Blog

  • თბილისამდე სულ 200 კილომეტრია – კადიროვის მუქარა

    “მინდა შეგახსენოთ, გროზნოდან თბილისი მხოლოდ 200 კილომეტრშია”- ამ განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი მიმართავს. კადიროვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

    საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარდა და რომელიც საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა.

    აქციები სლოგანით – “რუსეთი ოკუპანტია” თბილისში უკვე მესამე დღეა იმართება. კადიროვი კი რუსეთ-საქართველოს მეგობრობაზე წერს და იქვე ახსენებს თბილისს, რომ გროზნოდან, მხოლოდ 200 კილომეტრი აშორებს, რუსეთში კი მილიონამდე ქართველი ცხოვრობს.

    ჩეჩნეთის ლიდერი ამბობს, რომ მსოფლიომ ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება რუსეთის წყალობით გაიცნო. მისივე განცხადებით, ქართველებს ბევრი მიზეზი აქვთ რუსეთთან მეგობრობისთვის და არც ერთი სიძულვილისთვის.

    კადიროვი ამბობს, რომ 20 ივნისს, მაშინ როდესაც რუსი დეპუტატები საქართველოში იმყოფებოდნენ, ვითარება იმ პოლიტიკოსებმა დაძაბეს, ვისაც დიდი ხანია სურს სიტუაციის გამწვავება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეა, რომ არ უზრუნველყო რუსი დეპუტატების, რადიკალებისგან უსაფრთხოება.

  • “ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა“–ამერიკელი დიპლომატები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ

    21 ივნისს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციასა და დაპირისპირებაზე შეფასებები ამერიკაში რეგიონზე მომუშავე მიმომხილველებმა და თბილისის პარტნიორებმა გააკეთეს. ისინი, მაშინ როცა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, ასევე აცხადებენ, რომ მთავრობის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყნება მიუღებელია.
    ამერიკის ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა და „ატლანტიკური საბჭოს“ გამორჩეულმა მკლევარმა დენ ფრიდმა, რომელიც სხვასახვა ადმინისტრაციის პირობებში, მათ შორის საქართველოს საკითხებზე მუშაობდა, მკაცრი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ხუთშაბათს, თბილისში განვითარებული მოვლენები გაფრთხილება იყო.
    „ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ძლიერია და დამოუკიდებელია მთავრობისგან, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ როცა კი საქართველოს მთავრობა საზოგადოებას სასტიკად ექცევა, ქართული საზოგადოება ამას არ უშვებს. მე სააკაშვილზე ვსაუბრობ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ მე მახსოვს 2007 წლის დემონსტრაციები და მოგვიანებით გასაჯაროებული პოლიციის სისასტიკე და ციხეებში პატიმრებთან მოპყრობა. მაშინ, ქართველებმა ეს არ მიიღეს. იმ ქართველებმაც კი, ვინც მანამდე სააკაშვილს უჭერდნენ მხარს. ამ კუთხით საქართველო ბევრ ქვეყანას გავს, საქმე ეხება არა პოლიტიკურ არჩევანს, არამედ მთავრობის მხრიდან ისეთი დამოუკიდებლობის უგულვებელყოფას, როგორიც „ცარს“ ქონდა რუსი გლეხების მიმართ. თქვენ არ ხართ ასეთი ხალხი. მთავრობამ, როგორც გამოჩნდა პოლიციისთვის უფლების მიცემით, რომ დემონსტრანტებს გაკიდებოდნენ და მათთვის მძიმე დაზიანები მიეყენებინა, საკუთარი თავი ქართული საზოგადოების წინაშე ამ ზღვარის გადაკვეთის საფრთხის წინაშე დააყენა“, – თქვა ფრიდმა.
    მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობას მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულია და რომ დემონსტრანტებზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ნაბიჯების გადადგმისას ეკისრება.
    „მე პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ, ჩვენი საქმე არაა ქართული ოცნება იქნება სათავეში, თუ ნაციონალური მოძრაობა. ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია. მე ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი, მაგრამ პასუხისმგებლობა არაა თანაბარი. მთავრობას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს. ჩემი საქმე არაა ვთქვა ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, ეს საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ავტორიტურალი “ძლიერი კაცის“ მოდელი საქართველოში უფრო იმუშავებს ვიდრე მაგალითად უკრაინაში ვიხილეთ. შეხედეთ რა გააკეთა იანუკოვიჩმა „მაიდანზე“, ჩვენ ამერიკელები არ მოველოდით რომ მას ჩამოაგდებდნენ, ჩვენ არ მოველოდით, რომ ის მაიდანზე ხალხს ესვროდა, ჩვენ გაგვაკვირვა იმან რაც მოხდა მოლდოვაში. რუსები ამბობენ, რომ ამერიკელები ვიყავით „ვარდების რევოლუციის“ უკან – ეს სრული სისულელეა. მე ვფიქრობ ხალხი, არა მარტო ქართველები, არამედ უკრაინელები, ქართველები თუ სხვები მათი მთავრობისგან მოითხოვენ, რომ მათ გულისხმიერებით მოეკიდონ. საქართველოს მთავრობას და ბატონ ივანიშვილს ეს უნდა ახსოვდეს. ავტორიტარები ახერხებენ გადარჩენას იქამდე, სანამ ერთ დღეს ეს არ შეიცვლება“, – ამბობს ფრიდი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში.
    მომხდარს შეცდომად აფასებს ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი. ის ამბობს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეყილება იყო და ამასთანავე მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება მოხდა.
    „გულწრფელად გითხრათ, საქართველოს პარლამენტის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. პარლამენტების უმრავლესობა მსგავს გარეშე ღონისძიებას არ დაუშვებდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მსმენია. რაც შეეხება პარლამენტის სპიკერის გადადგომას, თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მთავრობა ცვლილებებისთვის მზად არ იყო. თუმცა, შემდეგ, აქციის მონაწილეების და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის გათვალისწინებით, მთავრობამ რიგ დათმობებზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი იყო. ხელისუფლებამ ასევე უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ [აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ] იმაზე მეტი ძალა გამოიყენა, ვიდრე ეს მოცემულ მომენტში საჭირო უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს. ის შეამცირებდა როგორც საკამათო საკითხებზე პოლარიზაციას, ასევე მომავალში – საპროტესტო აქციების ძალადობრივი ხასიათის რისკებს“, – ამბობს კორტნი.
    კორტნი საუბრობს ასევე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოსავლეობის შესრულებებისას ხელის შეშლაზე და ხაზს უსვამს, რომ მთავრობას ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
    „დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციებზე საკუთარი მოვალეობის შესრულება სასიცოცხლო რისკების გარეშე შეეძლოთ. როცა ძალადობას აქვს ადგილი, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება. მათ საგანგებო ზომები უნდა მიიღონ, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ“, -თქვა მან.
    კორტნი მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებასთან და დემონსტრანტებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

    წყარო:ამერიკის ხმა

  • “პუტინის მუქარაზე საქართველოს ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია”- ხიდაშელი პუტინის გადაწყვეტილებაზე

    „სტატისტიკა ამ ქვეყანაში ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიასთან არ გვექნება საქმე“, – ეს განცხადება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა, რომელმაც ავიაკომპანიებს რუსი ტურისტების საქართველოში გადაყვანა აუკრძალა.

    თინა ხიდაშელისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას გააცნოს სამოქმედო გეგმა, თუ რას დაუპირისპირებს ის პუტინის მუქარას.

    „ყველაზე უფრო დამთრგუნველი ამ ვითარებაში არის ის, რომ თითქმის 24 საათი გავიდა პუტინის მუქარიდან და საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ ხმა არ ამოუღია და მოსახლეობისთვის არაფერი არ უთქვამს, არ ოპტიმისტური, არც პესიმისტური, არც მოსამზადებელი, არც რაიმე სტრატეგიული ან ტაქტიკური მნიშვნელობის გეგმა არ წარმოუდგენია. არადა ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ყველაზე უფრო სწრაფად და რაც შეიძლება მომზადებული გვჭირდება ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის ნათქვამი სიტყვა. თავისთავად სტატისტიკა ამ ქვეყანაში ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიასთან არ გვექნება საქმე, მაგრამ ისევ და ისევ ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება იმასთან, პოლიტიკური მზაობა როგორი აქვს ხელისუფლებას გაუმკლავდეს ამ მუქარას, რომელიც გუშინ პრეზიდენტ პუტინისგან ყველამ ერთად მოვისმინეთ,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

  • “მყიფე პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს „ოცნებას“, შეიძლება საკმაოდ სერიოზული დარტყმები მივიღოთ,“ – ვაშაძე პუტინის გადაწყვეტილებაზე

    „სუსტი და მყიფე პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენ შეიძლება საკმაოდ სერიოზული დარტყმები მივიღოთ,“ – ამ განცხადებით, ეხმაურება „ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს.

    გიორგი ვაშაძის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

    ვაშაძე განმარტავს, რომ თუ ხელისუფლება შეძლებს და სიტუაციიდან გამოსავლის ნახვას შეეცდება, არაერთი მექანიზმი არსებობს, რაც შეიძლება სახელმწიფომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

    „ნათლად ვხედავთ, რას ნიშნავს რუსეთზე ან რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება, რომ მათ ყოველთვის გამოიყენონ ეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მთავარი აქ არის მოქმედება ხელისუფლების. იმიტომ, რომ თუ ისინი მიდიან სანქციების მიმართულებით გარკვეულ საკითხებზე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს, ერთ-ერთი მთავარი პირობა საქართველოსთვის იმისთვის, რომ მიეცა მათთვის თანხმობა გაწევრიანებაზე, გარდა იმისა, რომ ქართულ-რუსული საზღვრის კონტროლი უნდა მოხდეს, იყო ის, რომ მას სანქციები უნდა მოეხსნა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე, რომ არსებობს მექანიზმები, რომელზეც მუშაობა აუცილებელია, თუმცა, სუსტი და მყიფე პოლიტიკის პირობებში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ჩვენ შეიძლება საკმაოდ სერიოზული დარტყმები მივიღოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • “პუტინს საკუთარი ხალხი ჰგონია ნახირი” – რომან გოცირიძე ტურისტულ ემბარგოზე

    პუტინის ტურისტულ-ეკონომიკური ემბარგო პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა – ოპოზიცია რუსეთის პრეზიდენტის სადამსჯელო გადაწყვეტილებას აფასებს. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ პუტინის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტმა ტურისტულ კომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა, მთავრობას კი რუსი ტურისტების დასაბრუნებლად ზომების მიღება დაავალა.

    გოცირიძის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამ თავად რუსეთის მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ხალხს “ნახირივით” მოექცა.

    „ფაქტია, რომ დღეს ივანიშვილის ხელისუფლება არის ჩამოშლილი და პუტინი ასეთ აგონიაში ღებულობს უგუნურ გადაწყვეტილებას. რუსეთში არის აღშფოთება საშინელი თუ სოციალურ ქსელებს გადავხედავთ, პუტინს საკუთარი ხალხი ჰგონია ნახირი, ეუბნება, რომ 8 რიცხვამდე თავქუდმოგლეჯით დატოვეთ საქართველო, შემდეგ არ იქნება ფრენები და გარდა ამისა, ათეულ ათასობით ადამიანს უუქმდება ტური და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მის დიქტატორულ ბუნებას და მას მიაჩნია ხალხი ჭანჭიკად, საკუთარი ერი და პოლიტიკური ინსტრუმენტის იარაღად,“ – განაცხადა გოცირიძემ.

  • “ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა!”-ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებს ეპატიჟება

    ქართველი მეცო-სოპრანო საკუთარ ფეისბუქგვერდზე სტატუსს ქართულად, ინგლისურად და იტალიურად აქვეყნებს, სადაც ის ტურისტებს საქართველოში ვიზიტისკენ მოუწოდებს. 
    “წელს ყველა საქართველოში ვატარებთ არდადაგებს! მე პირადად სვანეთი არ მინახავს და იქ ვაპირებ ასვლას!შევუწყოთ ტურიზმს ხელი! არ გვჭირდებიან ჩვენ რუსი ტურისტები! ვისაც პუტინის მარაზმი არ აღელვებს ის ისედაც ჩამოვა!დავისვენოთ ჩვენს სამშობლოში!”- წერს ანიტა რაჭველიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

    შეგახსენებთ რომ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც  8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც.ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ

  • საქართველოში, ტუროპერატორების მიერ გაგზავნილი რუსეთის 1500 მოქალაქე იმყოფება – რუსეთის ფედერალური სააგენტო

    საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ ტურიზმის შესახებ რუსეთის ფედერალური სააგენტო საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების რაოდენობას ასახელებს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის ტურ-ოპერატორების მიერ გაგზავნილი ათას ხუთასი ტურისტი იმყოფება, ქვეყანაში დამოუკიდებლად მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა კი დგინდება.

    როსტურიზმში აცხადებენ, რომ ტურისტების დაბრუნდება გეგმის თანახმად, 8 ივლისამდე გაწერილი ბილეთების მიხედვით მოხდება.

    პუტინის განკარგულების შემდეგ, რუსულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის აეროფლოტმა, უკვე დააანონსეს, რომ 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ყველა რეისს აჩერებენ. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის პარლამენტში კი მზადყოფნა გამოთქვეს, რომ საქართველოს კურორტების ალტერნატივა გახდნენ.

    რუსულმა ავიაკომპანიებმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესრულება დაიწყეს. ავიაკომპანიებმა, „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა, საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.

  • ყველა დეტალი ცნობილი იყო როგორც პარლამენტის, ასევე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის – მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი

    საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იცოდა ყველა დეტალი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ და უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ვითარებაზე – ამ განცხადებას, ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, ანდრეას მიხაილიდსი აკეთებს. გამოცემა “რიანოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გენერალური მდივანი რიგით 26-ე გენერალური ასამბლეას წარუმატებელს უწოდებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.
    ის გაკვირვებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. ანდრეას მიხაილიდისი აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ასამბლეის დღის წესრიგის ყველა დეტალი იცოდა, რადგან ის დოკუმენტურადაა გაწერილი და შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
    “მოახლოებული გენერალური ასამბლეის მუშაობა ცნობილია ყველასთვის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის. მუშაობას ყოველთვის უძღვება რუსი თავმჯდომარე და ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცნობილი იყო როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვისაც.”- აცხადებს ასამბლეის გენერალური მდივანი. მიხაილიდისმა პარლამენტში განვითარებული მოვლენები რადიკალური ელემენტების პროვოკაციად შეაფასა.
  • რუსმა ეპისკოპოსმა ქართველები დემონებს შეადარა

    რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი  პეტერ ტვარგოვი თბილისში რუსი დეპუტატის ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ქართველები  დემონებს შეადარა.

    “ე.წ მართლმადიდებლებმა სერგეი გავრილოვს წყალი შეასხეს და შეძახილებით გააძევეს ქვეყნიდან. ისინი ისეთივე მართლმადიდებლები არიან, როგორც რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. დემონებს ასე უყვართ გართობა, მათ სიამოვნებთ იმის ყურება თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს მართლმადებელი ძმები და დები, როგორ ასხამენ ერთმანეთს წყალს, ართმევენ საბუთებს, სცემენ და აძევებენ ქვეყნიდან. სამაგიეროდ, ევროპელები არიან. მიიღე ევროპავ ახალი ახალგაზრდა, უცნობი თემი! სირცხვილი!” – წერს ეპისკოპოსი საკუთარ “ფეისბუქ გვერდზე”.