Blog

  • მაქსიმუმ, ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და კვარაცხელიას გოლები..ყოველდღე მივალ აქციაზე – სანდრო ცნობილაძე

    წაღებულია დისკები, ლეპტოპები, ტელეფონი – მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები, – ამის შესახებ სპორტულმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მედიასთან მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „დილას რამდენიმე ადამიანი მოვიდა. ერთი რამ ფაქტია, საერთოდ რაიმე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ, ახლა მე აქ არ ვიდგებოდი, დამაკავებდნენ. შემოვიდნენ დილას, 11:00 საათი იყო. მეძინა, გაღვიძებულიც არ ვიყავი. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, ასე შემოსვლის ფორმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ამოიღეს ლეპტოპები, დისკები… სასაცილოა, დისკი იყო 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა და მერე არის გაციფრულებული. ეს დისკებია წაღებული. წაღებულია ლეპტოპები. იქ საფეხბურთო ამბებია იმ დისკებზე. მთელი ცხოვრებაა ტელევიზიაში ვარ, ფეხბურთს ვემსახურები და საფეხბურთო კომენტატორი ვარ. შესაბამისად, ესენია წაღებულია. ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული. იყო იქ ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფონს წაგართმევ და ა.შ. მოკლედ, დილით დამაწიოკეს. [ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ჩემთვის სასაცილო ამბავი. მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. დანარჩენი, ჩემი დაკვირვებითა და შეხედულებით, არის უბრალოდ ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდი. ყველამ კარგად იცის, ყველა შემთხვევაში, ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, გავაპროტესტებ. სრულიად გასაგებია, რა უშლით ნერვებს“, – განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.

  • მურმანსკის პორტში გემზე ამოვიდა ФСБ… 6 საათი მკითხავდნენ რუსეთი ოკუპანტია თუ არა..”-ქართველი მეზღვაური

    “მურმანსკის პორტში გემზე ამოვიდა ФСБ… 6 საათი მკითხავდნენ რუსეთი ოკუპანტია თუ არა..”- ქართველი მეზღვაური  გიორგი ნაგერვაძე  სოციალურ ქსელში წერს, რომ მურმანსკის პორტში ყოფნისას, გემზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] თანამშრომლები ავიდნენ, რომლებმაც ის იძულებით დაკითხეს და 6 საათის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას.

    ქართველი მეზღვაურის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

    “მოგესალმებით ყველას, ეს პოსტი ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს მეზღვაურებს. მურმანსკის პორტში ვიყავით რუსეთში. ამოვიდა გემზე ფეესბე, ქართველები ერთად შეგვკრიბეს,შემდეგ ყველა თავის კაიუტაში წაგვიყვანეს. 1 საათი დამკითხეს, ტელეფონი გამომართვა შეამოწმა ყველაფერი, რაღაც სპეციალური კოდი აქვთ და იმ კოდით ძვრებიან ყველგან. მინახეს 2022 წელს ნაყურები რუსეთი უკრაინის ომის ვიდეოები, აქციის ვიდეოები, რუსკი კარაბლ იდი ნა ხუი და ეგეთები. აქციის სურათები და ასე შემდეგ. მე საერთოდ არ მახსოვდა 2022 წელს რას ვუყურე და რა დავალაიკე.რო გამხსენებოდა კი წავშლიდი მაგრამ არ გამახსენდა. შემდეგ წამიყვანეს ფეესბეს შენობაში, ჩამკეტეს ოთახში, დამაყენეს გამხადეს წელს ზემოთ, სურათები მიღეს, თითის ანაბეჭდები ამიღეს, შემდეგ ისევ ჩამკეტეს და 1 საათში ისევ მოვიდნენ კამერით და დამიწყეს დაკითხვა. 6 საათის განმავლობაში მკითხავდნენ თან იწერდნენ. ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. კითხვები იყო ასეთი : რუსეთი უკრაინის ომში რუსეთს ვუჭერ მხარს თუ უკრაინას, მყავს თუ არა უკრაინაში ნათესავები , ბოლოს როდის გადავრიცხე ფული უკრაინის დახმარების ფონდში, პუტინი მიყვარს თუ არა, ზელენსკის ვუჭერ მხარს თუ არა, ვისი ბრალია უკრაინა რუსეთის ომი, 2008 წელს საქართველო რუსეთი ომის დროს მინდოდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოში ყოფნის დროს აქციაზე ხშირად ვიძახი პუტინ ხუილოს თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე ყოფნის დროს,აქციაზე რო დავდივარ ფულს რამდენს ვიღებ, რატო არ მაქვს რუსეთის მხარდამჭერი ვიდეოები, დედაჩემი ვინაა, ჩემი ცოლი ვინაა, ვეწევი თუ არა მარიხუანას ან ჩემი ცოლი ეწევა თუ არა. აფხაზეთი საქართველოა თუ არა, რუსეთი ოკუპანტია თუ არა. ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. ფსიქოლოგიაზე მირტყამდნენ რო რამე მეთქვა ავყოლოდი საბაბი მიმეცა რო გაველახე. იწეოდნენ ჩემსკენ ნაგლურად დამცინავად მელაპარაკებოდნენ. აქ ბევრი ქართველები გვყავდა და ზოგ ზოგიერთებს ფეხები დავატეხეთო მეუბნებოდნენ. შენც ჭკუით იყავი თუ გინდა აქედან გახვიდეო. ვცდილობდი არ ავყოლოდი რადგან ვერავინ ვერ მიშველიდა. მინდოდა რო იქედან გამოვსულიყავი თავი დამეღწია. შემდეგ წამიყვანეს სხვა ოთახში ხელი მომაწერინეს რაღაცეებზე, ისეთი რაღაცეები დაწერეს რაც არ მიქნია. შენ 32 წლის ხარო და ეხლა 50 წლიანს მოგცემთ და 50 წელში 82 კი იქნებიო, ლამის გული გამიჩერდა მეთქი 50 წელი ციხეში მიშვებენ თქო. შემდეგ კი მეუბნება უფროსი: მაგრად გაგიმართლა რო აქედან გიშვებთო და 50 წლიან დეპორტს გაძლევთო. მოკლედ 50 წლიანი დეპორტი მომცეს და დამაბრუნეს გემზე. მაგრად მაწვალეს. ვფიქრობდი გემზე აღარ დამაბრუნებენ მეთქი. მე რაც იქ ვიწვალე სხვამ არ მინდა იგივე გაიაროს იმიტო რო შეიძლება ვერ გაუძლოს და ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს. ჩვენ სანამ შევიდოდით პორტში მანამდე 4 ქართველი წაუყვანიათ ისე უცემიათ რო საავადმყოფოში წაუყვანიათ. ასე რომ კიდევ კარგად გავუძელი წნეხს. ეხლა კარგად ვარ, გამოვედით რუსეთიდან, დიდება საქართველოს აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა.” – წერს გიორგი ნაგერვაძე.

  • დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს – კაია კალასი

    დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს – კაია კალასი

    “ვისაუბრებთ საქართველოზეც, მოვლენების განვითარება საკმაოდ შემაშფოთებელია. ვმსჯელობთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია. დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას”

    თქვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

    სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრეცლდება.

    „სანდრო ცნობილაძესთან მივარდნენ სახლში, ჩხრეკაზე. კომენტატორებზე გადმოვიდა უკვე რეჟიმი“ – წერს ტატო ბაციკაძე სოციალურ ქსელში

  • აქციების მონაწილე პედაგოგი ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს

    აქციების მონაწილე პედაგოგი, სოფო როინიშვილი ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს

    “სამსახურიდან გამათავისუფლეს!
    ცეცხლი ოლიგარქიას!
    დამხობა რეჟიმს!”- წერს როინიშვილი სოციალურ ქსელში.

    “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, პედაგოგი პროევროპული აქციების უწყვეტი მონაწილეა, რის გამოც ის ვარაუდობდა, რომ სამსახურში პრობლემები შეექმნებოდა.

  • უკრაინამ დაიცვა მოლდოვა ომის საშინელებისგან – მაია სანდუ

    ომის სამი წელი, მსხვერპლის სამი წელი, გამბედაობის სამი წელი. უკრაინამ დაიცვა მოლდოვა ომის საშინელებისგან. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ, ჩვენი გული და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხთანაა. დიდება უკრაინას!

    წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წელი გავიდა.

  • “ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლე სჭირდება” – ზურაბიშვილი თემურ ქათამაძეზე

    “ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლე სჭირდება” – ზურაბიშვილი თემურ ქათამაძეზე

    “არ ვიცი ამის უფლება თუ მაქვს, თუმცა მზიასავით ვეტყოდი რომ ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლე სჭირდება”.

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში “ბათუმელი მედროშის”, რეჟიმის პატიმრის თემურ ქათამაძის შიმშილობასთან დაკავშირებით წერს.

  • პოლიციის ორი ეკიპაჟი დაადგა ჩემ პენსიონერ მშობლებს ახლა თელავში, ჯარიმის ჩასაბარებლად – ნიკა სიმონიშვილი

    პოლიციის ორი ეკიპაჟი და 7 პოლიციელი დაადგა ჩემ პენსიონერ მშობლებს ახლა თელავში ჩემი 5000 ლარიანი ჯარიმის ჩასაბარებლად, არადა კარგად იციან ჩემი ფაქტობრივი მისამართი თბილისში.
    18 თებერვალს მათი ბატონის დაბადების დღის “აღნიშვნა” არ მაპატიეს, თუმცა რეალური მიზეზი მაინც ჩემი საქმიანობაა.
    არავის ეშინია, ცეცხლი ოლიგარქიას

    წერს ამის შეასხებ, იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

  • ბოლო პერიოდში, აქციის მონაწილეები ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას -შსს

    ”ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    ”გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/ მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ.
    საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

    ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება.

    დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები.

    საჩივრის განხილვის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას”. – ნათქვამია განცხადებაში,

  • “შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება ” – სიმონიშვილი

    “შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება ” – წერს ამის შესახებ, იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი. სიმონიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს ჩაბარებდან 10 დღის განმავლობაში ოქმი გაასაჩივრონ.

    “ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ყველას გააგებინეთ! შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება დაიწყო ისე, რომ არც კი უცდია ადრესატებისთვის პირადად ან ფოსტით ჩაბარება. გზის გადაკეტვაზე ორი შემთხვევა ვნახე უკვე და სავარაუდოდ, ამ პრაქტიკას მასობრივად მიმართავენ. არც ერთ შემთხვევაში არ მიუტანიათ ფოსტით ან პირადად, ისე გამოაქვეყნეს ოქმები, ერთ შემთხვევაში მხოლოდ სატელეფონო ზარი იყო, მეორეში კი ესეც არ ყოფილა. ოცნების კანონმდებლობის პირობებშიც კი უხეში დარღვევაა ოქმის ჩაბარების წესის, რადგან ორჯერ მაინც უნდა სცადონ ჩაბარება და ამის შემდეგ აქვთ გამოქვეყნების უფლება. რადგანაც არც კონსტიტუცია ადარდებთ და არც საკუთარი ფორმალური წესები, ამიტომ:

    რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?

    https://www.protocols.ge/ – ზე აქვეყნებს შსს ამ ოქმებს და ყველას მარტივად შეგიძლიათ შემოწმება პირადი ნომრით, რამე არის თუ არა გამოქვეყნებული.
    თუ თქვენი ჯარიმაც იპოვეთ საიტზე, გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს გვეთვლება ოქმი ჩაბარებულად.
    ჩაბარებიდან 10 დღე გვაქვს გასაჩივრებისთვის და აუცილებლად გაასაჩივრეთ, ასე მის აღსრულებას და ჯარიმის გადახდის ვალდებულებას გააჩერებთ.
    საჩივრის შაბლონისთვის შეგიძლიათ მომწეროთ”, – წერს სიმონიშვილი.