Blog

  • მომდევნო დღეებში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

    მომდევნო დღეები საქართველოს  ზოგიერთ რაიონში  წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

    ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +32, +37, სანაპირო რაიონებში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

    მათივე ინფორმაციით, 12-13 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ასევე სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.

    თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

  • “პროკურორებმა ან სიმართლე ილაპარაკონ ანდა 12 ჭრილობა მარტო დათოს სხეულზე არ იქნება”-ზაზა სარალიძის მიმართვა

    “პროკურორებმა ან სიმართლე ილაპარაკონ ანდა 12 ჭრილობა მარტო დათოს სხეულზე არ იქნება”- ხორავას ქუჩაზე  მომკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე გუშინდელი მძიმე ეთერის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.

    “ეს ბოლოა და კარგად წაიკითხეთ ვისაც გეხებათ.ზაზა სარალიძის შვილის ნაირი სადისტურად დაჩეხილი შვილები არ მოგაკლოთ ოჯახებში და სანათესაოში ვინც ჩემ შვილს და ოჯახს ლანძღავთ.

    გმირობის ფასი და განმარტებაც არ იცით თქვე ოჯახ@@

    გმირი მაშინ ვიქნებოდი როცა შვილებს და მის მომავალს ადამიანებად ჩამოყალიბებულს შევხედავდი და ქვეყნისთვის გამოსადეგარ მომავალს შევქმნიდი.

    ჩემი გმირობა და მოღვაწეობა 2017 წლის 1 დეკემბერს დასრულდა”-წერს ზაზა სარალიძე.

  • “ბიზანტია ამიტომ დაინგრა”- სასულიერო პირები ლგბტქ პრაიდს ეწინააღმდეგებიან

    “ბიზანტია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?!”- განაცხადა დეკანოზმა, მედიაცენტრ “მთავარში”  ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.

    სასულიერო პირები პრაიდის ჩატარებას ეწინააღდეგებიან და მიიჩნევენ, რომ კვირეული არ უნდა ჩატარდეს.

    „ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. სოდომი და გომორი ამით დაიწყო.ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. ამის გამო დაინგრა რომის იმპერია. ბიზანტიის იმპერია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?! ასეთ პატარა ქვეყანას. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო, ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები. ჩვენ ახლა ნათლად ვხედავთ, ქვეყანა რა დღეშია. ფაქტობრივად, თავდაცვისუნარიანობა არ აქვს. ჯარი ჩვენ არ გვყავს. არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი ღმერთის იმედი გვაქვს და რაღაც ძალები ცდილობენ, რომ ღმერთთანაც დაგვაპირისპირონ“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

    “ეკლესია შეეწინაღმდეგება თუ არა ამას? რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ისე, როგორც ამას აკეთებდა ყოველთვის. რაც არის ჩვენი ძალა პირველ რიგში, ეს არის ქადაგება. თუ ეს ადამიანები დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით. თუ გამოიყვანენ ძალას ჩვენ წინააღმდეგ და გაგვწევენ, დაგვარბევენ, გაიარონ,“- დეკანოზი დავით ნოზაძე.

    სასულიერო პირების განცხადებით, ისინი აპირებენ მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ პროტესტი, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებენ,  ნაცვლად იმისა რომ ჩატარებაში დაეხმაროს, აკრძალოს მსგავსი ღონისძიებები.

    ლგბტქ პრაიდის კვირეული თბილისში 18 ივნისს დაიწყება და 1 კვირა გაგრძელდება. პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი. 

  • ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს-ვინ იქნებიან გუნდის წევრები

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. პრეზენტაცია ხვალ 15:00 საათზე შერატონ გრანდ მეტეხი პალასში გაიმართება.
    გუნდში ოქრუაშვილთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, გუბაზ სანიკიძე და კოტე კემულარია  იქნებიან.

    შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა.

  • მამაკაცს 16, ქალს კი 13 ჭრილობა აქვს მიყენებული – აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

    16 ჭრილობა მამაკაცს და 13 ჭრილობა ქალს – აგარაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მკვლელობაში ბრალდებული დაჭრილი ქალის ქმარია. წინასწარი ინფორმაციით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება. 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელი, 41 წლის ირაკლი გელაშვილი მოკლე, მეუღლე კი დაჭრა.

    ქალი ამ დროისთვის “გორმედში” რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

    ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ბრალდებული მკვლელობის ადგილზე ჰყავთ მიყვანილი. ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • “ევროპული საქართველო” ზეწოლის ამსახველ ვიდეო მასალას ავრცელებს

    “ევროპული საქართველო” მთაწმინდის ოლქში ვიდეოს ასაჯაროვებს, სადაც  პარტიის წევრებსა და უცნობ პირებს შორის დაპირისპირება ხდება.  პარტიაში ამბობენ, რომ ვიდეოში ნაჩვენები პირები  კრიმინალური ავტორიტეტები არიან და მათ შეურაცხყოფა მიაყენეს „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს, ნინო გოგუაძეს და ელენე ხოშტარიას.

    ხოშტარიას თქმით, სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს უყურებდნენ სამართალდამცველები, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ.

    „ჯამბულის ქუჩაზე პირადად ვიმყოფებოდით მე და ნინო გოგუაძე, რადგან აქ იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ყველა უბანზე მოაწყო კრიმინალების მობილიზება. ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია ასეთ კრიმინალების მიერ ქალებზე ძალადობას უყურებდეს.

    ბევრ უბანზე ხდებოდა იგივე. აქ იყო ე.წ. დობო, მისი მეგობარი გაგი მადოევი და კიდევ ბევრი კრიმინალური სახე. დემე, რომელიც კალაძის მარჯვენა ხელია და საარჩევნო საქმეებს უგვარებს. აქვე ჩანდა რკინიგზის თანამშრომელი ანი გელოვანი. ანუ სიპები, აიპები, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, კრიმინალური ავტორიტეტები, რომელიც დაკავშირებულები არიან კალაძესთან, ხელისუფლებასთან.

    ეს არის ის გზა, რომლითაც ხელისუფლება გვართმევს არჩევანს, მაგრამ გარდა ამისა, ეს ანგრევს ქვეყანას. რადგან როდესაც პოლიცია დგას, უყურებს ძალადობას და ვერაფერს ვერ აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    “ევროპული საქართველო” ხელისუფლებას მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ და ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე კრიმინალების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.

  • “ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთვის სოფლელი გოიმები”-ნათელაშვილი მთაწმინდელებზე, ვერელებზე და ვაკელებზე

    “საქართველო განვითარდება,აყვავდება,მაგრამ მთაწმინდა,ვაკე ვერას არაფერი ეშველება”- “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა  შალვა ნათელაშვილმა გუშინდელი არჩევნების შედეგები შეაფასა და თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები ამომრჩევლები გააკრიტიკა. 

    “საქართველო განვითარდება,აყვავდება,მაგრამ მთაწმინდა,ვაკე ვერას არაფერი ეშველება.ისინი მუდმივად დარჩებიან სულიერ კოლონისტ-სეპარატისტებად და მთელ ქვეყანას ყოველთვის შეხედავენ როგორც მათი ბედნიერებისათვის შექმნილ სახმარ ღირებულებას ხოლო ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთვის სოფლელი გოიმები. ისინი ყოველთვის იქნებიან ფულის და ძალაუფლების მხარეზე.წუხანდელი ღამეც ამის ტრადიციული დასტურია. რაღა უნდა გავამტყუნოთ ამის შემდეგ ხარაგაულის მაღალმთიან სოფელში მარტოდ დარჩენილი მოხუცი”,-დაწერა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში. 

  • კახეთში ავარიას 75 წლის კაცი ემსხვერპლა

    კახეთში ავარიას 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანის სოფელ ჩალაუბანთან მოხდა, მსუბუქი ავტომაქანა ტრაქტორს შეეჯახა.

    დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა,თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

    გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს და ტრანპსორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.