Blog

  • “კორცხელში მასწავლებლებს აიძულებენ, ბიულეტენზე “მე მიყვარს საქართველო,” ან საკუთარი ინიციალები დაწერონ” – ბაჩანა შენგელია

    სამეგრელოში, წინასაარჩევნო გარემო დაძაბულ რეჟიმში სრულდება, არჩევნებამდე 2 დღით ადრე ამომრჩეველზე ზეწოლის მორიგ ფაქტებზე გარდაცვლილი სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია საუბრობს. შენგელიას ინფორმაციით, საჭირო ხმების მიღებას ხელისუფლება სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების დაშინებით ცდილობს.

    “დაიწყო გაყალბების უპრეცედენტო (ან ჩვეული) კამპანია და ისევ სკოლის დირექტორების და პედაგოგების ზეწოლის და დაშინების გზით ზუგდიდში.

    სოფელ კორცხელში, პედაგოგებს მოსთხოვეს ბიულეტენის უკანა მხარეს მიაწერონ ,,მე მიყვარს საქართველო”, ხოლო ,,ქართული ოცნებისთვის” განსაკუთრების არასანდოებს თხოვენ სახელ-გვარის ინიციალების მიწერას.

    არაერთ სკოლაში პედაგოგებს დაავალეს ფოტო გადაუღონ ბიულეტენს, რომელშიც იქნება შემოხაზული 41.

    ისევ სკოლები, ისევ ტერორი, ისევ ძალადობა… გაიღვიძეთ!”-წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

  • ოჯახი ბედნიერი და კანონიერია მაშინ, თუ ის შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან- ილია მეორე

    “ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერია. კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან” – ამ სიტყვებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მსვლელობის მონაწილეებს მიმართა.

    “უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც. დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენ ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი, შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან. ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა ილია მეორემ.

    საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა. ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე  2014 წლიდან აღინიშნება.

  • ბორჯომში ვერტფრენმა წყალი შემთხვევით მეხანძრეებს და ჟურნალისტებს გადაასხა (ვიდეო)

    ქართველი მეხანძრე-მაშველი გოჩა სიდამონიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს სადაც ჩანს რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა წყალი შემთხვევით მეხანძრეებს და ჟურნალისტებს გადაასხა.  ვიდეო კადრები ბორჯომში 3 დღის წინ გაჩენილი ხანძრის ქრობისას არის გადაღებული.

  • მერიამ საბავშვო ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიას შესაძლოა კონტრაქტი შეუწყვიტოს

    საბავშვო ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიას შესაძლოა მერიამ კონტრაქტი შეუწყვიტოს. განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ გააკეთა. ილია ელოშვილმა კომპანია „ნილს“ უკანასკნელი გაფრთხილება მისცა და აღნიშნა, რომ მომავალში მცირედ გადაცდომასაც კი რეაგირება და ხელშეკრულების შეწყვეტა მოჰყვება.
    „ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს, რაც გამოიხატება რიგ შემთხვევაში დაგვიანებით პროდუქტის მიწოდების, ხოლო ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მიტანით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შიდა რესურსი, ნაშთები და ასევე კომპანია „ნილმაც“ იზრუნა იმისთვის, რომ მომხდარიყო შესაბამისი პროდუქტების ან ჩანაცვლება შიდა ნაშთებიდან, იმგვარად, რომ ამ ფაქტებს გავლენა არ ჰქონოდა ბავშვების კვებაზე. გაფრთხილება არის უკანასკნელი მათ მიმართ. ორშაბათიდან მცირედი გადაცდომაც კი, მიუხედევად იმისა, თუ რა დოზით და რა გადაცდომა იქნება ეს, დაუყოვნებლივ გამოიწვევს რეაგირებას და მოხდება მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა,“- განაცხადა ელოშვილმა.
  • 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

    „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, მაღაროელები „ჭიათურა მანგანეცის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. დასაქმებულებმა მათ კიდევ ერთხელ გააცნეს თავიანთი მოთხოვნები, თუმცა მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ეხება, შეთანხმება ვერ შედგა.

    15-მა მაღაროელმა რამდენიმე წუთის წინ შიმშილობა დაიწყო.

    „შეთანხმება არ შედგა, დიალოგის რეჟიმი წარიმართა თვალში ნაცრის შეყრით, არანაირი შეთანხმება არ შემდგარა. დაიწყეს რაღაც გადაიარაღებაზე ლაპარაკი. სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ ერთი ტონა სუფთა მანგანეცის ღირებულება არის რამდენიმე ათასი. აქ გვეუბნებიან 6 დოლარს. დღეს ველოდებით კონკრეტულ პასუხს ჩვენს მოთხოვნებზე, რომ 100%-ით შესრულდებოდა ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ არ დაკმაყოფილდა ერთი პროცენტითაც კი. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ აქციას,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გელა მეზღელიძე.

    „ხელფასს რაც შეეხება, ჩვენ გამოვედით იმ არა რეალობიდან, რაც დღეს შეუძლია კომპანიას, 10-15%-ის მატება. თუ არ მისცეს კომპანიას მუშაობის უფლება, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მოპოვების საშუალება და ეს სახელმწიფომ უნდა მისცეს ნებართვები სხვადასხვა ადგილებში, ჩვენ ამაზე მეტის მატების საშუალება ესეც არ გვაქვს,“ – განაცხადა ”ჯორჯიან მარგანეცის” გენერალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

  • მატიის დე ლიხტმა ახალ გუნდთან შეთანხმებას მიაღწია

    ამსტერდამის აიაქსის კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა ახალ კლუბთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და ახლა საქმე კლუბებს შორის ურთიერთობაზეა დამოკიდებული.

    ესპანური მედიის ინფორმაციით დე ლიხტი ძალიან ახლოსაა კატალონიის ბარსელონაში გადასვლასთან. მათი ცნობით, აიაქსელთა კაპიტანის აგენტი უკვე შეხვდა ბარსელონას ხელმძღვანელობას და მათ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

    თუმცა 19 წლის ფეხბურთელს აიაქსთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს მისი შეძენა მოუწევთ, რაც იოლი არ იქნება. დე ლიხტის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 70 მილიონი ევროა.

    დე ლიხტის გარდა კატალონიელებმა ფრენკი დე იონგის ტრანსფერზეც იმუშავეს და ახალი სეზონიდან დე იონგი სწორედ ბარსელონას ღირსებას დაიცავს.

  • რულოვსის მხარდამჭერ შეხვედრაზე დასწრების გამო ქმარმა ცოლზე იძალადა

    ზუგდიდში წინასარჩევნო კამპანია ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი საკუთარ ცოლს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდა, რომ ქალი გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდამჭერ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

    როგორც ირკვევა, რომ „ოცნების“ ადგილობრივმა კოორდინატორმა, ბაჩანა ეხვაიამ, ოჯახის წევრს დაურეკა და განუცხადა, რომ ეს ქალბატონი პოლიტიკისთვის ჩამოეშორებინათ.

    „შვილს უთხრეს, რატომ წავიდა დედაშენი, „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკა ვიღაცამ. ამის გამო მოუვიდათ უკმაყოფილება. ცოლ-ქმარს შორის მოხდა უკმაყოფილება. „ქართული ოცნების“ კორდინატორმა დარეკა იმიტომ, რომ მოეხდინა ზეგავლენა, ოჯახს არ მიეღო მონაწილეობა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე. როგორ შეიძლება სახელმწიფო დონეზე ხდებოდეს, რომ ასე დაუპირისპირო ოჯახი ერთმანეთს, მეზობლები ერთმანეთს,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ დაშინებულები არიან და ამიტომ წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი არ შეუძლიათ. „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და საარჩევნო შტაბის წევრები მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან.

    „მეშინია. შიში მაქვს. ბიჭებს უკრეკავს, უფრო ახალგაზრდებს. რამე რომ ვთქვა, ეწყინებათ. საკმაოდ დაძაბული მდგომაროებაა,“ – აღნიშნა ადგილობრივმა.

  • ჭიათურის მაღარომ მუშაობა შეაჩერა

    ჭიათურის მაღაროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 200-მდე მუშაა გაფიცული, რის გამოც მაღაროების უმეტესობაში მუშაობა შეჩერებულია.

    შეხვედრა  ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. 

    “ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით,მუშებს  ხელფასის მაქსიმიმუმ 15%-იანი ზრდა შესთავაზეს, თუმცა ამ შეთავაზებაზე მათ  უარი თქვეს.

    გაფიცულებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი  ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და მათ  სოლიდარობა გამოუცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, მუშების პროტესტი სამართლიანია.

    მაღაროელების მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი ზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.