Blog

  • ფოთში 45 წლამდე მამაკაცი ტბაში დაიხრჩო

    ფოთში 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გრეიფრუტის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე ტბაში დაიხრჩო.

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თევზაობის დროს მოხდა, მამაკაცს  სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა. 

    მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს.

    გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • რამ აღაშფოთა ლაშა ბუღაძე.ზურა ჯაფარიძე,მთაწმინდის არჩევნები, ნამგალი და ურო

    ზურაბ ჯაფარიძის ვიდეომიმართვას, რომელშიც ის საუბრობს, რატომ არ უჭერს გირჩი მხარს მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში შალვა შავგულიძეს, მწერალ ლაშა ბუღაძის ყურადღება მიიპყრო, თუმცა არა იმდენად შინაარსის, არამედ იმ ატრიბუტიკის გამო, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის უკან კედელზე კიდია. ზურა ჯაფარიძის მიმართვა გირჩის მიერ გახსნილ საროსკიპოშია ჩაწერილი, სადაც კედელზე საბჭოთა კავშირის დროშა ნამგალი და უროს გამოსახულებით, ასევე სექს–აქსესუარები კიდია და კადრშიც ფონად მოჩანს.

    “ეს ადამიანი აქ ძალადობრივი სისტემის შესახებ გამოთქვამს თავის აზრს მთაწმინდის არჩევნების კონტექსტში, რაც შესაძლოა ვიღაცისთვის საკამათო იყოს, ვიღაცისთვის არა, მაგრამ ამ შემთხევაში არა თემა, არამედ სიმბოლოა მნიშვნელოვანი – ზურგს უკან მას მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ძალადობრივი სისტემის “ხატება” – ბოლშევიკების წითელი დროშა უკიდია თავისი ნამგალით და უროთი, რომლის ფრიალის ფონზეც მილიონობით ადამიანი გააქრეს და მოკლეს სსრკ-ს გულაგებში. მათ შორის, აქტუალურ მთაწმინდაზე, ინგოროყვას 22-ში (ყოფილ ძერჟინსკის ქუჩაზე), სადაც წესით მუზეუმი უნდა იყოს გახსნილი, რომელიც ისტორიის ფეხებზე დამკიდებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებდა, რა სისხლიანი კოშმარი ტრიალებდა ხსენებული წითელი ალმის ქვეშ. პუტინის საამებლად დღესაც ამავე დროშას აფრიალებენ ნეოსტალინურ-ოლიგარქიული რუსეთის ეპიცენტრში – წითელ მოედანზე და პროპაგანდისტულ-პუტინისტურ “9 მაისებზე”. მსგავსი წარმატებით შეგვიძლია გამოვიკიდოთ მესამე რაიხის ნაცისტური “სვასტიკა”, თუკი ვფიქრობთ, რომ სიმბოლოებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია, ან სულ მცირე, ძალადობაზე მაინც არ ვისაუბროთ, თუკი სტალინის დროშით კეკლუცობის ჟინს ვერ ვძლევთ ჩვენში.“– წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქ გვერდზე.

    “წითელი დროშის დედაც, შავი ინსტრუმენტალი რომ ეკიდა ჩემს უკან, ფონზე, იმით რამდენი ხალხია ნაწამები, ეგ არ იცის ეტყობა ლაშამ“–ასე უპასუხა ბუღაძის სტატუსს ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

  • ფლობს თუ არა სააკაშვილი სახლს ფლორიდაში.რუსი ჟურნალისტის სიუჟეტი და სააკაშვილის პასუხი

    “სააკაშვილი მილიარდელია! ეს რეპორტაჟი უნდა ნახოს ყველა ნაციონალმა, რომელიც გაქცეული ,,პრეზიდენტის” დირექტივებს ელოდება. სანამ თქვენ აქ მის გამო თავს იკლავთ, სანამ ემიგრანტები უმძიმესი შრომით ნაშოვნ კაპიკებს უგროვებთ, ის ფლორიდაში ერთობა!“–ამ ტექსტებით ვრცელდება სოციალურ ქსელებში რუსი ჟურნალისტის, სტენ გრუნსკის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელშიც თითქოსდა მაიამიში მიხეილ სააკაშვილის და თემურ ალასანიას მიერ შეძენილ ბინებს ეხება. (იხილეთ რეპორტაჟი სტატიის ბოლოს)

    რეპორტაჟი შეიცავს ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფრაგმენტსაც, რომელშიც თითქოს ერთმანეთს თემურ ალასანია და მიხეილ სააკაშვილი ელაპარაკებიან.
    ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ფლორიდაში მიხეილ სააკაშვილი ბინას ფლობს. მან რამდენიმე ადგილობრივიც ჩაწერა, ძირითადად რუსულენოვანები, რომელთაგან ერთი ამბობს, რომ კლუბში სააკაშვილი უნახავს.
    გავრცელებულ სიუჟეტს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქით გამოეხმაურა:
    “კიდევ ერთი ზუსტი მაგალითი ივანიშვილის და რუსების თანამშრომლობის. რუსული NTV -ს კორესპონდენტმა ძალიან სახასიათი გვარით GRUnski-იმ გამოაქვეყნა და ქოცებმა აიტაცეს ჩემი “1 მილიონიანი ვილის” ამბავი ფლორიდაში და მისამართიც გამოაქვეყნეს.
    ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა გადაამოწმა და ამ მისამართზე მფლობელი აღმოჩნდა ამერიკული კომპანია,რომელსაც კიდევ 215 მსგავსი სახლი აქვს მფლობელობაში.და ბარემ დანარჩენი სახლებიც ჩემზე გადმოგეწერათ რა იქნებოდა?…
    რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი ჩემს”გადამალულ ქონებას” და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება…რაც არ მაქვს,რას იპოვნიან?…აი დღევანდელ პარლამენტში 40 ოფიციალური მილიონერი უზით ხალხის გაღატაკების ხარჯზე,სწორედ,ამ ჯიუტი ფაქტის გადაფარვას ცდილობენ ჩემს მილიონებზე” ბინძური ლაყბობით…
    ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს,სუფთა ნაგავია და ვინც იჯერებს-კლინიკური იდიოტი.
    ახლა იმედის ჟურნალისტი,ვინმე დევდარიანი მიავლინეს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ჩემი “კუთვნილი სახლების ” გადასაღებად..well good luck asshole!“– წერს სააკაშვილი.

  • დაპირისპირება მთაწმინდაზე:შავგულიძემ ჯერჯერობით ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა

    მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური 15 ივნისამდე უნდა გაიმართოს. ერთმანეთის პირისპირ ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველო–თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დარჩნენ.


    კახაძემ ხმების 41.01% მიიღო, შავგულიძემ 36.84%

    ბრძოლას დაძაბულობას მატებს ის, რომ ამ კანდიდატებს შორის პირველ ტურში სხვაობა მხოლოდ 600 ხმა იყო, ანუ ლადო კახაძემ 6036 ხმა მიიღო, შალვა შავგულიძემ კი 5422. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის აქტივობა მთაწმინდაზე ძალიან დაბალი – 36 % იყო. შანსი, რომ კანდიდატები დამატებით ხმებს ამომრჩეველთა გააქტიურებით მოიპოვებენ ნაკლებია, რა გეგმები აქვს ქართულ ოცნებას უცნობია, ევროპული საქართველოს მხარდამჭერებმა კი დამატებითი რესურსი მესამე და მეოთხე ადგილზე გასული კანდიდატების მხარდამჭერებში დაინახეს.
    მესამე ადგილზე ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი გავიდა 6.55%–ით, მეოთხე ადგილზე კი გირჩის კანდიდატი ჰერმან საბო – 4.76%–ით. სწორედ მათი ამომრჩევლის მხარდაჭერა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი შალვა შავგულიძისთვის, თუმცა არც გირჩი და არც ალეკო ელისაშვილის მოძრაობა შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერას არ ჩქარობენ. ორი დღეა მათ ევროპული საქართველოს მხარდამჭერები მოუწოდებენ შალვა შავგულიძეს მხარი ღიად დაუჭირონ, რადგან ახლა მთავარი მთაწმინდაზე ივანიშვილის დამარცხებაა, თუმცა დაჟინებული მოწოდებები გამაღიზიანებელი აღმოჩნდა გირჩისთვისაც და ალეკო ელისაშვილისთვისაც. ორივე ამბობს, რომ პირადად შალვა შავგულიძეს პატივს სცემენ, თუმცა არ მოწონთ ის ძალა, რომელიც, შავგულიძემ პარტნიორად აირჩია, ანუ ევროპული საქართველო. გირჩის ლიდერმა სპეციალური ვიდეომიმართვაც ჩაწერა და იმაზე ისაუბრა, რატომ არ აპირებს ავტომატურად შალვა შავგულიძის მხარდაჭერას.
    “თუ რამე გინდათ, თუნდაც ხმები, უნდა დაიწოთ თხოვნით. ჩვენ გვაქვს ხმები, თქვენ გჭირდებათ ხმები და შეგიძლიათ ითხოვოთ, წესიერად. იქნებ გაძლევთ. აუ, ახლა დროზე გირჩმა აასხით და მიდით საარჩევნო უბნებზე და ჩვენი კანდიდატი შემოხაზეთ თორემ ქოცებს დაგიძახებთ, ეს არ არის თხოვნა, ეს არის მორალური დამუნათება.და ისიც ძალიან იაფი. გირჩში ეგეთი დამუნათება მაგრად გვკიდია. მეორე: გირჩი არ არის სტანდარტული ქართული პარტია სტრუქტურით, კოორდინატორებით, უბნის უფროსებით, ზონის უფროსებით და ა.შ. რომელშიც ზევიდან ქვევით ჩაასხამს ფულს და და შესაბამის ხმებს გაუშვებს საითაც უნდა.

    გირჩის ხმები არ დადის არავის ჭკუაზე, იმიტომ რომ ცხვრები არ არიან. თუ ვინმეს უნდა ჩვენი ხმები, უნდა დაგველაპარაკოს და უნდა აგვიხსნას, რატომ იმსახურებს ჩვენს ხმებს.
    რადგან ვიღაცეები ფიქრობთ რომ მორალური უპირატესობის პოზიციიდან შეგიძლიათ გირჩს ელაპარაკოთ, აგიხსნით. არ მეზარება და იქნებ მომავლისთვის გაითვალისწინოთ

    შალვა შავგულიძე არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა
    გასაგებია, რომ შავგულიძეს არავინ არაფერს არ შეეკითხება თუ ევროპულმა საქართველომ ოდესმე ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

    ამ არჩევნებზე ორი რამე უნდა გაირკვეს.
    პირველი– რომ ბიძინა ივანიშვილი სუსტდება.
    მეორე – ევროპული საქართველო იმყარებს პოზიციებს.
    პირველი კარგია, მაგრამ მეორე რამდენად კარგია გირჩი ამაში არ არის დარწმუნებული.“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე და არ მალავს, რომ ევროპულ საქართველოს არ ენდობა.
    რაც შეეხება ელისაშვილს, მის მოძრაობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს შალვა შავგულიძეს.

    “ჩვენ გვყავს მხარდამჭერები და არ გვყავს ყმები და ნახირი, ჩვენ არ ვართ ნახირის მწყემსები. იმ ადამიანებმა, ვინც მხარი დაგვიჭირა მიიღეს გადაწყვეტილება ლევან იოსელიანის სასარგებლოდ. ძალიან საინტერესო მაჩვენებელი მივიღეთ. ძალიან ბევრი ამომრჩეველი არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა. ეს იმას აჩვენებს, რომ ხალხს ყელში აქვს ამოსული ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება. ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. სააკაშვილი და ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა.

    ჩემთვის ცოტა გაუგებარია ზეწოლა და ლამის შანტაჟის ენით ლაპარაკი ჩვენდამი, რომ აი, გინდა თუ არა თქვით ერთ საათში ვის უჭერთ მხარს. ჩვენ ვთქვით, რომ დავიფქრდებით. კახაძეს რომ მხარს არ დავუჭერთ და კახაძისნაირი პოლიტიკოსები რომ პარლამენტში არ უნდა იყვნენ ეს ორჯერ ორი ოთხია. თამადა და ანეგდოტების მომყოლი თუ აკლია ჩვენს პარლამენტს არ ვიცი. ამას არც განვიხილავთ. მაგრამ ლაპარაკია იმაზე, დავუჭიროთ თუ არა შალვა შავგულიძეს მხარი. შალვა შავგულიძე რომ იყოს მხოლოდ შალვა შავგულიძე, რომელსაც პატივს ვცემ პიროვნულად, რომ იყოს მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, ერთი წამით არ შევყოყმანდებოდით ისე დავუჭერდით მხარს, და მთელი გუნდი და მთელი შტაბი გადავერთვებოდით მის კამპანიაში მოხალისეებად. მაგრამ ის მოცემულობა, რაც არის განსხვავებულია.

    ჩვენ არ გვინდა მჩატე გადაწყვეტილება მივიღოთ. არც ისე არ არის, ჩვენ რომ ვუბრძანოთ, გამწკრივებული ბატალიონი კი არ გვყავს ჩვენი მხარდამჭერების რომ ვუთხრათ: მარცხნისაკენ! ნაბიჯით იარ! მიეცით ამას ხმა. ასე არ არის. ისინი შეიძლება შემოგვიბრუნდნენ და ჩვენი მხარდაჭერა გახდეს ნულოვანი.
    რატომ მაჩქარებენ უბრალოდ ამას ვერ ვხვდები. 25 დღეშია არჩევნები. ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ რამდენიმე დღეში. დღეს მთელი დღე გვქონდა მსჯელობა გუნდში. გვინდა ჩვენს რეგიონულ წარმომადგენლობებს ვესაუბრობთ, ვეკითხებით ჩვენს ამომრჩეველს, რა იქნება მათთვის მისაღები.
    ჩვენ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ქართული ოცნების კანდიდატის მხარდაჭერა საერთოდ არ განიხილება. დავუჭიროთ თუ არა შავგულიძეს მხარი ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდში და ამომრჩეველთან განხილვის შემდეგ. რატომ არის პანიკა ატეხილი ვერ ვხვდები. ყველა ჭკუას გვასწავლის.
    შალვა შავგულიძეს დიდი ხანია ვიცნობ, წესიერი კაცია, კვალიფიციური კაცია და პატივს ვცემ. უბრალოდ მე მისი არჩევანი არ მომეწონა, და მისი იმ კოალიციაში შესვლა, რომელშიც შევიდა, თორემ შალვა შავგულიძე რომ ლადო კახაძეს ჯობია რად უნდა ამას ლაპარაკი.

    ჩვენ არ ვაკადრებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელსაც თვენახევარი ვებუნებოდით, რომ მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა გამოვუცხადოთ მაღალი პედესტალიდან, რომ დამწკრივდით და ვიღაცას მიეცით ხმა. როგორც მივიღეთ ეს ხმები, ისე დავკარგავთ
    . “ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

  • ბახტაძემ წითელ ნუსხაში შეტანილი 100-ზე მეტი ხის მოჭრის განკარგულება გასცა

    60 ცალი “იმერული მუხა” და 49 ძელქვა- ეს ის ხეებია, რომელიც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით უნდა მოიჭრას. განკარგულება 17 მაისით თარიღდება და მას  ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.  დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობამ წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების ბუნებიდან ამოღების შესახებ ნებართვა ასოციაცია ატუსთვის გახსნა. 

  • ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორ მამაკაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

    სტუდენტმა ის მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, ლექტორი სექსუალურ შევიწროებას ახდენდა.

    მომხდართან დაკავშირებით, სტუდენტმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და საგამოძიებო უწყებას მიმართა.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 150-ე მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე გამოიკითხა გოგონა.

    ბსუ-ს რექტორის განცხადებით, საკითხზე ეთიკის კომისიაც მსჯელობს და განიხილება ლექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.

  • კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე დღეს ბრწყინვალე ოთხეული გამოჩნდა

    კანის კინოფესტივალზე დღეს ბრწყინვალე ოთხეულად მონათლული ვარსკვლავური შემადგენლობა გამოჩნდა: მარგო რობი, ბრედ პიტი, ლეონარდო დი კაპრიო და კვენტინ ტარანტინო ფილმის – “ერთხელ ჰოლივუდში“ ჩვენებაზე მივიდნენ, რომელიც ფესტივალზეა წარდგენილი. ფილმი შარონ ტეიტის და 1970–იან წლებში ცნობილი ჩარლზ მენსონის სექტის ისტორიას ეხება.
    ფილმის რეჟისორი ტარანტინოა, ოთხეულის დანარჩენი წევრები კი ფილმში მთავარ როლებს თამაშობენ.
    რა თქმა უნდა, მათმა ერთად დანახვამ წითელ ხალიჩაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. განსაკუთრებით თვალისმომჭრელი რა თქმა უნდა მარგო იყო, შანელის მოკლე კაბაში და ტყავის შარვალში.

  • მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად გერმანელი მძლეოსანი აღიარეს

    20 წლის ალისა შმიდტი გერმანიიდან ავსტრალიური გამოცემის Busted Coverage–ის გმირი გახდა. ის “მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად აღიარეს“.
    ალისა მოკლე დისტანციებზე დარბის და შეჯიბრებებში მონაწილეობს. ევროპის ჩემპიონატში მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
    ფორმას სწორი კვებით და მუდმივი ვარჯიშით ინარჩუნებს. “ვცდილობ მაქსმალურად ჯანმრთელი და სუფთა საკვები მივიღო.“– წერს გოგონა ინსტაგრამზე, სადაც 333 ათასი ხელმომწერი ყავს.

    ის ხშირად აწყობს ფოტოსესიებს სტადიონზე, პოზირებს მოკლე მაისურებში და მინი შორტებში. გოგონა სპორტული ტანსაცმლის ბრენდებთანაც თანამშრომლობს.

    მისი თქმით, მთავარი მიზანი ამჟამად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაა.

  • 7 ნივთი, რომელიც თითქმის ყველა სახლშია და ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს

    ბევრი ნივთი, რომელსაც ვიყენებთ და უსაფრთხოდ ვთვლით, სინამდვილეში ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს წამლავს. უბრალოდ, ისინი მომენტალურად არ მოქმედებენ და ორგანიზმში თანდათანობით გროვდებიან, რაც საბოლოო ჯამში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ექსპერტებმა საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთების სია შეადგინეს, რომლებიც ბევრ ოჯახშია და ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს.

    1. ჰაერის არომატიზატორი

    რა თქმა უნდა, კარგია, როცა სახლში კარგი სუნია. ლამის ყველა ოჯახში ტუალეტში შეგხვდებათ ჰაერის არომატიზატორი – აეროზოლი.თუმცა თითქმის ყოველი ასეთი სპრეი შეიცავს ფტალატებს – კანცეროგენებს, რომლებიც სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენენ რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე და ასთმის პროვოცირებასაც იწვევენ.
    თუ ტუალეტის არასასიამოვნო სუნის განეიტრალება გსურთ, ჯობს უსაფრთხო საშუალებას მიმართოთ: გამოიყენეთ დისტილირებული ძმარი და რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. ჩაასხით ის მაღაზიაში ნაყიდი სფრეის ქილაში, შეანჯღრიეთ და მოასხურეთ.
    2. სანთლები
    ტოქსინებს და კანცეროგენებს შეიძლება შეიცავდეს არომატული სანთლებიც. პრობლემა ძირითადად ფითილებში იმალება.იმისათვის, რომ შეამოწმოთ ფითილი მავნეა თუ არა, აიღეთ ქაღალდის ფურცელი და შეეცადეთ სანთლის ფითილით მასზე სწორი ხაზი გაავლოთ. თუ ეს არ გამოვიდა, ესეიგი თქვენი ფითილი ტყვიას შეიცავს. ასეთი სანთლის დანთებისას სერიოზულად ვნებთ საკუთარ ფილტვებს. მის სიახლოვეს სუნთქვა იგივეა დიდი ქალაქის გზაჯვარედინზე საცობში იდგეთ.

    3. პლასტმასის შემცველი ფარდები საშხაპისთვის
    ამაზე ალბათ არც გიფიქრიათ, მაგრამ სამწუხაროდ პლასტმასის შემცველი ფარდები შხაპისთვის შეიძლება პოლივინილქლორიდს –PVC–ს შეიცავდეს. ეს არის თერმოპლასტიკის ერთ–ერთი ყველაზე იაფფასიანი სახეობა, რომელიც რეგულარულად გამოყოფს შხამიან კანცეროგენულ შენაერთებს. ის უსაფრთხოა, როცა საქმე ეხება ამ მასალის საკანალიზაციო მილებში გამოყენებას, მაგრამ თუ ეს შენაერთი საშხაპე ფარდებშია, შეიძლება ტოქსინები გამოყოს, რომლებსაც თქვენ ისუნთქავთ ან კანზე გხვდებათ. ამისგან პირველ რიგში სასუნთქი სისტემა ზიანდება.
    გამოიყენეთ ფარდები ნატურალური მასალისგან. ეს უსაფრთხოა. ან შუშის “ფარდა“ დააყენეთ.
    გაითვალისწინეთ, რომ PVC–ს ხშირად პოულობენ საბავშვო სათამაშოებში, ამიტომ ნუ შეიძენთ იაფფასიან სათამაშოებს.

    4. ხალიჩების საწმენდი საშუალება
    ქიმიკატებმა, რომლებიც ხალიჩის რთული ლაქების ამოსაყვანად არის განკუთვნილი პოტენციურად შესაძლოა ფილტვის კიბო გამოიწვიოს. მათი მთავარი მოქმედი ნივთიერება პერქლორეთილენია, ან ტეტრაქლორეთილენი. ის რამდენიმე ტიპის სიმსივნის პროვოცირებას იწვევს. კიდევ ერთი საშიში ელემენტი ნაფტალინია. ის ყელის და ფილტვების კიბოს განვითარების ალბათობას ზრდის.
    ასე რომ, სცადეთ სხვა საშუალებები, საკვები სოდა, ან ძმარი, და მოერიდეთ ქიმიურ გამწმენდ საშუალებებს. დააყარეთ ხალიჩაზე ლაქას სოდა, შემდეგ კი ძმარგარეული წყლით ამორეცხეთ. კიდევ ერთი კარგი ალტერნატივა ორთქლის საწმენდია. ის დაახლოებით 100 დოლარი ღირს, თუმცა სრულიად ეფექტური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

    5. საწმენდი საშუალებები
    ბევრი მათგანი შეიცავს ტეტრაქლორეთილენს ან პერქლორეთილენს. როგორც ზევით გითხარით, ორივე კანცეროგენია. დარწმუნდით, რომ ჭურჭლის სარეცხი ან სამზარულოს საწმენდი საშუალებები, რომლებსაც თქვენ იყენებთ ამ ნივთიერებებს არ შეიცავს.

    6. შინაური ცხოველების მოვლის საშუალებები
    ეს იმდენად ცხადია, რომ შესაძლოა თქმაც არ იყოს საჭირო, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: ყველა ნივთიერება, რომელიც ძაღლების და კატებისთვის რწყილების მოსაშორებლად არის განკუთვნილი, ადამიანისთვისაც ძალიან საშიშია. ისინი ფოსფორორგანულ ინსექტიციდებს, პერმეტრინს და კარბამატებს შეიცავენ, რომლებიც ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, ეცადეთ შინაურ ცხოველს ისე მოუაროთ, რწყილები არ გაუჩნდეს და მავნე ნივთიერებების გამოყენება არ დაგჭირდეთ.
    7. ანტიბაქტერიული პროდუქტები

    არ გამოიყენოთ საპონი და კოსმეტიკური პროდუქტები ანტიბაქტერიული ეფექტით. ისინი ბევრ კანცეროგენულ ინგრედიენტებს შეიცავს. მაგალითად, ტრიკოლსანს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.თუ მიკრობების ძალიან გეშინიათ გამოიყენეთ დასაბანად ვერცხლის შემცველი საშუალებები. უკეთესი იქნება თუ ისეთ საშუალებებს გამოიყენებთ, რომლებიც ნატურალური ინგრედიენტებისგან და უსაფრთხო ეთერზეთებისგან შედგება.
    ყოველთვის, როცა ახალ ჰიგიენურ საშუალებას ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ რისგან შედგება ის. ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. საქართველოს მსგავსი ქვეყნების უმრავლესობაში ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან ამ მხრივ რეგულაციები და დამცავი კანონმდებლობა პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ მაღაზიებში ხშირად საშიში ნივთები იყიდება.
  • გერმანიაში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი ახალშობილი ტრანსპორტში დარჩათ

    გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მშობლებს სამშობიაროდან გამოყვანილი  ახალშობილი ტაქსიში დარჩათ. ამის შესახებ  ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ავრცელებს. 

    მშობლები სამშობიაროდან ახალშობილთან და 1 წლის შვილთან ერთად ბრუნდებოდნენ, ტრანსპორტიდან გადმოსულებს მძღოლისთვის მგზავრობის საფასურის გადახდა არ დავიწყებიათ, სამაგიეროდ მძინარე ახალშობილი მანქანის უკანა სავარძელზე დარჩათ.

    როგორც ბავშვის მამა აცხადებს, მან მალევე აღმოაჩინა რომ ბავშვი დარჩა და  მანქანის გაჩერება სცადა.

    მძღოლმა  მძინარე პატარა მგზავრი  ვერ შენიშნა და გზა გააგრძელა. გამოცემის ინფორმაციით,  მძღოლმა ლანჩზეც შეიარა,  ჩვილი კი მანქანაში ამ დროს მანქანაში მიწისქვეშა სადგომზე იმყოფებოდა.  

    ჩვილი აეროპორტის გზაზე ახალმა მგზავრებმა აღმოაჩინეს და მძღოლს აცნობეს.

    მძღოლმა პოლიცია გამოიძახა, ამის შემდეგ ბავშვი ჯერ საავადმყოფოში შესამოწმებლად გადაიყვანეს, სადაც დაასკვნეს რომ ბავშვი თავს ჯანმრთელად გრძნობდა. 

    დაბნეულ  მშობლებს ბავშვი იმავე დღეს დაუბრუნდა.