Blog

  • ” საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა წარმოუდგენელია იჯდეს მტრის წარმომადგენელი”-ანიტა რაჭველიშვილი

    ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი დღეს, თბილისში დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდება. მხარდამჭერი ვიდეომიმართვა მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა. ის ამბობს, რომ პროტესტის გამოხატვას სიმღერით გეგმავს:

    “დღეიდან მე თქვენ გვერდით ვარ, სულიერად აქამდეც სულ თქვენთან ერთად ვიყავი იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა შორს ყოფნა საქართველოსთვის ასეთ მძიმე ჟამს… რუსეთი ოკუპანტია, რუსეთის კომუნისტი დიპლომატის ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, გახარია არის ჯალათი, რომელმაც დაასახიჩრა ახალგაზრდები და ერთი ადამიანის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები პროპაგანდისტულ მოსაზრებას რომ აქციაზე დგანან ნაციონალური მოძრაობის დემაგოგები. მე ვიტყვი, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არიან… უნდა ვიდგეთ იქ, უნდა შევეწინააღმდეგოთ და გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა, როდესაც გავრილოვი ჩამოვიდა და რაც შემდგომ მოყვა გავრილოვის ჩამოსვლას. ჩვენმა მთავრობამ უსინდისოდ დაიცვა რუსი დეპუტატი, ძალადობით, საშინელი ფაქტები მოხდა, ამის დავიწყებას ვერ შევძლებ. მე ვიქნები დღეს საღამოს. შევეცდები, რომ ჩემი პროტესტი გამოვხატო სიმღერით და საქართველოს მხარდაჭერით. ეს არის სამართლიანი აქცია, რომელიც ტარდება იმ ახალგაზრდების ორგანიზებით, რომელიც ჩვენი მომავალია. ვინც იქნებიან უკეთესი მომავლის იმედი”.- განაცხადა ანიტა რაჭველიშვილმა 

  • Universal Music Publishing Group-მა რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირი წარმომადგენლობა გახსნა საქართველოში

    Universal Music Publishing Group-ი  საქართველოს “საავტორო უფლებათა ასოციაციაში” გაწევრიანდა. ოფიციალურ ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი, ხოლო პირ­და­პი­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია GMI Rights Managment-ი (GMI)  იქნება.

    “ეს არის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ერთ-ერთმა უმსხვილესმა მუსიკალურმა გამომცემლობამ რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირი წარმომადგენლობა გახსნა საქართველოში”, – განაცხადა “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის” თავმჯდომარის გოგა კობალაძემ.

    “საქართველო ამ სფეროში რუსეთის გავლენისგან თანდათან თავისუფლება. ეს ორი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი: პოლიტიკური ფაქტორის, რადგან რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არ ვიქნებით და მეორე – ეკონომიკური თვალსზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსარგებლეები აქამდე რუსულ კომპანიებს, როგორც შუამავლებს უხდიდნენ ჰონორარს და ახლა კი პირდაპირ სათავო ოფისს გადაუხდიან, რაც ბუნებრივია ფასზეც იმოქმედებს”, – განაცხადა გოგა კობალაძემ. 

    “საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის” ინფორმაციით, დღემდე, საქართველო დიდი მუსიკალური გამომცემლობების და Record Label -ების (Warner, Sony და სხვა) მიერ იფარებოდა და იფარება არა პირდაპირ, არამედ რუსეთის რეგიონული ოფისების მეშვეობით, რაც დიდ უხერხულობას ქმნის მოსარგელეთა მიერ ჰონორარის გადახდის კუთხით, რადგან მათ გადახდა რუსული კომპანიების სასარგებლოდ უწევთ და ფასებიც უფრო მაღალია. 

    Universal-იმართავს ისეთი მუსიკოსების საავტორო უფლებებს, როგორებიც არიან: Coldplay, U2, ABBA, Adele, Bee Gees, Eminem,  Jimi Hendrix, Elton John, Linkin Park, Maroon 5, Britney Spears, Justin Timberlake და  ა.შ.

  • “წესიერი მთავრობა მთლიანად გადადგებოდა პირველივე დღეს. ეს ბავშვები არ დაიღლებიან“–ბუბა კიკაბიძე

    მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე ბოლო ათი დღის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს და ახალგაზრდებს ბოდიშს უხდის, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქციაზე ყოფნა არ შეუძლია. კიკაბიძის თქმით მთავრობა პირველივე დღეს სრული შემადგენლობით უნდა გადამდგარიყო. ტვ პირველთან ინტერვიუში ბუბა კიკაბიძემ განაცხადა.
    “ეს იყო საზიზღრობა არაერთხელ მითქვამს. ეგ იყო გამიზნული ავანტურა. ეს ჩაფიქრებული იყო იქიდან. მე მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ მოსკოვი ელოდება აქ რამე მოხდეს რომ შემოვიდნენ “საშველად“.
    ახლა დაითვალეს რა ზარალს მოგვაყენებს ტურისტების არჩამოსვლა, ღვინის არ მიღება. უნდათ იქამდე მიგვიყვანონ, რომ ვთქვათ, გვიშველეთ რუსებო, თქვენს იქით არავინ არ არის ჩვენი მშველელი. ეგ არის სისულელე.
    მე ქედს ვიხრი ამ ახალგაზრდების წინაშე. ჩემი შვილიშვილის ხელები არიან.არ შემიძლია დგომა დიდი ხანი 81 წლის ვარ, მაგრამ ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ. ახლა ახალი ისტორია იწერება საქართველოს პოლიტიკაში ამ ბიჭების და გოგოების მეშვეობით.
    წესიერი მთავრობა მთლიანად გადადგებოდა პირველივე დღეს როცა სროლები ატყდა და ამდენი სისხლი დაიღვარა. ჩვენი უწესო მთავრობა ცდილობს რომ ეს გაამართლოს და ერთხმად იძახიან ახლა, რომ ამან გადაარჩინა საქართველო, გახარიამ უშველა საქართველოს. ეს ბავშვები არ დაიღლებიან.
    რაც უფრო დააგვიანებს წასვლას, ეს გახარია. მით მეტი ჩირქი მოეცხობა მთელ მთავრობას. ამიტომ დროზე უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. მთავრობას გონია რომ საქართველოს მოქალაქეები არიან იდიოტები ყველაზე საშინელება ეს არის. გონიათ რომ ყველაფერს შევჭამთ. და არ ჭამს ეს ხალხი, ამოვიდა ყელში. “– ამბობს ბუბა კიკაბიძე.
  • “რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი“ -ელენ დ’ანკოსი

    სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილმა, ელენ კარერ დ’ანკოსმა, რომელიც კრემლთან და რუსეთის მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პოლიტოლოგი და სოვეტოლოგია, განაცხადა რომ რუსეთი არავის მტერი არ არის და მათ შორის არც საქართველოსი. განცხადება ელენ დ’ანკოსმა  ტელეკომპანია „რასიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტელეარხმა ფრანგული აკადემიის მუდმივ მდივანთან ინტერვიუ მის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაწერა, რა დროსაც წამყვანმა მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე შეკითხვა დაუსვა.
    „თქვენ იცით, რომ ყველა ოჯახში არიან განსხვავებული ადამიანები და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მიაჩნიათ, რომ თქვენ ერთი შეხედულება გაქვთ, სხვას კი – სხვა. მე საკმარისად კარგად მიცნობენ რუსეთშიც და საფრანგეთშიც. მიმაჩნია, რომ რუსეთი არავის მტერი არ არის, არც საქართველოსი. ხშირად ვამბობ, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ რაც ჩემი ბიძაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გადავწყვიტე, რომ არასდროს არსად ვილაპარაკებ არც საქართველოს და არც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე,“ – განაცხადა ელენ კარენ დ”ანკოსმა.
    ელენ კარერ დანკოსი  საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივნობის გარდა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. მას რუსულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ლომონოსოვის ჯილდოც გადაცეს. წლების მანძილზე ის სხვადასხვა ინტერვიუებში ხშირად ამართლებდა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებს, მათ შორის ყირიმის ოკუპაციას.
    ლენინის, სტალინისა და ხრუშჩოვის ბიოგრაფიების, საბჭოთა კავშირის ისტორიისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის შესახებ მრავალრიცხოვანი ნაშრომების ავტორს, ელენ კარერ დ’ანკოსს “სოვეტოლოგთა დედოფლად” მოიხსენიებენ.ელენ კარენ დ’ანკოსმა ქართული არ იცის. მას დედა რუსი ჰყავდა და იმის გამო, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან იზრდებოდა, კულტურული და ენობრივი თვალსაზრისით მაინც, მისი გავლენის ქვეშ იყო. ამავე გავლენით უნდა აიხსნას მისი დაინტერესება რუსეთის ისტორიით, თუმცა კარერ დ’ანკოსს ინტერესი არც მამის სამშობლოს, საქართველოს მიმართ აკლია.
    “ინტერესი იყო ყოველთვის! ადრეც, როცა დაიწყო ისტორიული წიგნების წერა, ხშირად ეხებოდა საქართველოს საკითხს და ეროვნული უმცირესობის საკითხს საბჭოთა კავშირში. ის იყო ჯერ საბჭოთა კავშირის სპეციალისტი და მერე, რუსული ენის გამო, გახდა უფრო რუსეთის სპეციალისტი. მაგრამ საქართველოზეც, როცა საბჭოთა კავშირი იყო, ბევრი აქვს დაწერილი”. – ამბობს სალომე ზურაბიშვილი
  • თბილისი–ბათუმის მატარებელი გზაში გაფუჭდა

    ექსპერტი არჩილ გამზარდია ფეისბუქზე რამდენიმე სტატუსს აქვეყნებს, რომლებშიც ბათუმის მიმართულებით მგზავრობას აღწერს. გამზარდიამ რამდენიმე საათის  წინ  დაწერა, რომ მატარებელში დენი გამოირთო და გაჩერდა:
    “დენი წავიდა. მატარებელი გაჩერდა.კარსაც ვერ აღებენ.ჰაერიც არაა.ვართ მხიარულად.როდის დავიძვრებით და მითუფრო როდის ჩავალთ, არავინ იცის.ვართ ჩაკეტილები მატარებელში.ვსუნთქავთ მორიგეობით.იმედია, ბათუმამდე როდისმე მივაღწევთ.
    “გენაცვალე” საქართველოს რკინიგზა.“

    აქედან ორ საათში გამზარდიამ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა:
    “გეფიცებით, 90-იანების მერე ასე არ მიმგზავრია მატარებლით, რამდენჯერმე გადაეწვა თბილისი – ბათუმის დამატებით რეისს დამცველი, ჯერ ხომ ჩარხია და არა მატარებელი, მაგრამ მაგას ვინ ჩივის კიდევ, მატარებელი ექსპლუატაციისთვის უბრალოდ არ არის მზად, რამდენჯერ გაფუჭდა უკვე, 6 საათზე მეტიავმგზავრობ და ჯერ კიდევ ვერ ჩავედი. ისევ გადაიწვა “დამცველები” და ვდგავართ კვლავ.“

    ცოტა ხნის შემდეგ კი როგორც გაირკვა მატარებელი საბოლოოდ გაფუჭდა და მგზავრებს ადგილზე ჩასვლის იმედი გადაეწურათ
    :
    “ვდგავართ სადღაც ჩაქვის გზაზე. უიმედო ხალხის ნაწილი ფეხით ცდილობს წასვლას. თუმცა, კოკისპირული წვიმა და ქარია, რის გამოც ძალიან რთულია ამ შუა გზიდან სადმე წასვლა.
    თბილისი-ბათუმის მატარებელი ტექნიკურად გაუმართავია. უკვე 7 საათია მოვდივართ და არავინ იცის, როდის ჩავალთ დანიშნულების ადგილას.
    90-იანების მერე ასე არ მიმგზავრია მატარებლით.“ – დაწერა ბოლოს გამზარდიამ და ბათუმის მერიას სთხოვა, მგზავრების დასახმარებლად იქნებ ავტობუსები მაინც გაგზავნოს.

    ბოლოს და ბოლოს მატარებლის მგზავრებმა ბათუმამდე 2 სათიანი დაგვიანებით ჩააღწიეს და როგორც არჩილ გამზარდია წერს, ბევრი საქმე გაუფუჭდათ.

    .
  • როგორ ერთობა გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან ერთად (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისუფალ დროს საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებსა და ლექტორებთან ერთად ორბეთში ატარებს.  გიორგი მარგველაშვილი GIPA-ს რექტორია, რომელიც წამყვანი უმაღლესი განათლების ცენტრია სახელმწიფო მართვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.

  • სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო

    სენაკში მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო. მათი ცხედრები მდინარე ცივში იპოვეს. მათ სამაშველო ჯგუფები, თითქმის, ერთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
    გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საბანაოდ იყვნენ ჩასულები და წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლეს.
    მდინარე ცივიდან არასრულწლოვანი გოგონას და მისი მამის ცხედარი მყვინთავებმა დილით ამოიყვანეს.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 3 მყვინთავი და 3 მაშველი მუშაობდა.
  • “ვერ აპატიეს მწერლებს პროტესტი იმისათვის, რომ ზვიად რატიანი დაასახიჩრა პოლიციამ”-მწერალთა სახლის გაუქმებას კრიტიკა მოჰყვა

    მწერლები კულტურისა და განათლების სამინისტროს წინააღმდეგ – მწერალთა სახლში შეკრებილმა ავტორებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი გაუქმდა.

    „ჩემთვის ეს არის მიმართული აშკარად ძალიან წარმატებული ორგანიზაციის დამოუკიდებელი, თავისუფალი ორგანიზაციის დასუსტებისკენ. ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, თუ სხვა სარჩული აქვს, არ ვიცი. ზუსტად ამ კითხვებს ვსამ მეც თქვენთან ერთად და ძალიან მინდა, რომ რამენაირად ეს ყველაფერი გაირკვეს“, – განაცხადა მწერალთა სახლის ყოფილმა დირექტორმა, ნატა ლომოურმა.

    მწერლები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მათ პროტესტს უკავშირებენ, როდესაც მათ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე ზვიად რატიანზე პოლიციელების მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს.

    „წიგნის ცენტრიც და მწერალთა სახლიც არაკონტროლირებადი აღმოჩნდა, მათ ვერ აპატიეს მწერლებს პროტესტი იმისათვის, რომ ზვიად რატიანი დაასახიჩრა პოლიციამ. ამაზე პასუხი არავის არ უთხოვია და ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი ფრანკფურტში მთელი მსოფლიოს გასაგონად და ჭეშმარიტი სახის საჩვენებლად. ეს ერ აპატიეს, ვერ აპატიეს, რომ ვერ გაიტანეს თავისი, რომ სალომე ზურაბიშვილი და მანანა ბერიკაშვილი არ გამხდარიყვნენ გამგებლები ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგინების,“ – განაცხადა ფილოსოფოსმა, გიორგი მაისურაძემ.

    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეფასებით, განათლების სამინისტრომ არადემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო.

    „მგონი განათლების სამინისტროს დაავიწყდა, რომ მწერალთა სახლი არის მწერლების. დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ ხალხთან კონსულტაციის გარეშე არავითარი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლებოდა. თვითონ ფორმა, როგორ მიაუქმეს ეს ორი დაწესებულება, მეტყველებს იმაზე, რამდენად არადემოკრატიულად არის გადაწყვეტილებები მიღებული განათლების სამინისტროში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

  • პუტინმა დიდი ოცეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ელტონ ჯონი გააკრიტიკა

    ვლადიმერ პუტინმა ოსაკაში დონალდ ტრამპთან გამართულ შეხვედრას საქმიანი და პრაგმატული უწოდა. შეფასება რუსეთის პრეზიდენტმა დიდი ოცეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ელტონ ჯონის კრიტიკას. მუსიკოსმა ლგბტ თემის მიმართ დამოკიდებულების გამო ვლადიმერ პუტინი ფარისევლობაში დაადანაშაულა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ელტონ ჯონი გენიალური მუსიკოსია, თუმცა შეხედულებებთან დაკავშირებით ცდება.

    პუტინმა რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედი კანონიც გაიხსენა და დასავლელ ლიბერალებს მოუწოდა, ბავშვებს თავი დაანებონ.

  • 20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

    ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე 

    20-21 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შემდეგ რეგიონალურ ჰოსპიტალში განაგრძობს.

    მის გარდა, რეგიონალურ ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული ოპერაცია კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარდა, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.

    საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული 6 პაციენტი მკურნალობას ორ კლინიკაში განაგრძობს. მათი უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    სამი პაციენტი მკურნალობას “ნიუ ჰოსპიტალში” გადის, დანარჩენი კი – რეგიონალურ ჰოსპიტალში.

    ავთანდილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ ხდება პაციენტების სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება. მისი თქმით, ორი სამართალდამცველი მკურნალობას თურქეთში გადის, რომელთაგან ერთ-ერთს ორშაბათს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.

    თალაკვაძის განცხადებითვე, კიდევ იგეგმება ორი პაციენტის გაშვება საზღვარგარეთ – გერმანიასა და ისრაელში.