Blog

  • „ვერტმფრენი იყო აბსოლუტურად გამართული“ – “ავიატორის” დირექტორი

    „ვერტმფრენი იყო აბსოლუტურად გამართული“ – ამის შესახებ კომპანია „ავიატორის“ დირექტორმა განაცხადა. მან მედიასთან რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდა, ტექნიკურად გამართული იყო. გიორგი მოლოდინაშვილის თქმით, საფრენ აპარატს ბოლო შემოწმება 22 მაისს ჩაუტარდა.

    მისი განცხადებით, პილოტი, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, შემთხვევამდე სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, საიდანაც თანაშემწესა და „რუსმსის“ კიდევ ერთ თანამშრომელთან ერთად ანგარში წავიდა, სადაც ვერტმფრენებია განლაგებული. კომპანიის დირექტორის თქმით, სწორედ იმ ადგილიდან გაფრინდა სასტუმროში ვერტმფრენი.

    ამ ეტაპზე არც „ავიატორის“ წარმომადგენელებს, არც შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს არ აქვთ პასუხი, რატომ ჩამოვარდა ვერტმფრენი და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

    „ვერტმფრენი იყო აბსოლუტურად გამართული და მას არანაირი ტექნიკური პრობლემა არ ჰქონდა. ვერტმფრენის ტექნიკური მომსახურება შესაბამისი დადგენილი წესებისა და რეგლამენტების მიხედვით ტარდებოდა. ამ ვერტმფრენით ჩვენ ვასრულებდით კომერციულ ფრენებს. პილოტთან ერთად ხშირად დაფრინავდნენ ჩვენი თანამშრომლები და ასევე სასტუმროს თანამშრომლები იმისთვის, რომ უფრო ახლოს გაცნობოდნენ ტექნიკას და უფრო ადვილად აეხსნათ მომსახურების შესახებ ჩვენი სტუმრებისთვის და ამ მიზნით იყო სასტუმროს თანამშრომელი ბორტზე,“ – განაცხადა „ავიატორის“ დირექტორმა, გიორგი მოლოდინაშვილმა.

    ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი პილოტი. გარდაცვლილების ცხედრები შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. კატასტროფის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან.

  • “ნაწილები გასცვივდა, პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ“ – თვითმხილველი ავიაკატასტროფას იხსენებს

    „ნაწილები გასცვივდა. პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ“ – ასე იხსენებს თვითმხილველი  ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალებს.

    მწყემსის, რომელიც შემთხვევის ერთადერთი მოწმეა ამბობს, რომ დაინახა, როგორ დაეცა საფრენი აპარატი, შემდეგ ის ამობრუნდა. მისი განცხადებით, როდესაც ვერტმფრენს მიუახლოვდა, ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო.

    თვითმხილველი ჰყვება, რომ ვერტმფრენს ცეცხლი არ გასჩენია, დაიღვარა საწვავი, შენიშნეს კვამლი და ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.

    „პირველი შეჯახება დავინახე, სადაც მიცვალებულები არიან. იქ როგორ გაფრინდა, ვეღარ დავინახე. ნაწილები გასცვივდა. პირველ შეჯახებაზევე დაიღუპნენ,“ – ამბობს თვითმხილველი

    ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე პირი დაიღუპა, მათ შორის ერთი პილოტი. გარდაცვლილების ცხედრები შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. კატასტროფის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან.

  • ლარი გამყარებას განაგრძობს

    6 ივნისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ  2.7411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.75 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.89 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0794 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0990 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.96 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4752 ლარს შეადგენს.

  • გორელი ძაღლი ჰოლივუდში მიემგზავრება

    გორელი ძაღლი, სახელად ჯორჯი ჰოლივუდში სერიალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. უსახლკარო ძაღლი ავტოგასამართ სადგურზე ამერიკული ტელესერიალების მსახიობებმა – სიმუს და ჯულია დევერებმა აღმოაჩინეს და კალიფორნიაში წაიყვანეს. დევერები ABC-ის სერიალში Castle მონაწილეობენ.

    ჯულიანამ ლეკვის ფოტოები ტვიტერზე გამოაქვეყნა და მომხმარებლებს ჰკითხა ხომ არ იშვილებდა ვინმე უპატრონო ლეკვს. ისინი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას, Dog organization Georgia-ს დაუკავშირდნენ და ძაღლი ორგანიზაციის თავშესაფარში გადაიყვანეს. ლეკვს პატრონი მალევე გამოუჩნდა. ჯორჯი კალიფორნიაში მალე მიემგზავრება,სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ელოდება.
  • ნეიმარი კოპა ამერიკას გამოტოვებს – ყატართან ამხანაგური მატჩი საბედისწერო აღმოჩნდა

    ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნეიმარი კვლავ ტრავმირებულია. მან ტრავმა ყატართან ამხანაგურ მატჩში მიიღო და როგორც აღმოჩნდა იგი კოპა ამერიკაზე საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

    27 წლის თავდამსხმელმა მატჩის 21-ე წუთზე ორთაბრძოლისას კოჭის დაზიანება მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სათადარიგო სკამზე მისი ემოციიდან რთული არ იყო იმის მიხვედრა, რომ ტრავმა მსუბუქი არ იყო და ფეხბურთელი სერიოზულ ტკივილს განიცდიდა. მატჩის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ ნეიმარს მარჯვენა კოჭის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი და იგი კონტინენტის პირველობაზე ვერ იასპარეზებდა.

    ნეიმარს ბოლო პერიოდში ტრავმები არ ასვენებენ. იანვარში მიღებული ტრავმის შემდეგ მან მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება შეძლო. ასევე ყველას ახსოვს შარშან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიღებული ტრავმა, რის გამოც მან უმნიშვნელოვანესი მატჩი გამოტოვა და საბოლოოდ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. მთლიანად 2018-2019 წლის სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ბრაზილიელმა თავდამსმხელმა მხოლოდ 28 მატჩი ჩაატარა.

  • NBA | სკოტი პიპენმა 5 წლის ბავშვს სასამართლოში უჩივლა

    ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდა სკოტი პიპენმა სასამართლოში უცნაური სარჩელი შეიტანა. შეგახსენებთ, სკოტი პიპენი ლეგენდარული ჩიკაგო ბულსის 1995-96 წლების ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და მან მაიკლ ჯორდანთან ერთად 6 საჩემპიონო ბეჭდის მოპოვება მოახერხა.

    თუმცა ამჯერად მისი ყურადღების ცენტრში მოქცევა კალათბურთს არ უკავშირდება. 53 წლის პიპენი 5 წლის გოგონას თავის 10 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლში კედლების მარკერითა და ცარცით მოხატვაში ადანაშაულებს. ამას გარდა, მოთამაშე მის სახლში მცხოვრებ ოჯახს ბრალს სდებს, რომ მათ დააზიანეს ავეჯი, დაკარგულია სხვადასხვა ინსტრუმენტები, მათი ცხოველები მუდმივად სახლში შარდავდნენ და ამასთანავე მათ დაუგროვდათ გადასახდელი დავალიანება.

    NBA-ის ლეგენდამ საკუთარი სახლი ლინდსი გლეიზერსა და ჯეიკობ ვოლოშინს 2017 წელს მიაქირავა და მათ ქირის სახით 30 000 დოლარს ახდევინებდა. 53 წლის პიპენმა მათ სახლი მას შემდეგ მიაქირავა, რაც მათი სახლი ქარიშხალმა ,,ირმამ” გაანადგურა.

    5 წლის გოგონას დედა ლინდსი გლეიზერი ამერიკაში ცნობილი კომიკოსია და ის სკოტის სარჩელს იუმორით გამოეხმაურა: ,,ვინ იფიქრებდა, რომ დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებს გაამყარებდა, სკოტი პიპენი კი აღმოჩნდებოდა გიჟი, რომელიც პატარა გოგონას უჩივლებდა.”

    ეს კომენტარი უპასუხოდ არც მომჩივანის მხარეს დაუტოვებია. ,,როდესაც სხვის სახლს ისე დააზიანებ, რომ ზარალი 100 000 დოლარზე მეტია, ამაზე ხუმრობა არ შეიძლება,” – აცხადებს პიპენის ადვოკატი.

  • ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ იულია სუსლიაკის თანმხლები ათი ბავშვი უკრაინულ მხარეს გადაეცემა – პროკურატურა

    გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის თანმხლებ ათ ბავშვს უკრაინულ მხარეს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გადაწყვეტილება საგამოძიებო უწყებამ, უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

    “საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე და შსს მინისტრის მოადგილე ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელს და საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდნენ.

    უკრაინულმა მხარემ იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვის გადაცემა ითხოვა და გამოხატა მზადყოფნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის შესაბამისი ორგანოები პასუხისმგებლობას აიღებენ ბავშვების მეურვეობაზე და მათ ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფენ.

    აღნიშნული გარანტიების მიღების შემდეგ ქართულმა მხარემ იხელმძღვანელა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით და მიიღო გადაწყვეტილება ბავშვების უკრაინული მხარისათვის გადაცემის თაობაზე”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

    იულია სუსლიაკი ზუგდიდში დააკავეს. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინიდან ათ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბავშვებს, რომელსაც საკუთარ შვილებად ასაღებდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას და სავარაუდოდ, გაყიდვას უპირებდა.

  • თბილისში ავტობუსის მგზავრებმა არასწორად გაჩერებული მანქანა გზიდან გადაწიეს

    თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, #95 ავტობუსის მგზავრებმა არასწორად გაჩერებული ავტომობილი გზიდან გადაწიეს. ვიდეო ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა.

    კადრებში ჩანს, რომ ავტობუსი გზაზე გაჩერებული მანქანის გამო გაჩერდა, მგზავრებმა კი პრობლემა საკუთარი ძალებით გადაჭრეს, რის შემდეგაც ავტობუსმა გზის გაგრძელება შეძლო.

  • „მაგ ბავშვს არ გავზრდით, არ გვინდა“ – არასრულწლოვანი დედა და ოჯახი ახალშობილზე უარს ამბობენ

    ლაგოდეხში ძალადობის მსხვერპლმა არასრულწლოვანმა გოგონამ რამდენიმე დღის წინ ბავშვი  გააჩინა. ახალშობილი ლაგოდეხში არქიმედეს კლინიკაში იმყოფება. მასზე უარს ამბობს არასრულწლოვანი დედა და მისი ოჯახი. არასრულწლოვანი გოგონას განცხადებით, მან არ იცოდა ფეხმძიმობის შესახებ.

    გოგონას  პოზიციას იზიარებს მისი ოჯახიც,რომელიც ბავშვის გაზრდაზე უარს აცხადებს.

    „მაგ ბავშვს არ გავზრდით, არ გვინდა“-აცხადებს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის დედა.

    სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია მოზარდის მიერ ბავშვის გაჩენის ფატზე ლაგოდეხის საავადმყოფოდან მიაწოდეს. 

    გენეტიკური ექსპერტიზის ნიმუშები  ლევან სამხარაულის  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში  გაიგზავნება. 

  • ავიაკატასტროფა ყაზბეგში- ვინ არიან დაღუპულები

    ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად  სამი ადამიანი გარდაიცვალა. 

    დაღუპულია 3 ადამიანი: პილოტი ილიკო ბაიდაშვილი, პილოტის დამხმარე კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.

    თანამშრომლების გადმოცემით,45 წლის  ილიკო  ბაიდაშვილი გამოცდილი პილოტი იყო, მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

    უბედური შემთხვევა ყაზბეგში დღეს დილით მოხდა.  “ავიატორ პლიუსის” კუთვნილი ვერტმფრენი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.