Blog

  • ორსულ ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 1985 წელს დაბადებული რ.გ.

    დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე – 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

    დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

    გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  • ბათუმში 18 წლის გოგონამ თავი მოიკლა- მშობლები მის შეყვარებულს ადანაშაულებენ

    ბათუმში 18 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გარდაცვლილის მშობლები შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში გოგონას 19 წლის შეყვარებულს ადანაშაულებენ. 

    ოჯახის წევრებს, შანტაჟსა და შესაძლო ძალადობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 18 წლის გოგოს წერილი იპოვეს. სადაც წერია – მკვლელი ნ…

    გარდაცვლილის დედა არც ძალადობის ფაქტს გამორიცხავს. ოჯახმა გამოძიებას უკვე გადასცა წერილი და გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მობილური ტელეფონი.

    გარდაცვლილის დედა სამართალდამცველებს დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს.

    მშობლების ინფორმაციით,გოგონამ სიცოცხლე  სუიციდით მცირეწლოვანი დის წინაშე დაასრულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000-მამუკა ბახტაძე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მამუკა ბახტაძეს კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლა ჰქონდა, სადაც საქართველოზე ისაუბრა.

    “შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000. პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელს რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას.

    განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველო ყველაზე რეფორმატორ ქვეყნად მიიჩნევა მსოფლიოში. ეს არის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყანა რეგიონში და ფართოდ არის აღიარებული ბიზნესი კეთების სიმარტივის გამო. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო განაკვეთების სიმცირით. კაპიტალდაბანდება ჩვენს ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში განვახორციელეთ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებს საქართველოს რეგიონის ცენტრად. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს ნატო-სა და ევროკავშირის ზღურბლზე ვიმყოფებით, სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ისეთ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებებით, საქართველო მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგით მე-7 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, ხოლო ღია მმართველობაზე ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე მე-5 ადგილზე ვართ ღია ბიუჯეტის ინდექსში. ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სწორი მიმართულებით ვითარდება – იქნება ეს პრესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა, რომელიც 5 პროცენტს აღემატება და სამეზობლოში ორჯერ მეტია, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციები თუ სხვა.

    არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე. ქართული დამწერლობაც კი ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს. ქართული წარმოშობისაა ვაზის ბევრი ჯიში, რომელიც დღეს ევროპასა და აზიაში მოჰყავთ. ამ სასმელის აღმნიშვნელი სიტყვა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში განსხვავებულადაა დამკვიდრებული, თუმცა ყველა მათგანი სავარაუდოდ ქართული ძირისაგან წარმოსდგება და ჟღერადობითაც წააგავს ღვინოს. ახლა კალიფორნიამ უკვე ბევრი რამ იცის ღვინის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, პირველი კალიფორნიული ღვინო 1760 წელს ჩამოისხა. თქვენ მსოფლიოში ამ სასმელის მე-5 უმსხვილესი მწარმოებელი ხართ – წელიწადში 240 მილიონი კასრი ისხმება და 75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური საქმიანობა წარმოებს, 300 000 და მეტი სამუშაო ადგილი იქმნება – და ეს ყველაფერი კალიფორნიის ფარგლებში. სავსებით არ არის ცუდი მაჩვენებელი ორიოდე ასეული წლის მქონე საქმიანობისთვის. საქართველოში 8 000 წლის განმავლობაში ტემპი ცოტათი დაბალი იყო, თუმცა ჩვენს ღვინოს დაძველება უხდება. როდესაც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ 8000 წლის განმავლობაში, საბოლოოდ ნამდვილად იხვეწები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის ათივე ბავშვი კიევში, პრეზიდენტის თვითმფრინავით წაიყვანეს

    ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის, იულია სუსლიაკის ათივე შვილი,  კიევში  გაემგზავრა.

    ბავშვები ბებიებთან ერთად საქართველოდან გუშინ საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით გაემგზავრნენ.

    ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში უკრაინის პრეზიდენტის  რწმუნებულიც იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ამოლაპარაკებებს წარმოებდა.

    „ჩვენ კარგად გვესმის თუ რატომ იყო საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვები ასაკიდან და მათი დაბადების ადგილებიდან გამომდინარე, შესაბამისმა ორგანოებმა დაუშვეს, რომ შესაძლოა ადგილი ბავშვებით უკანონო ვაჭრობას ჰქონდა. ეს ყოველივე ვითარებაში გარკვევას საჭიროებდა. უკრაინის პრეზიდენტმა სასწრაფოდ გამომგზავნა საქართველოში. ჩვენ გვესმის რომ შესაძლოა ქართული მხარე არ იყო მზად ჩვენი დაუგეგმავი ვიზიტისთვის, თუმცა საელჩოს შუამდგომლობით უმოკლეს დროში ყველა ოფიციალური საკითხი მოგვარებული იყო და ქართული მხარისგან ბავშვებს უკრაინაში გადაყვანაზე თანხმობა სწრაფად მივიღეთ,”-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა ბავშვთა უფლებების საკითხებში მიკოლა კულებამ.

    ბავშვების დედა  დედა იულია სუსლიაკი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. საქმეზე გამოძიება კვლავ, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს.

  • ბორჯომში დაკარგული 15 წლის გოგოები პოლიციამ ზესტაფონში იპოვა

    ორი 15 წლის გოგო ბორჯომიდან, რომლებიც ხუთშაბათს დღის პირველ ნახევარში დაიკარგნენ და რომლებსაც მთელი დღე ეძებდნენ პოლიციამ ზესტაფონში გვიან ღამით იპოვა.
    გოგოები მეცხრე კლასის მოსწავლეები იყვნენ. ისინი დილით გაუჩინარდნენ. მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც ბავშვები დილით სკოლაში არ მივიდნენ. მათი  მობილური ტელეფონები და მაისური ბორჯომის ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში იპოვეს, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი შესაძლოა გაიტაცეს. შსს–ს ინფორმაციით გოგონების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათ ოჯახებში ამაღამ დააბრუნებენ.
    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
  • ქართველი ბავშვების ჩაკრულო ვაშინგტონში(ვიდეო)

    ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS) ყოველ წელს, „კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას“ ატარებს. წლევანდელი კონფერენცია 5 ივნისს დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს. ის ვაშინგტონის გვერდით, ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მიმდინარეობს, სადაც ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ჩაკრულოცაა“ მიწვეული.
    ბავშვთა ანსამბლი პარასკევს, 7 ივნისს, 1 საათიან კონცერტს ჩაატარებს, რომლის საკვანძო ნაწილიც კოსმოსში 42 წლის წინ გაგზავნილი სიმღერა „ჩაკრულო“ იქნება.
    კონფერენციის დახურვამდე ანსამბლის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოზე გენერალ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.


    წყარო: ამერიკის ხმა

  • ლილოში დამწვარი ტერიტორია კოდუების დედას ეკუთვნის. “ლილო სითის“ დირექტორი დივერსიას არ გამორიცხავს

    „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი, ზვიად ქირია არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. მისი თქმით, შპს ლილო სითის მფლობელი არის ლაურა ღაჭავა, ძმებ კოდუების დედა და მასზე მიმდინარეობს ზეწოლა.

    ის ვარაუდობს, რომ ზეწოლა მის შვილებთან დაკავშირებით ხორციელდება. არ გამორიცხავს, რომ ხანძარი მაღალჩინოსნებისგან იყოს პროვოცირებული. „ბაზრობასაც აქვს პრობლემები, დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ბაზრობის მფლობელებსაც აქვთ პრობლემები და ოპერატორებსაც. პრობლემებია მთავრობის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ცდილობენ, რაღაც უმსგავსობას, როგორც ყველგან. ზოგადად ზეწოლა მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემზე არის. უმსგავსოებას ვუწოდებ იმ ზეწოლას, რაც ჩემზეა, მარტო ბაზრობასთან დაკავშირებით კი არა, ზოგადად. გვართმევენ ქონებას პროკურატურა, სასამართლო, შსს, სუსი თავი და თავია ყველაფრის. მოქალაქეები დაუცველები არიან,“ – აღნიშნა ქირიამ.

    მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებული იყო, თუმცა წყლის უქონლობის გამო, ისევ გაღვივდა.

    ლილოში ე.წ. ჩინელების დასახლებაში ჭირნახულის ქუჩაზე ხანძარი საღამოს ათი საათისთვის გაჩნდა. გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე 17სახანძრო და ორი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია და მისი ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

    ხანძრის შედეგად დაშავებული არ არის. დამწვარია დაახლოებით 1000კვ.მ. ფართობი, რომელზეც სხვადასხვა სარეალიზაციო საქონელი იყო განთავსებული.

    ხანძართან დაკამვშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
  • ლილოში ძლიერი ხანძარია

    ლილოში, ე.წ. ჩინელების დასახლებაში ძლიერი ხანძარია. ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.როგორც ამ ეტაპზე გახდა ცნობილი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • რომის პაპმა “მამაო ჩვენოს“ ტექსტი შეცვალა. სოციალური ქსელები და ეკლესიის იერარქები აღშფოთებამ მოიცვა

    რომის პაპმა ფრანცისკმა ცვლილება შეიტანა “მამაო ჩვენოს“ ლოცვის იტალიურ ტექსტში. ლოცვის ახალმა რედაქციამ ბევრი კათოლიკე მღვდელი და სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაშფოთა.
    თეოლოგები და კათოლიკე მღვთელთმსახურები ტექსტის ცვლილებაზე 16 წელზე მეტი მუშაობდნენ. ახალი ვარიანტი ვატიკანმა 22 მაისს დაამტკიცა.
    ახალ რედაქციაში ფრაზა “ნუ შეგვიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ შეიცვლება ფრაზით “ნუ მოგვცემ ნებას განსაცდელს დავმორჩილდეთ“.
    ფრანცისკი მამაო ჩვენოს ტექსტის შეცვლის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2017 წელს საურობდა და ამას იმით ხსნიდა, რომ ამჟამინდელი თარგმანი არასწორად გადმოსცემს ღვთიური ქმედებების არსს.
    “ღმერთს არ შევყავართ განსაცდელში, არამედ გვეხმარება მაშინვე აღვდგეთ დაცემის შემდეგ…ეს ცუდი თარგმანია, იმიტომ რომ აქ საუბარია თითქოს ღმერთი გვიბიძგებს განსაცდელისკენ. თუმცა სინამდვილეში განსაცდელში და ცდუნებაში სატანა გვაგდებს, ეს სატანას როლია“ – ამბობდა პონტიფიკოსი და არგუმენტად იშველიებდა, რომ მანამდე ცვლილებები უკვე შევიდა სხვადასხვა ენაზე თარგმანებში, მათ შორის ფრანგულ თარგმანში.
    რომის პაპის გადაწყვეტილებაზე რეაქცია არაერთგვაროვანი აღმოჩნდა. კათოლიკე იერარქთა ნაწილმა მის პოზიციას მხარი დაუჭირა, თუმცა გამოჩნდნენ კატეგორიული მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც თვლიან, რომ ასეთი ცვლილებები ძალიან პრობლემატურია.
    “ეს ღმერთის ლოცვაა და არა პაპის პირადი ლოცვა. ახალ აღთქმაში იესოს სიტყვები გვაქვს მოცემული და სწორედ ამ სიტყვების შეცვლა უნდა პაპს“– ამბობს ლუისვილის სამხრეთ ბაპტისტური კათოლიკური სემინარიის მეთაური ალბერტ მოლერი.
    გამოცემა Catholic World News–ის რედაქტორი, ფილიპ ლოულერი ამბობს, რომ ტრადიციული თარგმანის კრიტიკა უსაფუძვლოა. ცვლილების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მამაო ჩვენო ერთადერთი ლოცვაა, რომლის ტექსტი ევანგელეს თანხმად მოწაფეებს თავად იესომ მისცა და ის მორწმუნე ქრისტიანებს შორის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია.
    აღშფოთდა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი. ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ თანამდებობიდან ფრანცისკის გადაყენება მოითხოვა.
  • თბილისის ზღვაზე 23 წლის ბიჭი დაიხრჩო

    თბილისის ზღვაზე, Gino Paradise-ის მიმდებარედ ბანაობისას წყალში 23 წლის ბიჭი დაიხრჩო.შსს-ს ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებული პირის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამჟამად უცნობია.