Category: ახალი ამბები

  • მამაკაცი, რომელიც ორბელიანის მოედანზე დაჭრეს, გარდაიცვალა

    მამაკაცი,  რომელიც  ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე დაჭრეს კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ადასტურებენ.

    მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • ხვალ თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – სია

    ხვალ, 26 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია  ”თელასი” მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

     სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, გივი ამილახვარის, ქართველიშვილის და კონსტანტინე ანდრიაძის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ონიაშვილის, შარტავას, ბუდაპეშტის, კანდელაკის, გაგარინის, გურამ ფანჯიკიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოს და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მიხეილ თამარაშვილის და გივი კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), ალეკო გობრონიძის, მუხიანის და ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

  • ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს

    ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს

    ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე  ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

    ინფორმაციას, “მთავარი არხი” ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში მას ცივი იარაღით მიაყენეს.

    ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

    მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

  • ღამის საათებში, ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება – მერია

    თბილისის მერიის ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე მოძრაობა ღამის საათებში კვლავ შეიზღუდება.

    მერიის ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში.

    უწყება აცხადებს, რომ  წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და სწორედ ამიტომ ხდება შეზღუდვის დაწესება.

  • განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად – ოქრიაშვილი კობახიძეზე

    განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად – ოქრიაშვილი კობახიძეზე

    “რუსული ოცნების“ ლიდერშიპისგან, მათ შორის კობახიძისგან, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა ისე უნდა გაანადგურონ, 35 მანდატს ქვემოთ დატოვონ. რას ნიშნავს ეს განცხადება? “ქოცბანდა“ საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წასვლას აანონსებს. ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები. ჰყავთ კიდეც დაჭერილი უამრავი ადამიანი, მათ შორის, მესამე პრეზიდენტი, პიჯაკების საქმეზე. დიქტატურა სხვა კი არაფერია?!

    რატომ არ ისმის არცერთი სიტყვა “რუსული ოცნებისგან“, თუ როგორ ააყვავეს ქვეყანა და როგორ გააგრძელებენ ამას, როგორ  გააათმაგეს ხელფასები და გაზარდეს ეკონომიკა?! არ ისმის იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით ჩაფლავებულნი არიან! ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილი ქვეყნიდან გააქციეს. ზუსტად ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას და არა ხელისუფლება. ხელისუფლება საერთოდ რომ არ გვყავდეს, უკეთესი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა!

    სწორედ ამ მიდგომების შედეგია პოლარიზაცია – “ოცნება“ არა საკუთარი პარტიის და ქვეყნის განვითარებაზე, არამედ კონკურენტის განადგურებაზე ფიქრობს და ამით ღუპავს ქვეყანას, რომელიც ვერ ეღირსა კვალიფიციურ მმართველობას.

    ჩვენი ქვეყნის ისტორია, ყველა ეტაპზე, ერთ რამეს გვასწავლის: როცა საქართველო იყო ერთიანი, ვერცერთმა მტერმა ვერ დაგვჩაგრა, მაგრამ როცა ქვეყანა მოღალატეებით ივსებოდა, ციხე შიგნიდან ტყდებოდა. ჩვენ გვჭირდება ერთობა! ამიტომ უნდა ჩამოვაშოროთ ყველა მოღალატე და შიდაგანხეთქილების მსახური ამ ქვეყანას და მივიღებთ სწრაფი, ძლიერი მშენებლობის დაწყებისთვის კარგ საფუძველს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით.

    აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

  • შესაძლოა აბიტურიენტებს, ეროვნული გამოცდების გარდა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ

    განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას, განაცხადა, რომ შესაძლოა 2027 წლიდან, აბიტურიენტებს, ეროვნული გამოცდების გარდა, სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებაც მოუწიოთ.

    მისი თქმით, საქართველო სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის მიღმა არ უნდა რჩებოდეს. საუბარია, რომ სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად იქნება აუცილებელი, SAT-ის ტიპის იქნება.

    “გიდასტურებთ, რომ ასეთი მიდგომა (ახლებურად იყოს გააზრებული სკოლიდან აბიტურიენტის უმაღლესში გადასვლა) არის. მაგალითისთვის: თუ დღეს მოსწავლე სწავლის გაგრძელებას დასავლურ უნივერსიტეტში გადაწყვეტს, იქ აუცილებლად მოსთხოვენ სკოლაში ბოლო ოთხი წლის შედეგებს – მე-9-მე-12 კლასის ქულებს. ჩვენთან უმაღლეს სასწავლებელს ნაკლებად (ან – საერთოდ არ) აინტერესებს სკოლაში რა გააკეთე, რაც არის წყვეტა და ცუდი. კანონში გვიწერია, რომ გვაქვს განათლების უწყვეტი სისტემა. რისი უწყვეტი სისტემაა, როცა უნივერსიტეტს არ აინტერესებს, სკოლაში რა ქენი, რა შედეგს მიაღწიე, მაშინ, როცა, დასავლურ უნივერსიტეტებს აინტერესებთ, რა სოციალურ პროექტებში იღებდით მონაწილეობას, რა ადამიანი იყავით, როგორი მოქალაქე, რა საგანმანათლებლო პროექტებში იყავით ჩართული, რა ინტერესები გქონდათ, თქვენი ზოგადი ნიშანიც აინტერესებთ. უმაღლესი განათლების სისტემაში ჩარიცხვა უნდა იყოს დაკავშირებული რამდენიმე არსებით კომპონენტთან. ამაზე საუბარი მიდის და როგორ სახეს შეიძენს, ყველა ერთად ვნახავთ. საორიენტაციოდ ეს შეიძლება დაინერგოს 2027 წლიდან.

    სკოლიდან უმაღლეს სკოლაში გადასვლის რა საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაც არსებობს და წარმატებული პრაქტიკაა, საქართველოც ამის მიღმა არ უნდა რჩებოდეს. ვერსია ასე გამოიყურება: 1. მე-12 კლასში მოსწავლეები ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდას, ამას ჩაატარებს NAEC. ოღონდ ეს არ იქნება ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდა. იქნება ეს ყველა საგანში თუ როგორ, ამაზე პასუხებს, ალბათ, მალევე შევიტყობთ. ერთი კომპონენტი იქნება ეს შედეგი, რას მიაღწიეთ ეროვნული შეფასების დროს. 2. მოსწავლის საშუალო ნიშანი, რომელიც ალბათ ბოლო რამდენიმე კლასს მოიცავს. 3. სახელმწიფო გამოცდა, რომელიც უმაღლესში მოსახვედრად ბარდება. საორიენტაციოდ, ეს იმ ტიპის გამოცდაა, როგორიცაა SAT. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არის ვერსიის დონეზე. 4. თავად უნივერსიტეტი რასაც შესთავაზებს. ეს უფრო ობიექტური სისტემა იქნება შერჩევის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ახლანდელი მოდელით, მითითებული რომ გაქვთ რაღაც ფაკულტეტები, შეიძლება იქ მოხვდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა ქულებმა მოგცეთ. მოკლედ, ახლა მუშაობა მიდის ამ იდეის გადაწყვეტაზე“, – განაცხადა მურღულიამ.

  • კომპანიამ, რომელსაც წერეთელზე ხელშეკრულება შეუწყვიტეს, სამინისტროს ტენდერი მოიგო

    კომპანია ერ ტე დეს, რომელსაც თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე სამუშაოების უხარისხოდ და შეფერხებით შესრულების გამო ხელშეკრულება გაუწყვიტა, 18 იანვარს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თითქმის 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების თანხა 14 899 999 ლარს შეადგენს.

    თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ კომპანია “ქართულ ოცნებასთანაა” დაკავშირებული.

    “კომპანია, რომელიც კახი კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გააგდო და თქვა, რომ უხარისხოდ იყო სამუშაოები შესრულებული, დროში ვერ ჩაეტია და ეს ნამდვილად ასე იყო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში იმის ნაცვლად, რომ შეეყვანათ შავ სიაში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მისცა დაახლოებით 15 მილიონი ლარის კონტრაქტი. საუბარია კასპი- ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კმ-ზე და მერე თუ გაგიკვირდებათ – რატომ ჩაბარდა ხიდი, რატომ ჩაინგრა გზა – პასუხი არის მარტივი – კორუფცია, ნეპოტიზმი. კომპანია, რომელიც რეალურად უნდა იყოს შავ სიაში, ეს კომპანია იღებს 15 მილიონ ლარს და რატომ? იმიტომ, რომ ეს კომპანია, ეს პირი დაკავშირებულია “ქართულ ოცნებასთან.” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

    ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესყიდვისთვის ტენდერი 2023 წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა, პრეტენდენტებისგან წინადადებების მიღება კი 2023 წლის 15 დეკემბერს დაასრულა. სამუშაოების შესრულება სულ 3 კომპანიას სურდა, რომელთაგან გამარჯვებულად სწორედ ერ ტე დე გამოცხადდა. აღნიშნულ შპს-ს კონტრაქტი 18 იანვარს გაუფორმდა. შპს ერ ტე დეს იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ9-კმ20 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ევალება. კომპანია ვალდებულია, სამუშაოების დაწყების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წერილობითი დავალების გაცემიდან 1 წელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულოს.

  • ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი „ილ-76-ის“ შავი ყუთები ნაპოვნია

    რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, რუსული „ილ-76“ -ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს, ისინი კარგ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „ორივე შავი ყუთი აღმოაჩინეს – ფრენის პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობა და ხმის ჩამწერი“, – განაცხადა წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.

    ცნობისთვის, გუშინ ბელგოროდის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოვარდა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ილ-76–ის ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ,  თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი.

    უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ „ეს მათი ნახელავია“. ეს ციტატა გამოაქვეყნეს Ukrayinska Pravda-მ და RBC-Ukraine-მა. წყაროს ცნობით, ჩამოვარდნილ ილ-76-ს არ გადაჰყავდა პატიმრები, არამედ დიდი ალბათობით გადაჰქონდა რაკეტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

    მოგვიანებით, უკრაინსკა პრავდამ დაარედაქტირა ახალი ამბები, და ამოიღო სიტყვები უკრაინელი სამხედროების “ნახელავის” შესახებ.

    ბელგოროდის გუბერნატორმა, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინების გარეშე, მანამდე ტელეგრამის არხზე დაწერა: ”ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. სამუშაო განრიგი შევცვალე და რაიონში წავედი. ყველა დეტალი მოგვიანებით.”

    ილ–76 სოფელ იაბლონევოდან ხუთ-ექვს კილომეტრში დაეცა, ადგილზე ნგრევა არ მომხდარა, განუცხადა TASS-ს ადგილობრივი ეკლესიის ხელმძღვანელმა.

    იყვნენ თუ არა მართლაც ბორტზე უკრაინელი ტყვეები, ამის შესახებ მედიას გასხვავებული ვერსიები აქვს.

    არაფერია უცნაური იმაში, რომ ავიაცია გამოიყენება გაცვლის განსახორციელებლად.
    ტყვეთა გაცვლის კადრებში ჩვეულებრივ ვხედავთ, რომ პატიმრები შეხვედრის ადგილზე ავტობუსით გადაჰყავთ. მაგრამ პატიმრები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე დაკავების ადგილებში იყვნენ გადაყვანილი, მაშინ ისინი როგორმე უნდა მიუახლოვდნენ საზღვარს და სავსებით შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს პირის დაუყოვნებლივ გადაყვანა ტიუმენიდან ბელგოროდში, ხარკოვის რეგიონის საზღვართან.

    აქამდე გაცვლილი უკრაინელი ჯარისკაცების ნათესავებთან ინტერვიუებში არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავები გამოიყენებოდა პატიმრების გაცვლის ადგილზე გადასაყვანად. და ამისთვის ძირითადად ილ–76 გამოიყენებოდა.

  • ოკუპანტების მიერ გაშვებული 14 დრონიდან 11 ჩამოვაგდეთ – უკრაინა

    უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 25 იანვრის ღამეს განადგურებულია  ოკუპანტებმა, 14 დრონი გაუშვეს, საიადანაც 11 უკრაინელებმა ჩამოაგდეს. ორმა დრონმა მიზანს ოდესაში მიაღწია, აფეთქების შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი.

    “მტერმა 14 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში. დრონები  პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვს მიმართულებით ნასროლია C-300 ტიპის 4 მართვადი რაკეტა”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.

  • არ შეიძლება ესე, მთელი საქართველო ბანკებს ვემსახურებით, ხელები უნდა დავუმოკლოთ – ელისაშვილი

    ჩემთვის ძალიან მძიმეა ამაზე ლაპარაკი იმიტომ, რომ მარინას პირადად ვიცნობ, ხატიაშვილს, არაჩვეულებივი ადამიანია… ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის ის ყველაფერი, რასაც ვხედავდით, რომ ესე ზამთარში… ყველაზე მარტივი, სახელმწიფოს რაც შეეძლო გაეკეთებინა, რომ ამ სიცივეში არ ეძგერო და არ ათრიო ეს ხალხი აქეთ-იქით…

    კარგად რომ ჩავუჯდეთ ამ ბანკებს, ხელები უნდა დავუმოკლოთ საერთო ჯამში, არ შეიძლება ესე, რომ მთელი საქართველო ბანკებს ვემსახურებით. საქართველო არის ბანკების მომსახურების სერვისი…

    ხომ შეიძლება, რომ დავსხდეთ და ვთქვათ, რომ იცი რა, არც ბანკები უნდა დაინგრნენ და დაზარალდნენ და უბედურ დღეში იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან საჭიროები არიან, მითუმეტეს ეკონომიკისთვის, მაგრამ ისეც არ უნდა იყოს, რომ მე მქონდეს განცდა, რომ ესენი ახლა სადმე შემიტყუებენ და ხელებს გადამიგრიხავენ და გამპარსავენ იმიტომ, რომ ეს ხდება ხოლმე ბევრ შემთხვევაში. ხომ შეიძლება, რომ იმათმაც სარგებელი ნახონ, ცოტა მოზომილი და არ ვუყურებდეთ იმ სცენებს, რასაც ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში.

    თქვა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში.