Blog

  • ომბუდსმენი საკონსტიტუციოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე შეზღუდვის მოხსნას სთხოვს

    საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის სარჩელი, რომლითაც ომბუდსმენი ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის აბორტის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვს.

    ცნობისთვის, ორსულობის 12 კვირის შემდეგ, აბორტის გაკეთება მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებშია დასაშვები, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. ძალადობის მსხვერპლების შემთხვევაში, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ორსულობის 12 კვირის შემდეგ შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც დგინდება, რომ ორსული ქალის მიმართ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – გაუპატიურება. ამგვარი გადაწყვეტილების შემთხვევაში აბორტი შესაძლებელია ორსულობის 22-ე კვირამდე.

    “2024 წლის 24 ოქტომბრის N2/15/1802 საოქმო ჩანაწერით[1] საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი,[2] რომელიც შეეხება ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ აბორტის უფლებით სარგებლობის შეზღუდვას.

    სადავო კანონმდებლობა, 12 კვირის შემდეგ, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სავალდებულო საფუძვლად სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განსაზღვრავს, რომლითაც დადგინდება, რომ ორსული ქალის მიმართ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – გაუპატიურება.

    საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტისთვის დასაშვებ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით[3] საგამონაკლისოდ განსაზღვრულ 22 კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი. შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, საგამონაკლისო წესის შესაბამისად, დადგენილ ვადაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით.

    კონსტიტუციური სარჩლის თანახმად, სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს უკანონო აბორტების შემცირება და, შედეგად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა, მითითებული მიზანი მიღწევადია ნაკლებად მზღუდავი და ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული საშუალებებითაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არღვევს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალის თავისუფალი განვითარების უფლებით და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით დაცულ ავტონომიას”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორკებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები” – ქაცარავა

    “ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორკებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები. ქოცური მშვიდობა ინ ეწშენ”,

    ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს. 

  • ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

    ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

    ”ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, გენერალურმა პროკურატურამ, არჩევნების  გაყალბების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა.

    ”როცა პოლიცია ქალებზე ძალადობდა პროკურატურამ მე დამიბარა დაკითხვაზე.
    კითხვით, რა გაყალბდა და სად

    აბსურდი..”-წერს დეკანოიძე.

  • არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას! დაელოდეთ გამოძიებას – ცესკო თურაზაშვილს პასუხობს

    ”არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას! დაელოდეთ გამოძიებას”-  ამ განცხადებით პასუხობს, ცესკო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას.

    “საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

    როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

    მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება. სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.

    თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება.

    საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას”. – ვკითხულობთ ცესკო-ს განცხადებაში.

    კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ქეთი თურაზაშვილი ცესკოს თავმჯდომარისგან თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. მისი თქმით, ჯაფარიძემ მამამისს, ალექსანდრე თურაზაშვილს სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა, ფაქტიდან რამდენიმე წუთში კი მამამისი გარდაიცვალა.

  • თეონა ჯაფარიძემ მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა… 46 წუთში მამა გარდაიცვალა”- თურაზაშვილი მოითხოვს გათავისუფლდეს საოლქო კომისიის წევრი

    “მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შსაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან” – აცხადებს ამის შესახებ, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ქეთი თურაზაშვილი. მისი თქმით, ჯაფარიძემ მის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა, ფაქტიდან 1 საათში კი მამამისი გარდაიცვალა.

    “ჩემი მამა,  ალექსანდრე თურაზაშვილი, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია მოქალაქეებს წარმოადგენდა,  მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და უბნების დასათვალიერებლად  დადიოდა. იმის გამო, რომ მას არცერთი პასუხისმგებელი პირი უბნებზე არ დახვდა, მიზეზის დასადგენად რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. აღნიშნულის  შესახებ აცნობეს საოლქო კომისიის წევრს და ოცნების პოლიტიკის ინტერესების გამტარებელ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც გაღიზიანდა ალექსანდრეს საქმიანობით, დაურეკა მას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა. მამამ დამირეკა 12:31 საათზე, მომიყვა ჯაფარიძესთან საუბრის დეტალები, ის აღელვებული იყო და აღნიშნა, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა თეონა ჯაფარიძეს, არ უპასუხა არაფერი, რასაც ეს უტიფარი ქალი იმსახურებდა. 13:17 წუთზე უკვე დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა. ჯაფარიძის ზარსა და მამას გარდაცვალებას შორის შუალედი 60 წუთზე ნაკლებია. […] მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შსაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან, იმისთვის, რომ დავიცვათ მისგან სხვა ადამიანები, მოხდეს პრევენცია და მან ვეღარ შეძლოს სხვების დაზიანება. ასევე, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, თავხედობა, აგრესია, სიძულვილის ენის გამოყენება, უპასუხისმგებლობა და უზრდელობა” – თქვა თურაზაშვილმა.

  • ცესკომ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით – თინა ბოკუჩავა

    “ცესკომ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით” -განაცხადა ამის შესახებ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

    “ჩვენ მტკიცებულების სახით წარვადგენთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ არჩევნების შედეგების სრულ ბათილობას, მათ შორის კონსტიტუციის სამი პრინციპის დარღვევის საფუძველზე, ეს არის ფარულობა, თავისუფალი ნების გამოხატვა და საყოველთაობა, სამივე პრინციპის დარღვევას ჰქონდა ადგილი ტოტალურად 26 ოქტომბრის არჩევნებზე.[…] ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომელიც ტოვებდა სწორედ იმ კვალს, რის საფუძველზეც ილახებოდა ფარულობის და შესაბამისად თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები [..]მოსამართლე ივერი აბაშიძეს აქვს შესაძლებლობა დადგეს ქართველი ხალხის მხარეს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

  • მარკერების შეცვლის ბრალდება სიცრუეა, მარკერები კომპანია სმარტმატიკმა მოგვაწოდა – ცესკო

    “მარკერების შეცვლის ბრალდება სიცრუეა, მარკერები კომპანია სმარტმატიკმა მოგვაწოდა” –  ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია სმარტმატიკმა მოაწოდა.აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

    კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”. – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

  • რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა

    რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით კომბინირებული შეტევა მიიტანა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ  განაცხადა, ბოლო 73 დღის განმავლობაში მსგავსი ტიპის შეტევა პირველად მოხდა. შეტევაში ჩართული იყო საკრუიზო რაკეტები, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები, Shahed-ისა და სხვა ტიპის დრონები.

    “როდესაც რაკეტები უკვე უახლოვდებოდნენ კიევს, მტერმა ერთდროულად დაიწყო ბალისტიკური დარტყმა დედაქალაქზე. მტრის შეტევა ისევ დრონებით დასრულდა”, – დაწერა პოპკომ.

    თავდასხმის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი და დაიწვა საწყობი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რაკეტისა და ათამდე დრონის განადგურება მოახერხეს. საჰაერო იერიში 2 საათზე დიდხანს გაგრძელდა.

  • კალაძის თქმით, სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება

    კალაძის თქმით, სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება

    თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ  სპორტის სასახლის რეაბილიტაციის სამუშაოები “ძალიან მალე” დაიწყება და აღნიშნავს, რომ პროექტი ყველა ძირითადი სივრცისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

    “ახლანდელი მდგომარეობა სპორტის სასახლის არ არის დამაკმაყოფილებელი, აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები, შესაბამისად, საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაციას, მოწესრიგებას. ხელშეკრულება, რომელიც 2007 წელს არის გაფორმებული, ვერ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან, შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და სამუშაოები დაიწყება ძალიან მალე.[…] მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების, საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP შემოსასვლელების მოწესრიგებას და განახლებას. იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის სასახლე წარმოადგენს ისტორიულ შენობას, მაქსიმალურად შენარჩუნდება ისტორიული მასლები, განსაკუთრებით, ბუნებრივი ქვის მოპირკეთება. სპორტის სასახლე აღიჭურვება მისი დანიშნულებისთვის საჭირო მოწყობილობებითა და სივრცეებით, რაც მოიცავს განათების, ხმის, ვიდეო-ეკრანის, სცენის, იატაკის საფარის, ტრანსლაციის, სპეციალური ეფექტებისა და სხვა ტიპის მოწყობილობებს. ასევე იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების მოწყობა და ისტორიული ფუნქციის აღდგენა.

    სპორტის სასახლის ირგვლივ ტერიტორიაზე მოეწყობა უნიკალური სარეკრეაციო სივრცე. კეთილმოეწყობა მეტროში ჩასასვლელი და მიმდებარე სივრცეები. ამავე ტერიტორიაზე მმართველი კომპანია გეგმავს პადელის ღია კორტების მოწყობას. მოწესრიგდება საპარკინგე ზონა, დარეგულირდება სატრანსპორტო გეგმა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სპორტის სასახლის სტუმრებისთვის” – ამბობს დედაქალაქის მერი.

  • პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი – კობახიძე

    პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი – კობახიძე

    “საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ რა თქმა უნდა, ახლაც. აქედან გამომდინარე, ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ და მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი. ბუნებრივია, მეტი დატვირთვა ამას ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა არის შეუძლებელი, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს, მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნასთან, მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ”

    ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან ისაუბრა.