Blog

  • მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ლგბტ პრაიდში მონაწილეობენ

    1 ივნისს “პრაიდის თვე“ დაიწყო. ეს არის თვე, როცა ლგბტ საზოგადოების მხარდასაჭერად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არაერთი ღონისძიება იმართება. ზაფხულის პირველი თვე პრაიდისთვის “სთოუნვოლის ბუნტის“ ხსოვნის პატივსაცემად შეირჩა, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს დაიწყო, როგორც გეი ბარებში პოლიციის რეიდების საპასუხო რეაქცია.
    გასულ შაბათ–კვირას ნიუ–იორკში, ლოს ანჯელესში და აშშ–ს სხვა ქალაქებში ტრადიციული აღლუმები გაიმართა, რომლებშიც ბევრი სელებრითი მონაწილეობდა.
    მაგალითად, 46 წლის მოდელი ჰაიდი კლუმი კალიფორნიის აღლუმზე შენიშნეს. მასთან ერთად იყო ჯეი ევანს ჯექსონი, სასცენო სახელით ლეგანჟ ესტრანჟი.

    კლუმი როგორც ჩანს ღონისძიებაზე კარგად გაერთო და სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელა.

    ამავე აღლუმში მიიღო მონაწილეობა ლოს ანჯელესში მსახიობმა კეიტ ბეკინსეილმა. საღამოს კი შეკრებილებმა კონცერტზე მოიყარეს თავი, რომელიც პოლა აბდულამ და ჯგუფმა Years&Years–მა გამართეს.
    ლგბტ საზოგადოებას მხარდაჭერა გამოუცხადა 34 წლის კეტი პერიმ და სოციალურ ქსელში ცისარტყელას ფერების სამაჯურით გადაღებული ფოტო დადო.

    რიკი მარტინი კი ნიუ იორკში, პუერტორიკოულ პრაიდს შეუერთდა. შეგახსენებთ,რომ მომღერალი წარმოშობით სწორედ ამ ქვეყნიდან არის.

    ამავე აღლუმს ესწრებოდა 29 წლის ალექსანდრია ოკასიო–კორტესი – კონგრესში ოდესმე არჩეულ ქალთაგან ყველაზე ახალგაზრდა. ის აქტიურად იბრძვის ლგბტ უფლებებისთვის და ეს საკუთარი პოლიტიკური პროგრამის ნაწილად აქცია.

    ლგბტ პრაიდის დაწყება ივნისის დასაწყისიდანვე სხვადასხვა ფორმით აღნიშნა ბევრმა ცნობილმა სახემ.მაგალითად, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ მხარი დაუჭირეს ლგბტ საზოგადოებას:
    “ჩვენ თქვენ მხარს გიჭერთ. ყველაფერი ძალიან მარტივია: სიყვარული – სიყვარულია.“ მიაწერეს თემატური ფოტოების კოლაჟს მეგანმა და ჰარიმ.

    ლგბტ თემის მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა მომღერალმა მერაია ქერიმაც.

    პრაიდის მხარდასაჭერად ფოტო დადო ინსტაგრამზე კრისტინა აგილერამ.

  • ინდოეთში 8 წლის გოგოს ჯგუფურ გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულები გაასამართლეს

    ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში 8 წლის გოგოს ჯგუფურ გაუპატიურებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული რვა მამაკაციდან ექვსი დამნაშავედ ცნეს. ნაწილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
    რვა წლის გოგონას სხეული, რომელიც მომთაბარე მუსულმანური ტომის, გუჯარის წევრი იყო 2018 წლის იანვარში ქაშმირის ჯამუს შტატის ქალაქ კატუას სიახლოვეს, ტყეში იპოვნეს. რვა ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ ბევრი ინდუისტური ორგანიზაცია და ადვოკატები მათ დასაცავად აქციებს მართავდნენ.
    სამ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სამი პოლიციელი ბრალდებულად ცნეს ნივთმტკიცებების განადგურებაში და ხუთი წელი მიუსაჯეს.
    ბრალდებულები დანაშაულს უარყოფდნენ. ერთ–ერთი ბრალდებულის შვილი უდანაშაულოდ ცნეს.

    რა მოხდა?
    გოგონა 2018 წლის დეკემბერში, ახალი წლის წინა დღეებში გაუჩინარდა. მისი დასახიჩრებული სხეული სამი კვირის შემდეგ იპოვნეს. გამომძიებლები აცხადებდნენ, რომ გოგონა ადგილობრივ ინდუისტურ ტაძარში ყავდათ გამოკეტილი და საძილე საშუალებას უკეთებდნენ, რათა უგონო მდგომარეობაში ყოფილიყო.
    საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ და აწამებდნენ, რის შემდეგაც მოკლეს.ბრალდება ასევე ამტკიცებს, რომ დამნაშავეებს ამით მომთაბარე გუჯარების დაშინება უნდოდათ, რათა მათ ეს რაიონი დაეტოვებინათ.
    ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ინდოეთში ყოველ 15 წუთში მინიმუმ ერთი ბავშვი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად მსხვერპლთა რიცხვი ბევრად მეტია.

    ვინ არიან მოძალადეები?
    6 ბრალდებულს შორის არის ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკი და ოთხი პოლიციელი.ბრალდლება წაუყენეს ერთ არასრულწლოვანსაც, რომლის სასამართლო ცალკე გაიმართება.
    გამოძიება ამტკიცებს, რომ 60 წლის ყოფილმა სახელმწიფო ჩინოვნიკმა, სანჯი რამმა ამ დანაშაულის ორგანიზება ოთხი პოლიციელის დახმარებით მოახდინა. დაკავებულების ადვოკატი ამტკიცებდა, რომ საქმე არაპირდაპირ მტკიცებულებებს ეფუძნება და სასამართლოს მინიმალური სასჯელის გამოყენებისკენ მოუწოდებდა.
    ბიბისის ქაშმირელი კორესპონდენტი ყვება, როგორ შეატყობინა გარდაცვლილი გოგონას დედას სასამართლოს ვერდიქტი.
    “როცა დედას ვუთხარი, რომ ექვსი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს, ის ატირდა და დამლოცა, რომ კარგი ამბავი მივუტანე. მას და მის ნათესავებს იმის ფულიც კი არ ქონდათ, რომ თავად წასულიყვნენ სასამართლოზე დასასწრებად. ოჯახი თავს ცხვრის ფარის მწყემსვით ირჩენს.
    “ყოველთვის მჯეროდა სამართლიანობის და ღმერთმა მომცა ბრძოლის ძალა“–თქვა გოგონას დედამ
    გარდაცვლილი გოგონას უფროსი და, რომელიც 15 წლის არის ამბობს, რომ ის და სხვა გოგოები მუდმივ შიშში ცხოვრობენ, ეშინიათ ინდუისტების და სახლიდან უფროსების თანხლების გარეშე ვერ გამოდიან.
    ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში გოგონას მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მაშინვე გავრცელდა, თუმცა ინდოეთის დანარჩენ შტატებში ამის შესახებ მხოლოდ აპრილში, მას შემდეგ გაიგეს, რაც ინდუისტურმა ჯგუფებმა ბრალდებულების დასაცავი აქციები გამართეს.
    მას შემდეგ, რაც ამ საშინელი ამბის დეტალები – წამებისა და გაუპატიურების ამბავი გავრცელდა, მთელი ინდოეთი აღშფოთებამ და პროტესტმა მოიცვა. ამ მკვლელობის შემდეგ მიიღეს კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს მოძალადისთვის, ვინც 12 წელზე მცირე ასაკის ბავშვს გააუპატიურებს.
    მიუხედავად ინდოეთის საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერისა, გოგონას ოჯახი ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს კატუას რაიონში, რომელიც ძირითადად ინდუისტებით არის დასახლებული.
  • კურიოზი: დედოფალს ბუკინგემის სასახლეში “პიცა გამოძახებით“ მიუტანეს

    ფასთფუდის რესტორნების საერთაშორისო ქსელის – Domino’s Pizza –ს ლონდონის ოფისში “ბუკინგემის სასახლიდან შეკვეთა მიიღეს.“ შეკვეთის ავტორმა ქალმა დედოფალ ელისაბედისთვის 4 სხვადასხვა შემადგენლობის პიცის მიტანა მოითხოვა. გადახდის ფორმად კი ადგილზე ნაღდი ანგარიშსწორება მიუთითა. დისპეჩერი გაკვირვებული დარჩა, თუმცა შეკვეთა რეალიზაციისთვის გადაგზავნა, მალე კი უახლოესი რესტორნიდან კურიერი შესაბამის მისამართზე გაემგზავრა.
    მოტოციკლით მისული ახალგაზრდა შესასვლელში დაცვამ გააჩერა. მძღოლმა აუხსნა, რომ მას მიჰქონდა “შეკვეთა ელისაბედისთვის“. სამეფო გვარდიის თანამშრომლები დაეჭვდნენ და სასახლეს დაუკავშირდნენ იმის დასაზუსტებლად, მართლა შეუკვეთა თუ არა დედოფალმა ელისაბედ მეორემ 50 ფუნტი სტერლინგის ღირებულების პიცა. უცნაურ კითხვაზე მათ რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი მიიღეს.
    “უკაცრავად სერ, ელისაბედი – ეს დედოფლის სახელია. ის ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობს. ვფიქრობ ვიღაც გეხუმრათ.“– უთხრა გვარდიელმა კურიერს.
    როგორც გამოცემა The Sun წერს, კურიერი საკმაოდ დაბნეულად გამოიყურებოდა და იქაურობა დატოვა.
    Domino’s–ს წარმომადგენელმა, ჟუჟანა კაიზერმა მომხდართან დაკავშირებით იხუმრა: “ყოველთვის ვეჭვობდით, რომ დედოფალი ჩვენი ფარული ფანატი იყო. ბუკინგემის სასახლიდან შეკვეთამ ჩვენი ეჭვები დაადასტურა.“
    Domino’s უმსხვილესი ქსელია, რომელშიც 75 ქვეყანაში 12 ათასი ფილიალი შედის. ყოველდღიურად ისინი დაახლოებით 1.5 მილიონ პიცას ყიდიან.
  • შსს-მ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე სხვა ავტომობილს შეეჯახა

    შსს-მ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე ავტოსაგზაო სხვა ავტომობილს დაეჯახა.  შსს-ს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული მოზარდი სოფელ ორთაშენში დააკავეს.ის ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული კ.წ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს გამთენისაას გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა, კ.წ. -მ ისარგებლა შექმნილი გარემოებით, ჩაჯდა სამართალდამცველის სამსახურებრივ მანქანაში და დიდი სისწრაფით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გავიდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. კ.წ.-მ ავტომობილი შემთხვევის ადგილზე მიატოვა, თავად კი მიიმალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა მის ადგილსამყოფელს მალევე მიაკვლიეს და დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

  • გვინეტ პელტროუ და მისი ქმარი ერთად კვირაში მხოლოდ 4 დღეს ატარებენ

    46 წლის გვინეტ პელტროუ 48 წლის პროდიუსერს, ბრედ ფელჩაკს ცოლად გასული წლის სექტემბერში გაყვა. თუმცა, ცოლ–ქმარი მუდმივად ერთად არ ცხოვრობს. ამ გზით ისინი ცდილობენ ოჯახში ჰარმონია შეინარჩუნონ.
    როგორც ირკვევა, გვინეტი და ბრედი ერთად მხოლოდ კვირაში ოთხ დღეს ატარებენ, რის შემდეგაც საკუთარ სახლებში მიდიან. ასეთი რჩევა წყვილს “ინტიმის საკითხებში გურუმ“ მისცა.
    “ყველა ჩემი დაქორწინებული მეგობარი ამბობს, რომ ჩვენი განრიგი იდეალურია და არაფრის შეცვლა არ არის საჭირო“ – უთხრა მსახიობმა The Sunday Times–ს ინტერვიუში.
    გვინეტი აღიარებს, რომ ოჯახური ცხოვრების ასეთი განრიგი წყვილს საშუალებას აძლევს სიყვარული და ვნება შეინარჩუნონ.
    გვინეტ პელტროუ და ბრედ ფელჩაკი საიდუმლო ვითარებაში დაქორწინდნენ, შემდეგ კი მალდივის კუნძულებზე გაემგზავრნენ. გვინეტ პელტროუს კრის მარტინთან ქორწინებიდან ორი შვილი ყავს: 15 წლის ქალიშვილი ეფლი და 13 წლის ვაჟი მოზესი.

  • ქეით ჰადსონმა სოციალურ ქსელში 8 თვის შვილის ფოტო დადო

    40 წლის მსახიობი, ქეით ჰადსონი ამალფის სანაპიროზე ისვენებს. მსახიობი იტალიის ნახევარკუნძულ სორენტოზე ოჯახთან ერთად გაემგზავრა. მან თან წაიყვანა 8 თვის ქალიშვილი რანი როუზიც.
    ქეით ჰადსონმა ინსტაგრამზე ბავშვთან ერთად იახტაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
    მსახიობის თაყვანისმცემლებმა კომენტარებში თბილი სიტყვები და კომპლიმენტები არ დაიშურეს.
    ქეითი დედა გასული წლის ოქტომბერში გახდა. მან შვილი 33 წლის მუსიკოს, დენი ფუძიკავასგან გააჩინა. მსახიობს წინა ურთიერთობებიდან კიდევ ორი შვილი ყავს: 15 წლის რაიდერი მუსიკოს რის რობინსონისგან და შვიდი წლის ბინგემა ჯგუფ Muse-ს ფრონტმენ მეთიუ ბელამისგან.
    ცოტა ხნის წინ ქეითმა პირველად დადო ყველა შვილთან ერთად გადაღებული სელფი. მშობიარობის შემდეგ მას 15 კილოგრამის დაკლება მოუწია. ფორმაში ჩასადგომაში ვარჯიში და იოგა დაეხმარა. ის კვების განსაკუთრებულ სისტემას იცავს, რომლის მიხედვით ყოველ პროდუქტს ქულების გარკვეული რაოდენობა აქვს მინიჭებული მათი კალორიულობის მიხედვით.

  • ტრამპისა და მაკრონის დარგული “მეგობრობის ხე” გახმა

    მუხის ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში მეგობრობის ნიშნად დარგეს, გახმა. მაკრონმა მუხის ხე დონალდ ტრამპს 2018 წელს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს საჩუქრად გადასცა.

    პრეზიდენტებმა ხე ერთობლივად საზეიმო ვითარებაში დარგეს, მათთან ერთად იმყოფებოდნენ   პირველი ლედები. 

  • ახალციხეში,მამაკაცი პოლიციის შენობაში დანით შეიჭრა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

    ახალციხეში,მამაკაცი საპატრულო პოლიციის შენობაში შევარდა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცს  დანა ეკავა. აღნიშნულ ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.

    დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, პოლიციელების მოთხოვნის საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღი დააგდო.

    დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლმ უკვე იმსჯელა. 25 წლის ახალგაზრდას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.