Blog

  • პარიზში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია 30-მდე ადამიანი

    პარიზში ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალური უბნის ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ძლიერი ცეცხლის შედეგად დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 30-მდე ადამიანი. მათი ნაწილი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.

    თვითმხილველის ინფორმაციით, ერთი ქალი ხანძრის დროს შენობის ფანჯრიდან გადმოხტომის შემდეგ გარდაიცვალა.

    ხანძრის ჩაქრობას 200 მეხანძრე ცდილობდა.

  • “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ:საქართველო აღარ არის!“–რობერტ სტურუა

    “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ:
    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!“ – ასეთი სტატუსი დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ. მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამ სტატუსით, თუმცა ფეისბუქ მომხმარებლებმა ის 20–21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოხმაურებად ჩათვალეს. ქართველი მომხმარებელი კომენტარებში მას ძირითადად მოღალატეს უწოდებს. სტატიას აკომენტარებენ რუსებიც.რუსულმა მედიამ კი ცალსახად ჩათვალა, რომ ეს კომენტარი თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს ეხებოდა. 

  • საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს 19 საათზე გაგრძელდება

    საპროტესტო  აქცია პარლამენტთან დღეს ისევ გაგრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ 19:00 საათისთვის შეიკრიბებიან.
    მრავალათასიანი საპროტესტო აქცია  საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა ერთხმად საქართველოს ჰიმნი შეასრულა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა ხელისუფლების მიერ რუსეთის სათათბიროს დეპუტატის მოწვევა. თუმცა პროტესტის მთავარი საკითხი უკვე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გამოყენებული მეთოდები და დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებაა.
  • რუსული ავიაკომპანიების ნაწილმა საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა შეაჩერა

    რუსულმა ავიაკომპანიებმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესრულება დაიწყეს. ავიაკომპანიებმა, „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა, საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.
    რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ფრენები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
    ბრძანების მიხედვით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ტურისტების შემოყვანა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ.
    გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობას, საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებას ავალებს.
    ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დამატებითი განმარტებები დიმიტრი მედვედევმა და დიმიტრი პესკოვმა გააკეთეს.
    კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ფრენებზე და მოგზაურობაზე აკრძალვა იქამდე დარჩება ძალაში ვიდრე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ყველა საფრთხე არ აღმოიფხვრება და ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება არ მოხდება.
    დიმიტრი მედვედევი კი პირდაპირ ამბობს, რომ მოსკოვმა გათვლა საქართველოს ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნაზე გააკეთა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც უპასუხა.
    “სამწუხაროა რომ ასეთ რიტორიკას ზურაბიშვილისგან ვისმენთ” – აცხადებს რუსეთის მთავრობის მეთაური და აღნიშნავს, რომ მოვლენების რუსეთზე გადაბრალება რეალური სიტუაციის დამახინჯებაა.
    მისივე თქმით, კრიზისს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ამწვავებს იმ მიზნით რომ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა ააფეთქოს.
  • Amnesty International აქციის დაშლისას პოლიციის ქმედებების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

    Amnesty International თბილისში, ანტისაოკუპაციო აქციის დროს პოლიციის ქმედებების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

    ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებაზე დაუყოვნებლივი, სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზეა საუბარი.

    განცხადებაში წერია, რომ პოლიციის სასტიკი საპასუხო ქმედებების შედეგად უამრავი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

    “მათ უმეტესობას მოხვდა რეზინის ტყვია მიუხედავად იმისა, რომ ამოცნობადი იყვნენ როგორც ჟურნალისტები და ცდილობდნენ საპროტესტო აქციის გაშუქებას. მოვუწოდებთ ამ ფაქტების სასწრაფო, სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ.”- აცხადებენ ორგანიზაციაში.

    Amnesty International-ი ასევე მოითხოვს, რომ მომავალი საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ პატივი სცეს ადამიანების აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

  • პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აკრძალა

    პუტინმა საქართველოსთან ფრენები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    ვლადიმერ პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალებათ.

    რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

    რუსული ავიაკომპანიები საქართველოში ტურისტების შემოყვანას 8 ივლისიდან შეწყვეტენ.

  • გახარია უნდა გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები -კვირიკაშვილი

    საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და გახარიას გადადგომა მოითხოვა. 

    “ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები.

    როდესაც მხოლოდ ერთი ათწლეული გაშორებს მოვლენებს (განსაკუთრებით თბილისის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქციას ვგულისხმობ), რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დასახიჩრდა პლასკიკური ტყვიით და რამდენიმემ მხედველობაც დაკარგა, ვფიქრობ იგივე ტყვიების გამოყენება გუშინდელ აქციაზე ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა იყო. პროფესიულ პოლემიკაში ვერ წავალ, თუმცა არ მგონია, რომ თუნდაც მეტი პოლიციელის დროული მიყვანით ადგილზე, ან თუნდაც მხოლოდ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების სამართლიანად შეჩერება, რომლებმაც პოლიციელების კორდონზე ყოვლად გაუმართლებელი შეტევა მიიტანეს.
    დღეს ხელისუფლება აგრძელებს შეცდომების სერიას და ფიქრობს, რომ მუხტი მინელდება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით. ეს, შესაძლოა, დროებით ასეც მოხდეს, მაგრამ პირველივე შემდეგი უხეში შეცდომის შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართო და სახიფათო ფორმით გამოვლინდება. ამის მიზეზი კი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების აცდენა მოსახლეობის განწყობებთან, ანუ ლეგიტიმაციის დეფიციტი, რომელიც გამომდინარეობს ხელისუფლების ბოლო პერიოდის შეცდომებიდან და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის სულ უფრო მზარდი პოლიტიკური აპათიიდან, რაც, მათ შორის, გამოიხატება არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებაში. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, პოლიტიკური დისკურსი დატოვოს ორპარტიულ პოლარიზებულ განზომილებაში და მიეცეს სახიფათო თვითდამშვიდებას.

    შესაბამისად, სიტუაციის ჩიხიდან გამოსაყვანად და საზოგადოების დასამშვიდებლად, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია მოსახლეობაში ლეგიტიმაციის აღქმის გაჩენა და გაძლიერება, რის მისაღწევადაც ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ:

    დაუყოვნებლივ გამოაცხადოს პოლიტიკური რეფორმა, რომელიც მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

    1. საკონსტიტუციო ცვლილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე (ბოლო ცვლილებების გატარებისას პოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, თუმცა ალბათ სჯობდა მაშინვე განგვეხორციელებინა ეს ცვლილება თუნდაც ოპოზიციური ხმების გამოყენებით – და აქ საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარე);

    2. საკანონმდებლო (ან საკონსტიტუციო) ცვლილება, რომელიც სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, როგორიცაა გადასახადების გადახდა და ა.შ., სავალდებულოს გახდის საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას (ადამიანის უფლებების ზოგიერთი დამცველი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ამ იდეას, თუმცა ეს კონცეფცია მუშაობს არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, და არ შეიძლება, 3.7 მილიონი მოსახლეობის ნახევარი ან უფრო ნაკლები ირჩევდეს ხელისუფლებას და განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს). ეს ცვლილება ასევე დაასრულებს გაუთავებელ საუბარს მმართველი ძალის პარტიული კოორდინატორების არაპროპორციულ გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და შედეგად პოლიტიკურ სპექტრს გაამრავალფეროვნებს.

    3. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადება ახალი პრინციპების გათვალისწინებით.

    4. შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ასევე აიღოს პასუხისმგებლობა გუშინ დაზიანებული ჩვენი შვილების და საზოგადოების წინაშე და დატოვოს თანამდებობა.

    ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, “ქართული ოცნება” შეძლებს, შეინარჩუნოს მოსახლეობის ნდობა არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებისადმი, არამედ დაიტოვოს შანსი, იყოს პროცესის წარმმართველი, დაბოლოს, რაც უმთავრესია, ქვეყანას შეუნარჩუნოს შესაძლებლობა, დარჩეს დასავლურ ორბიტაზე რეგიონის ლიდერად,”-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

  • დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

    რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ინფორმაციას სააგენტო ტასი ავრცელებს.

    მედვედევის შეფასებით ზურაბიშვილის განცხადებები არაპროფესიონალურია და საქართველოს პრეზიდენტი ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს.

    დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ზურაბიშვილისგან ანტირუსული   რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა და მსგავსი ანტირუსული განწყობების გაღვივების შემთხვევაში, მოსკოვი ტურისტებს მისცემს შესაბამის რეკომენდაციას, რაც საქართველოზე ცუდად  აისახება.

    მედვედევის პასუხი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას მოჰყვა.  მისი განცხადებით, საქართველოში არეულობა რუსეთის საუკუნოვანი გეგმაა.

    “ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა – გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.

    მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე.”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

    დღესვე რია ნოვოსტიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის დუმის დეპუტატმა მიხაილ დეგტიარევმა რუსებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ქართულ კურორტებსა და პროდუქტს.