის მსხვერპლი

    ტურისტებით დატვირთული ორი ჰიდროთვითმფრინავი ალასკის სამხრეთ–დასავლეთით ერთმანეთს შეეჯახა. აშშ–ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით დაღუპულია მინიმუმ ოთხი ადამიანი. ორი კი უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
    ინციდენტი ქალაქ კეტჩიკანის სიახლოვეს მოხდა. ასოშეითედ პრესის ინფორმაციით ერთი თვითმფრინავის ბორტზე 11 ადამიანი იყო, მეორეზე კი 5. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველი თვითმფრინავის 10 მგზავრი გადარჩა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
    ორივე თვითმფრინავს საკრუიზო ლაინერის, “როიალ პრინცესის“ მგზავრები გადაჰყავდა პოპულარული ნაკრძალის დასათვალიერებლად.
    ერთ–ერთი თვითმფრინავი კომპანია Taquan Air–ს ეკუთვნოდა. კომპანიამ უკვე გამოთქვა სამიძმარი, ისევე როგორც საკრუიზო ლიანერის პრეს–სამსახურმა.
    აშშ–ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს წარმომადგენლის, ალენ კენიტცერის ინფორმაციით ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. საძებრო–სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენები, სამხედროები და მოხალისეები მონაწილეობენ.