Category: ახალი ამბები

  • რა შეზღუდვები ამოქმედდება სანქცირებული ტელევიზიებისთვის – TI-ის განმარტება

    რა შეზღუდვები ამოქმედდება სანქცირებული ტელევიზიებისთვის – TI-ის განმარტება

    არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტავს, ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ, რა შეზღუდვებისა და პრობლემების წინაშე შესაძლოა დადგნენ “იმედი“ და POST TV.

    ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ შემოსავალს რეკლამიდან, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ იყიდიან სერიალებს, გაუუქმდებათ გასართობი გადაცემების ლიცენზიები, ვერ მიიღებენ ბანკის მომსახურებას, ვერ აიღებენ სესხს და ახალ დაფინანსებას, ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას, ვერ შეიძენენ ან იქირავებენ ტექნიკას, საბანკო გადარიცხვებით კომუნალურებს ვერ გადაიხდიან, თანამშრომლებს ბანკიდან სესხის აღება გაურთულდებათ.

    „სანქციების დაწესებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „იმედი“ და POST TV გამოაცხადა რუსეთის სასარგებლოდ საინფორმაციო ომში ჩართულ მხარედ და მიზნად დაისახა მათი საქმიანობის შეჩერება ფინანსური შეზღუდვის გზით.

    ბრიტანული სანქციის ეფექტი სცილდება მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციას. მეორადი სანქციის რისკისა და რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ბრიტანულ სანქციებს მთელი დასავლური სამყარო, განსაკუთრებით კი დასავლური საფინანსო სისტემა, იცავს. იმის გამო, რომ ქართული საბანკო სისტემა დასავლური სისტემის ნაწილია, ის იძულებულია დაემორჩილოს მის წესებს, თუ ბიზნესის შენარჩუნება სურს. ამ შემთხვევაში, ეს ნიშნავს ყველა ქართული ბანკის (და არა მხოლოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“) მიერ დასანქცირებული ტელეკომპანიებისთვის ყველანაირ სერვისებზე უარის თქმას. შესაბამისად, ბრიტანული სანქციების შედეგად „იმედსა“ და POST TV-ის შემდეგი კონკრეტული პრობლემები შეექმნებათ: 1. გაეყინებათ ანგარიშები და ანგარიშებზე არსებული თანხები ქართულ ბანკებში. 2. ვერ მიიღებენ ვერანაირ შემოსავალს, მათ შორის შემოსავალს რეკლამიდან. 3. რეკლამის ან შემოსავლის ნებისმიერი მიმცემი, ბიზნესი თუ სახელმწიფო დაწესებულება, მეორადი სანქციის რისკის წინაშე დადგება. 4. ვერ გასცემენ ხელფასებს თანამშრომლებზე. 5. წარმოიშობა ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების გამოძიების საფუძველი. 6. თანამშრომლებს გაუჭირდებათ სესხის აღება და შესაძლოა საერთოდ უარი ეთქვათ საბანკო მომსახურებაზე. 7. თანამშრომლებს მოუწევთ დამალონ მათი კავშირი „იმედთან“ და POST TV -სთან, რათა არ შეექმნათ პრობლემები. 8. ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ საბანკო სესხს ან სხვა საბანკო მომსახურებას. 9. ვერ მიიღებენ ვერანაირ სხვა სახის დაფინანსებას. 10. ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას. 11. ვერ იყიდიან ან იქირავებენ ტექნიკას. 12. დაკარგავენ დასავლური გასართობი გადაცემების გამოყენების ლიცენზიებს. 13. ვეღარ შეიძენენ უცხოური სერიალების ტრანსლირების უფლებას. 14. გადაიხედება მაუწყებლობასთან დაკავშირებული ყველა სერვისი. 15. დაკარგავენ ჟურნალისტური საქმიანობის აკრედიტაციას დასავლურ ქვეყნებში. 16. შეეზღუდებათ სოცმედიის გამოყენება / ვერ გაუშვებენ რეკლამებს. 17. ვერ შეძლებენ კომუნალური მომსახურების გადახდას. 18. გაუჭირდებათ ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერი სხვა სერვისის მიღება და საფასურის გადახდა.

    მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ნებისმიერი სახის დახმარება შესაძლოა გახდეს მეორადი სანქციის საფუძველი. ამის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შესაბამისი უწყება. დიდი ბრიტანეთის სანქცია ასევე ნიშნავს, რომ „იმედი“ და POST TV ამიერიდან გახდნენ მსოფლიო მასშტაბით გამომძიებელ ჟურნალისტთა და სანქციებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციათა დაკვირვების სამიზნე, რომელთა ძალისხმევით არ დაიმალება იმ პირთა და კომპანიათა ვინაობა, ვინც დაეხმარება რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ტელეკომპანიებს სანქციების გვერდის არიდებაში. შესაბამისად, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა თავი უნდა შეიკავოს „იმედისა“ და POST TV-ისთვის ნებისმიერი ფორმით, პირდაპირ და არაპირდაპირ, ნებისმიერი სახის სახსრების მიწოდებისგან, სერვისის გაწევისა და შეღავათის მიცემისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს პირი თუ კომპანია დადგება მეორადი სანქციის რისკის წინაშე“, – ნათქვამია ინფორმაციაში

  • გაგვიმართლა, რომ ევროკავშირში არაკვალიფიციური ხალხია – პაპუაშვილი

    გაგვიმართლა, რომ ევროკავშირში არაკვალიფიციური ხალხია – პაპუაშვილი

    „ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის მიმართ არაერთი მავნე გადაწყვეტილება იყო მიღებული. ერთადერთი, საბედნიერო ისაა, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხელმძღვანელობასთან გვაქვს საქმე, რომ ისინი ვერ აზიანებენ ვერც თავისუფალ სიტყვას და ვერც ქართველ ხალხს. ხედავთ, რომ თავისუფალი სიტყვაც ვერ დააზიანეს. თავისუფალი მედია და საქართველო ცხოვრებას აგრძელებენ, არაფერი შეცვლილა. ასევე ვერ დააზიანებენ ქართველ ხალხს. გაგვიმართლა, რომ არაკვალიფიციური ხალხია, რომელიც ჩვენს დაზიანებას ცდილობს და ესეც არაკვალიფიციურად გამოსდით“,

    ამის შესახებ “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ევროკავშირის მხრიდან სანქციები.

  • სახლში რამდენჯერმე უმისამართოდ გასროლისას დედა დაჭრა – შსს-მ 1 პირი დააკავა

    სახლში რამდენჯერმე უმისამართოდ გასროლისას დედა დაჭრა – შსს-მ 1 პირი დააკავა

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს.

    მომხდარზე გამოძიება სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც მისი დედა – 1965 წელს დაბადებულმა თ.ლ. დაიჭრა. დაჭრილი ქალი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.” – წერია უწყების განცხადებაში.

  • ადამიანის სამედიცინო ნარჩენების შენახვისთვის 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

    ადამიანის სამედიცინო ნარჩენების შენახვისთვის 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

    გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ეკო მედიკალ ჯგუფის და შპს ეკოლოგია და სუფთა გარემოსდირექტორმა, ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) წარედგინათ.

  • თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი

    თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი

    “ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც ყველა წევრ სახელმწიფოში შეჩერების ერთგვაროვან შედეგს უზრუნველყოფს. მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება [აღნიშნულ] პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.” – ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართული ოპოზიციის ნაწილს საპასუხო წერილს უგზავნის. წერილს სოციალურ ქსელში გამოცემა Euroscope ასაჯაროებს.

    “მადლობას გიხდით თქვენი ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული.

    ნება მომეცით ხაზგასმით აღნიშნო, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის მიმართულ ძალისხმევას კვლავ გააგრძელებს. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად.

    საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირს მტკიცე რეაქცია ჰქონდა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება არჩევნებში დარღვევებთან, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასთან, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებასა და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტალიზებასთან დაკავშირებით. ეს ქმედებები ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.

    მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების მიზნით, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების დონის დაქვეითება. გარდა ამისა, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ ნაწილობრივ შეაჩერა საქართველოსთან ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რაც გავლენას ახდენს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებული რჩება, როგორც ეს ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში უკვე დაასკვნა.

    2025 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ უახლეს ანგარიშში კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ კიდევ უფრო დაიხია უკან მმართველობის, კანონის უზენაესობის, ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად კრიტერიუმებში, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს. ამ უკუსვლის სისტემური და განზრახული ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში შემდგომი ზომების მიღების პროცედურა დაიწყო. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც ყველა წევრ სახელმწიფოში შეჩერების ერთგვაროვან შედეგს უზრუნველყოფს. მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება [აღნიშნულ] პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.

    წევრი სახელმწიფოები საქართველოში შესაძლო შემდგომ ზომებს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სანქციებზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დისკუსიები გრძელდება. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მიერ ერთხმად ევროპულ საბჭოში მიიღება.

    ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მიმართ. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპული მომავლისკენ მისწრაფებებს”.

  •  „სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია, imedinews.ge და imedi.ge ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“ – “იმედი”

     „სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია, imedinews.ge და imedi.ge ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“ – “იმედი”

    სამთავრობო პროპაგანდისტული, „იმედი“ განცხადებას ავრცელებს, და აცხადებს, რომ  „სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია, imedinews.ge და imedi.ge ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“.

    ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო „იმედი“ და POSTV დაასანქცირა. „იმედის“ ვებგვერდები გუშინ 25 თებერვალს  გაითიშა.

     

  • ლაშა ჩხარტიშვილს Facebook-ზე დაწერილი  კომენტარის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    ლაშა ჩხარტიშვილს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    ლეიბორისტული პარტიის წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს, Facebook პოსტზე დაწერილი კომენტარის გამო ივანიშვილის სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.

    საქმე ეხება ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქეების შესახებ. სტატიის სათაური იყო მოსამართლის სიტყვები “აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?”. ჩხრტიშვილმა  კომენტარებში დაწერა “აბა, მაინცდამაინც მისნაირი ნაბიჭვრების გასვენებაში?”. აღნიშნული კომენტარის გამო ჩხარტიშვილს მოსამართლე დავით მაკარაძის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი.

    “რეალურად მე გამასამართლა პირადად ბიძინა ივანიშვილმა, მის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელსაც 2013 წლიდანვე ვაწარმოებ! ბოლო წვეთი კი მისთვის სადაბადებისდღეოდ ჩემ მიერ მირთმეული “შავი მიწის ტორტი” აღმოჩნდა! ზოგადადაც, ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა განსაკუთრებით გააფთრებულ ხასიათს ატარებს! ერთ-ერთ პირველს “აღმიძრეს” სისხლის სამართლის საქმე ტროტუარზე განმეორებით დგომისთვის, დამაპატიმრეს დედის ორმოცზე და საფლავზე არ გამიშვეს, 300 000 ლარამდე თანხის პოლიტჯარიმა დამაკისრეს ქუჩაში აქციებზე დგომისთვის და სხვა მრავალი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლომდე ვიბრძოდი და ვიბრძოლებ ბიძინა რუსის რეჟიმის დასრულებისა და საქართველოს ჩრდილოეთკორეიზაციის წინააღმდეგ, რათა გადარჩეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ის უქართველოდ და სრულად გაყიდულ-განადგურებული არ აღმოჩნდეს! სხვა გზა და სხვა უფლება არ გვაქვს, რადგან სხვა საქართველო არ არსებობს!” – დაწერა დაკავებამდე ჩხარტიშვილმა სოციალურ ქსელში.

  • სრულიად უსაფუძვლო თავდასხმაა – ბოჭორიშვილი TV იმედის და POSTV-ის სანქცირებაზე

    სრულიად უსაფუძვლო თავდასხმაა – ბოჭორიშვილი TV იმედის და POSTV-ის სანქცირებაზე

    საუბარი იყო ქართული პორტის სანქცირებაზე, რაც თავიდან იქნა აცილებული ერთადერთი მიზეზით – არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის.

    საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც აქვს აღებული სანქციების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა ის მცდელობები, რასაც ვხედავთ.

    რაც შეეხება ტელევიზიების დასანქცირებას, წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, ადვოკატი ხარ თავისუფალი სიტყვის, მეორე მხრივ, ერჩოდე ტელევიზიას და თან არგუმენტად მოგყავდეს, რომ ეს ტელევიზიები არის პოპულარული, მას ჰყავს მაყურებელი და გამზიარებელი, ეს არის წარმოუდგენელი, სრულიად უსაფუძვლო თავდასხმა კიდევ ერთხელ საქართველოსთან დაკავშირებით.

    “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირებაზე.

  • ახალშობილი შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სანიტარი დააკავეს

    ახალშობილი შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სანიტარი დააკავეს

    ბათუმის კლინიკა მედინას სანიტარი დააკავეს,  რომელმაც გამოძიების საპირფარეშოში მშობიარობის შემდეგ ახალშობილს დაზიანებები მიაყენა.

    შსს მას სსკ-ს 11 პრიმა 19.109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება,  რაც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

    ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ქალს ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 21 აპრილს ჩაინიშნა.

    22 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლინიკა მედინას საპირფარეშოში იმავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა.

    “ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია… მკვდარია ეს ბავშვი რომ ნახოთ, ყელი აქვს გამოღადრული… რომ ატყდა ჩოჩქოლი და არ გამოვიდა საპირფარეშოდან, ამ ქალსაც უამრავი სისხლი აქვს დაკარგული, მერე ატყდა ერთი ამბავი… ბავშვი ცოცხალია, მაგრამ როგორი მდგომარეობაა იცით, ყელი აქვს გამოღადრული ამ ბავშვს… ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას” – ამბობდა უნგიაძე.

    ახალშობილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. 24 თებერვალს მედინას დირექტორმა თქვა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა “შედარებით გაუმჯობესდა“.

  • ოკუპანტების მიერ 2026 წლის 20 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

    ოკუპანტების მიერ 2026 წლის 20 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

    ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ 2026 წლის 20 იანვარს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ამასთან, საკითხი განხილული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე”. – წერს სუს.