შუალედური არჩევნების წინა დღეს, ვითარება ზუგდიდში უკიდურესად იძაბება – ცოტა ხნის წინ, სროლის ხმა ისმოდა 87-ე საარჩევნო უბანთან, ფაიფურის დასახლებაში.გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელ ზოია ფარცხავას დასაშინებლად იმ დროს გაისროლეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა.შეიარაღებული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა უბნის შესასვლელთან.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ამ დროისთვის ზუგდიდის პოლიციის შენობაში ჩვენების მისაცემად მივიდა.
Blog
-
სროლის ხმა საარჩევნო უბანთან -ზუგდიდში ვითარება უკიდურესად იძაბება
-
ქოქოსის კუნძულებზე ინდოეთის ოკეანიდან 238 ტონა ნაგავი გაირიყა
ქოქოსის კუნძულების ტროპიკულ სანაპიროზე ინდოეთის ოკეანიდან 414 ტონა ნაგავი გაირიყა. ამ ინფორმაციას “CNN”-ი ავრცელებს. კვლევის მიხედვით ავსტრალიის განაპირა კუნძულებზე ეკოლოგებმა 414 მილიონი პლასტიკის ნარჩენი აღმოაჩინეს. აქედან თითქმის ერთი მილიონი ფეხსაცმელია, 370 000 კი კბილის ჯაგრისი.
კვლევის ხელმძღვანელმა, და ეკოტოქსიკოლოგმა ჯენიფერ ლავერსმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი ნარჩენების უდიდესი ნაწილი, ერთჯერადი მოხმარების საგნებია, მაგალითად ბოთლის თავსახური, საწრუპი ჩხირები და სხვა.
,,განცალკევებული კუნძულები იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ობიექტურად შევაფასოთ ასეთი ნარჩენების მოცულობა”, – განაცხადა ჯენიფერ ლავერსმა.
მკვლევარებმა ქვიშის 10 სანტიმეტრიანი სიღრმე შეამოწმეს, ამასთან დაკავშირებით სტატიის ავტორი ასევე აცხადებს, რომ ეს პრობლემის მცირე ნაწილია,ეკოლოგიური პრობლემების, რადგან ოკეანიდან გარიყული ნივთების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწის სიღრმეში იმალება
ეკოლოგების განცხადებით, ყოველწლიურად, წარმოებული პლასტმასის ნივთების 40% ოკეანეში ხვდება.რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ოკეანეში შესაძლოა, 5 ტრილიონზე მეტი პლასტმასის ნივთი იყოს.
-
არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდება
ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ცესკო-ში გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხვალინდელი შუალედური არჩევნებისთვის მზად არიან.
დარღვევებზე რეაგირებისთვის იმუშავებს ცესკო-ს ცხელი ხაზი. 19 მაისის არჩევნებზე უბნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა იქნება.
„არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 ათას 556 წარმომადგენელი. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში იყო შესული საჩივრები. არცერთი მათგანი არ არის პროცედურული ხასიათის. ძირითადი მოთხოვნა არის ადმინისტრაციული, შესაბამისად, კანონმდებლობის თანახმად, მათ განხილვას აქვს შესაბამისი ვადები და განხილვა მოხდება შესაბამის ვადებში,“ – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
-
ტოჩინოშინმა ზედიზედ მე-7 ბრძოლა მოიგო
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე “ტოჩინოშინმა” ზაფხულის ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო. ლევანის დღევანდელი მეტოქე ექს-ოძეკი კოტოშოგიკუ იყო. ტოჩინოშინმა მეტოქის დოჰიოდან გაყვანა მისი ჰაერში აწევით შეძლო. ტოჩის კოტოშოგიკუსთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა 9:24. დღეს კი მის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ მე-10 ბრძოლა მოიგო.
ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 7:0-ზე ბალანსი აქვს და გათამაშების ლიდერია. ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად მას კიდევ სამი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.
-
“ოცნება” ოპოზიციას ვითარების დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნება“ ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი უპრეცედენტო შანტაჟის და დაშინების ფაქტებს უარყოფს და ოპოზიციას ვითარების დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებს.
საგანგებო ბრიფინგი დღეს არჩილ თალაკვაძემ გამართა, რომელიც აცხადებს, რომ ძალადობის არც ერთ ფაქტს ხელისუფლება რეაგირების გარეშე არ დატოვებს.
თუმცა რატომ არ არის ამ დრომდე დაკავებული არც ერთი პირი, ვინც ძალადობაშია ბრალდებული, ამ შეკითხვაზე თალაკვაძეს პასუხი არ აქვს.
„ყველა სამუშაო მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს კარდაკარ, ჩვენი შიდა კვლევებით, ჩვენი კანდიდატი, გეგა შენგელია დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს და მაღალი აქტივობის შემთხვევაში, მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. ამიტომ, მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ხვალ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, დააფიქსირონ თავისი არჩევანი და ამით ხელი შეუწყონ პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გეგა შენგელიას გამარჯვებას,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციებზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, სოფო ქაცარავა.
„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ დაიცვას სიმშვიდე, რადგან მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ შუალედური არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. ამისთვის, ყველა კომპეტენტური უწყება არის მობილიზებული,“ – განაცხადა ქაცარავამ
-
“ყველაფერს გვთავაზობენ იმისთვის რომ ხმა სანდრა რულოვსს არ მივცეთ” – ზუგდიდში “ოცნების” ზეწოლა გრძელდება
არჩევნების წინა დღეს ზუგდიდი კვლავ ამომრჩეველზე ზეწოლისა და შანტაჟის მთავარი ეპიცენტრია. სოფლებში ონკოლოგიურ პაციენტს ხელისუფლება ძვირადღირებული წამლის ტრანსპორტირებას დაპირდნენ, სანაცვლოდ კი ოჯახმა თანასოფლელების მობილიზაცია უნდა მოახდინოს და ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცენ.
„ვიცი, რომ მოდიან „ოცნების“ ლიდერები, თანამშრომლები და ვინც სანდრა რულოვსს ვაძლევთ ხმას, უნდათ ყველას შემოსყიდვა. აძლევენ ზოგს პურის ფულს, 50 მანეთს, ცემენტს, ბევრ რაღაცას აძლევენ, იმისთის, რომ სანდრა რულოვსს ხმა არ მივცეთ,“ – განაცხადა ადგილობრივმა.
„სთავაზობენ 10 ათას ლარს, მე-4 სტადიის კიბო აქვს ავადმყოფს. კოორდინატორია ნარუშვილი ვასიკო, უთხრეს, რომ 10 ათასი ლარით დაგაფინანსებთ, თუ შენი სამეზობლოდან პირადობებს მოგიტანთ. 80-მდე ადამიანმა პირადობა მისცა. იწყებენ 50ლარიდან, 100 ლარიდან,“ – აცხადებს ერთ-ერთი პირი.
აღნიშნული ინფორმაცია ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მარიკა დათუკიშვილმა გადაამოწმა.
„ადამიანის ჯანმრთელობით, ფაქტობრივად, ვაჭრობენ. ადამიანს, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს და მას სიცოცხლისთვის აუცილებლად ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტი, ამ მედიკამენტის თანხას ურიცხავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ის მეზობლებიდან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, შეკრებენ პასპორტებს, რომ არ მიეცეთ საშუალება, ხვალ მივიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა სანდრა რულოვსს. მაგრა ხელისუფლებას ავიწყდება, რომ კახათში ცხოვრობს ყველაზე ერთგული, პატრიოტი, ღირსეული ადამიანები. ისინი ხელისუფლების პროვოკაციებს, ამ ბინძურ მეთოდებს არ წამოეგებიან,“ – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
-
“ნუ გეშინიათ მე აქ ვარ”- რულოვსი ამომრჩეველს მიმართავს
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი მოსახლეობას მიმართავს. სანდრა რულოვსი, ადგილობრივებს სიმტკიცისკენ და არჩევნების დღეს აქტიურობისკენ მოუწოდებს.ვიდეო მიმართვა მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ჩემო ზუგდიდელებო, ეს ულამაზესი კუთხე ჩემი სახლია, მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემს ოდა-ბადეს. მას სჭირდება მშენებლობა, მოვლა და მზრუნველობა და მე მზად ვარ, დავუთმო ჩემი მთელი რესურსები და მთელი ენერგია. თქვენ იცით, რომ 25 წელია, მე მირჩევნია დავდგე თქვენს გვერდში და დაგეხმაროთ, ვიდრე ვიცხოვრო ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში. გული მტკივა, როცა ვხედავ, რა მოუტანა 7-წლიანმა უპატრონობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და განუკითხაობამ ზუგდიდს – უკიდურესი გაჭირვება, შემოსავლის გარეშე, შიმშილის ზღვარზე დარჩენილი ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრები ხშირად ემიგრაციაში იმყოფებიან.ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით, ამ მართლა ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში, აქ ხომ მედეას სამშობლოა, კოლხეთი და სასწაულმოქმედ მკურნალობაში ვერკვევით. ჩემს და თქვენს სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას შორის ვერავინ ჩადგება, ვერც ზონდერი, ვერც პროვოკატორი და მითუმეტეს, ვერც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რადგან ჩვენი პოლიციის შინაგანი ძახილია ემსახუროს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და არ იყოს ვათანძარა მბრძანებლის მონა და მსხვერპლი. ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას და ხალხთან ერთად გადავაქციოთ ზუგდიდი საქართველოს ევროპულ კარიბჭედ, სწრაფი განვითარების მთავარ ცენტრად, სადაც ემიგრანტები დაბრუნდებიან და სადაც ადამიანები დასაქმდებიან და მიაღწევენ წარმატებას და კეთილდღეობას. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ – მა მიორს ზუგდიდი,”-განაცხადა სანდრა რულოვსმა.
-
წყალტუბოში საკრებულოს ოპოზიციის კანდიდატის საარჩევნო ბანერი მოიპარეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს დეპუტატობის ოპოზიციის კანდიდატის, ზაურ ქაშიბაძის საარჩევნო ბანერი მოიპარეს. „ევროპული საქართველოს“ წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, სევერიან გორდულაძე ქურდობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბანერი ქუჩაში 10 მეტრის სიმაღლეზე იყო დამაგრებული და სპეცტექნიკის გარეშე ვერ ჩამოხსნიდნენ.
გორდულაძის ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ოპოზიციის მომხრეებს აშინებენ და არჩევნებზე მისვლას უკრძალავენ.
პარტია “ევროპული საქართველოს” საარჩევნო ბანერი ხელისუფლებამ მოიპარა.
ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სევერიან გორდულაძემ პრესკლუბ “მედიარუმში” განაცხადა. მისივე თქმით, მათ პოლიციას წუხელვე მიმართეს. დღეს დილით კი პოლიციიდან აცნობეს, რომ ბანერი ქარს ჰქონდა წაღებული. სევერიან გორდულაძეს ამ ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ ქარის მიერ ბანერის წაღება ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
“საღამოს 9 საათისთვის აღარ იყო უკვე ბანერი. პოლიცია გვეუბნეა თითქოს ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა ის და კეთილსინდისიერად დააბრუნა. ახლა ვაპირებ პოლიციაში მისვლას, რომ მოგვცენ ბანერი”, – ამბობს სევერიან გორდულაძე.
წყალტუბოში შუალედური არჩევნები გუმბრის თემში ტარდება. ამომრჩეველმა საკრებულოს წევრი უნდა აირჩიოს. სულ 12 კანდიდატია დარეგისტრირებული. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიცია.
-
“ევროკავშირი მხოლოდ დაშინებისკენაა მიმართული” – მარი ლე პენი
ფრანგი პოლიტიკოსს, მარინ ლე პენს მიაჩნია, რომ ევროკავშირი ევროპას კლავს. განცხადება საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერმა მილანში, დაგეგმილი მსვლელობის წინ გააკეთა.
ლე პენსი ერვროკავშირს ციხის სისტემას ადარებს, რომელიც არადემოკრატიულია და მხოლოდ დაშინებისკენაა მიმართული. პრესკონფერენციაზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატიც პარიზიდან, რომელიც ნაციონალისტებმა კამპანიის ლიდერად აირჩიეს.
ევროპარლამენტის არჩევნები 23-დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება.
-
“ არავის მივცემთ სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას“–შსს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“2019 წლის 19 მაისს შუალედურ და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.
ამ მიზნით, ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით, ამ პერიოდში მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.
პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას.
მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
საარჩევნო პროცესების დროს პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს. პოლიცია არავის მისცემს სიტუაციის გამწვავების შესაძლებლობას და არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი.
პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის უფლებას, საკუთარი არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.“–ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.