Blog

  • აშშ-ში ტორნადომ 3 ადამიანი იმსხვერპლა

    ამერიკაში ტორნადოების სერიას მსხვერპლი მოჰყვა. ოკლაჰომის შემდეგ სტიქიამ მისურის შტატი დააზარალა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა.

    ტორნადოებს სტიქიის ზონაში გადაუღებელი წვიმა, სეტყვა, ქარი და ჭექა-ქუხილი მოჰყვა. ძლიერი შტორმი რეგიონში 20 წუთს გაგრძელდა. ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

    მეტეოროლოგები უამინდობის გაგრძელებას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

  • ლარი კვლავ მკვეთრად გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7799 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7424 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7756 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გაუფასურდა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0954 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1001 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.47 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4531 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.5160 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 მაისიდან შევა ძალაში.

  • თავდასხმა “კურიერის” გადამღებ ჯგუფზე – წყალტუბოში ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ

    წყალტუბოში “კურიერის” გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “კურიერის” ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

    ჟურნალისტი და ოპერატორი  ამ დროისთვის ქუთაისის “ევექსის” კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. ექიმების თქმით, მიმდინარეობს მდგომარეობის შეფასება.

    რუსთავი 2 შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა  პოლიციაშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი პრიმა, “ბ” ქვეპუნქტი და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

  • არაფერი განსაკუთრებული არ ხდება-ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე

    არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

    ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია და შექმნილი ვითარება ყველა ქვეყანაში ხდება.

    „მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, მითუმეტეს განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ხოლმე, ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფრი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

  • “ტელეფონი გამიტეხეს” — სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს

    შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ომარ მახარაძე, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ბრალდებებს უარყოფს და ამბობს,  რომ ტელეფონი გაუტეხეს. ამის შესახებ მან TV 25-თან განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ დაგეგმილი სიცრუე და სიბინძურეა. 

    ლექტორი ამავე  დროს ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატიცაა. 

    “ჩემი ტელეფონის აიქლაუდი გატეხილია. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვიგრძენი, რომ ჩემი ტელეფონი გატეხილი იყო. პარტიული დავალებით, მივლინებით ვიყავი ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნებზე, ეს მთელმა რაიონმა იცის. დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა, შესაბამისად დაისჯება”, — აცხადებს ომარ მახარაძე.

    შეგახსენებთ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში  დაადანაშაულა და ის მესიჯები გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ ლექტორი სტუდენტს  სექსუალური ხასიათის მესიჯებს წერს.

  • “უნდა ვიმოქმედოთ გადაუდებლად, ვისაც გვჯერა გამოგვყევით”-სააკაშვილის ლაივი თვითმფრინავიდან

    მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ფეისბუქის ქვერდით მორიგ ვიდეოჩართვას ავრცელებს, ამჯერად თვითმფრინავიდან.

    ყოფილი პრეზიდენტი იმ პოლიტიკოსებს ეხმაურება, ვინც თვლის რომ ქართული ოცნების დასამარცხებლად მთავარი სააკაშვილის ჩამოშორებაა. 

    „ჩემი ამოცანაა, რეაგირება მოვახდინოთ იმ პროპაგანდაზე, რაც ეხლა მიდის საქართველოში. მაგათი მთავარი ამოცანაა – ყველა მინუს სააკაშვილი. ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე, ყველაფერი კარგად იქნებაო. ეხლა ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სააკაშვილს სანამ არ დავამარცხებთ, ივანიშვილს ვერ დავამარდცხებთო, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე, თქვე საცოდავებო ძაან ცუდად“ – აცხადებს სააკაშვილი და მხარდამწერებს მიმართავს საქმე მიყვნენ ბოლომდე და ზაფხულში უფრო მეტად გააქტიურდნენ.

    „ივანიშვილმა და ოცნებამ ჩამოუარეს ბიზნესმენებს და უთხრეს, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, ჭირდებათ 300 მილიონი დოლარის მობილიზაცია და ყველა ბიზნესს სთხოვენ ყველა სახელმწიფო კონტრაქტში ატკატს 30-40 პროცენტს. ჩვენ უნდა ვიქმოქმედოთ ახლა, ზაფხულში და შემოდგომამდე, ვისაც გვჯერა წამოგვყევით. მესმის იქ დავები და კრიტიკები, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებსო, თქვენ მე მითანხმებთ? მოდით, ყველამ წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზანთან, ის იქნება გამარჯვებული“ – აცხადებს ექსპრეზიდენტი.

  • B COM – ახალი სივრცე ბიზნესსაზოგადოებისთვის

    თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის. B COM არის ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს. B COM ხელს შეუწყობს ბიზნესკლიენტებს ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში.

    B COM-ში გაწევრიანებულ ბიზნესკლიენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ტრენინგებს და ლექციებს, დარგის ექსპერტებისგან შეიტყონ ბიზნესსფეროში მიმდინარე სიახლეები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ ფორუმებში. პლატფორმის წევრები, ასევე, ისარგებლებენ მათ ბიზნესებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებებით.

    B COM – ში გასაწევრიანებლად საჭიროა სპეციალურად შექმნილი ბიზნესნაკრების გამოწერა: Fix, Agro ან Life. მათი გამოწერა შესაძლებელია ფიქსირებულ ფასად, რის შემდეგაც საზოგადოების წევრობის გარდა, ბიზნესკლიენტები მიიღებენ ყველა საბანკო პროდუქტს, რომელიც მათ ყოველდღიური ოპერაციებისთვის ესაჭიროებათ.

    მაგალითად, FIX ნაკრების გამოწერით, თვეში ფიქსირებულ 10 (ფიზიკური პირებისთვის) ან 20 ლარად (იურიდიული პირებისთვის), ბიზნესკლიენტები მიიღებენ შემდეგ პროდუქტებს:

    · ბიზნესბარათს;

    · თანხის განაღდებას საკომისიოს გარეშე თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში;

    · ულიმიტო და უფასო გადარიცხვებს საქართველოს მასშტაბით

    · უფასო დიჯიპას აპლიკაციას სმს სერვისსა და ინტერნეტბანკს;

    B COM-ის მიზანია შექმნას ბიზნესეკოსისტემა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინსტუმენტები, კლუბის წევრები გაიცნობენ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ბიზნესებს და ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ მათთან კონტაქტები.

  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „მივესალმები საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, წლების განმავლობაში შეჩერებული, დელიმიტაციის პროცესის განახლებას, რაზეც აზერბაიჯანში ვიზიტისას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შევთანხმდით.

    დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, მხარეები იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობით და ეს პროცესი სწრაფად მოგვცემს შედეგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

    გუშინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საუბარი იყო საფეხბურთო მატჩების გარიგებაზე, სადაც დრო ქუთაისის ტორპედოსაც დაეთმო. ერთ-ერთმა მოწვეულმა სპორტულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგების წინადადებით მიმართა და ამგვარი შეთავაზებები მისგან ახალი არ იყო. 

    ამის კომენტარს კლუბის პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა გამოეხმაურა: “ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში დღეს ერთ-ერთი სპორტული ჟურნალისტის მიერ, რომელიც გადაცემაში სტუმრად იყო მიწვეული, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. პათოსი იყო ასეთი – კლუბში მისვლისას მე, ზაალ ჩაჩავამ, გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს მატჩების გარიგების წინადადებით მივმართე. აბსურდული ბრალდების უპასუხოდ დატოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. უახლოეს დღეებში საჭირო პირებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ვაპირებ ჟურნალისტს ცილისწამებისთვის ვუჩივლო.მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და აზრადაც კი არ მომსვლია კახა ჩხეტიანისთვის ოდესმე ეს მეთქვა. სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ თავისი პროვოკაციებით იმიჯი შეულახონ როგორც კლუბებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს, ასევე სფფ-ს დიდ შრომას.”

    კახა ჩხეტიანი (ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი): “ტელეკომპანია “მაესტროს” დღევანდელ ეთერში გარიგებული მატჩებისადმი მიძღვნილი გადაცემა გავიდა, სადაც სხვადასხვა სტუმრები იყვნენ მიწვეულნი.გადაცემის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ზაალ ჩაჩავამ კლუბში მოსვლის შემდეგ მატჩების გარიგება შემომთავაზა, რაზეც, მისი თქმით, ჩემგან უარი მიიღო.ლოგიკურია, რომ ამ ბრალდებას და ცილისწამებას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი. მსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა – ზაალ ჩაჩავას ჩემთვის მატჩების გარიგება არ შემოუთავაზებია! უფრო მეტიც, ის არასდროს ჩარეულა ე.წ. საფეხბურთო საკითხებში, იქნებოდა ეს ფეხბურთელის მოყვანა/გაშვება, შემადგენლობის დაყენება თუ სხვა…”