Blog

  • ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დილიდან განახლდა

    ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ  განახლდა.

    ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური,სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

    180-მდე მეხანძრე-მაშველი და მეტყევე სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ცეცხლს გვიან ღამემდე ებძროდა. ღამითვე მოხერხდა ორივე კერის ლოკალიზება. ხანძრის კერების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მაშველები და მეხანძრეები ადგილზე მთელი ღამე დარჩნენ.

  • “ზუგდიდში სანდრას გამარჯვებით ოცნება ანტიმიშას ინსტრუმენტს კარგავს“– გია ხუხაშვილი

    ექსპერტი გია ხუხაშვილი ზუგდიდის მერის არჩევნებში ქართული ოცნების წაგებას ხელისუფლებისთვის საბედისწეროდ თვლის. მისი განცხადებით სანდრა რულოვსის გამარჯვებით ქართული ოცნება მთავარ ინსტრუმენტს–ნაციონალურ მოძრაობასთან უპირატესობას კარგავს, რითაც ამდენ ხანს ძალაუფლებას ინარჩუნებდა:
    “ნებისმიერი რჩევნები ხელისუფლებისთვის არის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა, მაგრამ ზუგდიდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირდაპირი სიმბოლოკაა ზუგდიდში ჩადებული. ზუგდიდში არჩევნების წაგება რას ნიშნავს? მითუმეტეს სანდრა რულოვსის მოგება. ნიშნავს იმას, რომ მოხდება მიშა სააკაშვილის რეაბილიტაცია ქართულ პოლიტიკაში. ამის ტოლფასია. რეალობა ასეთია, რომ რულოვსი უდრის მიშას და რულოვსის გამარჯვება ნიშნავს მიშას რეაბილიტაციას ქართულ პოლიტიკაში, ანუ იმ კრიტიკულ წერტილს, სადაც ქართულმა ოცნებამ დაკარგა ყოველგვარი მორალური უპირატესობა ნაციონალურ მოძრაობაზე. ეს არის მარტივი დიაგნოზი.

    ამ წერტილთან ქართული ოცნება დიდი ხანია მიახლოებულია და ანტიმიშას რესურსი ფაქტობრივად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამოწურა. ის მასობრვი ფსიქოზი, რაც ამ თემას ახლდა, სისხლიანი ცხრა წელის თემას, მეორე ტურის წინ ისტერიკაში გადაიყვანეს. ახლა ანტიმიშას ტესტირება ხდება. ანუ მიშას რეაბილიტაცია ხდება. რეალურად გაფორმება არჩევნების წაგების, დე ფატო შეიძენს იმ მნიშვნელობას, რომ ანტიმიშას ნარატივი დასრულდა.

    ქართული ოცნება სისტემურად ისედაც დასრულებულია უკვე, უბრალოდ ეს გასაფორმებელია, მაგრამ ამას მე ვხვდები და შეიძლება კიდევ რაღაც რაოდენობა ადამიანების. ასეთი ადამიანების წრე გაფართოვდება ზუგდიდიში ისეთი არჩევნების წაგებით, სადაც მთავარი ინსტრუმენტი იკარგება. ქართული ოცნება ხელისუფლებას ხომ არ ინარჩუნებს იმიტომ, რომ ვიღაცას მოსწონს. დღემდე ინარჩუნებდა არა იმით, რომ ვინმეს მოსწონს, არამედ იმით, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანში ვიღაცას უკეთესად მიაჩნია. ჩვენ ხომ ცუდსა და უარესს შორის ვირჩევთ და ხალხის რაღაც რაოდენობას მიაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე ცოტა უკეთესი მაინც არის ქართული ოცნება, მიუხედავად იმისა, რომ არაფრად არ ვარგა ისიც. ეს მთავრდება, ანუ ის კრიტიკული მასა ილახება. მთავარი, ანტიმიშას ინსტრუმენტი ქართულ ოცნებას ეცლება და 2020 წლისთვის აღარ რჩება ის მთავარი ტექნოლოგიური იარაღი, რითაც თეორიულად შეიძლება წარმატებას მიაღწიოს. “– ამბობს გია ხუხაშვილი

  • “ივანიშვილს ეზიზღება აჭარა და აჭარლები“–სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილი ხულოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებების კრიტიკას ვიდეომიმართვით პასუხობს.  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 12 მაისს მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრისას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი და ამჟამად მმართველი პარტიის რიგებში მყოფი ანზორ ბოლქვაძე გაიხსენა და მას დეგრადირებული უწოდა: 

    “…არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ რაღაცებში თავი გამოიჩინა მორიგი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. ხულოს სამხატვრო გალერეა… ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?” – თქვა მან.

    მიხეილ სააკაშვილის ამ გამონათქვამებს კრიტიკა და განცხადებები მოჰყვა იმის შესახებ, რომ მას ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. საპასუხო ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ ხულოელებისთვის ბოდიში ივანიშვილს აქვს მოსახდელი:

    “ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას!

    ბოდიში იმისთვის,რომ გააჩერეს სათხილამურო კურორტების მშენებლობა,ყველა სასტუმრო კომპლექსი და მისასვლელი გზა…
    ბოდიში იმისთვის,რომ მოკლეს გოდერძის გვირაბის პროექტი,შეაჩერეს ჩემს მიერ დაწყებული ხიხანის რეაბილიტაცია..
    ბოდიში აქვთ მოსახდელი,მათ შორის,იმისთვის,რომ ჩემს მიერ აღდგენილი და გარემონტებულ სამხატვრო გალერეაში და სხვა სახელმწიფო სიპებში უამრავ ფულს ახარჯავენ ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებს,მაშინ,როდესაც ხალხი გაამათხოვრეს და დაამშიეს…
    ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის,რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები…
    მაგრამ,ვინაიდან ის ბოდიშს არ მოიხდის და უტიფრად აქეთ გვედავება,აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას,მათ შორის,უახლოეს დღეებში,ხულოში“– ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

  • როგორ აქრობენ ხანძარს ბორჯომის ხეობაში (ვიდეო)

    ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერები ლოკალიზებულია. ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები დილიდან განახლდება, რადგან სიბნელის გამო ვერტმფრენის გამოყენება არაეფექტურია.  ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უცნობია, რა ფართობი დაიწვა ხანძრის შედეგად.  გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.  

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

    ადგილზე იმყოფებიან თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150-მდე მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდებოდა. 

    გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს შევიდა. ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ორივე კერასთან მუშაობდა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • „ტერმინატორის“ მსახიობმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

    ფილმის “Terminator Salvation ” მსახიობმა ისააკ კაპმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 42 წლის მსახიობი არიზონას შტატში ხიდიდან გადმოხტა.  ინფორმაციას “Nbcnews”– ავრცელებს. 
    მსახიობმა თავი მაყურებლებს  ფილმ “ტერმინატორით” დაამახსოვრა, მას ასევე აქვს შესრულებული როლები ისეთ ფილმებში როგორიცაა “Terminator Salvation”, “Thor”   და ასევე პოპულარულ ამერიკულ სერიალში “Breaking Bad”-ში.

    მან გარდაცვალებამდე საკუთარ ინსტაგრამზე  პოსტი გამოაქვეყნა სათაურით : “უფრთხილდი მას ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, რადგან მას დასაცავიც არაფერი აქვს” 

  • სანდრა რულოვსი ამომრჩეველთან შეხვედრისას ავტოავარიას გადაურჩა

    კიდევ ერთი ინციდენტი ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა რა დროსაც   დიდი სიჩქარით მოძრავი  მერსედესის მარკის ავტომობილი  მათი მიმართულებით შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „მოვიდა მერსედესი და ძალიან დიდი სისწრაფით უნდოდა ხალხში შესვლა. ხედავთ რამდენი ბავშვი დგას აქ? რომელიმე ბავშვს თმაც, რომ ჩამოუვარდეს, ხომ გესმით მე რა დღეში ჩავვარდები? რა უხერხულში? რამხელა პასუხისმგებლობაა ხო,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა
    თუმცა ადგილობრივები ამბობენ რომ  ავტომობილში “ოცნების” აქტივისტები ისხდნენ და მათი მიზანი  დაპირისპირების პროვოცირება იყო. 

  • ჩინეთში Wikipedia დაბლოკეს

    ვიკიპედიის მფლობელი, „ფონდი ვიკიმედია“ ადასტურებს, რომ ჩინეთში ონლაინ ენციკლოპედიის მრავალენოვანი გამოცემა დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC”-ზე ვკითხულობთ. მრავალენოვანი ონლაინ ენციკლოპედია თავდაპირველად მხოლოდ ჩინურ ენაზე იყო დაბლოკილი თუმცა ირკვევა რომ ამჟამად ვებგვერდი ყველა ენაზე დაბლოკილია. როგორც ირკვევა  სთან ერთად ათასობით  სხვა ვებ-გვერდებიც დაბლოკილია.

    „აპრილის მიწურულს, „ფონდმა ვიკიმედიამ“ აღმოაჩინა, რომ ვიკიპედია ჩინეთში ხელმისაწვდომი აღარ არის. ჩვენი ინტერნეტტრაფიკის დეტალური ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთში ამჟამად Wikipedia მთლიანად დაბლოკილია. “ — ვკითხულობთ „ფონდ ვიკიმედიის“ განცხადებაში.

    პირველად არ ხდება როდესაც ხელისუფლება მრავალენოვან ონლაინ ენციკლოპედიას ბლოკავს, 2017 წელს  მსგავსი გადაწყვეტილება თურქეთმაც მიიღო. ხოლო წელს ვებგვერდი ვენესუელამაც დაბლოკა. 

  • რატომ ვერ ხვდება საქართველო ევროვიზიის ფინალში. წარუმატებელი მცდელობების ქრონიკა

    უკვე მესამე წელია საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ ხვდება. წელს საქართველო ოთო ნემსაძემ სიმღერით – „სულ წინ იარე“წარადგინა, თუმცა გუშინ ისრაელში გამართული კონკურსის პირველ ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელმა ჟიურის და მაყურებლის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ფინალში ვერ გადავიდა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, თუ რა განაპირობებს სიმღერის ამ კონკურსზე საქართველოს წარუმატებლობას, თუმცა ამჯერად, მოდით უბრალოდ გადავხედოთ საქართველოს შედეგებს ბოლო 12 წლის განმავლობაში ევროვიზიის კონკურსზე.

    საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით My Story. კონკურსი ჰელსინკში, ფინეთში გაიმართა.

    2008 წელს ქვეყანა ბელგრადში ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით Peace Will Come. მან მე-11 ადგილი დაიკავა.

    2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი “სტეფანე და 3G” გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა – Put In Disco.
    მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.

    ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

    2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა.

    2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა Eldrine, სიმღერით One More Day მეცხრე ადგილი დაიკავა.

    2012 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე სიმღერით, I’m a Joker ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. კონკურსი ამ წელს ბაქოში ტარდებოდა.

    2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შვედეთში საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall მე-15 ადგილზე აღმოჩნდნენ.

    2014 წლის ევროფესტივალი კოპენჰაგენში გაიმართა. ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ.საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა. საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior მე-11 ადგილზე გავიდა.

    2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, შვედეთში ჩატარდა. საქართველო ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz წარადგინეს, სიმღერით Midnight Gold. ისინი მეოცე ადგილზე გავიდნენ.

    თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

    2018 წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე საქართველო ჯგუფმა “ირიაო“–მ წარადგინა სიმღერით “შენი გულისთვის“. ფინალში ვერ მოხვდა.

  • ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის-ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ

    ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის. ხანძრის ჩასაქრობად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

    შსს-ს ცნობით, ადგილზე იმყოფება 150-მდე მეხანძრე-მაშველი. რთული
    რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.