Category: ახალი ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.

    ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    “მხოლოდ 30 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.

    თბილისში 30 იანვარს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 იანვარს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს, 2 თებერვლამდე კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება”.

  • სანამ მეორედ გაგიყენეს ათონის მთის გზას, აჩვენე ბიძინას საბუთი – ჯაფარიძე ღარიბაშვილს

    სანამ მეორედ გაგიყენეს ათონის მთის გზას, აჩვენე ბიძინას საბუთი – ჯაფარიძე ღარიბაშვილს

    “სანამ მეორედ გაგიყენეს ათონის მთის გზას:
    – სადაა სამთავრობო თვითმფრინავის ქირაობაში მამის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი (ბანკის ამონაწერი, სალაროს შემოსავლის ორდერი, ბ-ნი ანზორის ხელწერილი რომ ჩაიბარა თანხა, რამე სხვა)?
    – სადაა ვიდეო ჩანაწერი, როგორ შედის მამა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაში?
    – სადაა აირზენას საბუთები მაგ ფრენასთან დაკავშირებით (1 თვეში იქნებაო)?
    აჩვენე ბიძინას საბუთი”

    ასე მიმართავს პარტა “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი,  ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პრემიერ ღარიბაშვილს.

  • საქართველოს ღირსეული და ძლიერი პრემიერმინისტრი ჰყავს – მიქანაძე

    “საქართველოს ჰყავს ძალიან ღირსეული და ძლიერი პრემიერმინისტრი, ასევე, საქართველოს ჰყავს ხელისუფლების გუნდი, რომლის სათავეშიც დგას ადამიანი, რომელმაც თავისი ძლიერი მენეჯერული თვისებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის იკავებს სწორ პოზიციას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ყველა უფლებამოსილება და ყველა კონკრეტული პოზიცია არის გადანაწილებული, პარტიის თავმჯდომარეს უკავია თავის პოზიცია, პრემიერი არის არჩეული პარლამენტის მიერ და ყველა თავის პოზიციაზე აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არანაირი კონსულტაცია ამ საკითხებზე არ ყოფილა, შესაბამისად, საიდან მოიტანეთ ეს თემები მე არ ვიცი”.

    თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარტიაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე.

  • მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაინერი პირველ კრუიზში გაემგზავრა. როგორ გამოიყურება ის და რატომ არიან უკმაყოფილო გარემოსდამცველები

    მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი, Icon of the Seas, ფლორიდიდან, მაიამის პორტიდან კარიბის ზღვის აუზის პირველ შვიდდღიან მოგზაურობაში გაემგზავრა.

    გემის სიგრძე რეკორდულია – 365 მ. შედარებისთვის ლეგენდარული ტიტანიკი თითქმის 100 მეტრით მოკლე იყო (269 მ), ხოლო აშშ-ს საზღვაო ძალების უდიდესი ავიამზიდის, ჯერალდ რ.ფორდის სიგრძე 333 მეტრია.

    ხომალდის წყალში ჩაშვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონმა, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ , რომელიც ამჟამად თამაშობს მაიამის ინტერში თამაშობს.

    გემს შეუძლია 7600-მდე მგზავრის განთავსება, რომლებიც დაიძინებენ, ჭამენ და გაერთობენ 20 გემბანზე, სადაც 40-ზე მეტი რესტორანი, კაფე და ბარია. ასევე არის პატარა პარკი ტროპიკული მცენარეებით, თეატრი, კარაოკე, ჩოგბურთის და ფრენბურთის კორტები, ატრაქციონები ბავშვებისთვის და აკვაპარკი.

    გემი რეგისტრირებულია ბაჰამის კუნძულებზე და ფინეთში აშენდა. მისი  ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია.

    ძრავები, რომლებიც ამ მცურავ გასართობ პარკს ამოძრავებს,  თხევად ბუნებრივ აირზე მუშაობს.

    გარემოსდამცველები ამ ტიპის საწვავს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მისი გამოყენება ატმოსფეროში მეთანის გამოყოფას იწვევს.

    ერთის მხრივ, ის იწვის უფრო სუფთად, ვიდრე ტრადიციული გემების საწვავი, როგორიცაა მაგალითად მაზუთი, მაგრამ თანამედროვე თხევადი ბუნებრივი აირი  85-95%–ით მეთანისგან შედგება.

    ამიტომ მისი გამოყენებისას ატმოსფეროში მეთანის გაჟონვის ალბათობა იზრდება და მეთანი უფრო საშიში სათბურის აირია, ვიდრე ნახშირორჟანგი.

    ბოლო 20 წლის განმავლობაში მეთანი ინარჩუნებს 80-ჯერ მეტ სითბოს, ვიდრე ნახშირორჟანგი, რაც ამ გამონაბოლქვის რადიკალურ შემცირებას სასიცოცხლო მიზნად აქცევს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

    ”ეს არასწორი ნაბიჯია,” – განუცხადა როიტერს ბრაიან კომერმა, სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს (ICCT) საზღვაო პროგრამის დირექტორმა. „ჩვენი შეფასებით, თხევადი ბუნებრივი აირის,  როგორც საზღვაო საწვავის გამოყენება გამოიწვევს 120%-ით მეტი სათბურის გაზების შეღწევას ატმოსფეროში გემის  ექსპლუატაციის მანძილზე, ვიდრე ჩვეულებრივი საზღვაო გაზოილის გამოყენების შემთხვევაში“

    ამ კვირის დასაწყისში, ICCT-მ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ თხევად ბუნებრივ აირზე მომუშავე გემებიდან მეთანის ემისია უფრო მაღალია, ვიდრე მიმდინარე რეგულაციებით არის დადგენილი.

    თუმცა,გემის მფლობელი კომპანიის, Royal Caribbean–ის წარმომადგენლები , ამტკიცებენ, რომ Icon of the Seas 24%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ამას მოითხოვს  საზღვაო ტრანსპორტის წესები მოითხოვს. კომპანია ასევე გეგმავს ნულოვანი ემისიის გემის წარმოდგენას 2035 წლისთვის.

    საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციის თანახმად, საკრუიზო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული სექტორია, რომელიც პირველ რიგში ახალგაზრდებს იზიდავს. 2021 წელს ამ ტურისტულმა ბიზნეს სექტორმა 75 მილიარდი აშშ დოლარი შეიტანა გლობალურ ეკონომიკაში.

    ძირითადი ციფრები:

    • Icon of the Seas არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი, რომელიც იწონის 250 800 ტონას და სიგრძით თითქმის 365 მეტრია.
    • თავად გემის მშენებლობა და შეძენა Royal Caribbean International-ს თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარი (1,65 მილიარდი ევრო) დაუჯდა.
    • Royal Caribbean-ის ვებსაიტის მიხედვით, ბილეთების ფასები მერყეობს $1,723-დან $2,639-მდე ერთ ადამიანზე. თუმცა, პოპულარულ საშობაო კრუიზში ფასი იზრდება 5,124 აშშ დოლარამდე ერთ ადამიანზე.

    პირველი კრუიზის გაჩერებებია: სენტ-კიტსი და ნევისი და აშშ-ს ვირჯინიის კუნძულების დედაქალაქი: შარლოტა–ამალია.

  • ძალიან მაგარი ტემპია, ყველანაირად მაგარი გამზირი გამოვა – კალაძე წერეთელზე

    “დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ თვის ბოლოს საგზაო მოძრაობა ორმხრივად იყოს გახსნილი და გადაადგილება თავისუფლად, უპრობლემოდ იყოს შესაძლებელი. სამუშაოები ახლა, ამ წუთშიც მიმდინარეობს, უშალოდ გზის დაგება – იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა მიწის ქვემოთ, კომუნიკაციები შეცვლილია, განახლებულია, საზოგადოებამ იხილა, თუ როგორი ინფრასტრუქტურა იყო ქვემოთ, როგორი მილებით მიეწოდება წყალი ადამიანებს და ეს ყველაფერი განახლებულია, მოწესრიგებულია.

    პლუს ამას დაემატება გამწვანების სამუშაოები, მთლიანად გამწვანებული იქნება გამზირი და იქნება ულამაზესი. […] მთლიანად ისე იქნება გაკეთებული, როგორც ქეთევან წამებულზე, ჭავჭავაძის გამზირი და ყველა პროექტი, სადაც შევდივართ რეაბილიტაციით, ყველგან გვაქვს ერთნაირი მიდგომა, დამოკიდებულება, ახალი დიზაინის ქუჩები, თანამედროვე, ულამაზესი, კეთილმოწყობილი, გამწვანებული, ქვეითებზე მორგებული.

    აქ პარალელურად გამწვანების სამუშაოებიც მიმდინარეობს, ნარჩენების, მიწისქვეშა ურნების მოწყობით სამუშაოები. ძალიან მაგარი ტემპია და მალე დავამთავრებთ ყველაფერს და შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა გამზირები, ქუჩები მოსაწესრიგებელია, გასაახლებელია და ეტაპობრივად მივყვებით სამუშაოებს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველანაირად მოწესრიგებული. პირველი თებერვლისთვის წერეთლის გამზირი საგზაო ნაწილში იქნება დასრულებული, ანუ გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი – გაიწმინდება, მოირეცხება, დახაზვითი სამუშაოები წარიმართება, პარალელურად ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს და გამწვანების სამუშაოები. ყველანაირად მაგარი გამზირი გამოვა”, 

    აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.

  • იორდანიაში დრონის შეტევის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 25 დაიჭრა

    ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ იორდანიაში, სირიის საზღვართან, დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაიჭრა.

    აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს.

    „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ყველა ფაქტს ამ თავდასხმის შესახებ, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი რადიკალური შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი“, – თქვა ბაიდენმა.

    ”თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ  პასუხს ვაგებნებთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე იმ დროს, და იმ ფორმით, როგორსაც საჭიროდ ჩავთვლით.“ – დასძინა ბაიდენმა.

    მან ასევე მიუსამძიმრა დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნათესავებსა და მეგობრებს.

    თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და სხვა ოფიციალურმა პირებმ აცნობეს ბაიდენს თავდასხმის შესახებ კვირა დილით აცნობეს.

    7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ რეგიონში.

    მას შემდეგ შუა აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა, მაგრამ აშშ-ს არმიას აქამდე არ უთქვამს მსხვერპლის შესახებ მის ჯარებში.

    დაღუპული და დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების ვინაობა ჯერ არ სახელდება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ახლა მათი ოჯახის წევრები ეცნობიან.

    იორდანიაში, ქვეყანაში, რომელიც შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეა, არის რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზა.  იქ დაახლოებით 3 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

  • სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90–მდე მოქალაქე მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც  90-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მათი თანამშრომლები ადგილზე სწრაფად მივიდნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.   მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა.
    მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები ჭურვების მიწოდებიდან 1,5 მილიარდი გრივნას მოპარვის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელებს, ლვოვის არსენალის კომპანიის მენეჯერებს და უცხოური კომპანიის წარმომადგენელს ბრალი წაუყენეს ჭურვების შესყიდვიდან 1,5 მილიარდი გრივნას (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) მოპარვის მცდელობაში.

    უკრაინის უშიშროების სამსახურის ინორმაციით, რომელიც დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, საქმეში ხუთი ბრალდებული ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის  191-ე მუხლით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქონების მითვისება, მიტაცება ან მისი დაუფლება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით). „ბოროტმოქმედები ცდილობდნენ მოეპარათ თითქმის 1,5 მილიარდი საბიუჯეტო გრივნა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 100 ათასი ნაღმმტყორცნის შეძენისას,“ – წერია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში

    ეჭვმიტანილები არიან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები, ლვოვის არსენალის ხელმძღვანელი და კომერციული დირექტორი, ასევე უცნობი უცხოური კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელი. უშიშროების სამსახურმა  ერთ-ერთი ბრალდებული უკრაინის დატოვების მცდელობისას დააკავა, ამიტომ ის ახლა პატიმრობაშია, განმარტავს უკრაინსკა პრავდა.

    გამოძიების თანახმად, 2022 წლის აგვისტოში, ანუ იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი უკვე მიმდინარეობდა, ოფიციალურმა პირებმა გააფორმეს კონტრაქტი ლვოვის არსენალთან საარტილერიო ჭურვების პარტიის შესაძენად. თანხის მიღების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ თანხის ნაწილი გადარიცხა უცხოური კომპანიის ბალანსზე, რომელსაც შეკვეთილი საბრძოლო მასალა უკრაინისთვის უნდა მიეწოდებინა.

    კომპანიას არც ერთი ჭურვი არ გაუგზავნია, მაგრამ მიღებული თანხები გადარიცხა ბალკანეთის შვილობილი სტრუქტურის ანგარიშებზე, ციტირებს გამოძიების პოზიციას Ukrayinska Pravda. დარჩენილი თანხა უკრაინის ერთ-ერთ ბანკში ანგარიშებზე დარჩა.

    ამ კვირის დასაწყისში სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ლვოვის არსენალიდან 1,5 მილიარდი გრივნის ამოღების შესახებ.

    უკრაინსკა პრავდამ გასული წლის ივლისში თავის გამოძიებაში დაწერა, რომ თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი ნაკლებად ცნობილ კომპანია Lviv Arsenal-თან. ალექსეი რეზნიკოვმა, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა 2022 წელს, გამოცემას უთხრა, რომ მოხდა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის წინასწარ გადახდა,  ( თანხის თითქმის 100%), მაგრამ უკრაინელ სამხედროებს ამ კონტრაქტით არც ერთი ჭურვი არ მიუღიათ.

  • მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

    სამართალდამცავებმა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, ამირან ნაჭყებია დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, სამმართველოს უფროსმა მოქალაქე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით, 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა. უწყების ცნობით, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც  უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. ამირან ნაჭყებიამ თითქოს, ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ.

    ქვაჭრელიშვილის და ნაჭყებიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართა. მოსამართლემ მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე მხოლოდ წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი გამოცხადდა. ის ამბობდა, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. პროცესზე ქვაჭრელიშვილსა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც მოსამართლემ ბრალდებული სხდომიდან გააძევა.

    ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილს საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასევე, მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც საჯარო მოხელის მიერ გამოძალვით ქრთამის აღებას მოიცავს.

    რაც შეეხება მის ყოფილ მოადგილეს. ამირან ნაჭყებიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ედავებიან, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მას, ასევე, ბრალი წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

  • უნივერსიტეტში ასე არ იქცევიან –თსუ–ს რექტორის პასუხი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია სტუდენტებს პასუხობს, რომლებმაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაიკავეს და კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას აკაკი ჩიქობავას და გიორგგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ. ჯაბა სამუია თვლის, რომ  უნივერსიტეტი „არ არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ძალისმიერი მეთოდებით ქმედებები“.

    დღეს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის და აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, სადაც დემონსტრანტი სტუდენტების მოთხოვნა და აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას საკითხი განიხილებოდა.

    „არცერთ თქვენგანს არ შეხვედრიან ეს ახალგაზრდები. მესმის, რომ ამოწურულიყო ყველანაირი რესურსი, – გამართლება არა აქვს სივრცეებში შეჭრას… სურვილიც არ ყოფილა საუბრის. გვინდა ასე და ასე უნდა იყოსო. პატივი ეცით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციებს და პატივი ეცით მის პროფესურას“,“, – განუცხადა სამუშიამ უნივერსიტეტში, სააქტო დარბაზში შეკრებილ პროფესორებს.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტისას დაკავებულ ლექტორს უჭერენ მხარს, მეორე დღეა, დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ.

    სტუდენტების  მოთხოვნაა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა შემოუერთდეს მისივე ლექტორის, დაკავებული აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნას და უნივერსიტეტი გაიფიცოს მანამ მათ არ გაათავისუფლებენ.

    23 იანვარს ღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა. აქედან 18 ადმინისტრაციული წესით.  სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან  მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.