Blog

  • თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა

    ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] სასამართლომ ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა.

    ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ.

    • “თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა… სასამართლომ უარი გვითხრა მოწმეების დაკითხვაზეც, რომლებიც დაადასტურებდნენ მნიშვნელოვან გარემოებებს ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და შსს-ს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში,” – განუცხადა თემურ ქათამაძის ინტერესების დამცველმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, მარიამ გაბროშვილმა გამოცემა “ბათუმელებს”.
  • მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

    საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.  ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა.

    იუსტიციის ახალ მინისტრად ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს პაატა სალია დანიშნა.

  • “სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო! ” -იოსელიანი ჩხრეკაზე

    “სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო! ” -იოსელიანი ჩხრეკაზე

    “სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო! ” – საქართველოს სახალხო დამცველი დღეს, სამოქალაქო აქტივიდებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება.

    “სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები.

    ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.

    სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში,”-ნათქვამია განცხადებაში.

  • ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა – უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით – სამადაშვილი

    ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა – უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით – სამადაშვილი

    “ტერორის მიზანია პროტესტის ჩახშობა – უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით” – ასე ეხმაურება, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დილიდან პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს.

    “დღეს დილას, 5 სხვადასხვა ლოკაციაზე რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით და მეთოდოლოგიით, რეჟიმი შეიჭრა სოლიდარობის ფონდების დამფუძნებლების სახლებში. ჩვენ პირველ რიგში, გვსურს, რომ ყველას გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ვუთხრათ მათ, რომ მათ გვერდით იდგება რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ისევე როგორც თითოეული მოქალაქე ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს გადარჩენა იმ მომავლისგან, რომელსაც დღეს ჩვენ გვიმზადებს რუსეთი და რომლის ამოცანა არის ორი:

    პირველი, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვა და განადგურება, იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანას მართავს პირდაპირ რუსეთიდან ადმინისტრირებული ძალა, წინააღმდეგობის ხაზი დღეს გადის სწორედ საქართველოს მოქალაქეებზე და საზოგადოებრივ პროტესტზე, რომელსაც უკვე მრავალი თვეა წარმატებით ახორციელებს ჩვენი საზოგადოება.

    ამ ტერორის მიზანია პროტესტის, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩახშობა და ამას უნდა ვუპასუხოთ გაზრდილი წინააღმდეგობით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ არ მოხდება საქართველოში დემოკრატიის გაუქმება. არ მოხდება საქართველოს ევროპული მომავლის წართმევა, იმიტომ რომ სწორედ ეს არის მეორე ამოცანა, რომელსაც რუსეთი ცდილობს, რომ განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში”. – განაცხადა სამადაშვილმა.

  • ჩემთანაც იყვნენ ჩხრეკაზე, ტელეფონი წაიღეს – კორპუსთან 30-მდე პოლიციელი იდგა – ხელაია

    “ჩემთანაც იყვნენ ჩხრეკაზე, ტელეფონი წაიღეს – კორპუსთან 30-მდე პოლიციელი იდგა” -წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის დამფუძნებელი, გუგა ხელაია.

    “მეგობრებო, იყვნენ ჩემს ბინაშიც დილიდან. პროკურატურიდან ვართო და ოთხი ადამიანი შემოვიდა, ტელეფონი ხელში მეჭირა მაგ დროს და გამომართვეს, დალუქეს და წაიღეს. ბინის სრული ჩხრეკის შემდეგ, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო და წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი ვერ არის სასიამოვნო ჩემთვის, მათი მხრიდან აგრესიას და ნეგატიურ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. კორპუსის დაცვისგან როგორც შევიტყვე, სადარბაზოში 30-მდე პოლიციელი იდგა.

    უდიდესი ალბათობით დაკითხვებზე დამიბარებენ და გაგრძელდება ეს პროცესი. შემდეგ რა იქნება არ ვიცი და აქვე გაგიზიარებთ.

    ჟურნალისტებთან და პროდიუსერებთან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა განცხადებას ვერ გავაკეთებ და შეგიძლიათ ამ პოსტით და ინფორმაციით იხელმძღვანელოთ საჭიროების შემთხვევაში.

    კარგად ვარ! დიდად არც არავინ მყავს, რომ რაიმე მქონდეს დასაკარგი, შესაბამისად შიშებიც დიდი ხნის მკვდარია ჩემში.

    სოლიდარობა სხვა ფონდებს ჩემგან!” – წერს ხელაია.

  • პროკურატურა ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    პროკურატურა ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

    სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს”, – წერია უწყების განცხადებაში.

  • კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი – პაპუაშვილი ჩხრეკებზე

    კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი – პაპუაშვილი ჩხრეკებზე

    უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება ჩხრეკებს, ეს როგორც შევიტყვეთ არის პროკურატურის მიერ გამოძიებეის პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად. […] არ ვიცი, ვინ ატარებდა ჩხრეკას, თუმცა ვინც ატარებდა ჩხრეკას, დარწმუნებული ვარ, ყველანაირად კანონიერი საფუძვლით მიდის ეს ყველაფერი. შესაბამის განმარტებებს პროკურატურა მოგცემთ, დარწმუნებული ვარ. ასე რომ, გამოძიება არის, გამოძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი ღონისძიება, რაც არის ხოლმე ხანდახან საჭირო და ამ შემთვხვაში პროკურატურამ ჩათვალა ეს როგორც ჩანს საჭიროდ, არის ჩხრეკა იმისთვის, რომ იქნეს ამოღებული სხვადასხვა მტკიცებულებები. ასე რომ, ჩვეულებრივი პროცედურა არის, რომელიც მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ჩაატაროს იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ის გამოძიებები, რომლებიც მიმდინარეობს, ამ გამოძიებებეს ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის, რასთან გვაქვს საქმე.

    ვხედავთ ჩვენ ცალსახად, რომ არის მცდელობა, რომ გარედან მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ, პროკურატურამ ამ მხრივ უნდა გასცეს პასუხი ქართველ ხალხს. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა.

  • “ახლა აღმოვაჩინე რომ სახლში შემოსულია სუსიც. პროკურატურის გარდა” – ჟორჟოლიანი

    “ახლა აღმოვაჩინე რომ სახლში შემოსულია სუსიც. პროკურატურის გარდა,”

    ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახლში პროკურატურის გარდა სუს-ის თანამშრომლებიც შევიდნენ.

    ცნობისთვის, ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს

    გარდა ამისა, ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და   “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

  • რატომ უნდა დაველოდოთ 8 მაისს? თუ რუსეთს მშვიდობა ნამდვილად სურს, ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს – ანდრეი სიბიგა

    „რატომ უნდა დაველოდოთ 8 მაისს? თუ ცეცხლის შეწყვეტა ახლაც შეიძლება და ნებისმიერ დროს 30 დღის განმავლობაში – მაშინ ეს რეალურია და არა მხოლოდ აღლუმისთვის. უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ხანგრძლივ, მყარ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში“

    ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას.

  • “მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა, იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად – მზია ამაღლობელი

    “მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა, იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ჩადენა. იმიტომ რომ, რავიცი, ბუნებით კრიმინალი არა ვარ და ყველაფერი, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. უნდა დაგეგმო, თუ ახალი დანაშაული უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! ვერ ვხვდები ამას. უნდა დაგეგმო ახალი დანაშაული, ან უნდა ჩაიდინო, ან უნდა დაგეგმო…

    ერთადერთი, ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არა, რომ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ და ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ”

    ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმართვისას განაცხადა.