Category: ახალი ამბები

  • არასამართლიანი დამოკიდებულებაა – კალაძე იმედის და POSTV-ის დასანქცირებაზე

    არასამართლიანი დამოკიდებულებაა – კალაძე იმედის და POSTV-ის დასანქცირებაზე

    “ჩემთვის არაფერს ნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას არა […] წარმოუდგენელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს […] ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება. რომ ჩავიდეთ და ვიკითხოთ, რომ აი, ძირეულად, რა არის აბა პრობლემა, რატომ ეს ტელევიზიები? – პასუხი და არგუმენტები არ არსებობს”.

    “ქართული ოცნების” მერი, კახა კალაძე გაერთიანებული სამეფოს მიერ სამთავრობო მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირების საკითხს გამოეხმაურა.

  • ბრიტანეთმა TV IMEDI და POSTV დაასანქცირა

    ბრიტანეთმა TV IMEDI და POSTV დაასანქცირა

    რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დიდმა ბრიტანეთმა “ქართული ოცნების” პროპაგანტისტული ტელევიზიები, Postv და “იმედი” დაასანქცირა.

    ბრიტანეთის განმარტებით, ტელეკომპანია სისტემატურად ავრცელებდა შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიაზე, მათ შორის მასალებს, სადაც უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურად იყო წარმოდგენილი და უკრაინა დასავლეთის „მარიონეტად“ იყო დახასიათებული.

    “TV იმედი განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას.

    ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა არის დასავლეთის “მარიონეტი”, კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოში დესტაბილიზაციას” – წერია განცხადებაში.

  • დეზინფორმაციაა,რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – კურტო, ფიშერი, უორდი

    დეზინფორმაციაა,რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ – კურტო, ფიშერი, უორდი

    “დეზინფორმაციაა,რომ საქართველოს II ფრონტისკენ მოვუწოდეთ” – უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავზე საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ელჩები ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

    “2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო ურყევად იდგნენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ.

    აქ, თბილისში, ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს სამი ელჩი, სიტყვით გამოვდივართ უკრაინის საელჩოსთან ერთად გამართულ კონფერენციაზე. ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინას გავუწიოთ კონკრეტული და გრძელვადიანი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად და უკრაინის მდგრადობის გასაძლიერებლად.

    2025 წელი გამორჩეული იყო, მსურველთა კოალიციის ფარგლებში მობილიზაციისა და ერთიანობის უპრეცედენტო დონით. 2026 წლის 6 იანვარს პარიზის შეხვედრა გადამწყვეტი ნაბიჯი იყო, რომელმაც დაადასტურა ევროპას, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის კონვერგენცია უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფის გადამწყვეტი მნიშვნელობის შესახებ. უფრო კონკრეტულად:

    • აშშ-ს ხელმძღვანელობით მომავალი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმების შექმნა;

    • უკრაინის შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მხარდაჭერა, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენენ;

    • ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ მრავალეროვნული სამშვიდობო ძალების განლაგებისთვის მზადების გაგრძელება;

    • რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერის ვალდებულებების სამართლებრივი ტრანსპოზიცია, სოლიდარობის მექანიზმების მეშვეობით.

    ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით.

    ჩვენი პრინციპები ნათელია: უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული; უკრაინას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა; ხოლო უკრაინის მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინამ უნდა მიიღოს. ევროპის შესახებ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება ევროპელების გარეშე. საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას და მოვუწოდებთ რუსეთს, კეთილსინდისიერად ჩაერთოს სამშვიდობო ძალისხმევაში და შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე. მოსკოვი აცხადებს, რომ მშვიდობისკენ ისწრაფვის, მაშინ როცა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მისი განმეორებითი დარტყმები აჩვენებს რუსეთის უარს, აწარმოოს მოლაპარაკებები ომის დარეგულირების საკითხზე.

    ამ თვის დასაწყისში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა უხელმძღვანელეს უკრაინის თავდაცვის 50-წევრიანი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას. 2025 წელს ამ ჯგუფმა უკრაინისთვის დაახლოებით 45 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება შეაგროვა. 2026 წლისთვის უკვე შეთანხმებულია დაახლოებით 35 მილიარდი დოლარის გამოყოფა. გასულ კვირას დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის შტაბების უფროსებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი, რომელშიც ჩამოაყალიბეს ევროპული თავდაცვის ხარჯების გაზრდის არგუმენტები რუსული საფრთხის გათვალისწინებით, სადაც ნათქვამია: „ამ მცდელობას მორალური განზომილება აქვს. გადაიარაღება არ არის ომის წაქეზება; ეს არის იმ ერების პასუხისმგებლიანი ქმედება, რომლებიც გადაწყვეტილნი არიან დაიცვან თავიანთი ხალხი და შეინარჩუნონ მშვიდობა. ძალა აკავებს აგრესიას, სისუსტე კი იწვევს მას“.

    ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და გავზრდით ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე, რათა საბოლოოდ შეწყვიტოს მისი დაბომბვა და დათანხმდეს დაუყოვნებლივ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას. ამ კვირაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შემოიღებენ დამატებით სანქციებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების ექსპორტსა და ჩრდილოვანი ფლოტის გემებს ეხება.

    ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, თუ რა ღრმა გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობაზე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ქართველებმა იციან რუსული შეჭრის და მათი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის ტკივილი. მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების არჩევანი. ამ კონტექსტში, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატოს ფარგლებში, რათა გავაძლიეროთ მათი თავდაცვითი შესაძლებლობები პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ და წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

    საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და მის ევროპელ პარტნიორებს სუვერენიტეტის პრინციპების დასაცავად, რუსეთის აგრესიის დაგმობის, რუსეთის ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობების მხარდასაჭერად და საერთაშორისო ბირთვული უსაფრთხოების სტანდარტების გასაძლიერებლად. საქართველო არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრი, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და რადგან რუსეთი ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინას გადასცეს 1.5 მილიონი ლარის ღირებულების გენერატორები.

    დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე წვდომის შეზღუდვის გაგრძელებით, საერთაშორისო სანქციების დაცვისა და მათი გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებით. საქართველოს ასევე შეუძლია წვლილი შეიტანოს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტიდან იმპორტის თავიდან აცილების მცდელობების გაგრძელებით, რომელიც სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს და საზღვაო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

    ევროატლანტიკელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენის პრიორიტეტულობის მინიჭებით და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობით, საქართველოს შეუძლია გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და შეამციროს მისი დაუცველობა რუსეთის ზეწოლის მიმართ. რუსეთი არ არის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორი და ენერგორესურსების დივერსიფიკაცია დაეხმარება საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში, ამავდროულად ხელს შეუწყობს რა ევროპის უფრო ფართო მიზანს – ენერგეტიკულ მდგრადობას.

    ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან ამ კრიტიკულ საკითხებზე.

    მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ იმ მძიმე ფასს, რომელსაც უკრაინელი ხალხი ყოველდღიურად იხდის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხის უსაფრთხოება კვლავ საფრთხის ქვეშაა იმავე აგრესორის მხრიდან.

    უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება, ასევე ევროპაში სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ხელს შეუწყობს საქართველოსთვის გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფას” – ნათქვამია ოლივიე კურტოს (საფრანგეთი), პეტერ ფიშერის (გერმანია) და გარეთ უორდის (გაერთიანებული სამეფო) ერთობლივ წერილში.

  • ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც წარსული კონფლიქტის საფუძველზე 3 ადამიანი დანით დაჭრა

    ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც წარსული კონფლიქტის საფუძველზე 3 ადამიანი დანით დაჭრა

    აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ  მძიმე დაზიანების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, დანის გამოყენებით სამ პირს: 1969 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს და 1985 წელს დაბადებულ მ.გ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ს. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე, ბათუმში დააკავეს” – აცხადებს შსს.

  • ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას – ოპოზიციური პარტიები

    ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას – ოპოზიციური პარტიები

    “ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ” – ნათქვამია, ოპოზიციური პარტიების, ახალის, ნაციონალური მოძრაობის, დროას, გირჩი მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლის და ლელო ძლიერი საქართველოს, თავისუფლების მოედნის, მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილეე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწმავლის შესახებ.მადლობა ნდობისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • პროცესის დახურვის ერთადერთი მიზანია, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს აბსურდული ბრალდებები – ბადრი ჯაფარიძე

    პროცესის დახურვის ერთადერთი მიზანია, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს აბსურდული ბრალდებები – ბადრი ჯაფარიძე

    “ასეთი პროცესის დახურვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს აბსურდული ბრალდებები, რომელსაც ახლა ვხვდებით სასამართლო პროცესზე. ჩემი აზრით, რეალურად, ასეთი პროცესი არის ქვეყნის და სახელმწიფოს საბოტაჟი. თუკი რაიმე შეიძლება იყოს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოსი, არის ეს პროცესი და ოპოზიციის ჯგუფური გასამართლება. სხდომის დახურვა კიდევ ერთხელ ამყარებს ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის ძალიან საზიანო პროცესი, რომლის შეფასება ძალიან ძნელია – ზიანის, რომელსაც შეიძლება პროცესი აყენებს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. დღევანდელი სხდომაც ვფიქრობ, სწორედ იმის კარგი დემონსტრირებაა, რომ კარგად არ აქვთ გაცნობიერებული ამ პროცესის მონაწილეებს, თუ რაოდენ დიდი ზიანი ადგება ჩვენ ქვეყანას ამ პროცესით. დახურვა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოსთვის”,

    ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ ემსახურება იმას, რომ „აბსურდული ბრალდებები“ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს.
  • ნიკა გვარამიას  30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

    ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

    ე.წ. საბოტაჟის საქმეზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.

    გვარამიას ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა, გვარამიას ჩამოერთვა პასპორტიც.

    ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.  გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

    ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

    მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

    აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

  • დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი

    დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი გია ონიანი

    პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების  ბრალდებით, ლენტეხის ყოფილი მერი, გია ონიანი და ამავე მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები – ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, მიწის ნაკვეთი შეიძინა და მშენებლობის პროექტი დაუკვეთა. პროექტი, რომელიც სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს ვერ პასუხობდა, კერძოდ, განაშენიანების ფართი მოქმედ კოეფიციენტს არ შეესაბამებოდა, გია ონიანმა, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, წარადგინა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა. ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, “ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ’’ მთავრობის დადგენილების, აგრეთვე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.

    სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, რაც გასცდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს და გაგრძელდა კერძო პირისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრებში, ასევე განეხორციელებინა მახლობლად არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის სათანადო კონტროლი, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. ბრალდებულთა აღნიშნული ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.

    ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • ვიდრე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან – ჯაფარიძე

    ვიდრე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან – ჯაფარიძე

    ” ვიდრე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან” – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „არანაირი მტკიცებულებები, ცხადია, ამ 45 ტომში არ არის. მეტიც, უამრავი რაღაც არის ჩაყრილი, რომელიც საერთოდ, ვისთან ან რასთან არის კავშირში, სრულიად გაუგებარია. არის ჩაყრილი კონკრეტული ადამიანების პირადი მონაცემებიც – საბანკო ამონაწერები, ვიღაცების ოფისის ჩხრეკის რაღაც ოქმი. ეს ყველაფერი, რა კავშირშია მარტო ჩემთან კი არა, არამედ ვინმესთან, საერთოდ გაუგებარია. ჩემი სახელი ნახსენები არის 12-ჯერ, დათვლილი მაქვს და თორმეტივე არის პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ჰყვებიან რაღაც ზღაპრებს, რომ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს რუსთაველზე ხედავდნენ, რომ იქ ვიყავი. ვიღაცები ჰყვებიან რაღაც ზღაპრებს, როგორიც არის მაგალითად: ხედავდნენ, რომ ნიღბიანი ახალგაზრდები, როდესაც მიახლოვდებოდნენ მე და მერე რომ დამშორდებოდნენ ხდებოდნენ უფრო აგრესიულები – ბოდვა, სრული ბოდვა, ოღონდ ამის არანაირი ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს, მართლა ასე ხდებოდა, არაფერი არ არსებობს საერთოდ. პლიუს, სადაც ჩემი და სხვების სახელი არის ნახსენები, არის კომენტარები, თქვენ [ჟურნალისტებს] რომ გაძლევთ კომენტარს იმაზე, რომ ივანიშვილი და მისი საყრდენები არიან დასასანქცირებელი.

    [ეს საქმე „ქართულ ოცნებას”] სჭირდება, ერთი, იმისათვის, რომ უნდათ სურათი დახატონ, რომ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ერთად არის, თავის მიშას ჩათვლით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რაღაც ერთად დასვას განსასჯელის სკამზე. მეორე – დრო მაკარგვინონ, დროს ვკარგავ, რატომ უნდა მოვიდე აქ. ისედაც რამდენი სასამართლოს პროცესია, რომელზეც დავდივარ ხოლმე და ახლა, საკუთარ სასამართლოზე უნდა ვიარო და კიდევ, ამ რაღაც ბოდვაში, 45 ტომში ხომ უნდა გაერკვე და რაღაცაზე რომ იქნება ლაპარაკი, პასუხი ხომ უნდა გასცე. საბოლოო ჯამში, მთავარი მიზანი არის ის, რომ ბოლომდე ჩაჭრან ის ძაფები, თუ რამე დარჩა დამაკავშირებელი ამ ქვეყანას დასავლეთთან და ცივილიზებულ სამყაროსთან.

    გავიმეორებ, ყველასთვის გასაგებია, რომ სანამ ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან და ა.შ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი – შსს

    აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტო აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე მეთადონი და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    “აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და 28 კგ-მდე მეთადონი. ეს ყველაზე დიდი რაოდენობის მეთადონია, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

    თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც ნარკოდამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო”. – თქვა ბრიფინგზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ბუხრაშვილმა.