Blog
-
“უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში“– სააკაშვილი
უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში – საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ სახელწოდების კამპანიას იწყებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს იწყებს და აპირებს, ყველა გამოსვლაში მოუწოდოს უკრაინელებს, რათა მათ საქართველოში დაისვენონ. სააკაშვილის თქმით, პუტინმა საქართველოს ემბარგო მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს.„რუსები საბოლოოდ გათავხედდნენ და ჩაიყვანეს თბილისში ოკუპანტი, რომელიც დაჯდა პარლამენტში და რუსული დროშა ააფრიალა, რის გამოც დაიწყო ახალგაზრდების გამოსვლები. პუტინმა დაინახა, რომ პრორუსმა ოლიგარქმა მისი დავალება ვერ შეასრულა და ვერ შეაყვარა ქართველებს რუსული ოკუპაცია. ამიტომ გადაწყვიტა ქართველების დასჯა, გააუქმა ფრენები და საქართველოდან რუსი ტურისტები გაიწვია. მინდა, მივმართო უკრაინელებს. უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში. მინდა, შევხვდე უკრაინული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს და ვთხოვო, რომ დაწიონ ფასები ბილეთებზე. მოველაპარაკები ტუროპერატორებს და ქართულ სააგენტოებს, რომ უზრუნველყონ ადამიანური პირობები და საგზურების ხელმისაწვდომობა. უკრაინელებს ვთხოვ, რომ გამოუცხადონ სოლიდარობა ქართველებს და რუსების ნაცვლად, საქართველოში მათ დაისვენონ და პუტინის კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა ჩაიშალოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. -
ულტიმატუმის ვადა 2 საათზე იწურება. გახარიას გადადგომა და პროპორციული არჩევნები–პარლამენტთან აქცია გაგრძელდება
გადადგეს გიორგი გახარია! – ულტიმატუმის ვადა 2 საათზე იწურება. აქციის მონაწილეები წუხელ პარლამენტის შენობიდან მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გაემართნენ, სადაც მოთხოვნები გააჟღერეს. მოქალაქეებმა ხელისუფლებას მათი ულტიმატუმის შესრულებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები დღეს 19:00 საათზე კვლავ პარლამენტის შენობასთან შეკრებას აპირებენ.აქციის მონაწილეები ითხოვენ არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, მეორე – დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს საქართველოს შს მინისტრი, გიორგი გახარია, მესამე – სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მეოთხე – ადეკვატურად უნდა დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას. -
“საქართველო იყო, არის და იქნება!“–ნინო კასრაძე რობერტ სტურუას პასუხობს
რუსთაველის თეატრის მსახიობი ნინო კასრაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს პასუხობს და ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე აქციებს აფასებს. მსახიობი რობერტ სტურუას ფეისბუქ სტატუსმა აღაშფოთა.რობერტ სტურუამ თბილისში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე დაწერა:“ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!”რეჟისორის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მას ბევრმა ფეისბუქ მომხმარებელმა ამავე სტატუსის კომენტარებში მოღალატე უწოდა. ნინო კასრაძემ საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:“ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ.მაგრამ დღეს (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში) არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით.მესმის, რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია, მესმის, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია, ჰოდა, ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით.ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები, ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები. ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს, რომელზეც ყველა ვოცნებობთ. მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?!ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ, მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-მეთქი?!მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს, ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის…პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება — უკომპრომისო, პატრიოტი და სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა…ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი. პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”!საქართველო იყო, არის და იქნება!“ – წერს ნინო კასრაძე. -
“ მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს “–ბერა ივანიშვილი პროტესტის მონაწილეებს
ბერა ივანიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:“მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითეოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული.
მუდამ თქვენი ბერა.“– წერს ბერა ივანიშვილი -
“განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დესტრუქციულ პოლიტიკოსებს“–კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
თბილისის მერმა ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს:„დესტრუქციულმა ძალებმა და დესტრუქციულმა კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ვიდეოები და საზოგადოებამ ნახა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომელებიც აქციაზე მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ შტურმით აეღოთ პარლამენტი. ეს იყო ძალიან მძიმე. ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ასე არ დარჩება დაუსჯელი – დაუშველებელია. შედეგი რაც მივიღეთ იყო ძალიან მძიმე, დაშავდნენ ადამიანები, მინდა ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რაც კი შესაძლებელია და მეც მზად ვარ, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მათ გამოჯანმრთელების პროცესში.რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც იყვნენ ახალგაზრდები პოლიტიკოსების გარეშე და არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ მიუშვეს. ეს ადამიანები რეალურად გამოხატავდნენ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოხატავდნენ თავის გულწრფელ ემოციებს. მე გუშინ როდესაც ვუსმენდი ახალგაზრდებს, გულანთებულ, ქვეყნის სიყვარულით გაჯერებულებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ყველას გვაწუხებს.“– ამბობს კალაძე. -
სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ აქციის დასაშლელად მომაკვდინებელი ტყვიები გამოიყენა
ტყვიები, რომლებიც სპეცრაზმმა 20 ივლისის ღამეს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა, ახლო მანძილიდან ადამიანისთვის სროლისას ლეტალურ შედეგს იწვევს და მათი გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად დაუშვებელია. დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სახეობის ტყვია გამოიყენეს. ვახტანგ ბერიკაშვილი ერთ-ერთია ათობით დაშავებულებს შორის, რომელმაც ძლიერი დაზიანების და ოპერაციის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მას ესროლეს ტყვია, რომელიც კლავს.ტყვიების შემადგენლობაში, რომ რეზინზე მეტად მეტალი ჭარბობს, ეს ერთ-ერთი დაზარალებულის ტომოგრაფიამაც აჩვენა. ცნობილი რადიოლოგი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი სოფო ჭედია, სოციალურ ქსელში, ამის დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე მალავს, რა ტყვიები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომელი ქვეყნის წარმოებაა და არის თუ არა დამიზნებით მისი ახლო მანძილიდან სროლა ნებადართული.ქართველმა სამხედრომ, ირაკლი ქურასბედიანმა დამოუკიდებლად გამოიძია რა ტყვიები გამოიყენა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების დროს ხელისუფლება ხალხის წინააღდეგ. აცხადებს, რომ ტყვია, რომელიც ამერიკული მწარმოებლის ანალოგია, სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლებას თურქეთიდან ან რუსეთიდან აქვს შესყიდული. ეს ვაზნები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა პირველად გამოიყენა. ქურასბედიანი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჰყვება, რომ ტყვიები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასაიდუმლოებული შესყიდვით 1 წლის შეიძინა.12 მილიმეტრიანი რეზინის ტყვიების გამოყენებას სპეციალური ინსტრუქცია აქვს – მწარმოებელი მიუთითებს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი, ამიტომ მისი ახლო მანძილიდან სროლა აკრძალულია. ლეტალური შედეგი დამოკიდებულია სროლის მანძილზე, ტრაექტორიასა და გასროლის სხვა პარამეტრებზე.„დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი რეზო ჭარბაძე ამბობს, რომ 20 ივლისს გამოყენებული ტყვიები თავის დროზე ცხოველების გასანეიტრალებლად შეიქმნა, რომ ტყეში მოულოდნელად გამოჩენილი დათვი შეაჩეროს და ის რეინჯერს თავად არ დაესხას.ტყვიებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია და ასობით მოქალაქეს მძიმე დაზიანება მიაყენა, რამდენიმე ანალოგი აქვს. მახასიათებლები განსხვავდება ფერებით: რაკეტის ფორმის ყვითელი ტყვია ყველაზე მსუბუქია, შავი – შედარებით მძიმე, ხოლო წითელი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა 20 ივნისის რამეს აქციის დასაშლელად გამოიყენა ყველაზე მძიმეა.სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ტყვიების გამო იმ პირთა პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც შეისყიდა და შემდეგ გასცა ბრძანება, რომ მძიმე და დამაზიანებელი ტყვიები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ესროლათ.დემონსტრანტების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა ყველა საშუალება, რაც კი არსენალში ჰქონდა. -
“ავუხსნათ ამ ქვეყანას სიყვარული“–შენდეროვიჩი პუტინის ჯინაზე თანამოქალაქეებს საქართველოში სტუმრობისკენ მოუწოდებს
რუსი მწერალი და სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მოუწოდებს რუსებს, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის საპასუხოდ, მის ჯინაზე წავიდნენ “ამ მშვენიერ ქვეყანაში და აუხსნან მას სიყვარული.“ის იხსენებს, რომ იგივეს ამბობდა 2006 წელს, “ საქართველოს მიმართ უმაღლესი დონის დეგენერატიული სიძულვილის წინა შეტევისა და თბილისთან ავიარეისების აკრძალვისას“.შენდეროვიჩი წერს, რომ არაფრის ახლიდან დაწერა აღარ ჭირდება და 13 წლის წინ დაწერილ ტექსტს აქვეყნებს. -
ზვიადის სავარძელში ჩაგვისვეს КГБ-ის თანამშრომელი – გია ბუღაძე პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა
პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილებს მხატვარმა გია ბუღაძემ მიმართა.
ბუღაძის თქმით, რუსეთი ცდილობდა, რომ ქართველები დაემცირებინა – „ზვიადის სავარძელში ჩაგვისვეს КГБ-ის თანამშრომელი“.
გია ბუღაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილიც ქართველების დამცირებას ცდილობს. მისი შეფასებით, ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, რადგან არ შეუძლია, რომ ხელისუფლება დათმოს.
„რა ვერ გათვალა ბიძინამ და მისმა დამქაშებმა, მისმა უფროსებმა ჩრდილოეთში. მათ იფიქრეს, რომ იგივე სქემაა ქართული მოდელი, ეს არის მიჩვეული განცხრომით ცხოვრებას, შეუქმნის სასათბურე, მაგრამ მახინჯ, დამჩაგვრელ მდგომარეობას და ის ამას გაჰყვება. გამოუშვა ამდენი აგენტურა ე.წ. ტურისტების სახით, ტკბილი გადაცემები საქართველოზე და იფიქრა, რომ ჩვენ ამით მოგვთაფლა, მაგრამ ნურას უკაცრავად! აღმოჩნდა, რომ ქართველები მასე არ ფიქრობენ. მათ მთავარი გამოეპარათ, რომ ქართველი მომავალზე ორიენტირებული ადამიანია, იმიტომ, რომ მხოლოდ მაშინ არის სახელმწიფო სახელმწიფო, რომელიც გეგმავს მომავალს,“ – განაცხადა გია ბუღაძემ.
-
20 ივნისის აქციაზე დაკავებულ 121 პირს პატიმრობა შეეფარდა — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის აქციის ღამეს დაკავებული 305 პირიდან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა დანარჩენი დაჯარიმდა ან გააფრთხილეს.უწყება ასევე აცხადებს, რომ “ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო”.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და აზრი გამოხატონ კანონით დაშვებული მშვიდობიანი ფორმით”, წერია შსს-ს განცხადებაში.
-
დღის ბოლომდე გადადგეს შს მინისტრი და გაათავისუფლონ დაკავებულები – აქციის მონაწილეების ულტიმატუმი მთავრობას
რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ. ისინი ორ მთავარ მოთხოვნას აყენებენ – გათავისუფლდნენ 20 მაისის აქციაზე დაკავებული აქციის მონაწილეები და გადადგეს გიორგი გახარია. ამ ორი მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა დღის ბოლომდე აქვთ.
„ჩვენი მოთხოვნები იგივეა – დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული და ამისთვის გაძლევთ ვადას დღის ბოლომდე. გადადგეს გახარია! ამისთვისაც გაძლევთ დროს დღის ბოლომდე,“ – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
აქციის მონაწილეების მესამე მოთხოვნა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ისინი მოითხოვენ დაიწყოს პროცედურები ვადამდელი არჩევნებისთვის, რომელიც პროპორციული წესით გაიმართება.
პარლამენტის წინ აქცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა. საქართველოს მოქალაქეები პარლამენტთან უკვე მესამე დღეა აპროტესტებენ რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს, საპროტესტო აქციის დარბევას, მოქალაქეთა დასახიჩრებას და სწორედ ამის გამო აყენებენ შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს.