Blog

  • ნეტგაზეთისა და ბათუმელების დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

    ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

    “მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე”. – თქვა მოსამართლემ.

    სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

    პარალელურად, ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. იმის მიუხედავად, რომ ამაღლობელის კოლეგებს, ჟურნალისტებს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონდათ, მათთვის მოსამართლე სახელაშვილის გადაწყვეტილების მოსმენა მაინც მძიმე აღმოჩნდა. მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ტერორი თავისუფალ მედიაზე და მოქალაქეებზე.

    პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

    ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • პუტინმა ომი დაიწყო საქართველოში, უკრაინაში – რა იქნება შემდეგი სამიზნე? – რუტე

    ჩვენ ყველას გვინდა, მშვიდობა გაგრძელდეს. არ ვიცი როგორ ან როდის დასრულდება ომი. მაგრამ ვიცი, მშვიდობა არ გაგრძელდება, თუ პუტინი თავისას მიაღწევს უკრაინაში, რადგან იგი წინსვლას გააგრძელებს. ის წარსულში ომის დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც ომები: საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 და 2022 წლებში. რა იქნება შემდეგი სამიზნე? მშვიდობა ვერ გაგრძელდება, თუ ომი შეთანხმდებით დასრულდება.

    განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპარლამენტში.

  • ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, “დროას” წევრი მარიამ სიჭინავა დააკავეს

    ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, “დროას” წევრი მარიამ სიჭინავა დააკავეს.

    საპროტესტო აქციას,  “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და მარიამ სიჭინავა ერთად, პიროტექნიკით შეუერთდნენ, სამართალდამცავებმა მათ პიროტექნიკის გადაცემა  ან ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვეს თუმცა სიჭნავამ და ხოშტარიამ განუცხადეს, რომ ისინი არ ემორჩილებიან არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს

    პოლიციელებმა მათ პიროტექნიკა ძალის გამოყენებით წაართვეს, რის შემდეგაც მარიამ სიჭინავამ ფეიერვერკი მაინც გაუშვა და სწორედ ამ დროს ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

    ბოლო რამდენიმე დღეში მარიამ სიჭინავა პოლიციამ ექვსჯერ დააჯარიმა პიროტექნიკის გამოყენებისა და თავსაბურავის, ე.წ ბალაკავას ტარების გამო.

    დაპირისპირების დროს, შეუძლოდ გახდა აქციის მონაწილე მანანა მიქავა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

     

  • ტრამპს მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე – უილსონი

    ”ტრამპს მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე”-  წერს ამის შესახებ, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, რომელიც აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა

    “მადლობელი ვარ, რომ დონალდ ტრამპს შევხვდი. მე მას მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმაზე, კორუფციულ კავშირებზე ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა. მას ასევე გავაზიარე “საქართველოს მეგობრების” წერილი”- წერს უილსონი.

  • ”დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას”- ბათუმელები/ნეტგაზეთი ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავებაზე

    ”დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას” – ბათუმელების ოპერატორის გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის აშკარა ხელშეშლის შესახებ ბათუმელები/ნეტგაზეთი განცხადებას ავრცელებს.

    12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 საათზე მისცეს.

    მისი ადვოკატის, მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

    გურამ მურვანიძის მონათხრობი მიუთითებს მის ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა, მიზანმიმართულ ჩარევაზე. მან ადვოკატს აცნობა, რომ დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას.

    გურამმა ადვოკატს უთხრა, რომ როდესაც აქციაზე შეხლა-შემოხლა შენიშნა, მობილური ტელეფონით დაიწყო დაკავებების გადაღება. ამ მომენტში მან გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ: “ვინ იღებს?” გურამმა თავი “ბათუმელების” წარმომადგენლად წარადგინა. ადვოკატის თქმით, გურამის ინფორმაციით, ამას მოჰყვა ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოცემის მიმართ გინება, რის შემდეგაც  თანამშრომლებს გურამის ტელეფონის წართმევა უბრძანა.

    აშკარაა, რომ პოლიციამ და ბათუმის პოლიციის უფროსმა კარგად იცოდნენ გურამ მურვანიძის ვინაობა, რომ ის “ბათუმელების” თანამშრომელი იყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით, “TV პირველთან” დაკავებულთა რაოდენობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოპერატორის ვინაობა არ იცოდა.

    გურამის თქმით, პოლიციელებმა სცადეს მისი ტელეფონის წართმევა. მან რამდენიმეწამიანი წინააღმდეგობა გაწია სანამ მოწყობილობის დაბლოკვას ცდილობდა, მაგრამ ტელეფონი საბოლოოდ წაართვეს; დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას ადასტურებს მისი დაკავების ვიდეოჩანაწერიც.

    დაკავების შემდეგ, გურამის განცხადებით, მას სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ.

    ადვოკატის შეფასებით, ეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, ხელი შეუშალონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას და მიზანმიმართულ თავდასხმას გამოცემა “ბათუმელებზე”. გურამის მონათხრობი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის აგრესია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან თავი წარადგინა “ბათუმელების” თანამშრომლად.

    მოვუწოდებთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტური თავისუფლების ამ მიუღებელ დარღვევებზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – უზრუნველყონ პასუხისმგებელ პირთა ანგარიშვალდებულება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, თუ ადამიანი თანამდებობის პირია, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება – კალაძე აბუ დაბიში მომხდარზე

    ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, თუ ადამიანი თანამდებობის პირია, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება – კალაძე აბუ დაბიში მომხდარზე

    დეპუტატი, თანამდებობის პირი თავს არავის ესხმის. რა თქმა უნდა, ვნახე ვიდეოკადრები და არავის ეპატიება არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც ფიზიკური.

    ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი, თავს დასხმოდა მოქალაქეს. არავის აქვს უფლება, მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს მას.

    ძალადობა, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია და ამაზე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. თქვენ ცდილობთ, დანერგოთ ტენდენცია, რომ თუ ადამიანი არის თანამდებობის პირი, მიდის ვიღაც, აყენებს შეურაცხყოფას, მან კი თავი უნდა დახაროს და წავიდეს. ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი.

    ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტზე.

  • PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას – კახა ოქრიაშვილი

    PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას – კახა ოქრიაშვილი

    PSP ჯგუფი  15 იანვარს საყოველთაო გაფიცვას უერთდება. განცხადებას ამის შესახებ კახა ოქრიაშვილი ავრცელებს.

    “PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით – ვითხოვთ სამართლიანობას!

    რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველჰყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.

    ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობს ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეუერთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში.” – წერს ოქრიაშვილი

  • მჩაგვრელი რეჟიმები, ფრთხილად იყვნენ, როცა ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ – ლანდსბერგისი პაპუაშვილს

    “ფრთხილად იყვნენ! როცა ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ” –  ასე ეხმაურება, ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

    • “მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებს ადარებენ, რადგან ლიეტუველებს აქვთ მსგავს სიტუაციებში გამარჯვების გამოცდილება”, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

    გუშინ, 12 იანვარს, რესტორან ”ბაბილოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციას, პაპუაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა :  “საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგს უკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა”.

  • ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და ფულია – კოენი

    “ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და ფულია” – ამის შესახებ, დემოკრატმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სტივ კოენმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა.  კითხვაზე, თუ რას ნიშნავს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ 2 კანონპროექტი ქართული ოცნებისთვის, ის ამბობს:

    “ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [Საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.

    მას ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს, იქიდან, სადაც ვფიქრობ მას სურს, რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა.

    გვაქვს “მეგობარი აქტი”, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ – “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე “კოშმარულ გუნდს” ვუწოდებ – ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა.

    მაგრამ ახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და აი აქამდე მოვედით.

    გვაქვს კიდევ ერთი აქტი – რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა”, – ამბობს კონგრესმენი.

    მან ისაუბრა სანქციებზეც, იმაზე თუ რას ნიშნავს ან რა გზავნილია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება და თქვა, რომ სანქციების საკითხი განიხილება სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში.

    “ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის [მუშაობის] მიწურულში ვართ და ვფიქრობ მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი, მნიშვნელოვანი იყო მისით დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია, ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა, ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს… სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა”, – ამბობს ის.

  • ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! – სალომე ზურაბიშვილი

    ”ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია ! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!
    ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! kafka როგორც სჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!”

    წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რითიც ეხმაურება, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც  პროევროპული აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ბრალდებულები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

    მოსამართლემ ამით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.