Category: ახალი ამბები

  • კომუნიკაციების კომისიის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში მობილური ინტერნეტის ფასები 13%-დან 53%-მდე იაფია ევროპის ქვეყნებთან შედარებით

    კომუნიკაციების კომისია კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ, საკუთარ განცხადებებში ჯიუტად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურების ფასები საგანგაშოდ მაღალია. გვსურს კომისიის მიერვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიდან წარმოგიდგინოთ ამონარიდი ფიზიკური პირების მობილური ინტერნეტის მოცულობითი პაკეტების ტარიფებთან დაკავშირებით:

    • საქართველოში მობილური ინტერნეტის ყველა მოცულობითი პაკეტის ფასი 13%-დან 53%-მდე დაბალია ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით (კვლევა გვ.14);
    მოცულობა საქართველოს – ფასი* ევროპის საშუალო – ფასი* სხვაობა საქართველოსა და ევროპის საშუალოს ფასებს შორის კომენტარი
    0.5 გბ 6 8 -25% საქართველოს ფასი 25%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე
    1 გბ 6 9 -35% საქართველოს ფასი 35%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე
    2 გბ 9 12 -25% საქართველოს ფასი 25%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე
    5 გბ 14 17 -21% საქართველოს ფასი 21%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე
    10 გბ 20 24 -14% საქართველოს ფასი 14%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე
    20 გბ 34 39 -13% საქართველოს ფასი 13%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე
    50 გბ 36 77 -53% საქართველოს ფასი 53%-ით დაბალია ევროპის საშუალოზე

     

    • „ულიმიტო” მობილური ინტერნეტის ტარიფები მეორე ადგილზეა სიიაფით კვლევაში წარმოდგენილი ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით (კვლევა გვ.41).
    ქვეყანა “ულიმიტო მობილური ინტერნეტის” ფასი*
    ლატვია 27
    საქართველო 36
    საბერძნეთი 61
    უნგრეთი 67
    ლიტვა 72
    სლოვაკეთი 168

    *ფასები წარმოდგენილია მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის (PPP) შესაბამის აშშ დოლარში, დღგ-ს ჩათვლით.

  • რუსმა ოკუპანტებმა, მირნოგრადი და ხერსონი დაბომბეს – დაშავებულია 7 ადამიანი

    გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა  მირნოგრადი და ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ინფორმაციას ხერსონისა და დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ავრცელებენ.

    დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა.

  • დავაკვირდებით არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთლიან საარჩევნო კამპანიას – ჰერჩინსკი

    თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 9 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირის წევრები, როგორც მნიშვნელოვან ელემენტს. მას ყურადღებით დააკვირდებიან.

    ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, სთხოვოს ეუთო/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა. ვიცი ისიც, რომ ყველა წევრი უჭერს ამას მხარს. იმ ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც ეუთოს წევრები არიან, სწორედ ეუთოა პასუხისმგებელი გრძელვადიანი მისიის შექმნაზე, მაგრამ დისკუსიები გრძელდება, თუ იქნება ან როგორ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების დაკვირვებაში ევროკავშირი.

    ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს არამხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთლიან საარჩევნო კამპანიას. ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი გარემო და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე საკუთარი პროგრამის წარმოსადგენად და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება ძალადობა, რაც ნებისმიერი დემოკრატიისთვის მიუღებელია.

    ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების ფარგლებში განუცხადა.

  • ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად 1 პირი დაშავდა

    ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით, ჟღენტის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინიდან მაშველებმა მსუბუქი დაზიანებებით 1 პირი გამოიყვანეს.

    ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

    უწყების ცნობითვე, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშვეო ჯგუფები მუშაობენ.

  • თოვლი, ნისლი და გზებზე ლიპყინული – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვრიდან 28 იანვრის დილამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.

    დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

  • საქართველოში წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია, მხარს ვუჭერთ სადამკვირვებლო მისიას – ო’ბრაიენი

    “საქართველოს წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და ვაპირებთ თანამშრომლობას ამ მისიასთან, ქვეყნის ძალიან ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის. საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ მათ სურთ რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო რეფორმებში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. ვაფასებთ მათ ნაბიჯებს სანქციებისგან თავის არიდების თვალსაზრისით.

    ვიცით, რომ რუსეთი ახდენს დიდ ინვესტირებას ნოვოროსიისკის პორტში, ასევე ცდილობს დაკავებული უკრაინული პორტების გამოყენებას, აშენებს ინფრასტრუქტურას აფხაზეთში. მიმდინარე წელს ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან რეგიონის 10 ქვეყანას უნდა მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა უსაფრთხო გარემოში”,

    ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა.

  • “ფორმულას” ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

    ტელეკომპანია “ფორმულა” აცხადებს, რომ მათ ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ცნობისთვის, გუშინ ჰაკერული თავდასხმა იყო “მთავარი არხის” ვებგვერდზეც.

    “ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა აღდგენა მოხერხდა. ტექნიკური სამსახური ჰაკერული თავდასხმის დეტალებს არკვევს”, – ნათქვამია ტელეკომპანიის  განცხადებაში.

    ცნობისთვის, გუშინ ჰაკერული თავდასხმა იყო “მთავარი არხის” ვებგვერდზეც.

  • არასრულწლოვან შვილს აიძულებდა, მოწყალება ეთხოვა – შსს-მ 2 პირი დააკავა

    სამართალდამცველებმა არასრულწლოვნით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს ბრალი წარედგინა.

    1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 1981 წელს დაბადებული ო.ჭ., ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა ამჟამად პატიმრობაში მყოფ 1991 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს.

    „დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა არასრულწლოვანით ვაჭრობის სქემა, რომლის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

    ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ნ.ა.-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ ბ.ბ.-სთვის.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • კლაუდია შიფერის კატამ ფილმ “არგილის” პრემიერაზე ყველა ვარსკვლავი დაჩრდილა

    ადვილი არ არის დაჩრდილო ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა სემუელ ლ. ჯექსონი, ბრაის დალას ჰოვარდი და ჰენრი კევილი, მაგრამ Argyle-ის პრემიერაზე ისინი სუპერმოდელ კლაუდია შიფერის კატა ჩიპმა უკანა პლანზე გადანაცვლა.

    იმ საღამოს ლონდონში, ლესტერის მოედანზე გამართულ პრემიერაზე შიფერის კატამ  ისეთი ცნობილი სახეებიც დაჩრდილა, როგორებიც არიან დუა ლიპა, სემ როკველი, ბრაიან კრენსტონი და ბრაის დალასი, რომლებიც ასევე მივიდნენ ჯაშუშური კომედიის “Argyle” პრემიერაზე

    კატა ჩიპმა  ასევე ითამაშა სუპერმოდელის ქმრის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში. მისთვის პოპულარობა უცხო არ არის.  და ამჯერადაც სრულად მიიპყრო ფოტოგრაფების, ოპერატორების და ჟურნალისტების ყურადღება.

    ჩიპს ინსტაგრამზე 13 ათასი გამომწერი ჰყავს და, რა თქმა უნდა, ფოტოები ამ პრემიერიდან, რომელიც 24 იანვარს შედგა, იქაც გამოჩნდა. ჩიპი პრემიერაზე ფილმის საფირმო დიზაინის –  რომბების ფორმის ნახატებიანი სპეციალური პლასტმასის ჩანთით მიიყვანეს.

    ეს ზურგჩანთები შეკვეთით მზადდება  – სპეციალურად კატების უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის.

    შიფერმა ჩიპი ფილმის დაწყებამდე სცენაზე აიყვანა.

    ფილმის რეჟისორი მეთიუ ვონი და კლაუდია შიფერი 2002 წლიდან დაქორწინდნენ.

    ფილმში ჩიპი ასრულებს ალფის, კატის როლს, რომელიც ჯაშუშური ჟანრის რომანების ავტორს,  ელის ეკუთვნის.  (მსახიობი ბრაის დალას ჰოვარდი).

     

  • თეთრი სახლი რუსული Il-76-ის ჩამოვარდნის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს

    თეთრ სახლს ჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა დაემართა რუსულ Il-76-ს, რომელიც 24 იანვარს, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ყველაფერს აკეთებს, რათა მეტი ინფორმაცია მიიღოს Il-76-ის ინციდენტის შესახებ.

    • “ამ ავიაკატასტროფის შესახებ კომენტარისთვის საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. უკრაინელები ერთს ამბობენ, რუსები – მეორეს. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ფაქტები, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ.” – თქვა მან.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მოუწოდა “ჩაატარონ შესაბამისი გამოძიება და დაადგინონ ფაქტები.”

    ცნობისთვის, გუშინ ბელგოროდის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოვარდა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ილ-76–ის ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ,  თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი.

    უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ „ეს მათი ნახელავია“. ეს ციტატა გამოაქვეყნეს Ukrayinska Pravda-მ და RBC-Ukraine-მა. წყაროს ცნობით, ჩამოვარდნილ ილ-76-ს არ გადაჰყავდა პატიმრები, არამედ დიდი ალბათობით გადაჰქონდა რაკეტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

    მოგვიანებით, უკრაინსკა პრავდამ დაარედაქტირა ახალი ამბები, და ამოიღო სიტყვები უკრაინელი სამხედროების “ნახელავის” შესახებ.

    ამასთანავე, დღეს ცნობილი გახდა, რომ   „ილ-76“ -ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს, ისინი კარგ მდგომარეობაშია.

    „ორივე შავი ყუთი აღმოაჩინეს – ფრენის პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობა და ხმის ჩამწერი“, – განაცხადა წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.