Category: ახალი ამბები

  • ირანის დაზვერვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები ლიკვიდირებული არიან – IDF

    ირანის დაზვერვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები ლიკვიდირებული არიან – IDF

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ცნობით, მოკლეს ირანის დაზვერვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის საიედ იაჰია ჰამიდი, რომელიც დაზვერვის მინისტრის მოადგილე იყო ისრაელის საკითხებში.

    ასევე დაიღუპა ჯალალ პურ ჰოსეინი, რომელიც დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ასევე ირანის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც.

    ამ ეტაპზე IDF-ს არ დაუკონკრეტებია, სად, როდის და რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული პირების ლიკვიდაცია. ირანის ხელისუფლებას ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია

  • მკვლელის მკვლელობა არ არის მისასალმებელი – ნინო წილოსანი ირანზე

    მკვლელის მკვლელობა არ არის მისასალმებელი – ნინო წილოსანი ირანზე

    მკვლელის მკვლელი ასევე არის კონკრეტული დეფინიცია სამართლებრივად, ანუ არ გადავდივარ უფრო დიდ მასშტაბზე. ელემენტარულად, ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი. ამიტომ, თქვენ რომ მიესალმებით ამ ყველაფერს, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. სამძიმართან დაკავშირებით იხილეთ მთავრობის განცხადება, სადაც ყველა იმ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით არის სამძიმარი გამოთქმული.

    როდესაც ირანი ამ რეგიონის ამხელა მნიშვნელობის აქტორია, წარმოუდგენელია, თქვენსავით ვინმეს უხაროდეს იქ დესტაბილიზაცია.

    უთხრა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტს.

  • კალაძე შაბათ-კვირას აბუ დაბიში იმყოფებოდა, ჯერ ვერ ახერხებს გამოფრენას – მერია

    კალაძე შაბათ-კვირას აბუ დაბიში იმყოფებოდა, ჯერ ვერ ახერხებს გამოფრენას – მერია

    თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კახა კალაძე აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს.

    „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

  • ისრაელმა ლიბანში  ჰეზბოლას ობიექტებს დაარტყა

    ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებს დაარტყა

    ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე შეუტია ირანის მხარდამჭერი დაჯგუფების, ჰეზბოლას პოზიციებს. ისრაელის არმიის სარდლობამ დარტყმის შესახებ დღეს, 2 მარტს განაცხადა.

    ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დაიწყეს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

    „ჩვენ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დავიწყეთ. ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვით პოზიციაზე ვართ, არამედ შეტევაზეც გადავდივართ.[…] უნდა მოვემზადოთ რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის, მრავალი დღის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი თავდაცვითი მზადყოფნა და უწყვეტი შეტევითი მზადყოფნა“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა.

    მანამდე, 1 მარტს საღამოს ჰეზბოლამ ისრაელზე შეტევა მიიტანა, როგორც თავად განაცხადა, რაკეტებით და დრონებით. ისრაელის და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა შიიტურმა დაჯგუფებამ ისრაელზე დარტყმას უწოდა შურისძიება ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მკვლელობისთვის.

    ისრაელის თქმით,  ჰეზბოლა ანგრევს ლიბანის სახელმწიფოს, ესკალაციაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება და არ მისცემს ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას.

  • ამერიკას შეუძლია თავდაცვითი ოპერაციებისთვის ბრიტანული ბაზები გამოიყენოს

    ამერიკას შეუძლია თავდაცვითი ოპერაციებისთვის ბრიტანული ბაზები გამოიყენოს

    დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა განაცხადა, მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნა, გამოიყენოს ბრიტანეთის სამხედრო ბაზები ირანის რაკეტების წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმებისთვის.

    „აშშ-მა ითხოვა ნებართვა, გამოიყენოს ბრიტანული ბაზები კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნით. ჩვენ დავეთანხმეთ ამ მოთხოვნას, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის მიერ რაკეტების გაშვება რეგიონში,“ – განაცხადა სტარმერმა ვიდეომიმართვაში.

    სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობდა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ საჰაერო დარტყმებში ირანის წინააღმდეგ და არც მომავალ შეტევებში აპირებს ჩართვას. თუმცა, მისი თქმით, ირანმა საპასუხოდ უკვე განახორციელა თავდასხმები რეგიონში, მათ შორის რაკეტებით დააზიანა აეროპორტები და სასტუმროები, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

  • როგორ დაადგინეს აშშ-მა და ისრაელმა აიათოლა ხამენეის ადგილსამყოფელი

    როგორ დაადგინეს აშშ-მა და ისრაელმა აიათოლა ხამენეის ადგილსამყოფელი

    თავდასხმა, რომლის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა, დილით განხორციელდა. არადა მოლოდინი იყო, რომ ის გვიან ღამით მოხდებოდა.

    ეს იმიტომ მოხდა, რომ აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს ესარგებლათ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც მათ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე მიიღეს.

    რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ელოდებოდნენ იმ მომენტს, როდესაც ირანის მაღალჩინოსნები შეიძლება შეხვედრაზე შეკრებილიყვნენ, და დაადგინეს, რომ ხამენეი შაბათს დილით თეირანის ცენტრში მდებარე შენობათა კომპლექსში იქნებოდა.

    მათთვის ასევე ცნობილი იყო სხვა მაღალი რანგის ირანელი სამხედროებისა და დაზვერვის თანამშრომლების ადგილსამყოფელიც, რომლებიც იმავე დროს ატარებდნენ შეხვედრას.

    რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ და ისრაელი ირანის უზენაესი ლიდერის გადაადგილებას აკვირდებოდნენ. ზუსტი მეთოდები, რომლებიც ამ პროცესში გამოიყენებოდა, საიდუმლოდ რჩება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტში ირიბად მიანიშნა მათზე.

    „მან ვერ შეძლო ჩვენი დაზვერვისა და მაღალტექნოლოგიური თვალთვალის სისტემებისთვის თავის არიდება,“ — განაცხადა ტრამპმა.

    ხამენეის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა ადგილზე მოქმედი აგენტისგან ყოფილიყო მიღებული, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ აიათოლას მიაგნეს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სხვა ირანელი მოღვაწეების გადაადგილების თვალთვალის გზით.

    გასული წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მეცნიერებსა და ოფიციალურ პირებს და, გავრცელებული ინფორმაციით, ცალკეული პირების გადაადგილების დასადგენად იყენებდა სატელეკომუნიკაციო და მობილური ტელეფონების სისტემების გატეხვას.

    რიგ შემთხვევებში ეს მოიცავდა იმ მცველების გადაადგილების თვალთვალსაც, რომლებიც მთავარ თანამდებობის პირებს ახლდნენ.

    გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შესაძლებელი გახადა ლიდერის ყოველდღიური ცხოვრების ერთგვარი „პატერნების“ ჩამოყალიბება და მოწყვლადი მომენტების გამოვლენა: ვის ხვდებოდა და რა სიხშირით, და სად ამჯობინებდა ასეთი შეხვედრების ჩატარებას.

    ირანმა იცოდა, რომ უზენაესი ლიდერი მისი მოწინააღმდეგეების ყურადღების ცენტრში იყო, ამიტომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მოწყვლადობების ვერ აღმოჩენა და ვერ აღმოფხვრა მიუთითებს ან ირანის უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სისტემის სერიოზულ ჩავარდნაზე, ან ისრაელისა და აშშ-ის შესაძლებლობაზე, ადაპტირებულიყვნენ და ახალი მეთოდები ეპოვათ დაკვირვებისთვის.

    ირანის ხელისუფლება ასევე შესაძლოა ვარაუდობდა, რომ დღისით თავდასხმა ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

    ამ შემთხვევაში, როგორც The New York Times წერს, სადაზვერვო ინფორმაცია მიღებული იყო გარედან – ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან (CIA) –თუმცა ისრაელს გადაეცა უშუალო დარტყმის განსახორციელებლად.

    ნიშნები მიუთითებს ამოცანების განაწილებაზე: ისრაელი ფოკუსირებული იყო ირანის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმებზე, ხოლო აშშ  სამხედრო ობიექტებზე.

    უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დაზვერვამ უზრუნველყო საკმარისად წინასწარი გაფრთხილება უზენაესი ლიდერისა და სხვა მაღალჩინოსნების გადაადგილების შესახებ, რამაც შესაძლებელი გახადა შეტევის დაგეგმვა გამანადგურებლების გამოყენებით, რომლებიც შორი მოქმედების რაკეტების გაშვებას ახერხებენ.

    ერთჯერადი დარტყმის ნაცვლად, რომელსაც შეიძლებოდა მოწინააღმდეგის „თავის მოკვეთა“ გამოეწვია, გეგმა ითვალისწინებდა, რომ ეს შეტევა გახდებოდა უფრო ფართო კამპანიის დასაწყისი; ის უფრო ადრე გადაიტანეს, რათა ხელსაყრელი შესაძლებლობის ფანჯარა გამოეყენებინათ.

    ისრაელის გამანადგურებლებს დაახლოებით ორი საათი სჭირდებათ თეირანამდე მისაღწევად, თუმცა უცნობია, ზუსტად რა მანძილიდან გაუშვეს მათ საბრძოლო მასალა.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისრაელის გამანადგურებლებმა კომპლექსს ადგილობრივი დროით დაახლოებით 9:40-ზე 30 ძლიერი ბომბი ესროლეს.

    შესაძლოა ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ უზენაესი ლიდერი თავდაცვის მიზნით კვლავ იყენებდა კომპლექსის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა ბუნკერს (თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ბუნკერი არ ყოფილა).

    სამიზნის გარანტირებულად განადგურებისთვის შესაძლოა რამდენიმე საბრძოლო მასალის გამოყენება გახდა საჭირო.

    დაზიანდა ირანის დედაქალაქში მდებარე სხვა ობიექტებიც, მათ შორის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ოფისი, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ უსაფრთხოდ იმყოფება.

    ირანმა დაადასტურა თავდაცვის სამინისტროს სამი მაღალჩინოსნის დაღუპვა, მათ შორის თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის, თავდაცვის მინისტრის ბრიგადის გენერალ აზიზ ნასირზადეს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის გენერალ მოჰამად პაკპურის.

    როდესაც თვითმფრინავებმა დარტყმა განახორციელეს, ფლორიდაში, პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში მარნა-ლა-გოში, სადაც ის რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად მოვლენებს აკვირდებოდა, ღამე იყო.

    რამდენიმე საათი გავიდა მანამდე, სანამ ოფიციალურად დადასტურდებოდა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოკლულია.

    თუმცა თეირანი მსგავსი განვითარების შესაძლებლობისთვის მზად იყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მემკვიდრეობის გეგმები — არა მხოლოდ ხამენეისთვის, არამედ სხვა არაერთი მაღალჩინოსნისთვისაც  უკვე შემუშავებული იყო.

    ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კვლავაც გაურკვეველია, როგორ აისახება ხამენეის მკვლელობა ამ კონფლიქტის შემდგომ განვითარებაზე.

  • როგორ გამოეხმაურა მსოფლიო აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციას ირანის წინააღმდეგ

    როგორ გამოეხმაურა მსოფლიო აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციას ირანის წინააღმდეგ

    გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა არ მონაწილეობდა ისრაელისა და აშშ-ის ოპერაციაში და არ სურს რეგიონული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და გაფართოება. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე აღნიშნა, რომ ახლახან გააძლიერა თავისი თავდაცვის შესაძლებლობები ახლო აღმოსავლეთში — მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაიცვას რეგიონში მყოფი საკუთარი მოქალაქეები.

    „ირანს არასოდეს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა, და სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მიღწევის მცდელობებს,“ — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

    გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ბერლინი ისრაელის მხრიდან წინასწარ იყო ინფორმირებული ირანზე დაგეგმილი დარტყმების შესახებ. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას და კავშირშია ევროპელ პარტნიორებთან. მომდევნო კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილია მერცისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა. მაკრონის თქმით, თეირანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას აღარ რჩება სხვა გზა, გარდა „კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების“ დაწყებისა და ბირთვული იარაღისა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამებზე უარის თქმისა.

    ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს და რეგიონის სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებს. მისი თქმით, ევროკავშირი არაბ პარტნიორებთან ერთად დიპლომატიური გზით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობებს განიხილავს.

    იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის ოფისში განაცხადეს, რომ სოლიდარობას უცხადებენ ირანის სამოქალაქო მოსახლეობას. იტალია ითხოვს ირანელთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პატივისცემას.

    შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ დარტყმების შესახებ გავრცელებული ცნობებით. ქვეყნის ხელისუფლებამ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდა „საერთაშორისო სამართლის სრული დაცვისა“ და „მაქსიმალური თავშეკავებისკენ“. ციურიხში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე.

    ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სოლიდარობას უცხადებს „ირანის მამაც ხალხს მის ბრძოლაში ჩაგვრის წინააღმდეგ“. ამასთან, მან მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალისხმევას, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

    რუსეთმა დაგმო „წინასწარ დაგეგმილი და არაპროვოცირებული შეიარაღებული აგრესიის აქტი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს — გაეროს წევრის — წინააღმდეგ“.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციას უწოდეს „უგუნური ნაბიჯი“ და „სახიფათო ავანტიურა“, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. უწყების შეფასებით, აშშ და ისრაელი ისახავენ მიზნად „მათთვის მიუღებელი სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დანგრევასა და მისი ხელმძღვანელობის განადგურებას — სახელმწიფოსი, რომელმაც უარი თქვა ძალისმიერ დიქტატსა და ჰეგემონიას დაქვემდებარებაზე.“

  • “იმედი” უარყოფს, რომ სანქცირების შემდეგ დომენი და სერვერი რუსეთში გადაიტანა

    “იმედი” უარყოფს, რომ სანქცირების შემდეგ დომენი და სერვერი რუსეთში გადაიტანა

    სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზია, “იმედი” უარყოფს, რომ სანქცირების შემდეგ დომენი და სერვერი რუსეთში გადაიტანა.
    “გვსურს გამოვეხმაუროთ პროპაგანდისტული მედიისა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მორიგ ტყუილს, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი რუსულ სერვერსა და დომეინზე გადავიდა.
    რეალურად – დომეინი და სერვერი არსად გადასულა: ტელეკომპანია „იმედის“ ციფრული ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ბაზები და დომეინის რეგისტრატორი რჩება ზუსტად იქ, სადაც აქამდე იყო – საქართველოში!
    რაც შეეხება DDOS GUARD-ს, ამ კომპანიის იურიდიული მფლობელი და მმართველი კომპანია არის „IQWeb FZ-LLC“, რომელიც რეგისტრირებულია და სათავო ოფისი მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (დუბაიში, კერძოდ ტექნოლოგიურ ჰაბში – Dubai Internet City). აღნიშნული კომპანია ოპერირებს გლობალურად. მისი ინფრასტრუქტურული კვანძები და გამფილტრავი სერვერები განთავსებულია ევროპის, აზიისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
    მსგავსი მოდელით ოპერირებენ სფეროს გლობალური ლიდერები Cloudflare, Akamai და სხვები, რაც წარმოადგენს თანამედროვე ინტერნეტ-უსაფრთხოების ოქროს სტანდარტს. ის ემსახურება საერთაშორისო კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა უზრუნველყოს მძლავრი კიბერ-შეტევების მოგერიება. ტელეკომპანია „იმედის“ ციფრული პლატფორმების უწყვეტობისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამოიყენება შეტევების მოგერიების მრავალდონიანი სისტემა.
    ცენტრალურ ამერიკაში (ბელიზი) განთავსებული სერვერი ასრულებს უსაფრთხო კარიბჭის ფუნქციას, რომელიც ახდენს მომხმარებელთა ნაკადის გაფილტვრას და მათ უსაფრთხო რეჟიმში გადამისამართებას ძირითად რესურსებზე. უშუალოდ სასერვერო ინფრასტრუქტურა და მონაცემთა ბაზები განთავსებულია საქართველოში, რაც უზრუნველყოფს სერვისების სტაბილურ და სწრაფ მიწოდებას”, – წერია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში – კობახიძე

    არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში – კობახიძე

    „როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არცერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება. მე ყველას ვპირდები, რომ არაფერი ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება, არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება. არცერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ.[…] მგონია, რომ ყველამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა, თუმცა კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო ყველა კომერციულ სუბიექტს ითანამშრომლონ ყველა ტელეკომპანიასთან იმისთვის, რომ თავად ხელი არ შეუწყონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფას. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არცერთ კომერციულ სუბიექტს არ შეექმნება პრობლემები. არცერთ ტელეკომპანიას არ შეექმნება პრობლემები. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის მიერ ბანკის შექმნის სურვილს, თუ კანონის დაცვით იქმნება საქართველოში კომერციული ბანკი… რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება კომერციული ბანკის ჩამოყალიბება, ბუნებრივია უნდა იყოს დაცული თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უნდა გაიცეს.

    არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და POST TV-ის. არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში. არც ქვეყანაა გადასარჩენი, არც ტელეკომპანიებია გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად“,

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • გელა ხასაია კვლავ პატიმრობაში დატოვეს

    გელა ხასაია კვლავ პატიმრობაში დატოვეს

    გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია პატიმრობაში დატოვეს.

    მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ხასაიასთვის და ამავე საქმეზე ბრალდებული ვასილ ქერდიყოშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ორივეს შემთხვევაში გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

    მომდევნო სასამართლო სხდომა 20 მარტს ჩაინიშნა.