Blog

  • ”გამოიტანონ შეწყალებულების სია – რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები არიან” – ნათია მეზვრიშვილი

    ”გამოიტანონ შეწყალებულების სია – რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები არიან” – ნათია მეზვრიშვილი

    გამოიტანონ შეწყალებულების სია – რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები არიან – ამის შესახებ, წერს გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. 19 იანვარს პრეზიდენტად დასმულმა მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა.

    ქართული ოცნების პროპაგანდა შეწყალებაზე vs. სიმართლე: არცერთ ნორმალურ ქვეყანაში პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არ ამცირებენ. თუ არ გინდა, პატიმრობა ბევრი გქონდეს, ცოტა უნდა გამოიყენო. იცით, ბევრი რატომ გვაქვს? უსაფუძვლოდ, ხან შურისძიების, ხან პოლიტიკური მიზნით, ხანაც არაკომპეტენტურობით იყენებენ. პატიმრობის მაჩვენებლის შემცირების გზა მართლმსაჯულების რეფორმაზე გადის და არა ასეთ შეწყალებებსა და ამნისტიებზე. თუ პატიმრობის მაჩვენებელი გაღელვებთ, ან მზია ამაღლობელი რატომაა პატიმარი, ან ათეულობით უდანაშაულო ადამიანი? შეწყალება ჰუმანური აქტია, მაგრამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ მასშტაბის შეწყალებას კრიმინალის ანალიზისა და რეციდივის საფრთხის შესწავლის გარეშე არ აკეთებენ. თუ ასე აკეთებ, ე.ი. ჰუმანურობა კი არა, სხვა მოტივაცია გამოძრავებს. ანალიზის გარეშე ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის გაზრდის უზარმაზარ რისკებს ნიშნავს. დავუშვათ, პატიმრების ბედი გაღელვებს, არ შეიძლება მოქალაქეებს არ უხსნიდე მათი უსაფრთხოება ფეხებზე რატომ გკიდია. ხალხს უნდა ეუბნებოდე, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალე და არსებობს თუ არა ყველა ის რისკი, რაც ზემოთ წერია.

    ვთქვათ და ამ მასშტაბის შეწყალებას ანალიზის საფუძველზე აკეთებ, რანაირად დაგიჯერებენ, რომ ჰუმანურობა გამოძრავებს, როცა ასეულობით ადამიანი სულ ახლახან აწამე, ამ წამებაზე არავინ დასაჯე, განსხვავებული აზრისთვის საუკეთესო მოქალაქეები ციხეში გამოკეტე, ქუჩაში ნიღბიან ზონდერებს საკუთარ მოქალაქეებს აცემინებ და ა.შ. მოძალადე რეჟიმი რანაირადაა ჰუმანური? პლუს, კორუფციაში ხარ ჩაფლული. პლუს, არჩევნები გააყალბე და უამრავ კრიმინალთან ვალში ხარ.

    რეალობა ისაა, რომ ხელისუფლების სათავეშია არალეგიტიმური, მოძალადე რეჟიმი, რომელიც ხალხს სცემს, აწამებს, უკანონოდ აპატიმრებს, იტაცებს; რომელიც არაფორმალურ კრიმინალურ დაჯგუფებებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; რომელმაც არჩევნებამდე ზონდერებს ამნისტია გამოუცხადა და ახლა ამ ზონდერებით ხალხს სცემს. ამ ფონზე, ვის სჯერა, რომ ეს შეწყალება ჰუმანური აქტია და არა ისეთივე კრიმინიალური, როგორიც ამნისტია იყო. ამ ფონზე გამოდის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც პროკურატურის ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა და შესანიშნავად იცის, რომ პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არავინ აგვარებს და უბრალოდ ტყუის. ამ მასშტაბური შეწყალებით გახარებული ადვოკატებისგან ზოგი ქართული ოცნების მეხოტბეა, ზოგიც მათთან წლების განმავლობაში გარიგებული. პლუს, წარმოდგენა არ აქვთ საკითხზე.

    უსასრულოდ შემიძლია ვწერო არგუმენტები, მაგრამ აქ გავჩერდები. თუ რასაც ვწერ, ტყუილია, გამოვიდეს ოცნება და გამოიტანოს შეწყალებულების სია – რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ ეს არის სუს-ში დაწერილი ზონდერების შეწყალება, ზუსტად ისე, როგორიც იყო ზონდერების ამნისტია და ამის შედეგებს მალე საკუთარ თავზე გამოვცდით. ეს შეწყალება აუცილებლად გახდება შესწავლის საგანი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, საინტერესო დეტალები გველოდება წინ”. – წერს მეზვრიშვილი Facebook-ზე.

  • საქართველო მსოფლიოს ლიდერია.. ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროკავშირსაც ვუსწრებთ – პაპუაშვილი

    საქართველო მსოფლიოს ლიდერია.. ეკონომიკური ზრდის ტემპით ევროკავშირსაც ვუსწრებთ – პაპუაშვილი

    საქართველო მსოფლიოს ლიდერია ეკონომიკური ზრდის ტემპით. ვუსწრებთ ევროკავშირსაც და მის კანდიდატებსაც. მსოფლიოში ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ორ ქვეყანას, მათ შორის, სამხრეთამერიკულ გაიანას აქვს (43%), ისიც იმიტომ, რომ იქ ახლახან ნავთობი აღმოაჩინეს.

    თუმცა, ეს არ იქნებოდა, ჩვენ რომ

    დავთანხმებოდით ზელენსკის, რომელიც მოხალისეების ოფიციალურად გაგზავნას მოითხოვდა, რაც ომის მონაწილე მხარედ გვაქცევდა,

    უკან დაგვეხია აშშ-ის მაშინდელი ელჩის წინაშე, რომელიც კატეგორიული ტონით მოითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ესკალაციას (თუმცა, საჯაროდ ამას არ ამხელდა და ჩვენც ნამუსს ვუნახავდით),

    დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, რომელიც სანქციების დაწესებას, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შეზღუდვას და ფრენების აკრძალვას მოითხოვდა,

    ავყოლოდით 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისთანავე, ოპოზიციის და ენჯეოების ორგანიზებული აქციის “გულწრფელი მონაწილეების” მოთხოვნას და წინა სამი პუნქტის ავტორებისთვის დაგვეჯერებინა (თან როგორი დამთხვევაა, რომ ეს ენჯეოები ზუსტად იქედან ფინანსდებიან, საიდანაც ეს მოთხოვნები მოდიოდა).

    გარე მრჩევლებისთვის და ციხის შიგნიდან გამტეხავებისთვის რომ დაგვეჯერებინა, არანაირი ეკონომიკური ზრდა და ლიდერობა არ იქნებოდა. სამაგიეროდ იქნებოდა ომის რისკი და გარანტირებული ეკონომიკური კოლაფსი, რომლის ეფექტი ორჯერ უფრო მძიმე იქნებოდა ვიდრე კოვიდის პანდემიის დროს.

    ასე არის ახლაც. მანამ, სანამ ვიმოქმედებთ ეროვნული და არა უცხოური ინტერესებით, საკუთარი ხალხის და არა სხვათა დაკვეთით, საქართველო ივლის წინ; ხოლო თუ სხვების დროშებს ვაფრიალებთ და სხვა ხალხების ხელისუფლებას ჩვენად ჩავთვლით, რომელ კავშირშიც არ უნდა შევიდეთ, ვიქნებით საბჭოთა კავშირში.

    წერს ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

  • “წელს შეიძლება სხვა პრიორიტეტი გვქონდეს” – დავითაშვილი დავოსის ფორუმზე

    “წელს შეიძლება სხვა პრიორიტეტი გვქონდეს” – დავითაშვილი დავოსის ფორუმზე

    “დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიღო საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წელს ეს შეიძლება, არ ყოფილიყო ყველაზე უფრო მთავარი პრიორიტეტი. […]
    ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვმონაწილეობდით, ჩვენი გადაწყვეტილება იყო და ვესწრებოდით ფორუმს. ფორუმის ფორმატში გვქონდა შეხვედრებიც. წელს შეიძლება ეს არ ყოფილიყო მაქსიმალურად პროდუქტიული და წელს შეიძლება სხვა პრიორიტეტი გვქონდეს, ვითარებიდან გამომდინარე”

    აცხადებს ქართული ოცნების ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

  • საქართველო ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში – ჰერბსტი

    საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებს ზედმეტად არ გავავლებდი. არსებითად, ბელარუსი მოსკოვის გავლენის ქვეშ, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდანაა. საქართველომ კი საოცრად დაიხსნა თავი მოსკოვისაგან, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღეებში. რუსეთმა, 90-იანების დასაწყისშივე, იქამდეც კი, ვიდრე შევარდანაძე პრეზიდენტი გახდებოდა, თბილისის საწინააღმდეგო პოზიციების სუბსიდირება დაიწყო აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში. შევარდნაძის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ორი ნათლად კრემლისგან ორკესტირებული მკვლელობის მცდელობა ვნახეთ [შევარდნაძის წინააღმდეგ].

    ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში.

    აცხადებს ანალიტიკური საბჭოს წევრი ჯონ ჰერბსტი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

  • 2025-ში გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში – კობახიძე

    2025-ში გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში – კობახიძე

    შიდაპოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი ამ ქვეყანაში. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება.

    თქვა ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების მთავრობის სხდომაზე.

  • რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. რა დოკუმენტია ეს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

    სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება მოსკოვსა და თეირანს შორის დაიდო ვლადიმირ პუტინსა და მასუდ პეზეშკიანის კრემლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად. მხარეებმა აღიარეს, რომ „ამაზე დიდი ხანია მუშაობდნენ“, ცდილობდნენ „შეცდომებისა და შეფერხებების აღმოფხვრას“, თუმცა ახლა, მათი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „დამატებით იმპულსს“ მიიღებს.

    რას ითვალისწინებს ეს დოკუმენტი?

    დოკუმენტის შინაარსი წინასწარ არ გამოქვეყნებულა, თუმცა რუსი და ირანელი ოფიციალური პირების განცხადებებიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი შეიარაღების ორმხრივი მიწოდებაა.

    რა ითქვა ხელშეკრულებაზე მოსკოვში?

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, „РИА Новости“-სთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ხელშეკრულებაში „განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონულ და გლობალურ დონეზე მშვიდობისა და უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებას, ასევე, დაფიქსირებულია მოსკოვისა და თეირანის სურვილი უსაფრთხოების, თავდაცვის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სხვა საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ“.

    ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, აღნიშნა, რომ შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის ყველა სფეროს: სამხედრო-პოლიტიკური მიმართულებიდან  კულტურულ-ჰუმანიტარულ სფერომდე.

    ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი არანაირად არ უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართება. მედიამ ყურადღება მიაქცია ირანის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის სწრაფ ტემპს ტრამპის უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ირანთან ომის ალბათობა არ გამოურიცხავს.

    პესკოვმა IRNA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დაკავშირება იმ დოკუმენტის ორწლიანი დეტალური მუშაობის ლოგიკურ დასასრულთან, რომელიც რუსეთ-ირანის ურთიერთობებს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს“, ნაკლებად მიზანშეწონილია.

    რა ითქვა შეთანხმებაზე თეირანში?

    ირანის ხელისუფლებამ ბოლო კვირებში ხელშეკრულების ცალკეული მუხლების შესახებ არაერთხელ ისაუბრა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, მასში სულ 47 მუხლი შედის, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა სფეროს მოიცავს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ, აღნიშნა, რომ საუბარი არ არის სამხედრო კავშირის გაფორმებაზე. ეს შეთანხმება, მაგალითად, განსხვავებულია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან გაფორმებული ხელშეკრულებისგან.

    არაქჩიმ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში არ არის საუბარი არც სამხედრო კავშირზე და არც კონკრეტულ მიზნებზე. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი მიზანი — „გრძელვადიანი პერსპექტივის მიცემაა“ ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის.

    ასევე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელშეკრულება „დაფუძნებულია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე“ და „არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ“.

    ირანის ელჩმა მოსკოვში, ყაზემ ჯალალიმ, „ТАСС“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ მოიცავს მუხლებს ორმხრივი თავდაცვის შესახებ, რაც განსხვავდება რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან და ბელარუსთან გაფორმებული შეთანხმებებისგან.

    ამავდროულად, რუსეთმა და ირანმა ხელშეკრულებაში ჩართეს მუხლი, რომელიც კრძალავს მხარეების მიერ მესამე ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების მხარდაჭერას ხელშეკრულების მონაწილეებზე თავდასხმის დროს და ასევე კრძალავს მათი ტერიტორიის ამ მიზნებისთვის გამოყენებას.

    Middle East Eye-ის წყაროების ინფორმაციით თეირანში, ირანი არ აპირებს აღიაროს ყირიმი და უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიები. ამ მკაცრი პოზიციის ერთ-ერთი მიზეზი ირანის საკუთარი სადავო ტერიტორიებია — კუნძულები სპარსეთის ყურეში, რომელზეც არაბთა გაერთიანებული საემიროები აცხადებს პრეტენზიას.

  • ბრიტანელ მოკავშირეებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი – უილსონი

    მოვუწოდებ ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, მისი უახლოესი ოჯახის წევრები და ხელშემწყობთა ქსელი! მადლიერი ვარ, ვიყო კონგრესში გაერთიანებული სამეფოს კოკუსის თანათავმჯდომარე.

    წერს ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი X-ზე.

  • ”რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის..ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში” – ლევან იოსელიანი

    “რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში”. – ასე გამოეხმაურა, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში მის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას.

    “დღეს, ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი. მსაყვედურობენ, რომ თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემს მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ.

    რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს, ვინაიდან არ წარმოვადგენ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ის, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩემი უფლებაა. არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ მინახავს. აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინე, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს, რაც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ”, – თქვა იოსელიანმა.

  • ”მოვუწოდებთ ”ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა! გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები! – სახელმწიფო დეპარტამენტი

    “მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსთა დასადუმებლად. ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი, უკანონოდ დაკავებულები კი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ. მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს, მათ შორის – კანონის სათანადოდ გამოყენებასა და სამართლიან პროცესს ყველა დაკავებულის მიმართ”,

    ნათქვამია ამის შესახებ, ნათქვამია გამოცემა აქცენტის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებულ კომენტარში.

  • შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან კონტაქტს წყვეტს – გეტბერგი

    “შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან. ჯგუფი ეწინააღმდეგება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და მოუწოდებს საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ.”

    წერს სოციალურ ქსელში შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გეტბერგი.