Blog

  • აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა – კობახიძე

    „მაქსიმალურად, სადაც საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას.[…] დღისა და ღამის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული სირთულეები და პრობლემები. ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“,

    განაცხადა ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ.

  • გერმანიის განათლების სამინისტრო საქართველოსთან თანაშმრომლობას აღარ განაახლებს – ფიშერი

    “გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება, რომელიც ასევე მოიცავს სტუდენტების მობილობას, კვლევასა და საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის პროგრამებში – საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო. ქართველებმა, რომლებიც დადიოდნენ გერმანულ სკოლებში, ძირითადად გერმანული გრანტებით, იციან დანაკარგის ფასი”

    წერს ამის შესახებ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე.

  • შსს ₾7 მილიონად მობილურებში დაცული ინფორმაციის წამკითხველ სისტემას ყიდულობს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო,  ისრაელის კიბერუსაფრთხოების კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამის ინფორმაციას, BM.GE ავრცელებს.კონტრაქტი გაფორმდა შპს “ქომუნალ ტექნოლოჯი”-სთან, რომელიც საქართველოში Cellebrite-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, Cellebrite-ის სისტემები გამოიყენება ანდროიდის, ეფლის, მაიკროსოფტის, ლინუქსისა და სხვა ოპერაციულ სისტემებში დაცული მონაცემების წაკითხვისთვის.

    ხელშეკრულების პირობების მიხედვით, აპარატურას საქართველო 20 კალენდარული დღის ვადაში მიიღებს და ლიცენზიები 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

    შესყიდვა მოიცავს:

    Cellebrite Inseyets – 3 წლიანი 4 ერთეული ლიცენზია (არსებული 4 Premium ადაპტერის გამოყენებით), რომელიც აერთიანებს Cellebrite UFED Premium, Cellebrite UFED 4PC, Cellebrite Physical Analyzer, Cellebrite Cloud და Cellebrite Commander სისტემებს 4,413,820 ლარი;
    Cellebrite Inseyets – 3 წლიანი ლიცენზია (ახალი Inseyest ადაპტერის გამოყენებით), რომელიც აერთიანებს Cellebrite UFED Premium, Cellebrite UFED 4PC, Cellebrite Physical Analyzer, Cellebrite Cloud და Cellebrite Commander სისტემებს 1,156,636 ლარი;
    Cellebrite Digital Collector – 1 ლიცენზია (არსებულის განახლება), ღირებულებით 69,000 ლარი.

    მოწყობილობები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვისაა განკუთვნილი, რაც კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად დაამუშაოს საგამოძიებო მონაცემები.

    სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არქივის თანახმად, სახელმწიფო კომპანია Cellebrite-თან 10 წელზე მეტია თანამშრომლობს, აქამდე გაფორმებული ყველაზე მსხვილი შესყიდვა ეკუთვნოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რისი ღირებულებაც 900 ათას ლარს შეადგენდა.

    შსს-ს განმარტებით, ამ ტექნოლოგიის შეძენა აუცილებელია იმ მიზნით, რომ კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიის შესაძლებლობები გაფართოვდეს. აღნიშნული სისტემები საშუალებას იძლევა პარალელურად ექვსი პროცესის გაშვება, მონაცემების სწრაფი ანალიზი და კატეგორიზაცია, რაც საგამოძიებო პროცესებს მნიშვნელოვნად აჩქარებს.

    Cellebrite-ის როლი და საერთაშორისო გამოცდილება Cellebrite-ის პროდუქტებს აქტიურად იყენებენ აშშ-ის, ევროპის და აზიის ქვეყნების სამართალდამცავი უწყებები. თუმცა, კომპანია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი იმ ქვეყნების მიერ, სადაც მისი ტექნოლოგიები სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისთვის იქნა გამოყენებული. აღნიშნულის გამო, 2021 წელს კომპანიამ რუსეთთან და ბელარუსთან პარტნიორობა შეწყვიტა.

    მთავრობისთვის გაგზავნილ წერილში, რაც შესყიდვის განცხადებას ახლავს თან Cellebrite-ის გაყიდვების მენეჯერი ალბერტ კაცირი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, რომლისთვისაც მათ აპარატურის მიყიდვის უფლება გააჩნიათ, თუმცა კაცირი აცხადებს რომ ეს შესაძლოა შეიცვალოს, აქედან გამომდინარე ის მთავრობას სთავაზობს აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა შეიძინონ იქამდე, სანამ საქართველოში მომსახურების მიწოდების შეზღუდვის შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

  • იმერეთში ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს – ზალკანიანი

    დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ ქალაქის, ასევე, სოფლამდე მისასვლელ გზებს. ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის.არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში.

    აცხადებს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

  • საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი ჩაიკეტა

    საჩხერის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო 12 სოფელი: ნიგვზარა, კორბოული, სპეთი, შომახეთი, მოხვა, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი, ღოდორა ჩაიკეტა.

    “თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და უკვე 24 საათის განმავლობაში მუშაობს გზების გასაწმენდად. ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა.

    რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ამ დროისთვის შეწყვეტილია სწავლა 20 საჯარო სკოლაში-არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე, ჭორვილა.

    მოსალოდნელი გართულების თავიდან არიდების მიზნით, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ შეაჩერა სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებშიც”. – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

  • რკინიგზა 26, 27 და 28 თებერვალს რამდენიმე რეისს აუქმებს

    დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი კვლავ გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

    „საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

    26 თებერვალი:

    № 804 თბილისი – ბათუმი;

    №801 ბათუმი – თბილისი;

    №869 ზუგდიდი-თბილისი;

    №874 თბილისი -ფოთი;

    №617 ბორჯომი-თბილისი;

    №686 თბილისი – ბორჯომი;

    27 – 28 თებერვალი:

    № 854 თბილისი-ოზურგეთი;

    № 853 ოზურგეთი-თბილისი;

    № 6355/6356 ქუთაისი-რიონი;

    № 6353/6354 ქუთაისი -რიონი;

    № 682/681 ქუთაისი- ბათუმი;

    № 684/683 ქუთაისი-ბათუმი;

    № 613/614 ბათუმი-ოზურგეთი;

    №618/617 თბილისი – ბორჯომი;

    №685 ბორჯომი-თბილისი;

    მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.

    საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე, კრიტიკულ ობიექტებზე მუშაობენ – სამინისტრო

    თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის თქმით, დასავლეთ საქართველოში მოვლენილი სტიქიური დიდთოვლობისგან დაზარალებულ კრიტიკულ ობიექტებზე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გამოწვეული “პრობლემების აღმოფხვრასა და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად” მუშაობენ.

    “საქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ.

    დღეს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს.

    ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადი შემადგენობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს სამაშველო სამსახურთან, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მუდმივ კოორდინაციაშია.

    დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო.

    თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები”. – წერია განცხადებაში.

  • ბათუმში ჩამოინგრა სახლი, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე გამოიყვანეს – საგანგებო

    “ბათუმში ჩამოინგრა სახლი, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე გამოიყვანეს”- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას.

    შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

    ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი , სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.

    მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.

    მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – წერია განცხადებაში

  • ცუდია სპეკულაციები, რეალურად გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება – კობახიძე

    ცუდია სპეკულაციები რა თქმა უნდა. რეალურად გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება, როგორც კი მდგომარეობა გართულდა სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, ვგულისხმობ, გადაწყდა თავდაცვის ძალების მობილიზება. გამომდინარე მდგომარეობიდან ჩვენ ვრეაგირებთ სათანადოდ. ბუნებრივია ეს არის ჩვენი პასუხისმგელობა სადაც რესური იქნება საჭირო ბუნებრივია სრული რესურსი იქნება მობილიზებულია. სპეკულაციებს ვისმენთ მაგრამ ეს მათი საქმეა.საკმაოდ დიდი რაოდენობით ტექნიკაა მობილიზებული.  რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა ყველაფერი არის სრულად მობილიზებული. ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა. ტექნიკა არის სრულიად მობილიზებული რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს.

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ გურიაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრის შემდეგ.

  • მდგომარეობა საკმაოდ რთულია, გამოწვევა ძალიან ბევრია, თუმცა ყველაფერი გაკეთდება – კობახიძე

    მდგომარეობა საკმაოდ რთულია, გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისთვის, რომ სტიქიას ვებრძოლოთ. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან. ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო. ამისათვის მობილიზებული იქნება ტექნიკა, რათა მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა ამაზე.

    ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების, ასევე სურსათის ნაწილში, შეშის ნაწილში გათბობისთვის. ამასთან დაკავშირებითაც კონკრეტული გეგმით ვიმუშავებთ. მთლიანობაში არსებობს გეგმა, ვითარება რთულია, გამოწვევა ძალიან ბევრია, თუმცა ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე.

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ გურიაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრის შემდეგ.