Blog

  • მასშტაბური გაფიცვა ჭიათურაში- მაღაროელებს ტაქსის და ავტობუსის მძღოლები შეუერთდნენ

    ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა, გაფიცულ მაღაროელებს ტაქსის მძღოლები და  მძღოლებიც შეუერთდნენ. ისინი ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ და მსვლელობას აწყობენ. 

    ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა 15 მაისს დაიწყო. დასაქმებულები “ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებასა, ასევე  ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვენ. 

    “ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობის თქმით,   დღევანდელ პირობებში მაღაროელებისთვის ხელფასის 50%-ით მომატება არაადეკვატური მოთხოვნაა. ამის შემდეგ  ჭიათურის მაღაროს მუშებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს. რამდენიმე  მაღაროელმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

    ჭიათურის მაღაროში  მუშაობა შეჩერებულია.

  • ვინ არის ქართველი ემიგრანტი თინეიჯერი, რომელიც იტალიურ ფილმში მთავარ როლს ასრულებს?

    ცოტა ხნის წინ გადაიღეს იტალიურ მოკლემეტრაჟიან ფილმი, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა გიფონის ფილმის ფესტივალისათვის, იტალიელი რეჟისორის ლუკა მოლტისანტის მიერ. ფილმში “ფოლოუერი”, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ანონიმური პირების მიერ მოზარდების კონტროლირებას და ძალადობას ეხება, მთავარ როლს ქართველი თინეიჯერი ქეთა რიჟამაძე ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას დიასპორა.ჯი ავრცელებს. 

    ქართველი მსახიობი 14 წლისა და  დედასთან, დეიდასთან და ბებიასთან ერთად 2 წელია იტალიაში, ქალაქ სალერნოში ცხოვრობს.

    გოგონა როლისათვის სკოლაში ჩატარებული ქასთინგის მეშვეობით შეარჩიეს.

    “ეს ფილმი არის სთოლქინგზე, არ ვიცი ქართულად ასე თუ ითქმება, ანუ მოზარდების და არა მარტო მოზარდების, ასევე დიდი ადამიანების “გაკონტროლებაზე” სოციალური ქსელების მეშვეობით. ეს არის სხვა ადამიანების მიერ მათი ყოველი ნაბიჯის გაგება და ასევე ფსიქიკაზე ზემოქმედება. ეს თემა აქტუალურია მთელ მსოფლიოში და ამიტომ შეიქმნა ფილმი, რომ გაგვეგზავნა მესიჯი ყველა ახალგაზრდისთვის, თუ რისი გამოწვევა შეუძლია სთოლქინგს და ზოგადად სოციალურ ქსელს. ველაპარაკე ჩემს რეჟისორს და შევეცდებით ფილმს ქართული სუბტიტრები დავადოთ…ზემოხსენებული ფესტივალი ზაფხულში ჩატარდება და თუ ბევრი ნახვა და მოწონება ექნება სურათს, უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ.
    ” – ამბობს ქეთა გამოცემასთან საუბარში. 

  • თუთუნი ძვირდება – ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს

    თუთუნი ძვირდება, ცვლილებებზე მთავრობა უკვე მუშაობს.

    ამ დროისთვის 100 გრამი თუთუნი  ბაზარზე 5-დან 12 ლარამდე ღირს. 100 გრამი თუთუნით, სულ მცირე 100 ღერი სიგარეტი მზადდება, ანუ ერთი კოლოფი სიგარეტის ფასად მოქალაქეები დაახლოებით ხუთ კოლოფს იღებენ.

    მოვაჭრეების განცხადებით, თამბაქოს გაძვირების შემდეგ მოქალაქეებმა თუთუნის ყიდვა დაიწყეს, გაძვირების შემთხვევაში კი შესაძლოა რომ გაყიდვები საერთოდ შეჩერდეს.

    დაჭრილ თამბაქოზე აქციზის დაწესების მოთხოვნით ხელისუფლებას ბიზნესომბუდსმენი მიმართავს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სიგარეტზე გადასახადის ზრდის ფონზე თუთუნი არ იბეგრება, რაც ამ ორ ბიზნესს არაკონკურენტულ პირობებში აყენებს.

    ქვეყანაში თამბაქოს გაძვირების პარალელურად იზრდება კონტრაბანდა. წელს მხოლოდ სამ თვეში 22 668 უაქციზო სიგარეტის კოლოფი ამოიღეს.

    ოპოზიცია ფიქრობს, რომ თამბაქოზე ფასის ზრდით ხელისუფლება მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს, რადგან მწეველთა რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად არ მცირდება.

    თამბაქოსა და მისი ნაწარმზე აქციზის გაძვირება 2018 წლიდან დაიწყო. ფასის მატება რამდენიმე ეტაპად მოხდა. წლის ბოლომდე შესაძლოა, კოლოფი სიგარეტის ფასმა ათ ლარს მიაღწიოს და ამავე ფასს გაუთანაბრდეს თუთუნით დაფასოებული სიგარეტიც.

  • დააკავეს მერიის ინსპექტორი,რომელიც პირს კონდუქტორობას დაპირდა და სანაცვლოდ 700 ლარი გამოართვა

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თბილისის მერიის შიდა აუდიტის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს პირდებოდა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი” – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • გლდანში “ორი ნაბიჯის” გაქურდვასა და მარკეტში ხანძრის გაჩენაში ბრალდებული დააკავეს

    გლდანში “ორი ნაბიჯის” გაქურდვის და ამავე მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ 23 მაისს, დაახლოებით 05:00 სთ-ზე გლდანში მარკეტ ,,ორი ნაბიჯში” ფარულად შეაღწია, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ალკოჰოლურ სასმელები მოიპარა, რის შემდეგაც დანაშაულის კვალის წაშლის მიზნით აღნიშნულ მარკეტს ცეცხლი წაუკიდა.

    “პოლიციამ მ.მ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე თბილისში დააკავა, ხოლო ნაქურდალი პროდუქტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
    ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,”-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

    დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ინტერპოლმა პედოფილთა საერთაშორისო ქსელი გამოავლინა და 50 ბავშვი გადაარჩინა

    50 ბავშვი გადაარჩინეს, ცხრა ბოროტმოქმედი კი დააპატიმრეს ინტერპოლის მიერ წარმოებული გამოძიების და პედოფილების საერთაშორისო ქსელის გამოვლენის შედეგად.
    დაპატიმრებები ერთდროულად მოხდა ტაილანდში, ავსტრალიასა და აშშ–ში. ინტერპოლის განცხადებით დაკავებები გაგრძელდება.
    გამოძიება 2017 წელს დაიწყო და ის ფოკუსირებული იყო დახურულ, “ბნელ ვებ გვერდზე“, რომელსაც მთელ მსოფლიოში 63 ათასი მომხმარებელი ყავს.
    პოლიცია თვლის, რომ კიდევ 100 ბავშვი რჩება მოძალადეთა ხელში და მათ გამოვლენაზე მუშაობენ.
    ოპერაცია სხელწოდებით “Blackwrist“ ინტერპოლმა მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა ფოტოები, რომლებზეც 13 წლამდე ასაკის 11 ბიჭის მიმართ სასტიკი მოპყრობა იყო ასახული ვებგვერდზე, რომლითაც ადამიანები დაშიფრული პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობენ და კონფიდენციალობას ინარჩუნებენ.
    “ბნელი ქსელი“ – ეს არის ინტერნეტ ზონა, რომელიც ძირითადი საძიებო სისტემებისთვის მიუწვდომელია.
    აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების საგამოძიებო განყოფილებამ ვებ გვერდის IP მისამართები გამოავლინა, რომლებზეც არასრულწლოვანი ბიჭების ფოტოები და ვიდეოები იყო განთავსებული.
    პოლიციის ინფორმაციით მოძალადე ბოროტმოქმედები ყოველკვირეულად ათავსებდნენ ახალ ფოტოებს და ვიდეოს და ხშირად ბავშვებს სახეს უმალავდნენ, რათა გამოძიებას მათი იდენტიფიცირება ვერ მოეხერხებინა.

    პირველად ქსელის წევრები გასულ წელს დააკავეს: საიტის მთავარი ადმინისტრატორი, მონთრი სალანგამი ტაილანდში, მეორე ადმინისტრატორი, რეჩა ტოკპუცზა კი ავსტრალიაში.

    სალანგამი საკუთარ ნათესავ ბავშვზე ძალადობდა და მას საიტზე ყიდდა. მას ტაილანდში 146 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მის თანამზრახველს, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგს კი 36 წელი.
    ტოკპუცზას 40 წელი მიუსაჯეს ავსტრალიაში გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც 11 ბავშვის მიმართ ჩადენილ 51 დანაშაულში ბრალდებულად ცნეს. ეს განაჩენი ყველაზე მკაცრი სასჯელია ავსტრალიაში სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის.
    პოლიციამ მის კომპიუტერებში ათასობით ბავშვის ფოტო და ვიდეო აღმოაჩინა ტაილანდშიც და ავსტრალიაშიც. ზოგიერთ მათგანზე ტოკპუცზა თავად ძალადობდა ბავშვებზე. ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 15 თვის იყო.
    “თქვენ ბავშვის ყველაზე უარესი კოშმარი ხართ, თქვენ ყოველი მშობლის კოშმარი ხართ. თქვენ საფრთხე ხართ საზოგადოებისთვის“ – განაცხადა პროცესზე მოსამართლე ლიზ ჩეპმენმა.
    ბოლო ოპერაციისას დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. გამომძიებლების ინფორმაციით დაკავებულთა ნაწილი აშშ–ში ცხოვრობს და მათ საკმაოდ პატივსაცემი საჯარო სტატუსი ჰქონდათ.
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩს ფეისბუქი გაუტეხეს და შიშველი მამაკაცის ფოტო განათავსეს

    დაახლოებით 1 საათის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ძალზე უცნაური, არაადეკვატური ფოტო დაიდო. ფოტოზე გამოსახულია შიშველი მამაკაცი წარწერით: “მიყურეთ, მალე ლაივ ჩართვას გავაკეთებ.”

    იმის გამოცნობა რთული არ არის, რომ მსგავს ფოტოს თვითონ ზლატანი ან მისი წარმომადგენლები არ დადებდნენ და რეალურად ფეისბუქ გვერდზე უცხო პირი იმყოფება. უცცნაური ის ფაქტია, რომ ერთი საათის გასვლის მიუხედავად ფოტო ისევ დევს და ის ჯერ-ჯერობით არ წაუშლიათ.

  • ფეისბუქმა 3 მილიარდი ყალბი ანგარიში დაბლოკა. კომპანის ბოლო მონაცემები და პასუხი ბრალდებებზე

    ფეისბუქმა მისი “შიდა აღსრულების“ ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი რამდენ პოსტთან, ჩანაწერთან და ანგარიშთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში. ამ ექვსთვიან პერიოდში ფეისბუქმა სამ მილიარდზე მეტი ყალბი ანგარიში დაბლოკა – მეტი, ვიდრე ოდესმე წარსულში.წაშლილ იქნა შვიდ მილიონზე მეტი პოსტი “სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებით“, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ფეისბუქმა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რამდენი წაშლილი პოსტი იქნა გასაჩივრებული და რამდენი დააბრუნეს უკან, ონლაინ შემოწმების შემდეგ.
    ჟურნალისტებთან საუბრისას ხუთშაბათს ფეისბუქის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა იმ შეტევებს და ბრალდებებსაც უპასუხა, რომლებიც ბოლო დროს ფეისბუქის მიმართ გახშირდა.
    კრიტიკოსებს შორის გასულ კვირას იყო ფეისბუქის ერთ–ერთი თავდაპირველი დამფუძნებელი, კრის ჰიუზი, რომელმაც დაწერა, რომ დროა ფეისბუქი დაიშალოს, რადგან ის მეტისმეტად დიდია და ძლევამოსილი. და რაც მთავარია, მისი გენერალური დირექტორი, მარკ ცუკერბერგი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.
    ჰიუზის თქმით, ცუკერბერგი კარგი ადამიანია, მაგრამ ის კლიკების და შემოსავლების ზრდისთვის მომხმარებელთა უსაფრთხოებას მსხვერპლად სწირავს.
    მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ კომპანიის ზომა მისი უპირატესობაა და არა ნაკლი და კომპანიის დანაწევრება პრობლემას ვერ გადაწყვეტს.
    “კომპანიის წარმატებამ საშუალება მოგვცა დაგვეფინანსებინა ეს ძალისხმევა მასობრივ დონეზე. ჩემი აზრით, ჩვენი უსაფრთხოების სისტემაზე დახარჯული ბიუჯეტი ბევრად აღემატება წელს ტვიტერის მთლიან ბრუნვას.“–განაცხადა ცუკერბერგმა. ფეისბუქის განცხადებით წაშლილი ყალბი ექაუნთების ამხელა რაოდენობა სოციალური ქსელის “ცუდი მოთამაშეების“ მიერ ავტომატიზირებული მეთოდების გამოყენებით იყო შექმნილი. მაგრამ როგორც ცუკერბერგი ამბობს, ისინი გამოავლინეს და მათი უმრავლესობა მალევე წაშალეს, სანამ „ვინმეს ზიანს მიაყენებდნენ.“
    სოციალური ქსელი ამიერიდან ანგარიშში იმასაც შეიტანს, რამდენი პოსტი წაიშალა “რეგულირებადი საქონლის“ გაყიდვის გამო, როგორიც არის ნარკოტიკები და იარაღი.
    ანგარიშში ნათქვამია, რომ ექვსთვიან პერიოდში მათ რეაგირება მოახდინეს იარაღის გაყიდვის ერთ მილიონზე მეტ პოსტზე.
    ანგარიშში საუბარია იმაზეც, როგორ ებრძვის ფეისბუქი ისეთი ტიპის კონტენტის გავრცელებას, როგორიც არის: ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფოტოები, ძალადობა და ტერორიზმის პროპაგანდა. ანგარიშში წერია, რომ ამ ტიპის კონტენტის გავრცელება მინიმუმამდე დაიყვანეს და პრაქტიკულად აღკვეთეს.
    ჯამში, ფეისბუქის ანგარიშის მიხედვით ამ სოციალურ ქსელში ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის დაახლოებით 5% ყალბი ანგარიშები იყო.
    პირველად ანგარიშში მოყვანილია მონაცემები, რომ იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში მილიონზე მეტი პოსტი წაიშალა სიძულვილის ენის გამო.
    150 000 პოსტი აღადგინეს მას შემდეგ, რაც მათში სიძულვილის ენა არ აღმოჩნდა.
    ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ანგარიში შეიცავს იმ სფეროებს, რომლებშიც კომპანია აპირებს ღიაობის პოლიტიკა აწარმოოს და აშენოს უფრო მეტი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ პლატფორმას იყენებს.
  • პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავა მას არ ეხება

    საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა. 

    ზურაბიშვილის აზრით, ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტისა და გაფიცვის საკითხი თავად მას არ უნდა ეხებოდეს.

    „პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს“,- წერს  ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

    „ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული“,- აღნიშნულია  საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე.