Blog

  • პროკურატურა “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვს

    პროკურატურა “ახალის” და “გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს.

    მოსამართლე სათათბიროთ არის გასული.

    მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.

  • “საზმაუს სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით – “რეალურ სივრცეს” ხურავენ” – ზაუტაშვილი

    “საზმაუს სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით – “რეალურ სივრცეს” ხურავენ” – საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “ახლა თბილისში არ ვარ, მაგრამ უნდა დავწერო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით “რეალურ სივრცეს” ხურავენ. დითირამბებს უმღერიან ხალხურს და საჭირო პროექტად მოიხსენიებენ. სიმღერის წინააღმდეგი ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ თუ საჭიროებაზე მიდგა საქმე, “რეალური სივრცე” ზუსტადაც რომ ყველაზე საჭირო პროექტი იყო საზოგადოებისთვის. მაგრამ მისი დახურვა დიდი ხნის წინ დაევალა ვასიკო მაღლაფერიძეს და მის გულითად მცველებს, თინათინ ბერძენიშვილს, რუსუდან მანჯგალაძეს და ბელა ოსიპოვას. ასე გააგრძელეთ გოგო-ბიჭებო. ისე, “ბონიემი” გამოვიდოდა თქვენგან და აქციეთ გადაცემად. უდიდესი რეიტინგი გექნებათ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რეალურ სივრცეს თქვენ ვერ მოსპობთ, ის დიდხანს იცოცხლებს. შევხვდებით სადმე კონცერტზე. ტრადიციული ტექსტით დავამთავრებ, ვაი თქვენს პატრონს”, – წერს ზაუტაშვილი.

  • ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს

    TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს.

    ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

    ჯიოშვილის თანახმად, მან პოლიციელი საგზაო წესების დარღვევაში ამხილა, ამ დარღვევაზე კი, მისივე მტკიცებით, პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. ამ ფაქტის გამო მან სისტემას შეაგინა, ოქმიც ამ მიზეზით შეუდგინეს.

  • ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა

    სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი გახდა. ამ პოსტს აქამდე ნინო დოლიძე იკავებდა.

    “ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

    ნატროშვილი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი. ის 2012 წლიდან საქართველოში გამართულ ყველა საერთო არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თანახელმძღვანელობდა. ამასთანავე, ნატროშვილი არის ათეულობით კვლევისა და ანგარიშის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს მას საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროპის საბჭო (CoE). ნატროშვილი რამდენიმე პრესტიჟული აკადემიური სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე, კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხებს. ის ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის დოქტორანტია”, – წერია ინფორმაციაში.

  • მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყდა

    მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა. არხი განცხადებას ავრცელებს და მაყურებელს მადლობას უხდის.

    “მთავარი არხის” სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა.

    5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს “ქართული ოცნება”.

    ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ “მთავარი არხის” თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვითა და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

    ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა “მთავარი არხი” და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

    ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი – სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

    დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით “მთავარი არხის” გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო.

    მომავალ შეხვედრამდე.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ეკონომიკური წინსვლა, მადლობა გომელაურს – კობახიძე

    სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება ეკონომიკური წინსვლა, მადლობა გომელაურს – კობახიძე

    [ეკონომიკურ წინსვლაში] განსაკუთრებული წვლილი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს მიუძღვის.

    მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ვერავითარი ეკონომიკური წინსვლა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის შსს-ს. მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს.

    თქვენ გახსოვთ, გასული თვეების და რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ რა პროცესები გამოვიარეთ და რომ არა შსს-ს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის მოწოდების სიმაღლეზე დგომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და შესაბამისად, არც ასეთი ეკონომიკური ზრდის მონაცემები გვექნებოდა

    თქვა ირაკლი კობახიძემ.

  • ყალბი “ოცნების” რეჟიმი სძულს ამერიკას და ტრამპს, საკმარისია! გვერდით უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს – უილსონი

    “ყალბი “ქართული ოცნების” რეჟიმი სძულს ამერიკას და პრეზიდენტ ტრამპს. ის ანტიამერიკულ შეთქმულების თეორიებს ავრცელებს და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის. საკმარისია! ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს.”

    წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე.

  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მომავალ კვირას, MEGOBARI აქტს განიხილავს

    ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუს თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მომავალ კვირას, MEGOBARI აქტს განიხილავს.

    “MEGOBARI აქტს, ჯო უილსონისა და სტივ კოენის ინიციატივით წლის დასაწყისში წარდგენილ ინიციატივას, ახლა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა საბოლოო კენჭისყრისთვის მომავალ კვირას განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიას ანადგურებს” – წერს რაუფოღლუ

  • საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია – იუკნევიჩიენე

    საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია – იუკნევიჩიენე

    „საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერია ჩვენს კონტინენტზე. დღეს ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოსთვის წაგების ძალიან რეალური რისკის წინაშე ვდგავართ.
    ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო წლებია შორდებოდა ევროპას, მაგრამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ვარდნის ახალი თავი დაიწყო. სასტიკი რეპრესიები, ძალადობა, დაპატიმრებები – ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდან.
    თავის დროზე ევროპის სანდო პარტნიორი საქართველო პუტინის მარიონეტად იქცევა. ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველისთვის, არამედ სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვაა შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.
    საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებულად მიტაცების მაგალითია. ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ.
    საქართველოს „დე-ბიძინიზაცია“- ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში ჩვენი ინვესტიციაა. ყოველმა ქვეყანამ, რომელიც ევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“

    ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ევროპის სახალხო პარტიის” შეკრებაზე განაცხადა.

     

  • ოცნების ტერორის კიდევ ერთი გამოხატულება – საია ჩხრეკებზე

    “ოცნების ტერორის კიდევ ერთი გამოხატულება” – ასე აფასებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკებს.

    “ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედების შედეგად ტელეფონები და კომპიუტერები ამოიღეს. სამართალდამცველები ადვოკატის გარეშე მყოფ მოქალაქეებს ჩხრეკა-ამოღების გადაღებას არა მხოლოდ უკრძალავდნენ, არამედ, როდესაც პირები ითხოვდნენ ახსნას, თუ რომელი ნორმით იყო აკრძალული გადაღება, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ.

    ის, რომ შეიძლება, ტელეფონი ინფორმაციის შემცველი საგანი იყოს, ეს საგამოძიებო უწყებისთვის ობიექტურად განჭვრეტადი და შეცნობადია, ამიტომ, საიას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, განჩინებაში ტელეფონის ამოღებასთან დაკავშირებით მითითება პირდაპირ უნდა გაკეთდეს.

    ამავე დროს, შეიძლება, ამოღებულ ტელეფონებში ინახებოდეს პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (როგორიცაა, მაგალითად, საადვოკატო ან ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია), რაც განსაკუთრებით დაცული მონაცემია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე, რელევანტური საერთაშორისო ხელშეკრულებებით (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით)”.- წერია საიას განცხადებაში.

    საიას განცხადებით, აღნიშნული ჩხრეკა მიზანშეწონილ საგამოძიებო ღონისძიებად ვერ შეფასდება.

    “იმის გათვალისწინებითაც, რომ 1 თვეზე მეტია გასული ფონდების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებიდან და ანგარიშების დაყადაღებიდან, 29 აპრილს, დილით, ამ პირების სახლებში მისვლა და ჩხრეკა-ამოღების ჩატარება ქართული ოცნების ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს და იგი ობიექტურად მიმდინარე გამოძიების პრეზუმპციითაც კი ვერ შეფასდება როგორც მიზნშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება”. – წერია საიას განცხადებაში.