Blog

  • არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის მანდატები! – “გახარია საქართველოსთვის” PACE-ს

    ”არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის მანდატები!”- პარტია გახარია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.

    “საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

    პარტია “გახარია საქართველოსთვის მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას:

    – არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;

    – მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.

    – განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.

    – გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად”- ნათქვამია განცხადებაში.

  • “მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში” – როთი

    “მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს საქართველოში. მსურს, მხარი დავუჭირო ყველა ერთგულ ევროპელს, თავისუფლებისთვის მებრძოლს და დავემშვიდობო ჩემს მეგობრებს, როგორც გერმანელი პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე გავაგრძელებ ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს ერთგულებას.”

    წერს X-ზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი.

  • შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია – მდინარაძე

    “შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით” – ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, გეგმავენ ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შექმნან “2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი” დროებითი საგამოძიებო კომისია.

    „საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში, ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამასთან, ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ, სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასაკის გამო, არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა, მრავალ ადამიანს კი, ეს დანაშაულები, სულ მცირე, ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას. სწორედ, ამგვარი მიდგომით, ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დაამარცხა ნაციონალ-სოციალიზმი საზოგადოების ცნობიერებაში. ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველომაც უნდა გაიზიაროს და პრაქტიკაში დანერგოს.

    ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს არის „დიფ სთეითის“ მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც, როგორც ამას თავად „დიფ სთეითის“ მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოშიც ზუსტად იგივენაირად არის საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან განთავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება განთავისუფლება „დიფ სთეითისგან“.

    2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია:

    პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

    ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;

    კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;

    კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;

    2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.

    აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

    სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.

    დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.

    დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად“

  • ვადასტურებ, რომ მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე ჯო უილსონის დაპატიჟებით – ზურაბიშვილი

    ვადასტურებ, რომ მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე ჯო უილსონის დაპატიჟებით – ზურაბიშვილი

    “არავინ აღიარებს არჩევნებს და არავინ აღიარებს არჩევნებიდან გამოსულ არც მთავრობას, არც პარლამენტს და არც პრეზიდენტს. ეს ცხადია, კიდევ უფრო იზოლაციაში გვამყოფებს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.

    თქვენ იცით და მე დღეს ახლა ამას ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. იცით, რომ არის სხვადასხვა ვარიანტები მოწვევის ამ ინაუგურაციაზე, რომელშიც არავინ ფულს არ იხდის, სხვათა შორის. ეს რომ ყოფილიყო ამის საშუალება, ალბათ, სხვებსაც, ბევრს აქვს ჩემზე მეტი რესურსი, რომ გადაიხადოს მეტი თანხები, მაგრამ ეს ხუმრობა დავტოვოთ გვერდზე.

    მთავარი ისაა, რომ მივდივარ იქ, მექნება მაღალი დონის შეხვედრები და ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან”,

    აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

  • “საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებულები მანქანები გაჰყავთ” – ზურაბიშვილი “ოცნებას” სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს

    “ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში ” – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,  სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს.

    “დღეს ეკონომიკა დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს გაყვანის საქართველოდან და ამ მანქანებში კიდევ რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს ეს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს”, – თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

  • დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში უნდა მოაქციონ – იუკნევიჩიენე

    დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში უნდა მოაქციონ – იუკნევიჩიენე

    დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმი იზოლაციაში უნდა მოაქციონ – არანაირი მაღალი რანგის შეხვედრები იქამდე, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება!

    ე.წ. ქართული ოცნება დემოკრატიის სირცხვილია – ივნიშვილი და მისი ახლობლები საქართველოს ლეგიტიმაციის გარეშე მართავენ, დასცინიან თავისუფალ არჩევნებს.

    წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში.

  • აქციაზე ცრემლმდენი აირით მოწამლულებს “ნეოლაბი” 8-11 იანვარს კვლევებს უფასოდ სთავაზობს

    8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით  კლინიკა “ნეოლაბი”  საპროტესტო აქციის ყველა იმ მონაწილეს, რომელიც აქციაზე ცრემლმდენი აირით მოიწამლა და უგრძელდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, უფასოდ სთავაზობს კვლევებს, კერძოდ : ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პროფესორ, გიორგი კამკამიძის კონსულტაცია;გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპიროგრაფია.

    “საპროტესტო აქციის ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც აქციაზე მიიღო ცრემლმდენი აირით ინტოქსიკაცია და უგრძელდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები:

    ▫️ ხველა;

    ▫️ სუნთქვის უკმარისობა;

    ▫️ ქოშინი;

    ▫️ მსტვინავი სუნთქვა;

    ▫️ ღამის ოფლიანობა;

    ▫️ თავის ტკივილი;

    სამომავლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, კლინიკა ნეოლაბი უფასოდ სთავაზობს სპეციფიკურ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებს, (გულმკერდის რენტგენოგრაფია, სპიროგრაფია და ალერგოლოგ-იმუნოლოგის, პროფესორ, გიორგი კამკამიძის კონსულტაცია). აქციაზე დაზარალებული პირების გამოკვლევა განხორციელდება 3 დღის განმავლობაში, 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით.

    ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ კლინიკა ნეოლაბის ცხელ ხაზზე 032 2392803 / 032 2392896 / 032 2144447”,- აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.

    • პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “ბათუმელებთან” საუბარში აცხადებს, რომ გაზის კაფსულები რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე, CN და CS გაზი.

    „გაჟღერდა კოდირება იმ ჭურვების, რომლებიც გამოყენებული იყო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ერთ-ერთ ლაკრიმატორთან, როგორიც არის, მაგალითად, CN – გაზი, ის დიდი ხანია გამოიყენება.

    CN – გაზი სხვადასხვა ქვეყანაშიც იყო გამოყენებული და მას აქვს ის გვერდითი მოვლენები, რასაც აღწერენ ჩვენი პაციენტები.

    CS – გაზი გამოიყენება 1928 წლიდან და ბოლო პერიოდში სიკვდილის შემთხვევებიც იყო აღწერილი ამ გაზთან დაკავშირებით, როდესაც გამოიყენეს დარბევის დროს ეგვიპტეში. მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაზიანებები. ისე არ არის, ახლა რომ ცხადდება – დასაშვებია გამოყენებისთვისო.დასაშვებია მხოლოდ იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში და არა ისე, როგორც ჩვენ ვნახეთ, როგორც იქნა გამოყენებული ჩვენი დემონსტრანტების დარბევის დროს“, – გვიხსნის პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე.[…] მისი გამეორებით, განგრძობით გამოყენება ალყაშემორტყმული ადამიანების წინააღმდეგ შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულია. რასაკვირველია ის ადამიანები, რომლებიც ამგვარად იყენებდნენ ამ საშუალებებს, უნდა ექვემდებარებოდნენ სასჯელს, რომ აღარ გამეორდეს ამ საშუალებების გამოყენება.

    უნდა აღინიშნოს, რომ CS გაზი მაგალითად სამხედრო ქმედებებშიც კი იყო აკრძალული, სპეციალური კონვენციაა ამასთან დაკავშირებით და მხოლოდ ეპიზოდურად გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში. ამ გაზის გამოყენება საქართველოს რეალობაში ნამდვილად დაუშვებელია”. ” – განმარტავს ალერგოლოგი.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ 1 თვეა გასული გაზის კაფსულების გამოყენებიდან, მოქალაქეები რომლებმაც დარბევისას დიდი რაოდენობით ცრემლმდენი გაზი ჩაისუნთქეს კვლავ აღენიშნებათ მოწამვლის გარკვეული სიმპტომები. აქვე ალერგოლგი აზუსტებს, რომ ცრემლმდენი გაზი, გაზი არ არის, არამედ ფხვნილია რომელიც აეროზოლის სახით,  გამოიფრქვევა ჭურვის ან კაფსულის გასკდომის დროს. მისი თქმით, ამ  საშუალებების გამოყენება დამიზნებით არ შეიძლება,  უნდა განარიდონ ადამიანები იმ ადგილს, სადაც გაიფრქვა, ასევე არ შეიძლება მისი გამოყენება დახურულ სივრცეებში და ა.შ.

    • ”თითქმის 1 თვეა გასული პირველი გამოყენებიდან, მაგრამ კვლავ ვხვდებით გარკვეულ სიმპტომებს – ათეული შემთხვევა იყო მაგალითად პერსონალურად ჩემთან და გაცილებით მეტი მეკონტაქტება ელექტრონულად, ასევე – მირეკავენ. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ საგულისხმოა, მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენა, გახანგრძლივებული ხველა, მსტვინავი სუნთქვა, ასევე კუჭ-ნაწლავის აშლილობა… როგორც ჩანს, ეს არის ლორწოვანის გაღიზიანების გამო.სახეზე სიწითლე, გამონაყარი, გამონაყარი სხვა ადგილებში, რაც მოითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით სასუნთქი გზების კვლევას.ვინც მომაკითხა, მათთან ვატარებთ რენტგენოლოგიურ კვლევას, ასევე სუნთქვის ფუნქციურ კვლევას, სპიროგრაფიას, სისხლის შედედების ფაქტორების კვლევას, კვლევას ღვიძლის ფუნქციების დასადგენად, ხომ არ არის ინტოქსიკაციის ნიშნები. გარკვეული მკურნალობა ინიშნება იმისთვის, რომ გამოსწორდეს ეს სიმპტომები, იგივე ცხვირის ლორწოვანის მოვლისთვის, სასუნთქი გზების ლორწოვანის, შეშუპების და სპაზმის სამკურნალოდ…” – ამბობს კამკამიძე. 
  • “ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი.. გამოსავალი ახალი არჩევნებია,” – იან კელი

    “საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება. ოპოზიციის შეშფოთებები, რომელიც ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, იგნორირებულია. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება”,

    ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

  • მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან! – უილსონმა და 43-მა პოლიტიკოსმა განცხადება გაავრცელეს

    “დემოკრატიულ მთავრობებსა და [საქართველოს] ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის არ უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები” – აცხადებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი და თან ურთავს  განცხადებას რომელსაც ხელს უილსონთან ერთად კიედვ  43-ი  პოლიტიკოსი აწერს ხელს.

    გავრცელებული წერილით ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მიმართავენ თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან.

    “მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვუხელმძღვანელო ამ განცხადებას „საქართველოს საერთაშორისო მეგობრების“ სახელით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, მოვითხოვთ ერთიან სანქციებს ამ რეჟიმის წინააღმდეგ”, – წერს ჯო უილსონი X-ზე და განცხადებას ავრცელებს.

    “ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალი რანგის პოლიტიკის შემქმნელები სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ არალეგიტიმური ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ ერთიან პოლიტიკას, რომლის თანახმადაც თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის არ უნდა გაიმართოს მაღალი დონის შეხვედრები, სანამ იგი არ დათანხმდება ახალ, სათანადოდ მონიტორინგით და ჩატარებულ არჩევნებს. ასევე, მოვუწოდებთ ერთიან სანქციებს ივანიშვილის რეჟიმისა და “ქართული ოცნების” იმ ოფიციალური პირებისა და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განადგურებას უწყობენ ხელს.

    ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტიამ უგულებელყო ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმური შეშფოთება ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩამოაყალიბა ერთპარტიული პარლამენტი და ერთპიროვნულად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით ათასი დემონსტრანტის ღამის პროტესტს. ქართველი ხალხი მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ”, – ნათქვამია განცხადებაში რომელსაც უილსონი თავის ტვიტს ურთავს.

  • რიგითი დეპუტატის ხელფასი 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას.ავტომობილებით მომსახურება მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან – გოცირიძე

    “რიგითი დეპუტატის ხელფასი 30-ჯერ აღემატება პენსიონერის პენსიას.ავტომობილებით მომსახურება მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან ”-  ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, რომან გოცირიძე წერს.

    “დეპუტატებმა ხელფასები ორნახევარჯერ გაიზარდეს. ეს ზრდა “ჩვეულებრივ” დეპუტატებს ეხება, თორემ “არაჩვეულებრივების” ანაზღაურება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

    პარლამენტში ყოველ მეორე დეპუტატს რაიმე სახის მოგონილი თანამდებობა აქვს. მაგალითად, 16 კომიტეტის თავმჯდომარეს 38 მოადგილე ჰყავს, აქედან თითო კომიტეტში ერთი ე. წ. მანქანიანი მოადგილეა. გარდა იმისა, რომ ხელფასი მეტი აქვთ, პერსონალური მანქანებიც ემსახურებათ. გამოდის, რომ მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეებს და მის მოადგილეებს, რომლებიც ყველა “ქართული ოცნების” წევრია, 32 პერსონალური ავტომობილი ემსახურება, რაც მძღოლის ხელფასთან, საწვავის, შეკეთებისა და დაზღვევის ხარჯებთან ერთად მილიონობით ფულს შთანთქავს ბიუჯეტიდან.

    ასევე მაღალხელფასიანი და “მანქანიანი” თანამდებობებია უამრავი  ვიცე-სპიკერის, ფრაქციის თავმჯდომარეების, დროებითი კომისიებისა თუ სხვათა პოსტები. მსოფლიოს პარლამენტარიზმში არ მოიძებნება მეორე ისეთი ქვეყანა, სადაც უმრავლესობის ფრაქციაში შემავალ ყოველ მეორე დეპუტატს პერსონალური ავტომობილი ემსახურებოდეს. პარლამენტში სულ 50 პერსონალური ავტომობილია. ამაში არ შედის აპარატში შემავალი დეპარტამენტების უფროსების და სხვა პირების მანქანები. ზოგიერთი მათგანის ხელფასი 10 ათას ლარს აღწევს.

    კიდევ ერთი უნიკალური შემთხვევა-საქართველო ლიდერია ევროპაში და რეგიონში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით. ქართველი რიგითი დეპუტატის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის ყოველთვიურ პენსიას.
    პარაზიტები, უსაქმურები და წურბელები-ასე შეიძლება დახასიათდეს ეს კასტა.” – წერს რომან გოცირიძე.